კვირის ამბები

აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლები გააფრთხილეს

14.03.2014 • 1263
აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლები გააფრთხილეს

ბატონო პარმენ, რას გულისხმობს გაფრთხილება რეორგანიზაციის შესახებ?

მთავრობის აპარატში დაგეგმილია რეორგანიზაცია, რაც გულისხმობს სტრუქტურული ერთეულების ან გამსხვილებას, ან შემცირებას, ანუ სტრუქტურულ რეორგანიზაციას. რეორგანიზაციას შესაძლებელია მოჰყვეს შტატების შემცირება. კანონმდებლობით, დასაქმებული ერთი თვით ადრე უნდა გაფრთხილდეს მოსალოდნელი რეორგანიზაციის  თაობაზე.

რეორგანიზაცია უკვე დამტკიცებული ახალი სტრუქტურის არსებობას არ ითვალისწინებს?

როცა ახალი სტრუქტურა დამტკიცდება, ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება ვის მოუწევს გათავისუფლება ან დაწინაურება, ერთი სტრუქტურიდან მეორეში გადასვლა და ასე შემდეგ. კანონმდებლობით ჩვენ შეგვეძლო წინასწარ გაგვეფრთხილებინა თანამშრომლები ამის შესახებ. როგორც კი სტრუქტურა დამტკიცდება, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. რაც შეეხება ახალ სტრუქტურას, მონახაზი მზად გვაქვს. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ცვლილებები. დადგენილებაა საჭირო იმისთვის, რომ სტრუქტურაში შევიდეს ცვლილებები, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებია საჭირო, რომ საბოლოოდ დავამტკიცოთ ახალი სტრუქტურა.

გაფრთხილება ყველა თანამშრომელმა მიიღო დეპარტამენტების უფროსების ჩათვლით?

დიახ ასეა, ყველას მიეცა გაფრთხილება.

მათ შორის ყველას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან?

თუ იმ კონკრეტულ სტრუქტურას შეეხება შემცირება, რა თქმა უნდა, უნდა ელოდოს. შემცირებები მოსალოდნელია.

გაქვთ ინფორმაცია კონკრეტულად რომელი შტატები შეიძლება შემცირდეს?

დიახ, ჩვენ უკვე გვაქვს მონახაზი. საკითხი გავიარეთ მთავრობის თავმჯდომარესთან, აპარატის უფროსთანაც, მაგრამ წინასწარ ამაზე ვერ ვისაუბრებთ დაკონკრეტებით, რადგან შეიძლება რამე კიდევ შეიცვალოს.

გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ რეორგანიზაციის შემდეგ სამსახურებს დატოვებენ ის თანამშრომლები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების დროსაც მუშაობდნენ მთავრობის აპარატში. ასეა?

მოდით დაველოდოთ მოვლენებს. თვის ბოლომდე მზად იქნება ახალი სტრუქტურა. ვის შეეხება – ადრე დასაქმებულს თუ ახალს, ამის შემდეგ ვნახოთ. ის, რომ ადრე დასაქმებულების წასვლის მიზნით დაიგეგმა რეორგანიზაცია, ეს არ არის სწორი. ჩვენი მიზანია, უფრო ფუნქციური გავხადოთ მთავრობის აპარატი.

დამერწმუნეთ კონკრეტული ადამიანების სამსახურიდან დათხოვნის მიზნით სტრუქტურული რეორგანიზაციები არ ხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში. მიზანი არ არის არავის დათხოვნა სამსახურიდან, მიზანი, მთავრობის აპარატისათვის კანონმდებლობიდან გამომდინარე იმ ფუნქციური დატვირთვის მინიჭებაა, რომელიც მას ისედაც უნდა გააჩნდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: