კვირის ამბები

საკუთარი თავის დიზაინერი

24.01.2014
საკუთარი თავის დიზაინერი

 

 

ბავშვობიდან ოცნებობდა დიზაინერობაზე, ამბობს, რომ დედის გავლენით: “ბავშვობაში ვხატავდი, ესკიზებსაც ვქმნიდი, განსაკუთრებული მონდომებით საღამოს კაბებს, დედაჩემი მხატვარია, საქორწინო კაბების სალონიც აქვს, მისგან გამომყვა ალბათ ეს ნიჭი. ჩემი ესკიზები დედას ძალიან მოსწონდა, მახალისებდა კიდეც, მაგრამ მერე დიზაინერობა გადავიფიქრე, ახლა მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვდიზაინერობ, დედაჩემის ყველა ძველი სამოსი გადავაკეთე. როცა რაიმეს ვყიდულობ, ჩემთვის ის არის მასალა, რომელიც აუცილებლად უნდა გადავაკეთო, მეორად მაღაზიებშიც დავდივარ, რაღაც საინტერესოს წავაწყდები, მერე გადავაკეთებ, მოვირგებ… საინტერესო პროცესია, მე ძალიან მომწონს.” – ამბობს ანა. აღმოჩნდა, რომ ანას ერთი სამოსი გადაკეთების რამდენიმე ეტაპს გადის, შარვლისგან ქვედა ბოლოს აკეთებს, შემდეგ – მაისურს, საბოლოო ჯამში კი შეიძლება ჩანთა დაიტოვოს. შექმნილ ტანსაცმელსა და აქსესუარებს არ ყიდის, ვერ ელევა.

 

სამყაროს, სადაც ბევრი ფერებია, საკერავი მანქანა და უამრავი სამოსი, ანა თავის სამყაროს ეძახის, აქ ყოფნისას ყოველგვარი დაძაბულობა ეხსნება: “ყველაფერი ხდება მარტივად, გონებაში მოდის ყველა შეხამება, უცებ ვახერხებ გადახალისებას, ეს ამასთან წავა, ეს – იმასთან, თითქოს ბუნებრივი პროცესია. ნათელი ფერები მიყვარს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ჯინსებს იშვიათად ვიცვამ, რაღაც შემბოჭველია. სახლიდან უმაკიაჟოდ არასოდეს გავდივარ, ეს პროცესი მომწონს. ყოველთვის ვცდილობ თმებს მეტი მოცულობა მივცე, თმას ვიჩეჩავ ხოლმე, ამის გამო მეგობრები ზედმეტსახელად “აბიომას” მეძახიან.”

 

ანა გაზაფხულისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება, გარდერობის გადახალისება უკვე დაიწყო: “ვცდილობ, მეტალი არ იყოს ჩემს გარდერობში, მეტალით გაწყობილი ერთი ჩანთა მაქვს, რომლის თავიდან მოშორებაც მინდა. ირგვლივ ყველა გადამეტალებულია, მე კი არ მომწონს ის, რაც მასიურია, წელსაც აქტუალურია ფერები. ამ პერიოდში ჩემი მთავარი აქსესუარი არის სათვალეები. სამკაულებიც მიყვარს, თუმცა გადატვირთვა არა.”

 

მამისგან, ცნობილი ჯგუფის, “ბეთლემის” სოლისტისაგან, ანას მუსიკალური ნიჭი ერგო, გიტარაზე უკრავს და მღერის: “მუსიკასთან ყოველთვის ახლოს ვიყავი, დაკვრა მამამ მასწავლა, თუმცა არასოდეს ჩარეულა ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში. ამის გამოა, რომ ჩემი მუსიკალური არეალი საკმაოდ ფართოა, განსაკუთრებულად მიყვარს ჯაზი, ყველაზე ახლოსაა ჩემს სულიერ მდგომარეობასთან. უფრო ჩემთვის ვუკრავ, ვიდრე მსმენელისთვის. სცენისკენ არ მივისწრაფი, უბრალოდ გიტარით ხელში განტვირთვას ადვილად ვახერხებ. ჩემი ოჯახის ყველა წევრი კარგად წერს, დედა ჩანახატებს აკეთებს, მამა სიმღერის ტექსტებს წერს, მეც ვაკეთებ ჩანახატებს, საკმაოდ ბევრი დამიგროვდა, თუმცა ჯერ ადრეა ჩემი ხელოვნებასთან დაკავშირება მთლიანად, ჯერ სხვა გეგმები მაქვს.”

 

ანა კარგად სწავლობს. სტიპენდიანტია, უნივერსიტეტში კი 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა: “სკოლაშიც ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. მომავალი აუცილებლად მინდა დავუკავშირო კულტურულ ცხოვრებას, საზღვარგარეთ მინდა სწავლის გაგრძელება, უფრო ამერიკაში, ხელოვნების მენეჯმენტს მინდა დავეუფლო, ეს სფერო საქართველოში ნაკლებადაა ათვისებული.” ანა უნივერსიტეტის გაზეთისთვის სტატიებსაც წერს, ამბობს, რომ ეს საქმე ძალიან მოსწონს, კარგ გამოცდილებას იღებს.

 

მომავალი გეგმები არასამთავრობო ორგანიზაციას უკავშირდება, ახალი თაობის განვითარების ცენტრი ორიენტირებული იქნება განათლებისა და კულტურული პრობლემების მოგვარებისკენ: `რეგიონალური მასშტაბით ვიმუშავებთ, პროექტები დაგეგმილი მაქვს, მინდა, რომ დავეხმარო ჩემი თაობის წარმომადგენლებს. საზღვარგარეთ ცხოვრებას არ ვაპირებ, იქ გამოცდილებას დავიგროვებ და მერე ჩემს ქვეყანას მინდა დავეხმარო ამ გამოცდილებით.” გვიყვება ანა და თან სიცილით დასძენს: “რა ამბიციური ადამიანი ვარ”, თუმცა მალევე ავითარებს აზრს: “ჯანსაღი ამბიცია საჭიროა.”

 

ანას დრო გართობისთვისაც რჩება, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად მეგობრებში ყველაზე აქტიური და ენერგიულია, მეგობრები ამბობენ, რომ არასოდეს იღლება, `დაუოკებელი ენერგია აქვს, სულ კარგ ხასიათზეა, იღიმის და სხვებსაც გვამხიარულებს.”  გვიყვებიან ანას მეგობრები.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: