კვირის ამბები

ვისია ქუჩა

23.01.2014 • 2071
ვისია ქუჩა

 

დისკუსიის ერთ-ერთმა მომხსენებელმა ფილოსოფოსმა მირანდა ჩარკვიანმა მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი წარმოადგინა. ვიდეო კოლაჟში ნაჩვენები იყო ის ინერტულობა,  რაც მირანდა ჩარკვიანს სამოქალაქო საზოგადოების თვითშეგნების ყველაზე დიდ პრობლემად მიაჩნია. ვიდეოში ნაჩვენები იყო, როგორ იდგა ღია კაფეს წინ თავად ექსპერმენტის ავტორი და ჩანთიდან დაკუჭულ ქაღალდებს გამვლელების თვალწინ ძირს ყრიდა. არც ერთ გამვლელს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, არც შენიშვნა მიუცია.

 

 „სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, რომელიც გვეკისრება ყველას – მშობლებს, მასწავლებლებს… ხშირად შევხვედრივარ სიტუაციას, პარკში ვიღაც აბინძურებს გარემოს და გამვლელები ასეთ ფაქტებს უყურადღებოდ ტოვებენ. დღეისათვის ყველაზე დიდი პრობლემა ინერტულობაა, რაც აუცილებლად დასაძლევია“- განაცხადა მირანდა ჩარკვიანმა.

 

 

„გულგრილობის მიზეზია ის, რომ ქვეყანაში ყველას ეშინია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება“ – განაცხადა დისკუსიის მეორე მომხსენებელმა, ფოტოგრაფმა ლაშა ფალავანდიშვილმა. მისი აზრით საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლებას სახელმწიფოს მიერ გატარებულ სადამსჯელო ღონისძიებები შეუწყობს ხელს.

 

ადმინისტრაციულ ზომების გამკაცრება მიაჩნია გამოსავლად დისკუსიის კიდევ ერთ მონაწილეს, მაღაზია „წიგნები ბათუმში“ მფლობელს ირაკლი ბაკურიძეს.

 

 

„როცა ამოყრილი ქვაფენილების ქვებს ვაწყობ უკან, ამ საქციელზე სხვები იცინიან. ვცდილობ ყველას ავუხსნა, ვინც არ ერიდება ქუჩების დანაგვიანებას, რომ ეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა, თუმცა არაფერი გამოდის. ამ პრობლემის საუკეთესო საშუალებად ადმინისტრაციული ზომების გამკაცრება – ჯარიმების გაზრდა მიმაჩნია“ – განაცხადა რაკლი ბაკურძემ.

 

 

თუ რა უნდა მოიმოქმედოს კონკრეტულმა მოქალაქემ? მირანდა ჩარკვიანი თვლის, რომ საჭიროა სიტყვა „სამოქალაქოს“ სწორი დეფინიცია, რათა თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს პასუხისმგებლობის გრძნობა:

 

 

„როცა დავფიქრდი, აღმოვაჩინე, რომ სიტყვა „მოქალაქის“ და „სამოქალაქოს“ ცნებაზე საზოგადოება არ არის შეთანხმებული, რადგან ეს სიტყვა ჩაიკეტა და ასოცირდება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. საჭიროა დაირღვეს სტერეოტიპი, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის აუცილებლად არასამთავრობო ორგანიზაცია. სამოქალაქო საზოგადოებას ქმნის ის მოქალაქე, რომელიც დატვირთულია გარკვეული პასუხისმგებლობებითა და ვალდებულებებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველანი პოსტსაბჭოთა ადამიანები ვართ,   საკმაოდ აბსტაგირებული ვიყავით ასეთ საკითხებისგან. ვფიქრობდით, რომ ეს ვიღაცას უნდა ეკეთებინა. დღეს ყველა ინდივიდის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ამიტომ მგონია ახალ თაობაში ამ პასუხისმგებლობის ჩადება ეს არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს სკოლამ“.

 

 

გარემოს დაბინძურებაზე პასუხისმგებლობის არაღებას ლაშა ფალავანდიშვილი საბჭოთა ინერციას უწოდებს. იგი ფიქრობს, რომ სწორი დამოკიდებულება ბავშვობიდან ყალიბდება:

 

 

„ჩემი თაობა მაინც საბჭოთა ინერციის ხალხი ვართ და იქამდე მივედით, რომ ვამბობთ – ქუჩა არავისია, მაგრამ საზოგადოებრივი ადგილია და არ შეიძლება დანაგვიანება. არასდროს მქონია შემთხვევა, სკოლაში ეთქვას ვინმეს, რომ საჭიროა კარგი მოქალაქეები ვიყოთ სკოლის გარეთ. ეს სკოლაში არ ისწავლება, სამწუხაროდ. უნდა იყოს მოქალაქეობის შეგრძნების გაკვეთილები, რომ მოსწავლეებმა თავიდანვე გაიგონ, რომ მათ გარდა და მათ გარშემო არსებობს სამყარო“.

 

დისკუსიას „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ კოორდინატორის მოადგილე თეონა დიასამიძე უძღვებოდა. სწორედ მისი ინიციატივით გაიმართა მსჯელობა ამ საკითხზე.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: