კვირის ამბები

სახელისუფლებო პრემიები

17.01.2014 • 1465
სახელისუფლებო პრემიები

 

“გაცნობებთ, რომ აღნიშნულ პერიოდში (2013 წლის 10 თვე – ავტ.) ფინანსთა სამინისტროს მიერ თანამშრომელთათვის პრემიის სახით გაცემული თანხის ოდენობა შეადგენს 1 867 771.50 ლარს.

 

დამატებით გაცნობებთ, რომ პრემიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საჯარო სამსახურის ბიუროს „თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ონლაინ სისტემის“ გამოყენებით შემდეგ ვებ-გვერდზე: declaration.gov.ge.” – ეს განმარტება “ბათუმელებმა” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისგან მიიღო, პრემიებთან დაკავშირებით გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად.

 

საჯარო მოხელის ზემოთ მოცემული მითითებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ვერაფრით გავარკვევთ, მაგალითად, რას შეადგენს თუნდაც ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ერთი თვის ხელფასი ან პრემია. ნოდარ ხადურს თავის ქონებრივ დეკლარაციაში არაფერი უწერია იმის შესახებ, თუ რამდენია მისი, როგორც მინისტრის, ერთი წლის შემოსავალი.

 

2013 წლის მარტამდე მინისტრების ხელფასი კანონით იყო განსაზღვრული და ის 3540 ლარს შეადგენდა. მარტის შემდგომ ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, მინისტრების ყოველთვიური ანაზღაურება 3540-ლარიდან 6300 ლარამდე გაიზარდა. ივანიშვილის ეს ბრძანება არ ნიშნავდა იმას, რომ მინისტრები პრემიებს ვეღარ მიიღებენ. მით უფრო, რომ საქართველოს კანონმდებლობით პრემიის გაცემის წესი მკაცრად განსაზღვრული არ არის.

 

დღემდე საჯარო სამსახურებში პრემიები შემდეგი პრინციპით გაიცემა – ყოველთვიურად საჯარო მოხელე იღებს თავისი ხელფასის ოდენობის ნახევარს, ყოველი კვარტლის ბოლოს კი – ხელფასის სრული ოდენობის პრემიას. პრემიების გაცემის აღნიშნული წესი თუ მინისტრებზეც ვრცელდება (კანონის დონეზე ეს არსად არ არის აკრძალული, ანუ დასაშვებია), ეს იმას ნიშნავს, რომ, იგივე ნოდარ ხადური, რომელიც მთავარი პასუხისმგებელი პირია ბიუჯეტის შევსებაზე, ხელფასისა და პრემიის სახით ყოველთვიურად 9450 ლარს იღებს, ხოლო ყოველი კვარტლის ბოლოს – 12 600 ლარს.

 

შესაბამისად, თუ მინისტრებზეც ვრცელდება პრემიების გაცემის ზემოთ აღწერილი წესი, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ფინანსთა მინისტრს ხელფასისა და პრემიის სახით 10 თვეში 112 590 ლარი აქვს მიღებული. დანარჩენ ორ თვესაც თუ მივუმატებთ, ნოდარ ხადურის წლიური შემოსავალი 135 ათას ლარს მიაღწევს.

 

ეს კი, თავის მხრივ, იმას უნდა ნიშ- ნავდეს, რომ 19 მინისტრის შესანახად საქართველოს მოსახლეობა 2,5 მილიონზე მეტ ლარს ხარჯავს. ამ ციფრების თანახმად, სააკაშვილის ხელისუფლების ოფიციალური ხარჯები ხალხს უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც, ნაკლები უჯდებოდა.

 

ამ დღეებში, მინისტრების მსგავსად ხელფასი გაუორმაგდა ქვეყნის პრეზიდენტსაც – გიორგი მარგველაშვილის სახელფასო სარგო, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, განისაზღვრა 9 000 ლარით. პრეზიდენტი ხელზე 7 000 ლარს აიღებს.

 

მრავალი წლის შემდეგ, ახალი მთავრობის პირობებში, წელს პირველად გაირღვა ქვეყნის ბიუჯეტი. ამის მიუხედავად, ნოდარ ხადური ამბობს, რომ პენსიებისა და ხელფასების გაცემა 2014 წელს არ შეფერხდება. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა 2014 წლის ბიუჯეტში არსებული დეფიციტის დასაფინანსებლად შიდა ვალს 400 მილიონიდან 600 მილიონ ლარამდე ზრდის.

 

პრემიები აჭარის ხელისუფლებაში

 

უმაღლესი საბჭო

 

პრემიებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელ პრაქტიკას მტკიცედ იცავენ ამჟამინდელ უმაღლეს საბჭოშიც. ამ ორგანოდან “ბათუმელებისთვის” გამოგზავნილ წერილში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ჯამბულ კურცხალიძე წერს, რომ პრემიების შესახებ მონაცემები პირადი ინფორმაციაა, ანუ ის საიდუმლოა.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის – ავთანდილ ბერიძის ხელმოწერილი ბრძანებებიდან ირკვევა, რომ უმაღლესმა საბჭომ 2013 წლის 10 თვეში ბიუჯეტიდან მხოლოდ პრემიებისთვის 624 936 ლარი დახარჯა. დასახელებულ თანხაში არ შედის დეპუტატების უფლებამოსილების დანამატი, რაც ერთ დეპუტატზე თვეში მინიმუმ 1700 ლარია. თანამდებობებზე მყოფი დეპუტატების
დანამატი უფრო მეტია.

 

უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი ავთანდილ ბერიძე, ისე როგორც სხვა დეპუტატები, ოპოზიციაში ყოფნის დროს, აკრიტიკებდა საჯარო მოხელეების მიერ მიღებული პრემიების ოდენობის ხალხისთვის დამალვას. 

 

აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია

 

ბოლო ათ თვეში პრემიები დადგენილი წესით მიუღიათ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაშიც. მთავრობის ხელმძღვანელს – არჩილ ხაბაძეს პრემიის სახით 24 825 ლარი აქვს აღებული. არჩილ ხაბაძე ყოველთვიურად, პრემიის სახით, 1655 ლარს იღებს, ხოლო კვარტალში ერთხელ – 3330 ლარს.

 

არჩილ ხაბაძის ყოველთვიური ხელფასი 3330 ლარია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უწყებაში ყველაზე მეტი პრემია აქვს მიღებული.

 

განსაზღვრული წესით მიუღია პრემია ამ ორგანოს აპარატის უფროსსაც. ნუგზარ კეკელიძის ყოველკვარტალური პრემია 1770 ლარია, სხვა თვეებში მას 885 ლარი მიუღია, გარდა ოქტომბრის თვისა. პრემიას საჯარო მოხელეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ აძლევენ, თუ მას სამსახურში შენიშვნა ან გაფრთხილება აქვს მიღებული.

 

აჭარის მთავრობიდან გამოგზავნილი პრემიების ამსახველ დოკუმენტში მონაცემები სტანდარტულია, ყველა საჯარო მოხელე ხელფასის შესაბამისად იღებს პრემიას, გარდა ერთი გამონაკლისისა – არჩილ ხაბაძის თანაშემწეს, ლევან ჯაშს პრემიის სახით იმაზე მეტი აქვს მიღებული, ვიდრე კანონით არის განსაზღვრული. როცა სხვა თანაშემწეებს 535 ლარი აქვთ მიღებული, იმ თვეში ლევან ჯაშის პრემია 625 ლარია. როცა ლევან ჯაშის კოლეგებს კვარტალურად ხელფასის ოდენობის პრემია – 1070 ლარი აქვთ აღებული, მას 1650 ლარი მიუღია.

 

აჭარის მთავრობის აპარატს 10 თვეში პრემიებისთვის ჯამში 957 464 ლარი აქვს დახარჯული. აჭარის მთავრობაში, დურგლის ჩათვლით, 130 მოხელე მუშაობს.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

შემდეგი უწყება, ვისგანაც “ბათუმელებმა” პრემიების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, არის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. ამ უწყებიდან მიღებულ ინფორმაციაში “ბათუმელების” მიერ დასმულ ყველა კითხვას ამჯერად ამომწურავად პასუხობენ.
მიღებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარის ფინანსთა სამინისტროს 10 თვეში პრემიებისთვის 651 174 ლარი დაუხარჯავს. აქედან ყველაზე მეტი – 17070 ლარი მინისტრს მიუღია. დავით ბალაძე ყოველკვარტალურად პრემიის სახით 2720 ლარს იღებს, ხოლო ყოველთვიურად ხელფასის ნახევარს – 1360 ლარს.

 

ამ სამინისტროში არიან ადამიანები, ვის საპრემიო გრაფაშიც წერია – “0”. ასეთია, მაგალითად, დამლაგებელი ნაზი მამულაძე, მექვაბე სერგო ჯინჭარაძე. თუმცა “0” საპრემიო გრაფაში თანამდებობის პირებსაც აქვთ, მაგალითად, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსს – თეა ჯაშს ოქტომბრის თვეში პრემია საერთოდ არ მიუღია. ფინანსთა სამინისტროში სულ 109 ადამიანი მუშაობს.

 

ბათუმის საკრებულო

 

ბათუმის საკრებულოში დეპუტატების ჩათვლით სულ 44 ადამიანი მუშაობს. ამ სამსახურში 2013 წლის 10 თვეში, პრემიის სახით, 345 ათას ლარამდეა გაცემული. საკრებულოში ყველაზე მაღალი პრემია მიუღია თავმჯდომარეს – ირაკლი ჩავლეიშვილს. მას მოსდევს მოადგილე ჯუმბერ კახიძე – 16 125 ლარით. კიდევ ერთ მოადგილეს – ვაჟა ვერულიძეს პრემიის სახით 14 350 ლარი აქვს მიღებული.

 

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს განსხვავებული ოდენობის პრემიები აუღიათ, მაგალითად, ნოდარ დუმბაძეს მიღებული აქვს 10 125 ლარი, ხოლო ასევე ფრაქციების თავმჯ- დომარეებს ნაზიბროლა ქობულაძესა და ალექსანდრე ჩხარტიშვილს შესაბამისად 8450 ლარი და 8300 ლარი.

 

საკრებულოს აპარატში ყველაზე მაღალი პრემია – 17 200 ლარი მიუღია აპარატის უფროსს, ლიანა დიასამიძეს.

 

პრემიის სახით 6600 ლარი მიუღია საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს, ვახტანგ ღლონტსაც. ეს თანამდებობა საკრებულოში 2010 წლიდან არსებობს და საგანგებოდ ვახტანგ ღლონტისთვის შეიქმნა. 2010 წლამდე, ანუ წინა მოწვევის საკრებულოში ვახტანგ ღლონტი თავად იყო საკრებულოს დეპუტატი.

 

საკრებულოში ყველაზე დაბალი პრემია – 1060 ლარი მიღებული აქვს ალექსანდრე ქავთარაძეს. ეს, ალბათ იმიტომ, რომ მეორე კატეგორიის მთავარი სპეციალისტი სექტემბრიდან მუშაობს საკრებულოში. კიდევ ერთ მეორე კატეგორიის მთავარ სპეციალისტს – ირაკლი მამულაიშვილს, რომელიც სექტემბერში დაუთხოვიათ სამსახურიდან, პრემიის სახით 4190 ლარი აქვს მიღებული.

 

საქართველოში სხვადასხვა კატეგორიის 800 ათასამდე პენსიონერი ცხოვრობს. წელს მათი პენსიებისთვის 1 469 499 812 ლარი დაიხარჯება.

 

საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ხელფასებისთვის წელს ბიუჯეტიდან 1 180 933 800 ლარი დაიხარჯება.

 

რამდენად სამართლიანია პრემიების გაცემის წესი? ეს შეკითხვა “ბათუმელებმა” 2012 წელს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელს, დავით ონოფრიშვილს დაუსვა. ონოფრიშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ პრემიების გაცემის წესი უნდა შეიცვალოს.

 

“პრემიები, რა თქმა უნდა, ზოგადად მიღებული წესია მსოფლიოში, მაგრამ ყოველთვიური პრემია სახელმწიფო უწყებაში იშვიათობაა. არსებობს წლიური ან ნახევარწლიური პრემია. ხშირად, პოსტსაბჭოთა, გარდამავალი ტიპის ქვეყნებში, მიმართავენ ხოლმე ჩვენნაირ მეთოდს, რათა საჯარო მოხელეების მაღალი ხელფასი არ იყოს თვალშისაცემი და არ გამოიწვიოს მოსახლეობის უკმაყოფილება. ხელისუფლება შეფარვით, სწორედ პრემიებისა და სხვა დანამატების სახით ცდილობს, გაუზარდოს ხელფასი ჩინოვნიკებს. ზოგადად, პრემიები არ გაიცემა ყველა თანამშრომელზე. პრემია განსაკუთრებულად შესრულებული საქმისთვის უნდა ეძლეოდეს,” – განაცხადა მაშინ დავით ონოფრიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი