კვირის ამბები

პოლიტიკური სოციალიზაცია

09.01.2014 • 3071
პოლიტიკური სოციალიზაცია

აშკარაა, რომ  პოლიტიკური სოციალიზაციის გზები პოლიტიკის შემეცნება, ფასეულობის ჩამოყალიბება ადამიანების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება, მაგრამ ადამიანთა  უმრავლესობა ერთსა და იმავე გავლენას განიცდის  სოციალიზაციის აგენტების მხრიდან, ბავშვობაში და მოზარდ  ასაკში. ეს აგენტებია ოჯახი, სკოლა, უბანი, თანასწორები და რასაკვირველია ტელევიზია.

 

ვინაიდან ადამიანების უმრავლესობა საწყის ცოდნას საკუთარ ოჯახში იძენს, ამიტომ ოჯახი ადრეული სოციალიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი  აგენტია.

 

აღმზრდელობითი გავლენის  საშუალება დიდია მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობის დროს. ბავშვი ოჯახში იძენს  სოციალურ, რელიგიურ, მორალურ და პოლიტიკურ ფასეულობებს, რომელთა საფუძველზე ყალიბდება მათი ფასეულობები. პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი  მომენტი, რომელსაც ბავშვები იძენენ მშობლებისგან, არის პოლიტიკური კუთვნილების საკითხი.

 

ჩემი აზრით,  სკოლის გავლენა პოლიტიკური ცოდნის მიღების თვალსაზრისით  არანაკლებ მნიშვნელოვანია. დაწყებითი სკოლა, ოჯახისგან დამოუკიდებლად, აცნობს ბავშვებს ისტორიულ პიროვნებებს, ასწავლის მათ სამშობლოს ერთგულებას, აცნობს ეროვნულ გმირებს, დღესასწაულებს. რის შედეგადაც სკოლიდან ბავშვების უმრავლესობას უყალიბდება ეროვნულობის (ნაციონალიზმის) გრძნობა, მათ უკვე შეუძლიათ განასხვავონ  ლიდერები და სამთავრობო ინსტიტუტები.

 

უბანი და თანასწორები – უბანი აერთიანებს სხვადასხვა ასაკის ადამიანებს.ისინი ცხოვრობენ ან მუშაობენ ჩვენს გვერდით, ამდენად ურთიერთობა გვაქვს მათთან. უბნის მოსახლეობის  შემადგენლობამ შეიძლება დიდი როლი ითამაშოს  პიროვნების პოლიტიკური შეხედულებების ჩამოყალიბებაში. ერთგვაროვანი უბანი რომლის წევრები ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ პროფესიული სტატუსით მსგავსნი არიან, დიდ გ  გავლენას ახდენენ ბავშვების  და მოზარდების ძირითადი შეხედულების ფორმირებაზე. მაგალითად, თუკი თქვენი მეზობლები აქებენ ერთს და აკრიტიკებენ სხვა პარტიის კანდიდატებს, ამ შემთხვევაში სხვა პოზიციაზე ყოფნა ძნელია.

 

ასევე მნიშვნელოვანი და ეფექტურია საინფორმაციო საშუალებების გავლენა – ისინი წინააღმდეგობრივ როლს თამაშობენ. ერთი მხრივ, ისინი უზრუნველოყოფენ ხელისუფლებისადმი ხალხის მხარდაჭერას ეროვნული დღესასწაულებით, ეროვნული გმირების დაბადების დღეებით, ღირსშესანიშნავი პოლიტიკური თარიღების აღნიშვნით. მეორე მხრივ, ისინი ძირს უთხრიან მთავრობისადმი  ხალხის ნდობის ფაქტორს, როდესაც აქვეყნებენ მოქალაქეთა საჩივრებს, თანამდებობრივი  დანაშაულების შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს, უთმობენ საეთერო დროს ან პირველ გვერდს პოლიტიკის კრიტიკას, პროტესტებს და აშ.   

 

პოლიტიკური სოციალიზაციის პროცესის შედეგად ინდივიდი ეზიარება პოლიტიკურ კულტურას, ითვისებს მას და თავის პოლიტიკურ ორიენტაციას აყალიბებს. პოლიტიკურ სოციალიზაციას ადგილი აქვს ნებისმიერ ქვეყანაში და მმართველობის ნებისმიერი ფორმის დროს.

 

პოლიტიკური სოციალიზაცია გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე, პოლიტიკური ცოდნის გაღრმავებითა და შეხედულებების ჩამოყალიბებით. მშობლებისა და სკოლის ზეგავლენის შემცირების შემდეგ იზრდება თანასწორთა გავლენა მოზრდილი ადამიანები ინფორმაციას  პოლიტიკური მოვლენების შესახებ, ჩვეულებრივ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გზითაც  იღებენ. ამდენად, ეს საშუალებები თვით გახდნენ სოციალური აგენტები და ბოლოს, პოლიტიკურ ცოდნას იღებენ სოციალური გარემოდან და ახლობლებისგან.

 

იმის მიუხედავად, თუ რა გზით გებულობენ ადამიანები პოლიტიკის შესახებ, დროთა განმავლობაში მათ შეუძლიათ  ჩამოაყალიბონ თავისი შეხედულებები მთავრობაზე, შეაფასონ  ახალი კანდიდატი  და ახალი იდეები. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: