კვირის ამბები

ჯინსები, ბებიას გარდერობში ნაპოვნი ტანსაცმელი და გოგონები მაღალ ქუსლებზე

27.12.2013
ჯინსები, ბებიას გარდერობში ნაპოვნი ტანსაცმელი და გოგონები მაღალ ქუსლებზე

ნინო ბედინაძე მომავალი არქიტექტორია. ამბობს, რომ ბევრ დროს უთმობს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას, ამის გამო ცოტა არაპუნქტუალურია: საათ-ნახევარი-ორი საათი მჭირდება დილით თავის მოსაწესრიგებლად. ტანსაცმელს განწყობის მიხედვით ვარჩევ, ზოგჯერ მინდა თავისუფლად ვიყო, ზოგჯერ კლასიკურად. ჩემი გარდერობი კლასიკურია, ჯინსებს საერთოდ არ ვიცვამ, არც შარვლებს, სულ კაბები მაქვს. მიმაჩნია, რომ ქალს ყველაზე მეტად კაბა უხდება.

საყიდლებზე ხშირად დავდივარ, უფრო აქსესუარები მიყვარს, მე არ ვაკეთებ, თუმცა ნაყიდ ტანსაცმელს განსხვავებულად ვიხდენ, საერთოდ არ მომწონს, როცა ვინმეს ჰგავხარ, ტანსაცმელს შენი შტრიხები უნდა აჩნდეს. მოდას აყოლილი არ ვარ, ვფიქრობ, ის უნდა ჩაიცვა, რაც გიხდება.
პასტელის ფერები მიყვარს, ღია და მსუბუქი. ფერები და ამინდი ჩემს განწყობაზე განსაკუთრებით მოქმედებს. ადამიანის ხასიათზე მეტყველებს ის, თუ რა აცვია. მნიშვნელოვანია პირველი შთაბეჭდილება, ჩაცმულობის სტილი კი ყველაზე კარგად გიქმნის მას, ტანსაცმლის მიხედვით ვხვდები, ვის როგორი ხასიათი აქვს, უმეტესწილად ემთხვევა.

ნინო ბედინაძე

ნინო ბედინაძე

ნიკო კილაძე: სპორტული სტილში თავს კომფორტულად არ ვგრძნობ, არც კლასიკურია ჩემი სტილი, არც მიფიქრია რა ჰქვია ჩემს სტილს, ალბათ უფრო თავისუფალი.

შარვლები ძირითადად ჯინსის მაქვს, ლურჯი, მუქი მწვანე, ნაცრისფერი. ზაფხულში მაისურებს ვიცვამ, ზამთარში სვიტრებს ვანიჭებ უპირატესობას, ასევე ჯინსის ქურთუკს, რომელსაც ხელები ეხსნება, ხშირად ჟილეტადაც ვიყენებ. ვფიქრობ მრავალფეროვანი გარდერობი მაქვს. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს როგორ გამოვიყურები, თუმცა გააჩნია სად ვარ. დაგეგმილად არ ვიცვამ, უბრალოდ ისეთ სამოსს ვყიდულობ, რომელიც მომწონს. გამიზნულად იშვიათად დავდივარ საყიდლად, უფრო შემთხვევით გადავაწყდები ხოლმე სასურველ სამოსს.

ნიკო კილაძე

ნიკო კილაძე

სესილი თედორაძე ტანსაცმლის დიზაინს სწავლობს, ტანსაცმელს ხშირად იმ მიზნით ყიდულობს, რომ მისგან სხვა რამე შექმნას: “არ მიყვარს, როცა ტანსაცმელი მბოჭავს, მირჩევნია თავისუფალი სტილის ტანსაცმელი ჩავიცვა. ცივი ფერები მომწონს, მომწვანო-მოლურჯო და უხეში ნაჭრისგან შეკერილი. არ  ვფიქრობ იმაზე, ჩაცმულობით გამოვირჩეოდე. ალბათ ეს იმან განაპირობა, რომ ხელოვნების უნივერსიტეტში ვსწავლობ, ხელოვნების სიყვარულის გამოა მგონი ცოტა სხვანაირად რომ გამომდის.

არასდროს ვგეგმავ მეორე დღეს რას ჩავიცვამ, საღამოს სხვა განწყობაზე ვარ, დილით სხვაზე. მაკიაჟის გარეშე სახლიდან არ გავდივარ. მიყვარს აქსესუარები, თავად ვაკეთებ სამკაულებს, მომწონს ყელსაბამი და ხშირად ვატარებ.”

სესილი თედორაძე

ბექა უნგიაძე სამსახიობოზე სწავლობს. ის, თუ როგორ აცვია, მის განწყობაზე ყველაზე მეტად მოქმედებს: “რეტრო მომწონს, ვცდილობ, ძველებური სამოსი შევარჩიო, ძირითადად ნაჭრის. ფერად შარვლებს ვიცვამ, მაქვს წითელი, მწვანე, ლურჯი, ყვითელი…. ბევრი მეუბნება, რატომ იცვამ ასეო, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ, იმას ვიცვამ, რაც მომწონს. ჩემს გარდერობში საკმარისი ტანსაცმელი ყოველთვისაა, თუმცა როცა წავაწყდები კარგ სამოსს, ვყიდულობ. ტანსაცმლის გადაკეთებაც მომწონს, ასე ჩემს სტილს ვუსვამ ხაზს, ხან რაღაცებს ვაკერებ, ხან მკლავებს და ყელს ვაჭრი.”

ბექა უნგიაძე

ბექა უნგიაძე

ნანიკო გოგიაშვილმა საღამოს იცის, თუ რას ჩაიცვამს დილით. იგი ამბობს, რომ თუ ის ვერ ჩაიცვა, რასაც გეგმავდა დღის წესრიგი ერევა: “ბებია მყავდა ძალიან გემოვნებიანი, მან დამიტოვა დიდი გარდერობი, რომელსაც ვიყენებ, თითქმის ყველაფერი გადავაკეთე და მოვირგე, რეტროსტილშია, განსხვავებული.

ახალგაზრდული, მხიარული ფერები მომწონს, ხშირად ვიყენებ ფერების კომბინაციასაც, ჩემს გარდერობში კლასიკური სტილი უფრო ჭარბობს, მაღალი ქუსლი, ვფიქრობ, ქალს სხვანაირად წარმოაჩენს, ლამაზად აჩენს სილუეტს. აუცილებელი არ არის ოცსანტიმეტრიანი, ფეხსაცმელი ხუთ სანტიმეტრიან  ქუსლზეც კი უკვე გცვლის. ახლა მოდაშია კლასიკური სტილის, კაცური ფეხსაცმელი, რომელიც იკავებს საპატიო ადგილს ჩემს გარდერობში. ყურადღებას ვაქცევ მოდას, ტანსაცმლის  დიზაინზე ვსწავლობ, სხვაგვარად შეუძლებელია. მომწონს კოკო შანელის სტილი, ბევრი ფული რომ მქონდეს, სიამოვნებით შევიკერავდი მის სახლში რაიმეს.”

ნანიკო გოგიაშვილი

ნანიკო გოგიაშვილი

ალექსანდრე მარტინესი: “ჩემს სტილს მთავარ ელფერს ჩემი ხასიათი და განწყობა აძლევს. ჩემს განწყობაზე მოქმედებს ის, თუ რა მაცვია, მომწონს ბრენდები, ნათელი ფერები… დილით მომზადებისთვის დიდი დრო მჭირდება, ისე ვერ გავალ სახლიდან, თუ ხასიათს არ შევუსაბამე ჩემი ჩაცმულობა. ვარცხნილობა ჩემი მთავარი ელემენტია, საკმაოდ ხშირად ვიცვლი.

მიყვარს საათის, სამაჯურისა და სათვალის ტარება. საყიდლად 3-4 თვეში ერთხელ დავდივარ, საკმაოდ ბევრს ვხარჯავ. ინტერნეტშოპინგსაც ხშირად ვიყენებ.”

ალექსანდრე მარტინეზ

ალექსანდრე მარტინეზ

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: