კვირის ამბები

ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე – რედაქტორის სვეტი

22.12.2013 •
ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე  – რედაქტორის სვეტი

 

გაზეთის შემდეგი ნომერი 2014 წლის 20 იანვარს გამოვა.

რა სახით დაბრუნდება „ბათუმელები“ ახალი წლიდან? – ეს არის მთავარი თემა, რის დახვეწასაც ჩვენ შემდეგი კვირეების განმავლობაში ვგეგმავთ. სამუშაო ნამდვილად ბევრია, ჩვენი გუნდის მიზანია, მკითხველმა პირველმა გაიგოს ის, რასაც სხვაგან ვერ ნახავს.

 

 

ახლა ეს ცოტათი გართულდა.

გართულდა იმიტომ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა სხვების მიზანიც თითქოს ეგ გახდა…

 

ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი
ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი

„ბათუმელებმა“ 2013 წელი უზარმაზარი კონკურენციის პირობებში იმუშავა. დიახ, ამდენი წლის განმავლობაში წელს პირველად ვახსენე სიტყვა –  კონკურენცია. მე, როგორც ერთი ჟურნალისტი, მანამდე ამას ვერც კი ვგრძნობდი, მანამდე ადამიანის უფლებები მხოლოდ ჩვენ და კიდევ ერთ-ორ გამოცემას თუ აინტერესებდა. ახლა შეიცვალა მიდგომა, ჩვენი კონკურენტები უკვე რამდენიმე მილიონიანი ბიუჯეტის მქონე მედიასაშუალებები გახდნენ, მილიონერი მესაკუთრეებით.

მაგრამ ჩვენ გუნდს ეს არ აშინებს. პირიქით, მოგვწონს, რომ თემა, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვამუშავებთ, სხვა მედიაც აშუქებს; თოქ-შოუებში განიხილავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა –  სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება.

 

დიახ, ეს არის ერთგვარი აზარტი. ამის დაძლევას ჩვენი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით ვაპირებთ. და დავძლევთ იმიტომ, რომ უკვე წლებია გვყავს ერთგული მკითხველი, ვისაც არ ენანება დახარჯოს თვეში სამი ლარი „ბათუმელებში“. დავძლევთ იმიტომ, რომ ეს გაზეთი ბათუმის მცხოვრებთა  ნაწილი გახდა. დიახ, ამ ქალაქშიც, სხვა ცივილიზებული სამყაროს მსგავსად, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ ორშაბათს ელოდებიან გაზეთს.

 

 

მე მიხარია, რომ ბათუმში ეს ტრადიცია გაცოცხლდა. მოკრძალებული არ ვიქნები და ვიტყვი, რომ ამაში წვლილი მხოლოდ „ბათუმელებმა“ შეიტანა – ხშირად ჩვენ გუნდსაც კი არ სჯეროდა, რომ ამ ტრადიციის დაბრუნება შეიძლებოდა, მაგრამ ეს გამოვიდა – ბათუმში გვიყვარს გაზეთის კითხვა.

 

 

დანარჩენზე – დაზუსტებულ, გადამოწმებულ და საინტერესო ინფორმაციების მოწოდებაზე ჩვენ ვიზრუნებთ.

ზემოთ დაწერილი სიტყვები „ბათუმელების“ მეგობრებს ეკუთვნით…

 

 

ახლა კი იმათთვის ვიტყვი, ვინც განაწყენებულია (გადავწყვიტე, სხვადასხვა ფობიით შეპყრობილი ადამიანები ამჯერად საერთოდ დავივიწყო): არასამთავრობო სექტორიდან თუ ოპოზიციიდან ხელისუფლებაში გადასულმა არაერთმა „მეგობარმა“ გაზეთის ხელმოწერა უკვე გააუქმა. მაგრამ, რადგან „არ წამიკითხავს, მითხრეს“ ინსტიტუტი კარგად მუშაობს, მათთვისაც ვიტყვი – ჩემი გამოცდილებით, „ბათუმელები“ საჯარო სამსახურიდან წასვლისთანავე დაგჭირდებათ. ხოლო სანამ ამის საჭიროება გაგიჩნდებათ, ანუ სანამ მოქალაქეების გადასახადებიდან იღებთ ანაზღაურებას, არაერთგზის მოხვდებით გაზეთის ფურცლებზე და ეს არ მოგეწონებათ.

 

 

ამის მიუხედავად, ნუ იტყვით უარს გაზეთზე. მენდეთ, ამ გაზეთს ის ადამიანები კითხულობენ, ვინც შემდეგში საზოგადოებრივ აზრზე უდიდეს გავლენას ახდენენ.

 

ეს კი თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: