Batumelebi | სკოლა, ფეხბურთი და გულშემატკივრები სკოლა, ფეხბურთი და გულშემატკივრები – Batumelebi
RU | GE  

სკოლა, ფეხბურთი და გულშემატკივრები

 

“-ძმებო აბა თქვენ იცით,სულით და გულით თქვენთან ვარ, იმედია კარგი სანახაობა გველის წინ. სტადიონზე შევხვდებით!“

-აბა… უკვე დროა, სკოლაში მივდივარ, თამაშის გამო ძმების წაყვანა მინდოდა საგულშემატკივროდ, მარა ისევ ძილში არიან. ისე როგორ განწყობაზე ხართ?“

„დღეს ძაან მაგარ განწყობაზე ვართ, ყველა თამაშზე ასე რომ ვიყოთ, ძაან მაგარი იქნებოდა“, – ასეთი შეძახილებით იწყება დილა სახლიდან სკოლისაკენ. სპორტი, კერძოდ ფეხბურთი, ამ ბიჭების ცხოვრების წესად იქცა.


„ხვალ ბარსელონა-რეალი თამაშობს ხომ?“


„კი, კი, იმედია არ გავმაზავთ!“


დათო დოლიძე, გიორგი დოლიძე და მერაბ ვერულიძე კლასში ფეხბურთის დიდი სიყვარულით გამოირჩევიან, ისინი ორთაბათუმის საჯარო სკოლაში სწავლობენ, X კლასის მოსწავლეები არიან.


„ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია, აი, „საქოც“ მოვიდა, დღეს წავალთ მოედანზე გველოდებიან!” – ამბობს გიორგი.


ზედმეტსახელები თითქმის ყველას აქვს. ფეხბურთის ვარჯიშის ან თამაშის დროს ისინი ერთმანეთს ასე მიმართავენ: დათო – საქო, გიორგი – ბასტი, მერაბი- ჩიკა.


„მე დათო მქვია, მაგრამ ბაბუას სახელიდან გამომდინარე საქოს მეძახიან. გიოს მულტფილმიდან – ბასტი, მერაბს ჩიკას ვეძახით ბავშვობიდან, რატომ არ ვიცი“, – გვიხსნის დათო.


შუადღის 3 საათზე ორი გუნდი უნდა შეხვდეს ერთმანეთს. ბიჭები თანაკლასელ გოგონებს თამაშზე დასწრებას და პლაკატების გაკეთებას სთხოვენ, სადაც მათი სახელები იქნება დაწერილი.


„ჩვენ ასეთ დროს გვჭირდება მათი მხარდაჭერა, ყურადღება ძალას გვმატებს, თან მაგარი მუღამი აქვს. ისინი რომ არ არიან, თითქოს გამარჯვების იმედს ვკარგავთ“, – ამბობს მერაბი.


3 საათია, თამაში იწყება, გოგონები მთელი გულით გულშემატკივრობენ. მოედანი საკმაოდ დიდია, ირგვლივ მთელი კლასია. გოგოები ენერგიას არ იშურებენ, ისმის შეძახილები.


„მიდი გიო, მიდი მიაწექი!”


„ჰე ჩიკა, მაგარი ხარ, გოლი გვჭირდება!”


მერაბი და დათო თავდამსხმელები არიან, გიო კარებში დგას, ყველანაირად ცდილობს გოლი მის კარში არ გავიდეს. გოგოებს ყვირილისაგან ხმა უწყდებათ, ხან ერთ მხარეს არიან, ხან – მეორეს, ადგილებს იცვლიან.

გოლიც გავიდა.


„აუუ, შენ გენაცვალე, აი საქომ კლასი გვაჩვენა. კარგი გოლი იყო! ისე ერთი გოლი კიდე კარგი იქნებოდა“.

„მიდით რა, ორი წუთიღა დარჩა!“


„აჰა, თამაშიც დამთავრდა, მიყვარხართ ბიჭებო!” – ისმის რეპლიკები.


ორთაბათუმის საჯარო სკოლამ 2:0 დაამარცხა მოწინააღმდეგე გუნდი და ახლა საქეიფოდ აპირებენ წასვლას.


„სკოლასთან ახლოსაა რესტორანი „ბულაჩაური“. კარგი ადგილია. ყოროლისთავის ანკარა მდინარე ჩაედინება, ფოტოებიც ლამაზი გამოდის, თან ყველას მოგვწონს აქ ყოფნა“ – ამბობს სოფო კონცელიძე.


„არა რა, ამ ბიჭებს დილიდან საღამომდე ფეხბურთზე რომ ელაპარაკო, არ მობეზრდებათ“, – ამბობს თინა მელიქაძე.


ბინდდება და ბავშვები ნელ-ნელა იშლებიან. სულ ოთხი-ხუთი ბიჭი დარჩა. გზაზე ერთმანეთს აცილებენ და ემშვიდობებიან. ისევ ფეხბურთზე საუბრობენ:


„ხვალ დიდი დღეა, დიდი! „რეალი“ მოიგებს“.


„კი, აბა არაა?! მაშინ ბარსელონა მკვდარი უნდა იყოს!“



ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ალდირა გორგაძე, მედიასკოლის მოსწავლე