მირზას ჩვენი დახმარება სჭირდება

ეთერ თურაძე

 

0901500513 – ეს მირზას ანგარიშის ნომერია. მირზა ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, ბათუმში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ, ოქტომბერში, ექიმებმა დაადგინეს, რომ მას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება. დიაგნოზი თბილისში დაუსვეს. ინფორმაცია მშობლებისთვის შოკის მომგვრელი იყო და გაუჭირდათ ამის დაჯერება. ბიჭი სასწრაფოდ სტამბულში წაიყვანეს.

 

 

თურქი ექიმების დიაგნოზიც იგივე აღმოჩნდა.

 

 

 

თურქეთში მირზას მშობლებს უთხრეს, რომ ოპერაციას, დონორის ჩათვლით, 300 ათასი ევრო სჭირდება. მირზა მშობლებთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა.

 

 

თბილისში მათ განუმარტეს, რომ იტალიის შესაბამის კლინიკასთან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და იქ უფრო იაფად შეიძლება ოპერაციის გაკეთება. მირზას ოპერაციისთვის იტალიაში, დონორის ჩათვლით, 150 ათასი ევროა საჭირო.

 

 

ჯანდაცვის სამინისტრომ მირზასთვის 20 ათასი დოლარი გამოყო. მათ სხვებიც დაეხმარნენ. მირზას დედა ამბობს, რომ ახლა 30 ათას დოლარამდე აქვთ მირზას ანგარიშზე. აპირებენ გაყიდონ ბინაც, სადაც ახლა ცხოვრობენ და ჯამში შეიძლება 60 ათასი დოლარი გამოუვიდეთ.

 

 

მაგრამ ეს ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რაც 11 წლის ბიჭის გადარჩენას სჭირდება.

 

 

მირზას დედამ გასულ ორშაბათს დამირეკა. ითხოვა, როგორმე მივაწვდინო მისი ხმა საზოგადოებას.

 

 

მგონი ღირს ეს ნომერი – 0901500513 – თქვენც იცოდეთ. თუ მაგთის, ბილიანის ან ჯეოსელი-ლაილაის ტელეფონებიდან ამ ნომერზე ზარს გაუშვებთ, 1 ლარი მირზას ანგარიშზე ჩაირიცხება. აქვე ვწერ მირზას დედის ტელეფონის ნომერსაც – ვისაც 1 ლარზე მეტით შეგიძლიათ შეეწიოთ, მას დაუკავშირდით ტელეფონზე – 593 42 70 55;

 

 

მგონი, სხვისი გასაჭირის გაზიარებას, სოლიდარობას, საქართველოში ნელ-ნელა ვსწავლობთ. სალიდარულობის მაგალითია ის, რაც დიტო ცინცაძესთან დაკავშირებით მოხდა. ჩემმა კოლეგამ, მერაბ მეტრეველმა, დიტოს დახმარების თხოვნით საზოგადოებას „მაესტროს“ ეთერით ახალ წლამდე მიმართა. დიტოს 150 ათასი ევრო სჭირდებოდა. თანხის ნაწილი შეგროვდა და დიტო ახლა გერმანიაშია. დიტოს ანგარიშზე თანხა მიხეილ სააკაშვილმაც გაიღო. სოლიდური თანხა შესწირა ბიძინა ივანიშვილის ფონდმაც. 

 

 

მეუბნებიან, რომ დიტოს შემთხვევა არ შეიძლება განვიხილო, როგორც საზოგადოების სოლიდარობის მაჩვენებელი, რადგან მას ბევრი გავლენიანი თუ არა ცნობილი მეგობარი ჰყავს – მისი მხარდაჭერის კამპანიაში ბევრმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. მოამზადეს კლიპი, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა, ანუ საზოგადოების ემოციებზე იმოქმედეს და მხოლოდ ამიტომ გაიღვიძა საზოგადოებაში სოლიდარობამ. მირზას ოჯახი კი ამ შესაძლებლობას მოკლებულია.

 

 

მაგრამ იმას თუ გავიხსენებთ, რომ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალურ კონკურსზე 175 ათასზე მეტი სმს შევიდა, რომელიც ასევე 1 ლარი ღირდა, სულაც არ მგონია წარმოუდგენელი, რომ საზოგადოება მისთვის უცნობი მირზას მიმართაც არ დარჩეს გულგრილი. მართალია, გზავნილი „საქართველოს ვარსკვლავში“ პირადი სიამოვნებისთვის გაღებული თანხა იყო, რომელიც ადამიანებმა ამ შოუსგან მიიღეს, მაგრამ 11 წლის ბიჭის გადარჩენაში მონაწილეობა, მგონი ნებისმიერ შოუზე უფრო მეტად სასიამოვნო იქნება.

 

 

მირზას  ჩვენი სოლიდარობა სჭირდება – 0901500513

„სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე კირთაძე თანამდებობის შენარჩუნებს ვერ შეძლებს”

 

თუ დღეს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა გიორგი კირთაძის იმპიჩმენტის საკითხის გატანა შეძლეს, გიორგი კირთაძე სასამართლოს მიმართავს.

 

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ  სასამართლო გადაწყვეტილებამდე კირთაძე თანამდებობის შენარჩუნებას შეძლებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გია ქარცივაძე განმარტავს, რომ  საკრებულოს საკმარისი ხმების შეგროვების შემთხვევაში მისი გადაყენების კანონიერი უფლემა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩივილის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე კირთაძე თანამდებობის შენარჩუნებს ვერ შეძლებს.   

არჩევანის გარეშე

ჯაბა ანანიძე, გადაცემა „დიალოგის“ წამყვანი

 

<!** Image 1 align="left" alt="ჯაბა ანანიძე" sub="ჯაბა ანანიძე" width="500" height="540" >


მშვიდობას გაუმარჯოს! – ქართული სუფრის პოპულარული სადღეგრძელო მახსენდება ახლა, როცა უნივერსიტეტზე ვფიქრობ. ოღონდ მშვიდობა იყოს, არჩევანი ნუ შეგვაწუხებს და ბრძოლა ნუ იქნება. აბა, ვინ იცის, ბრძოლა რა შედეგს მოიტანს და კიდევ რამდენი გაბრძოლება დარჩება საჭირო. მგონი, ეს განწყობა მეფობს უნივერსიტეტში, სადაც არჩევანი არ არის. სამაგიეროდ, არის მშვიდობა.

 

არჩევანი არ არის, რადგან მასზე უარი თქვეს არაერთხელ და ახლაც, როცა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს საგანგებოდ შეკრებილმა აკადემიურმა საბჭომ გადადგომაზე უარი უთხრა. „მას ძალიან დიდი დამსახურება აქვს და უნდა დარჩეს, დასახული გეგმა ბოლომდე უნდა მიიყვანოს“, – თქვა „დიალოგში“ ფილოსოფოსმა ვარდო ბერიძემ, რომელიც აკადემიური საბჭოს წევრია.

 

რადიკალური იყო სხვა პროფესორების განწყობა, რომელთა უმრავლესობა პირდაპირ ეთერში ისე ადიდებდა ამჟამინდელ რექტორს, სკკპ-ს ყრილობაზე მეგონა თავი. რადიკალიზმი კი ერთმა მაყურებელმა გააჩინა, რომელმაც მხოლოდ არგუმენტი ითხოვა: იქნებ, გვითხრათ, რატომ არის ალიოშა ბაკურიძე ერთადერთი არჩევანიო.

 

„ალიოშა ბაკურიძის უმთავრესი დამსახურება არის ის, რომ მან სტაბილური გარემო შექმნა“ – გვითხრა პროფესორმა რამაზ ხალვაშმა, რომელიც 2008 წელს რექტორობის კანდიდატი იყო და რომელსაც აჭარის ყოფილმა პირველმა პირმა უთხრა: მე ვინც მინდა, ის გახდება უნივერსიტეტის მმართველიო.

 

მორიგ „არჩევნებზე“, გასულ წელს, ალიოშა ბაკურიძეს კონკურენტი აღარ ჰყავდა. რამაზ ხალვაშმა უკვე იცოდა, რომ თუკი რექტორობას ისევ მოინდომებდა, პრობლემები შეექმნებოდა. თავად გვითხრა, ასე მითხრესო. ეს იყო უნივერსიტეტი, სადაც უკვე რექტორების შეცვლა-გამოცვლის პროცესია წასულიყო და „სტაბილურობა“ მოსულიყო. ამ „სტაბილურობამ“ შექმნა უნივერსიტეტი, რომლის პროფესორებიც აზრის საჯაროდ დაფიქსირებას გაურბიან, სადაც დისკუსია და კამათი საშიშია და სადაც ვიდეოთვალი აღბეჭდავს იმასაც, თუ როგორ ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის, ასევე რექტორის არჩევნები არჩევანის გარეშე – მხოლოდ ერთი კანდიდატით (აქაც გაგახსენეთ სკკპ?)

 

აკადემიურ საბჭოს არ უმსჯელია საკითხზე: რატომ სურს რექტორს თანამდებობის დატოვება. მაყურებელმა მოგვწერა: სპექტაკლი იყო ეს ყველაფერი, რექტორზეა დაქვემდებარებული ეს საბჭო და რექტორს სურდა ეჩვენებინა, საბჭოს სხვა არჩევანი არ ჰქონია და სად წავიდეო.

 

ეჭვი მაქვს, ისევ პოლიტიკოსებმა მოსთხოვეს რექტორს წასვლა. არ ვიცი, ახალ ხელისუფლებას რა არჩევანი აქვს, მაგრამ მინდა, არჩევანი ყოველთვის თავად უნივერსიტეტმა გააკეთოს.

 

წერის დროს ყოველთვის ვხედავ კადრებს, რაზეც ვფიქრობ. მინდა, მეჩვენებოდეს, რადგან ეს უნივერსიტეტი დავამთავრე და მიყვარს, მაგრამ ასე ვხედავ: უნივერსიტეტი ახალგაზრდობის გაუვლელად დაბერდა, არა?

 

როცა შუქი არის და მაინც არ არის

თედო ჯორბენაძე 

 

<!** Image 1 align="left" alt="პრესკაფეს მრიცხველის კარადა" sub="პრესკაფეს მრიცხველის კარადა" width="400" height="576" >

„ჯერ სად ხართ“, – ეს სლოგანი არჩევნების მერე ელექტროენერგიის გათიშვისთანავე ყველგან ისმის. აშკარად სახალისო დატვირთვა აქვს ამ გამოთქმას, მაგრამ ამჯერად ხუმრობის ხასიათზე ნამდვილად არ ვარ. აჭარაში ელექტროენერგიის დისტრიბუტორ კომპანიაზე – „ენერგო-პრო ჯორჯიაზე“ მინდა ვისაუბრო.

ახლა რაზეც ვწერ, განსაკუთრებით იქედან მოყოლებული მაწუხებს, რაც „პრესკაფე და სადისკუსიო კლუბი“ გაიხსნა ბათუმში, ანუ თითქმის ორი წელია.

 

დავიწყოთ იმით, რომ კარადა, სადაც ჩვენი მრიცხველებია დამონტაჟებული, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჩაკეტილი აქვს. იქვე, უბრალო მავთულით „ჩაკეტილ“ კარადაში შეხედვის ბედნიერება კი მაშინ მერგო პირველად, როცა ის მორიგი ტექნიკური დაზიანების გამო „გახსნეს“. წარმოუდგენელი სურათი ვნახე – ფაქტობრივად, ღია კარადაში სადენები (ე.წ. სხვადასხვა ფაზები) შიშვლად იყო. დღემდე ასეა, უბრალოდ, უფრო მსხვილი მავთულით „ჩაკეტეს“.

 

ჰო და ასეთი „მოწესრიგებული“ სისტემის პირობებში რა გასაკვირია, რომ ავარიული გათიშვა და ხანძრის გაჩენის საშიშროება ლამის ყოველდღიურობად გვექცა. დამწვარი სადენების სუნი კი „არკაში“, მიუხედავად ორპირი ქარისა, მუდმივად დგას.

 

კარადა, საიდანაც ელექტროენერგია ნაწილდება, სრულიად ხელმისაწვდომია როგორც დიდისთვის, ისე ბავშვისთვის. დღემდე უბედური შემთხვევა რომ არ მომხდარა ამ კარადის გამოისობით, ეს უფრო იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც ამ კარადას არის მიერთებული, ვიდრე „ენერგო-პრო ჯორჯიას“.

 

აი, მრიცხველების კარადა კი, ერთი შეხედვით, საგულდაგულოდაა ჩაკეტილი, თანაც ბოქლომით. გაგვაფრთხილეს, რომ ბოქლომი „ენერგო პროს“ საკუთრებაა და მისთვის ხელის ხლება ნებისმიერ შემთხვევაში გვეკრძალება. სხვა გზა არაა, ყოველი გათიშვის მერე კომპანიის თანამშრომელს უნდა დავუკავშირდე (აქვე იმასაც ვიტყვი, რომ „ენერგო პროს“ თითქმის ყველა თანამშრომლის ნომერი ზეპირად ვიცი, რადგან ყველაზე ხშირად მათ ვურეკავ. ტელეფონიც „სენსორზეა“ და ახლობლებზე უფრო ხშირად ავტომატურად მათთან გადის ზარი).

 

ერთ-ერთი ასეთი ავარიული გათიშვის გამო ადგილზე მოსულმა „ენერგო პროს“ თანამშრომელმა მითხრა, რომ გასაღები არ ჰქონდა და კარადას, რომელშიც მრიცხველი იყო, ვერ გახსნიდა. ის სხვა ელექტრიკოსს დაუკავშირდა, რომელიც ნახევარი საათის შემდეგ გამოგვეცხადა. გასაღები არც მას ჰქონდა, მითხრეს ვერ გავაღებთო, თუმცა რამდენიმე სატელეფონო ზარის შემდეგ ერთ-ერთმა „პლოცკო“ მოიმარჯვა და ბოქლომის გახსნას შეუდგა.

 

გახსნა კიდეც.

 

ამას არაუშავს. კარადაში ნახევრად ჩამწვარი გამომრთველი შეცვალეს. ბუნებრივია, ახალი მე ვიყიდე და ისევ „ჩაკეტეს“ – გასაღების გარეშე. გვერდით კარადაში კი სადენები ელექტრიკოსებმა სახელდახელოდ, მავთულებით გადააბეს, ერთ-ერთი, რომელიც გავარვარებული იყო, დატოვეს, ამას არაფერი უჭირსო  და  კარებიც მავთულით „გადარაზეს“.

 

აი, რატომაც ვარ დარწმუნებული, რომ ნებისმიერ ადამიანს და, მათ შორის ბავშვსაც, შეუძლია იმ კარადის უპრობლემოდ გაღება.

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“, ანუ ევროპული კომპანიის თანამშრომლების აღჭურვილობაზე ერთსაც ვიტყვი და ამ თემაზე მოვრჩები – 21-ე საუკუნის კომპანიის ელექტრიკები ისე არიან აღჭურვილები, როგორც „ილიჩის“ ნათურის შექმნის ეპოქაში. სხვათა შორის, ამის შესახებ მათ როცა ვკითხე, დაუზარებლად ამიხსნეს: ახალი ხელსაწყოები 2000 ლარი მაინც ღირს, უფროსმა გვითხრა, 200 ლარს მოგცემთ, „ზუბილა“ და ჩაქუჩი შეიძინეთ და გეყოფათო.

 

მახსოვს, როცა „ენერგო-პრო ჯორჯია“ შემოვიდა საქართველოში, ოფიციალურად ითქვა, რომ ეს კომპანია ქსელის განახლებაზე იმუშავებდა. ფასების გაზრდაც ამას მიაბეს. კომპანიის განახლებულ ქსელს კი ბათუმში არსად შევხვედრივარ. ერთადერთი, რაც ბათუმში გააკეთეს, მრიცხველებია. ძველისძველ სადენებს, რომლებიც მიწაშია დაფლული, ავარიის შემთხვევაში ელექტრიკები ისევ შიშველი ხელებით ეძებენ. ძებნას ზოგჯერ ერთ საათს ანდომებენ, ზოგჯერ – ერთ დღესაც კი.

 

ახლა წარმოიდგინეთ რა ხდება `პრესკაფეში~ მაშინ, როცა მორიგი ავარიის გამო შუქი „მიდის“. სრულად როცა ქრება, არაუშავს – სანთლებს ვანთებთ, მაგრამ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შუქის გათიშვის პროცესიც განსხვავებულად გამორჩეული აქვს – კაფეში ხან ერთი ფაზა ქრება, ხან – მეორე. ეს იმას ნიშნავს, რომ კაფეს ნაწილი ჩაბნელებულია, მაგრამ მუშაობს, ვთქვათ, ტელევიზორი… 

 

ახლა იმასაც თუ წარმოიდგენთ, რომ ვიღაცას პროექტის პრეზენტაცია აქვს დაგეგმილი, მაგრამ ბოდიშს უხდი შუქის ჩაქრობის გამო პროექტორის მოულოდნელი გამორთვისთვის. სტუმარი ამ დროს გაფართოებული თვალებით ხან შენ გიყურებს, ხან პროექტორს და კონდიციონერს, რომელიც იქვე კედელზეა ჩამოკიდებული და თბილ ჰაერს უბერავს.

 

ცხადია, „ენერგო პროს“ მაღალ მენეჯმენტს აკრძალული არ აქვს მოქალაქეების მისვლა საკუთრივ კომპანიის ოფისში. რამდენჯერმე მეც მერგო ეს პატივი. შენობის ჰოლში, ეგრეთ წოდებულ მისაღებში უამრავი ადამიანი ირევა, კომპანიის მორიგეები ყველა მათგანს არათუ სახეზე ცნობენ, არამედ იციან მათი საცხოვრებელი მისამართებიც კი. ისინი ნაცნობები ნამდვილად არ არიან, უბრალოდ, ადამიანებს იმდენჯერ უწევთ პრობლემის გადასაჭრელად კომპანიაში მისვლა და განცხადების დატოვება, რომ მიმღებში მსხდომთ მათი მონაცემები ამახსოვრდებათ.

 

გავიგე, ჩეხური კომპანიის ერთადერთი ჩეხი მენეჯერი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, არჩევნების მეორე დღესვე წასულა საქართველოდან. მითხრეს, რომ ახლა კომპანიას მხოლოდ ქართველები მართავენ. აი, ამიტომაც გადავწყვიტე ამის დაწერა – ახლა სერვისის კიდევ უფრო „გაუმჯობესების“ მოლოდინში ვარ.

 

<!** Image 2 align="middle" alt="თედო ჯორბენაძე „პრესკაფეს“ მენეჯერი" sub="თედო ჯორბენაძე „პრესკაფეს“ მენეჯერი" width="300" height="512" >

 


ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს დირექტორი ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს პასუხობს

 მანანა ქველიაშვილი

 

 

აჭარის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოს დირექტორი ეკა ზოიძე საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლების განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. 

ჰესების მშენებელი კომპანია მოსახლეობას და საჯარო რეესტრს უჩივის

ცაგო კახაბერიძე


იურისტის განმარტება წინასაარჩევნოდ დარეგისტრირებული ნაკვეთების კანონიერებაზე.


<!** Image 1 align="" alt="ირინე ურუშაძე" width="300 " height="457" >



Exit mobile version