სპორტი

ალექსანდრე მეტრეველი: უიმბლდონამდე ჯერ ძალიან შორია

24.08.2015
ალექსანდრე მეტრეველი: უიმბლდონამდე ჯერ ძალიან შორია

 

ალექსანდრე მეტრეველი
ალექსანდრე მეტრეველი

ალექსანდრე, რამდენი ხანია თამაშობთ ჩოგბურთს?


5 წლის ვხვდებოდი ჩოგბურთზე რომ შემიყვანეს. პროფესიონალურ ტურნირებში მონაწილეობა 12 წლიდან დავიწყე, 16 წელია ვთამაშობ ჩოგბურთს.


რას ფიქრობთ, რამ გამოიწვია თქვენი წინსვლა?


იანვრიდან სტამბულში წავედი სავარჯიშოდ. თვენახევარი-ორი თვე ვვარჯიშობდი სრული დატვირთვით, დღეში 7-8 საათი. რა თქმა უნდა, შრომამ გამოიწვია წინსვლა. როგორც ყველა სპორტში – შრომას, სწორს ვარჯიშს, სწორ კვებას მოაქვს შედეგი. ზედიზედ მომიგია 16-18 წლამდელთა ტურნირები, მაგრამ დიდებში, სადაც ასაკი არ არის შეზღუდული – არა.

 

ჩემთვის ეს ტურნირები მნიშვნელოვანი იყო. წლის დასაწყისში საერთაშორისო რეიტინგში 750-ე ადგილზე ვიყავი, ახლა კი 390-ე ადგილზე ვარ. საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა მეხმარება უფრო მაღალი დონის ტურნირებზე ასპარეზობაში. მინსკის მერე იტალიაში ვაპირებ წასვლას, სადაც ქალაქ ჯენოვანში, 75 000$ საპრიზო ფინდის მქონე, საკმაოდ ძლიერი საერთაშორისო ტურნირი ჩელენჯერი ტარდება.


 ვინ არის თქვენი მწვრთნელი?


 ჩემი მწვრთნელი მამაჩემი, ირაკლი მეტრეველია.


რას ფიქრობთ, რა არის იმისთვის საჭირო, რომ ჩოგბურთელებმა საქართველოდან მოიგონ დიდი ტურნირები, გახდნენ პირველი ჩოგნები მსოფლიოში?


წელს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ძალიან გაგვახარა… პირველ რიგში, რაც ყველაზე მთავარია, დაფინანსება უნდა იყოს, რადგან ჩოგბურთი ძალიან ძვირი სპორტია და დაფინანსების და სპონსორობის გარეშე ძალიან რთულია შენი ხარჯებით იმოგზაურო სხვადასხვა ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად. რა თქმა უნდა, თუ სახელმწიფო დაგვეხმარება, უფრო მეტ საერთაშორისო ტურნირს ვითამაშებთ, უფრო მეტი გამოცდილება გვექნება და ეს იქნება დევისის თასი თუ პირადი ტურნირი, უფრო მეტი შედეგი გვექნება.


 ტურნირები, რომელიც გაირეთ, თქვენი ხარჯით იყო თუ სახელმწიფოც გაფინანსებდათ?


ჩემი ხარჯით, ფაქტობრივად მთელი კარიერის განმავლობაში ჩემი ხარჯით მიწევდა ტურნირებზე სიარული.


 რომელი შეჯიბრის მოგებაა თქვენი მიზანი?


ჩოგბურთელების 90 პროცენტის ოცნებაა უიმბლდონის მოგება. მაქამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. ეს, ჯერჯერობით, ოცნებად რჩება. ყველა იმისთვის თამაშობს ტენისს, რომ რაღაცნაირად შეძლოს თავისი ოცნების ასრულება. მეც ამისთვის ვთამაშობ.


ბათუმში ხომ არ გიწევთ თამაში?


არა. ბათუმში დიდი ხანია არ ვყოფილვარ. სამწუხაროდ, ბათუმში დიდი ხანია არ ტარდება ტურნირი მამაკაცებს შორის, ამიტომ დიდი ხანია არ ჩამოვსულვარ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: