სპორტი

მოედანი სოფელს

13.08.2015 • 3199
მოედანი სოფელს

საფეხბურთო მოედანი საჩინოს ცენტრიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, მდინარის პირას, გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. მასზე მოხვედრა მდინარეზე გადებული რკინის კონსტრუქციითაა შესაძლებელი.

მოედანს ერთ მხარეს მდინარე და ყანა, ხოლო მეორე მხარეს ხეები აკრავს. მწვანე გაუცვეთავ კორდზე ფეხბურთის სათამაშოდ ორი რკინის კარი დგას ბადეების გარეშე.

„ეს მოედანი 1970 წელს გაკეთდა, მაშინდელი კოლმეურნეობის თავმჯდომარის ვალერი ბოლქვაძისა და პარტორგანიზაციის მდივნის სულიკო ბერიძის და მასწავლებლის გივი ფირცხალიშვილის ინიციატივით. მოედნის ადგილას სანერგე მეურნეობა იყო – ჩითილები გამოჰყავდათ აბრეშუმისთვის. ამის მერე 105 მეტრის სიგრძისა და 75 სიგანის, ფიფას სტანდარტების საფეხბურთო მოედანი გაკეთდა, რომელიც სამი სოფლის: აჭყვის, წითელი ოქტომბრისა და საჩინოს საერთო მოედანი იყო. საბჭოთა კავშირი იყო მაშინ და საკავშირო მნიშვნელობის სხვადასხვა ტურნირი ტარდებოდა აქ.

მაშინდელ ერთ-ერთ დეპუტატს გასახდელებისა და ტრიბუნების მოწყობაც სურდა, მაგრამ ვეღარ მოხერხდა. საჩინოს ფეხბურთის გუნდი ჰყავდა ყოველთვის, რომელიც მონაწილეობდა რაიონულ და აჭარის რეგიონალურ პირველობაზე და ბევრი თასი აქვს აღებული. მათ შორის რაიონული თასი.
“ამ მოედანზე ვთამაშობდი ბავშვობაში, აქ ვარ გაზრდილი. მოგვიანებით გავიგეთ, რომ მოედანი 2008 წელს გასხვისებულა. მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია – მოედანი უნდა დაითხაროს და კოტეჯები თუ რაღაც ამდაგვარის მშენელობა უნდა დაიწყოსო. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს პროცესი გვეწარმოებინა. თავიდან დახმარება აღგვითქვა ანზორ თხილაიშვილმა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სახელზე გაკეთებული ჩვენი განცხადება გადააბარეს. მისი შუამდგომლობით ქობულე “ბათუმელებს” საჩინოს მცხოვრები, 1985-1987 წლებში ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელი და მოსახლეობის ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი ავტორი ემზარ ხალვაში.

ქობულეთის აღიარების კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემდეგ საქმე პროკურატურას გადაეცა და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისიის მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილის სულხან ტაკიძის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი) და საჩინოში მცხოვრებ ირმა ჩელებაძის საკუთრებაში მოედნის გადაცემა.

რატომ გაასხვისა კომისიამ მოედანი?

„ეს ტერიტორია როგორც მოედანი, არსად არ იყო რეგისტრირებული და იურიდიული სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული. ეს იყო ჩვეულებრივი განცხადება, ასეთი დაახლოებით 30 000 განცხადებაა კომისიაში შემოსული. ჩვენ, უბრალოდ, ადგილზე ვერ ვამოწმებდით იმის გამო, რომ უამრავი განცხადება გვქონდა. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი მასალებით იღებდა კომისია გადაწყვეტილებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ სულხან ტაკიძემ.
სულხან ტაკიძის ერთ-ერთი ადვოკატის მიხეილ მიქანაძის თქმით, ირმა ჩელებაძის წარმოდგენილ მასალებში შედიოდა განცხადება და საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

რატომ უნდა დარჩეს სოფლის საკუთრებაში მოედანი?
„სპორტსმენი ვიყავი და ვიცი, მოედანი რას ნიშნავს. დასავლეთ საქართველოში ანალოგიური მოედანი არ არის. როცა აქ სანერგე იყო, სილა იყრებოდა ხშირად, ამიტომ ნიადაგი სილანარევია და მოედანს ბუნებრივი დრენაჟი აქვს, რაც არ უნდა წვიმა იყოს, არ იტბორება მინდორი. სოფლისთვის მახვილის ჩაცემა იქნება ამ მოედნის გასხვისება“, – გვითხრა ემზარ ხალვაშმა.

ამ მოედანზე ამჟამად, გარდა სოფლის ბავშვებისა, სხვადასხვა გუნდი მოდის სხვადასხვა ადგილიდან და ვარჯიშობს. მაგალითად, გასულ კვირას მარნეულიდან და თბილისიდან ჩამოსული ბავშვები ვარჯიშობდნენ.
„ასე იყო შარშან, შარშანწინ, ასე იყო ყოველთვის. მომავალი თაობისთვისაა ეს სტადიონი, თორემ ჩემი ხნის კაცს აღარ სჭირდება“, – უთხრა “ბათუმელებს” საჩინოს ერთ-ერთმა მკვიდრამა, ყოფილმა ფეხბურთელმა ასლან გორჯელაძემ.
„არ მინდა კერძო პიროვნება გამოვიდეს და მითხრას, რომ ეს სტადიონი არის მისი და უფლება არ მაქვს შევიდე. სტადიონის დაარსებიდან ვთამაშობდი აქ და დღესაც მაქვს უფლება, ჩავიდე ჩემს შვილიშვილებთან ერთად და ვითამაშო. სტადიონი იყო სოფლის და გვინდა, რომ დარჩეს ისევ სოფელს“, – დასძენს ასლან გორჯელაძე.

დაუბრუნდება თუ არა სოფელს საკუთრებაში მოედანი, სასამართლო გადაწყვეტს. ამჟამად მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. მორიგი სასამართლო პროცესი პირველ ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება და მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: