Batumelebi | ქალთა ევროპის ჩემპიონატის 10 წლის მონაწილე ქალთა ევროპის ჩემპიონატის 10 წლის მონაწილე – Batumelebi
RU | GE  

ქალთა ევროპის ჩემპიონატის 10 წლის მონაწილე

 

 ჩაქვში მიმდინარე ქალთა ევროპის ჩემპიონატის 99 მონაწილეთა შორის ყველაზე ასაკით ყველაზე პატარა დიანა ლომაიაა. ის დღეს სომეხ ანა ჰაირაპეტიანს ხვდება. 25 წლის ანას საერთაშორისო სარეიტინგო ქულა 2192-ია, დიანას კი 1449 ქულა აქვს დაგროვებული.

დიანა ლომაია | ჩაქვი / ჭადრაკში ქალთა ევროპის ჩემპიონატი 2015

დიანა 19 მაისს ჩემპიონატის პირველ ტურში აზერბაიჯანელ ნარგიზ უმუდოვას (საერთაშორისო რეიტინგი 2275) შეხვდა. პარტია ნარგიზ უმუდოვამ მოიგო.


„ჭადრაკს ხუთი წლიდან ვთამაშობ. ქალებს შორის ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვმონაწილეობ. მინდა,  მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიასპარეზო. გუშინ წავაგე, მაგრამ ვეცდები, დღეს კარგად ვითამაშო“ – გვითხრა 10 წლის მოჭადრაკემ და დასძინა, რომ მისი მიზანია გახდეს მსოფლიო ჩემპიონი.

დიანა ლომაია ხობში ცხოვრობს და სწავლობს ფოთის საჭადრაკო სკოლაში, მისი მწვრთნელი დავით კოდუაა. დიანა არის საქართველოს სამგზის ჩემპიონი, შვიდ (2012 წელს), რვა (2012 წელს) და ათ წლიანებში (2015 წელს). თავის ასაკში არის ევროპის თასის ორგზის მფლობელი (2012, 2013) და საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 2014 წელს, ნანა ალექსანდრიას სახელობის, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის, მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასების მფლობელი, ასევე თემურ ლომაიას სახელობის ტურნირის ორგზის გამარჯვებული და ტიგრან პეტროსიანის თასის მფლობელი, რომელიც წელს პირველად მოიპოვა, 2013 წელს კი, რვაწლიანებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.


დიანას დედის, რუსუდან ჭითავას თქმით, დიანა ოქტომბერში 10-წლიან გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება, რომელც საბერძნეთში ჩატარდება.


ქალთა ევროპის ჩემპიონატი ჩაქვში გუშინ დაიწყო, დღევანდელი ტურის გარდა მოჭადრაკეები კიდევ ცხრა ტურს გამართავენ, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ჩემპიონის ვინაობა.



დიანა ლომაია | ჩაქვი / ჭადრაკში ქალთა ევროპის ჩემპიონატი 2015




ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი