Batumelebi | ევროპის ჩემპიონი: ”არ უნდა დასჯერდე მედალს” ევროპის ჩემპიონი: ”არ უნდა დასჯერდე მედალს” – Batumelebi
RU | GE  

ევროპის ჩემპიონი: ”არ უნდა დასჯერდე მედალს”

 

 

28 მარტს პოლონეთის ქალაქ ვალბჟიხში 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში ლაშა გობაძე ბერძნულრომაული სტილით ჭიდაობაში (80 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლაშა გობაძე 1994 წლის 10 იანვარს ხულოში, სოფელ დიდაჭარაში დაიბადა. ოთხი თვის იყო, ბაბუამ აღსაზრდელად რომ ჩაიბარა. ბაბუა ბერძნულრომაულ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ლევან შავაძეა. ლაშა არის ჭაბუკთა შორის საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, ოთხგზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის საქართველოს ფინალისტი და სხვადასხა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. როგორც ლევან შავაძე გვეუბნება, ლაშას აქვს პოტენციალი უფრო დიდი შედეგისთვის იბრძოლოს. პოტენციალი მას მერე უფრო გამოჩნდა, რაც ლაშამ ცხვირზე ოპერაცია გაიკეთა.

 

ლაშა გობაძე

 

 

ლაშა, როგორ შეაფასებთ ევროპის ჩემპიონატს?

 

ჩემპიონატზე ევროპის უძლიერესი სპორტსმენები გამოვიდნენ. იოლი არ ყოფილა გამარჯვება. სულ ოთხი შეხვედრა მქონდა. პირველად შევხვდი თურქ მოჭიდავეს, საკმაოდ ძლიერ სპორტსმენს, რომელიც ბოლო წუთს „მოგვერდით“ მოპოვებული ქულით მინიმალური სხვაობით დავამარცხე. მეორე შეხვედრაში ბერძენს ვეჭიდავე და 32 წამში მოვიპოვე გამარჯვება. ნახევარფინალში უნგრელს ვძლიე 2:0. ფინალში შემხვდა სომეხი – წარსულში ევროპის ჩემპიონი სერგის კოჩარიანი, მინიმალური სხვაობით – 3:2 დავამარცხე.

 

ყველაზე მეტად რომელი შერკინება იყო უფრო რთული, უფრო საინტერესო?

– გამოვყოფდი პირველ შეხვედრას თურქთან და ფინალს. ფინალი თავისთავად ყველასთვის მოსალოდნელია, რომ რთული იქნება. მასთან ფრთხილად ვჭიდაობდი, რადგან ერთი ზედმეტი მოძრაობა რომ მქონოდა, გამარჯვება შეიძლება ვეღარ მომეპოვებინა.

 

რას ფიქრობთ, რა შეცდომები დაუშვით?

– შეცდომები იყო. ბევრი მუშაობა მჭირდება ილეთებზე, რადგან ყველა ჩემს დაწყებულ ილეთზე თვითონ დავეცი. ფინალს რაც შეეხება, დაიწყო თუ არა შეხვედრა, დაახლოებით 20 წამში გავედი ორი ქულის უპირატესობით. ხუთი წუთის მერე ორი ქულა დავკარგე. მართალია, ერთი ქულით მაინც ვუსწრებდი, მაგრამ ამ დროს ორივე სპორტსმენი დაღლილია და მოწინააღმდეგისგან ილეთის გაკეთებას კიდევ უნდა ელოდო. ვიცოდი, რომ ერთ წუთში წყდებოდა ჩემი კარიერა. ის ერთი წუთი, რა ძალა და ღონეც მქონდა, მაქსიმალურად ვეცადე უფრო მეტი შეტევით მეჭიდავა.

 

– რა გავლენა იქონია პირად კარიერაზე იმან, რომ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ლევან შავაძე თქვენი ბაბუაა?

– ლევან შავაძე ჩემი პირადი მწვრთნელია. მასთან დაახლოებით ოთხი თვის ასაკიდან ვცხოვრობ. იყო ცხოვრების ეტაპი, რომლის გავლაც მშობლებისგან მარტოს მომიწია, ისინი ქვემო ქართლში, სოფელ სამღერეთში წავიდნენ საცხოვრებლად. ხუთი წლის ვიყავი, დარბაზში რომ დავყვებოდი ბაბუას ვარჯიშებზე. ამ ასაკში არა მგონია ჩემით გადამეწყვიტა რა მინდოდა. თუმცა ახლა რასაც ვაკვირდები, მგონია, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებაა ის გზა, სადაც მე ვიმყოფები. ერთი წამით არ ვნანობ იმას, რომ მოჭიდავე ვარ – მაშინაც კი, როცა ვაგებ, ან წარუმატებლობა მაქვს. ჭიდაობა ჩემი სპორტია და თუ არ მეყვარებოდა ჩემი საქმე, არც მექნებოდა შედეგი. ბაბუაჩემი თვითონაც მოჭიდავეა და ალბათ თავიდანვე შეამჩნია, რომ შემეძლო ამ სპორტში წარმატების მიღწევა. იყო რაღაც პერიოდში ბავშვური სიცელქე, რეჟიმზე აწყობის პრობლემა: მაგალითად, ძილი არ მინდოდა, მაგრამ საჭირო იყო დროულად დაძინება. იმის გამო, რომ არ ვყოფილიყავი გათამამებული… ბაბუა იყო მკაცრი. ეს ველაფერი არ მომწონდა. სიმკაცრის გამო და ასაკისთვის დამახასიათებელი ქცევების გამო რაღაც პერიოდი განაწყენებული ვიყავი ბაბუაჩემზე, ცხადია, ჩემთვის, გულში, მაგრამ როცა წამოვიზარდე მივხვდი, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდოდა ყველაფრისთვის მიმეღწია, ბაბუა იყო. დავიწყე ისევ იმის კეთება, რასაც ლევან შავაძე მეუბნებოდა ვარჯიშზე და შედეგი უკვე სახეზე გვაქვს.

 

თუ გქონდათ მოლოდინი, რომ გახდებოდი ევროპის ჩემპიონი?

_ ცოტა ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, გატეხილი მქონდა ცხვირი, მქონდა პოლიპებიც და მიჭირდა სუნთქვა. ბიძაჩემის – დათო შავაძის დახმარებით ნოემბერში გერმანიაში გავიკეთე ოპერაცია. ოპერაციის გაკეთებიდან დიდი დრო არ იყო გასული, საქართველოს პირველობაზე რომ ვიასპარეზე და ჩემპიონი გავხვდი. ამ შედეგს არ ველოდი, რადგან სწორედ ფინალში ვაგებდი, როცა სუნთქვა აღარ მყოფნიდა.

 

რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი თქვენთვის?

_ ევროპის ჩემპიონობა განსაკუ თრებულია. ასევე მინდა გამოვყო ირანის საერთაშორისო ტურნირი – „ტახტის თასი“, რომელიც თებერვალში ჩატარდა და ოქროს მედალი მოვიპოვე. ეს მედალი იმით მიხარია ყველაზე მეტად, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით

ჭიდაობის ისტორიაში ეს გამარჯვება პირველმა მე მოვიპოვე. ოპერაციის მერე სამ ტურნირზე ვიასპარეზე საქართველოს პირველობაზე, „ტახტის თასზე“ და ახლა ევროპის პირველობაზე – სამივე მოვიგე. ოპერაციამ დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში, დავრწმუნდი საკუთარ ძალებში.

 

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– მივყვები სპორტული კალენდრით დაგეგმილ ღონისძიებებს. უახლოესი ტურნირი საქართველოს პირველობაა დიდებში, რომელიც 20 აპრილს გაიმართება. შემდეგ არის ევროპის ოლიმპიადა ბაქოში. დიდი სურვილი მაქვს, ოლიმპიადის ლიცენცია მოვიპოვო.

ვფიქრობ, სპორტსმენი არ უნდა დაჯერდეს მედალს და არასდროს მოდუნდეს, რადგან ყოველთვის ფორმაში თუ არ იქნები, შედეგი არ გექნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი