სპორტი

როგორი სტადიონი აშენდება ბათუმში

27.03.2015 • 3045
როგორი სტადიონი აშენდება ბათუმში

სტადიონის პროექტი

სტადიონი 

„ბათუმის სტადიონი შექმნილია მრაფალფუნქციური გამოყენებისთვის. აქ გაიმართება ისეთი ღონისძიებებიც, როგორიცაა: კონცერტები, მიღებები და საზოგადო მოღვაწეების გამოსვლები” – აღნიშნულია პროექტის აღწერილობით ბარათში. აქვე ვკითხულობთ, რომ მზის სინათლის თავიდან არიდების მიზნით მისი მდებარეობა ორიენტირებული იქნება ჩრდილო-სამხრეთისაკენ. სტადიონის ვიზუალი – ტალღოვანი ზოლები დაკლაკნილი ხვეულებით, პროექტის ავტორების კონცეფციით აღნიშნავს მდინარე ჭოროხის შესართავსა და შავი ზღვის ტალღებს.

სტადიონის პროექტი განათების დროს

სტადიონის კომპლექსში იქნება მაღაზიები, რესტორნები, საინფორმაციო პუნქტები, საპირფარეშოები, გამოსაცვლელი ოთახები, საკონფერენციო დარბაზები, სასწრაფო დახმარების ცენტრი. ევროპისა (UEFA) და მსოფლიოს (FIFA) ფეხბურთის ფედერაციების მიერ დაწესებული სტანდარტების მიხედვით მაყურებლის ზონისგან ცალკე უნდა იყოს განსაკუთრებული სტუმრებისთვის 400 კვ.მ-ზე განთავსებული 500-ადგილიანი VIP ზონა და 150-ადგილიანი VIP პარკირების სივრცე; საფეხბურთო მოედანი ზომით – 105X68 მეტრი და მის ირგვლივ მძლეოსნობისთვის განკუთვნილი სარბენი ბილიკები. მსაჯებისთვის განკუთვნილი ოთახები – 20 კვ.მ-ზე; სტადიონი ფერადი მონიტორებით აღიჭურვება და ექნება 10 კვ. მ-ზე განთავსებული 4 კამერა.

სტადიონის კომპლექსში შედის მედიის სამუშაო სივრცე, რომელიც განთავსდება 300 კვ.მ-ზე და განკუთვნილი იქნება 75 მედიის წარმომადგენლისა და 25 ფოტოგრაფისთვის. ცალკე იქნება პრესის ოთახი – 100-ადგილიანი დახურული სივრცე სკამებითა და მაგიდით; რადიოგანყოფილება – 25 რადიო და ტელეკომენტატორისთვის და 2 სატელევიზიო სტუდია.

სტადიონის მიმდებარე ტერიტორია

ტერიტორია, სადაც სტადიონი უნდა აშენდეს, ლეონიძისა და გაგარინის ქუჩებს შორისაა მოქცეული. გაგარინის ქუჩა სტადიონის ჩრდილოეთით, ლეონიძის ქუჩა კი, სამხრეთით მდებარეობს. მოედანზე მაყურებელი ოთხ ნაკადად, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან მივა. სტადიონს სულ 16 შესასვლელი ექნება. ლეონიძის ქუჩის მხარეს განთავსდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკინგი და დამატებითი შესასვლელი. VIP მაყურებელს ცალკე შესასვლელი ექნება გაგარინის ქუჩიდან.

42100 კვ.მ ფართობზე, რომელიც საცალფეხო გზისთვის იქნება განკუთვნილი, ქვაფენილები დაიგება. დასავლეთით, სამკუთხედის ფორმის ნაწილში ფრენბურთის პავილიონი განთავსდება. ფრენბურთის ძირითადი დარბაზი 3500 მაყურებელს, დამხმარე დარბაზი კი, 800 გულშემატკივარს დაიტევს. პროექტის მიხედვით სტადიონის ირგვლივ მდებარე ქუჩები შეიძლება გაფართოვდეს.

სტადიონი წვიმის დროს 

სტადიონის პროექტების პრეზენტაციაზე, რომელიც ბათუმში სასტუმრო „რედისონში” ორ დღეს გრძელდებოდა, ყველაზე მეტად ორი საკითხი გამოიკვეთა – რამდენად იქნება სტადიონი რეგიონის ამინდზე გათვლილი და სად განთავსდება ავტოსადგომი, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით 2000 ავტომობილი უნდა დაიტიოს.
სტადიონზე მაყურებელთა ტრიბუნები მთლიანად დახურული იქნება, ღია იქნება ფეხბურთის სათამაშო მოედანი. ეს პროექტი სპეციალურად შექმნილმა 19-კაციანმა კომისიამ საპროექტო კონკურსში მონაწილე 11 პროექტიდან შეარჩია.

არქიტექტორის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლისა და კომისიის ერთ-ერთი წევრის დავით ზოიძის თქმით, კონკურსის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ნებისმიერ ამინდში თამაშის შესაძლებლობა. „იმის გამო, რომ ბათუმი ნალექიანი ქალაქია, მოთხოვნა გვქონდა მაყურებელთა ტრიბუნები ასი პროცენტით დახურულიყო. როგორც წესი, ასეთი კომპლექსები მთლიანად გადახურული არსად არ არის. ფეხბურთელებს წვიმაშიც უწევთ თამაში, მზეშიც, ქარიან და თოვლიან ამინდშიც. ასი პროცენტით დახურული სტადიონი დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული და გააძვირებდა ობიექტის მშენებლობას. დღეს პროექტი ოცი ათას მაყურებელზეა გათვლილი, მაგრამ სამომავლოდ თუ უფრო მეტი პოპულარობა შეიძინა ფეხბურთმა და საჭიროება გაჩნდა, სტადიონს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს კიდევ რამდენიმე ათასი მაყურებელი დაემატოს” – აღნიშნა დავით ზოიძემ.

რატომ ეს პროექტი?

როგორც საკონკურსო კომისიის წევრმა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნათია აფხაზავამ განაცხადა ”ბათუმელებთან”, საკონკურსო კომისიის წევრები პროექტებს ქულებით აფასებდნენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: როგორ ჰქონდა წარმოდგენილი საპროექტო ტერიტორიის ურბანული განვითარება და სივრცითი მოცულობითი გადაწყვეტის სქემა; საპროექტო წინადადების ეკონომიურობა და განხორციელების პრაქტიკულობა, პროექტის ღირებულება, კვალიფიკაცია, გამოცდილება და ექსპლუატაციის ხარჯები.

პროექტის ავტორი და გამოცდილება

„IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT SL“ ესპანური საინჟნრო კომპანია.  მათ საქართველოში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვთ როგორც კომპანია „CMD Ingenieros“ სახელით, რომლის პროექტების მიხედვით აშენდა საქართველოს პარლამენტი ქუთაისში, ბათუმის ზღვისპირა ბულვარი, გმირთა მემორიალი თბილისში და „ანბანის კოშკი“ ბათუმში. ანბანის კოშკის მშენებლობა, რომელიც ბათუმის მერიამ შეისყიდა დღემდე არ ჩაუბარებია კომპანიას. ამ მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტები ბათუმის მერიაში არ ინახება. როგორც მერიიდან მიღებული ოფიციალური წერილიდან ვიგებთ „ანბანის კოშკის“ მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული ყველა სახის დოკუმენტაცია 2013 წლის 11 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის, აჭარის და გურიის სამმართველომ ამოიღო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: