სპორტი

კალათბურთელების ოჯახი

13.03.2015 • 2814
კალათბურთელების ოჯახი

გიორგი ლაშა და ნიკა ოჩხიკიძეები

ლაშა ოჩხიკიძე 14 წლის იყო, კალათბურთის თამაში რომ დაიწყო. თუმცა იმ გარემოებამ, რომ კალათბურთელია, თავის შვილებს – ნიკასა და გიორგის გაცილებით ადრე გააცნო ჯერ კალათი და ბურთი და შემდეგ, სპორტი – კალათბურთი. „გიორგი სამი წლის იყო, სათამაშო კალათი რომ ვუყიდე დაბადების დღეზე. ხუთი წლიდან კი ბათუმის სასპორტო სკოლაში მოვიყვანე სავარჯიშოდ“, – გვეუბნება ლაშა. ლაშა ოჩხიკიძის ოჯახში ყველა კალათბურთელია. ის ამბობს, რომ მისი მეუღლე ლუდმილა ტალანოვაც რამდენიმე წელი მისდევდა ამ სპორტს. ლაშა ოჩხიკიძე იმ თაობის მოთამაშეებს მიეკუთვნება, რომლებმაც აჭარაში 1980-1990-იან წლებში კალათბურთის ახალი ტალღა შექნეს, როცა იყო რამდენიმე საკალათბურთო კლუბი „ტბეთი“, „რსუ“, „ლომისი“, „ბასკო“.

1995 წლის ნოემბერში 1982-წლიან ბავშვთა საკალათბურთო გუნდი „ლომისი“ შეიქმნა. გუნდს ბადრი შამილაძე წვრთნიდა. ლაშა ოჩხიკიძე ამ გუნდში ლევან ფარჯანაძესთან, გიორგი კილაძესთან, ლაშა კეშელავასთან, სერგო აზოიანთან, დავით იმნაძესთან, დემნა ძირკვაძესთან, ლევან კვაჭაძესთან, არჩილ კილაძესთან ერთად თამაშობდა. შემდეგ იყო ბათუმის „ბასკო“, სადაც ლაშა ოჩხიკიძე სამი თვე ვარჯიშობდა. 1999 წელს ჩამოყალიბებულმა „ბასკომ“, პირველივე, 1999-2000 წლის სეზონში მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა და მომდევნო სამი წლის მანძილზეც არავისთვის დაუთმია. 2003 წელს კი საქართველოს ეროვნული თასიც მოიპოვა. ლაშა ამბობს, რომ მაშინ ძლიერი გუნდები იყვნენ, დიდი იყო კონკურენცია და ძნელი იყო მოხვედრა კლუბებში. ლაშა ოჩხიკიძე 2001 წელს აქტიურ თამაშს თანდათან ჩამოშორდა და 20 წლის ასაკში მწვრთნელობა დაიწყო „ბასკოში“, თუმცა პარალელურდ თამაშებშიც მონაწილეობდა. 2000-იან წლებში მიუხედავად დიდი წარმატებისა, „ბასკოს“ გუნდი მალევე დაიშალა. „ბათუმში რომ აღარ იყო გუნდი, იყო ქუთაისში წასვლის შანსები, მაგრამ ოჯახური პირობების გამო გადავწყვიტე მწვრთნელობა დამეწყო.

„ბასკოს“ დაშლის შემდეგ იყო პერიოდი, რომ მშობლების ხარჯზე დავდიოდით კალათბურთელები. 2008 წელს კიდევ ერთხელ ვითამაშე სუპერლიგაში. მაშინ გუნდი ბათუმელმა ბიჭებმა შევქმენით. დავდიოდით ჩვენი ხარჯებით და ერთი წელი ენთუზიაზმით, უხელფასოდ ვთამაშობდით. „ბასკო“ რომ დაიშალა, 1992 წლიანების ნაკრები შევქმენით, რომლებიდანაც ოთხი კალათბურთელი – ნიკა რამიშვილი, ირაკლი მიქელაძე, ნოდარ თენიეშვილი, ლევან ელიაძე – დღესაც თამაშობს კლუბ „ბათუმში“. შემდეგ მყავდა 1998-წლიანების ნაკრები ალეკო ფევაძე, დათო აფხაზავა, ლევან ბაბილოძე. ისინი ახლა საქართველოს კადეტების ნაკრებში თამაშობენ“, – გვიყვება ლაშა.

ლაშა ოჩხიკიძე კალათბურთში მიღებულ გამოცდილებას თავის შვილებს, მათ თანატოლებსა და სუპერლიგის მოთამაშეებს უზიარებს, სადაც ის მწვრთნელად ბათუმის სასპორტო სკოლაში 15 წელია მუშაობს: ამჟამად სამ ასაკობრივ კატეგორიას – 2002, 2003 და 2004 წლიან ბავშვების გუნდს საშკა (ალექსანდრე) სვანიძესთან ერთად წვრთნის. ნიკასა და გიორგის კი ინდივიდუალურად ავარჯიშებს. პარალელურად მუშაობს სუპერლიგაში მოთამაშე ბათუმის კლუბ „ბათუმში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. „როცა მწვრთნელად მუშაობ, მთავარი კალათბურთისა და ბათუმის სიყვარულია და გინდა შენ თვალწინ გაიზარდოს კალათბურთელი, რომელიც შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურს ჩაიცვამს“. რა პერსპექტივა აქვთ ნიკასა და გიორგის ბათუმში? ლაშა, როგორც ყოფილი კალათბურთელი და მამა, ხომ არ ფიქრობს, რომ გაუცრუვდებათ იმედები, როცა გაიზრდებიან? ასე რომ არ მოხდეს, ლაშა ოჩხიკიძე ამბობს, რომ აპირებს გიორგი უცხოეთში გააგზავნოს. „თუ აქ არ წამოვიდა დაფინანსება, რაც სჭირდება კალათბურთს, არაფერი გამოვა. უნდა იყოს საზღვარგარეთის გუნდებთან გასვლა, უფრო განვითარებული კლუბური სისტემა. 12-13 წლიდან რომ ჩაერთვებიან საზღვარგარეთის ტურნირებში, მერე ყველაფერი გამოუვათ. თუ არადა, ვაპირებ გიორგი ამერიკაში ან ესპანეთში წავიყვანო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: