სპორტი

”მეკობრეების” გზა

21.02.2015 • 1965
”მეკობრეების” გზა

ბათუმის დინამოს ფანკლუბი ”შავი ზღვის მეკობრეები” | ქობულეთის ”შუქურასა” და ბათუმის ”დინამოს” შეხვედრა | 06-12-2014

„შავი ზღვის მეკობრეები“ – Black Sea Pirates ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბია, რომელიც 2011 წლის 17 აგვისტოს შეიქმნა. მას ბათუმში „პირატების“ სახელით იცნობენ. ფანკლუბის შექმნის იდეა სტუდენტ გივი გაგუას იდეა იყო. იდეამ ფეხბურთის სხვა მოყვარულებიც გააერთიანა. ამირან მამალაძემ, არჩილ ინწკირველმა, ბაჩანა აბაშიძემ, ალეკო ჩხაიძემ და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდამ ერთად დაიწყეს საკუთარი ქალაქის ფეხბურთის გუნდის ორგანიზებული ქომაგობა, ფანკლუბს ერთად შეურჩიეს სახელი. „რატომ შავი ზღვის მეკობრეები? ალბათ იმიტომ, რომ ზღვისპირა ქალაქში ვცხოვროთ“ – ამბობს გივი.

„დინამოს“ გულშემატკივარი არასდროს აკლდა, მაგრამ სტადიონის დანგრევამ ყველაფერზე იმოქმედა, გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდნის შემდეგ პირველ ლიგაში თამაშობდა. ზოგიერთმა აღარც იცოდა გუნდი არსებობდა თუ არა, ზოგიერთმა ქომაგობას თავი დაანება. გადავწყვიტეთ ჩვენს გუნდს გვერდში დავდგომოდით. ფეისბუქის საშუალებით რამდენიმე ადამიანმა გავიცანით ერთმანეთი და შევიკრიბეთ. მოვიფიქრეთ ფანკლუბის სახელი, გავაკეთეთ ბანერი და დავგეგმეთ როგორ წავსულიყავით თამაშებზე“ – გვიამბობს გივი.

ფანკლუბის წევრები „დინამოს“ საქომაგოდ ქობულეთში მიკროავტობუსებით დადიან. როგორც გივი გაგუა გვეუბნება, „დინამოს“ ახალი ხელმძღვანელობის შემდეგ სამგზავრო ხარჯებს კლუბი აფინანსებს. დღეს „მეკობრეების“ რიცხვი 200-მდეა, მათ შორის არიან გოგოებიც, ყველა თამაშს კი საშუალოდ 50 ქომაგი ესწრება.

„მეკობრეები“ თვითონაც თამაშობენ ფეხბურთს. გასულ წელს საქართველოს ფანკლუბებს შორის გამართულ ტურნირში ჩემპიონები გახდნენ. ამ ტურნირს ქუთაისის „ტორპედოს“ ფანკლუბი 2013 წლიდან ატარებს და მასში ფანკლუბის აქტიური წევრები მონაწილეობენ. ფანკლუბებს შორის ფუტზალის ჩემპიონატი წელს მეორეჯერ ჩატარდა. 2013 წელს პირველობა ქუთაისის „ტორპედოს“ „ქომაგებმა“ მოიპოვეს.

2014 წლის 20 სექტემბერს ბათუმში ძლიერი წვიმა მოვიდა. ეს ის დროა, როცა ბათუმის ქუჩები ისე დაიტბორა, რომ ზოგიერთმა გადასაადგილებლად რეზინის ნავიც კი გამოიყენა.  წვიმის მიუხედავად ქობულეთში „ჩელე-არენაზე“ დაგეგმილი მატჩი ცხინვალის „სპარტაკსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის არ გადადებულა. ქობულეთში მიმავალი ქომაგები წვიმის გამო გამოწვეულ საცობში მოხვდნენ, ჩაიკეტა გზა, თუმცა „მეკობრეებმა“ ჩაქვის ხიდდთან ადიდებული წყალი ფეხით გადაიარეს, დააგვიანდათ, მაგრამ მეორე ტაიმს მაინც მიუსწრეს.

შეიძლება ზოგმა ვერ გაითავისოს, მაგრამ ფანკლუბი

პასუხისმგებლობაა საკუთარი თავის წინაშე. არ უნდა შეგაშინოს

ამინდმა, უგზოობამ, სხვა დაბრკოლებამ და ყოველთვის შენი გუნდის

გვერდით უნდა იდგე ” – გვეუბნება გიორგი ქამადაძე, რომელიც

“შავი ზღვის მეკობრეებს” 2012 წლიდან შეუერთდა.

 

„ამ სეზონში ორ თამაშს ვერ დავესწარი. ყოველ წუთში ვურეკავდი ჩემს მეგორებს და ვკითხულობდი, რა სიტუაცია იყო. წაგებული თამაშიც რომ იყოს, სტადიონზე ყოფნა ბევრად ადვილი და გასაძლებია ჩემთვის, ვიდრე სტადიონს გარეთ, როცა არა ვარ საკუთარი გუნდის საგულშემატკივრო ტრიბუნაზე. ჩემთვის ყოველი გაშვებული გოლი საკუთარი ტკივილია და ყოველი გატანილი გოლი – პირადი გამარჯვება“ – ამბობს გიორგი.

გივი თალაკვაძე „მეკობრეების“ ერთ-ერთი პირველი წევრია, 2011 წლიდან. ის მიიჩნევს, რომ გულშემატკივარს არა მხოლოდ ფეხბურთელების გამხნევება, არამედ თამაშის შედეგის შეცვლაც შეუძლია. „ფეხბურთში ფანები მე-12 მოთამაშედ მიიჩნევა. მგონია დიდ სტიმულს ვაძლევთ ჩვენი ქომაგობით, ამიტომ „პირატები“ ჩემთვის ერთი დიდი ოჯახია“ – ამბობს ის.

ცნობილი ამბავია, რომ ფანკლუბებს შორის ხშირად ხდება დაპირისპირება. გივი გაგუა ამბობს, რომ საქართველოში დაახლოებით შვიდი ფანკლუბია და მათთან კარგი ურთიერთობა აქვთ. ის გასულ წელს მომხდარ ჩხუბს იხსენებს: „ჩხუბი ერთხელ მოხდა. თბილისში ცხინვალის „სპარტაკს“ ვეთამაშებოდით და პროვოკაციულად მოიქცნენ „სპარტაკის“ გულშემატკივრები, რამაც ფანსექტორზე შეხლა-შემოხლა გამოიწვია. ჩხუბი მალე ჩაცხრა და თამაშს პრობლემა არ შეჰქმნია. გავიმარჯვეთ და სწორედ იმ თამაშით გადავედით უმაღლეს ლიგაში“.

უწევთ თუ არა „მეკობრეებს“ საკუთარი გუნდის დაცვა მოედნის მიღმა? გიორგი ქამადაძე ამბობს, რომ ყოველდღიურად, როცა ეკითხებიან, ვის გულშემატკივრობს ფეხბურთში: „ყველა ელოდება, რომ ვეტყვი „მანჩესტერს“, „რეალს“, მაგრამ ყოველთვის ამაყად და დინჯად ვეუბნები, რომ მე ვარ ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივარი, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს და ეცინებათ. ჩემთვის ბათუმის „დინამო“ პირველი გუნდია, რომლის ერთი რიგითი თამაში გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანია, ვიდრე მსოფლიო კლასის მატჩი. ზოგი კიდევ გახარებულია და კითხულობს, სად და როგორ შეიძლება ფანკლუბში გაწევრიანება“.

ფანკლუბის წევრობა ოფიციალურობას არ მოითხოვს: „უბრალოდ უნდა მოვიდეს ჩვენთან, გაგვიცნოს, იაროს ჩვენთან ერთად თამაშებზე და უქომაგოს საკუთარი ქალაქის გუნდს“  – განმარტავს გივი გაგუა. ის გარდა ფანკლუბის ხელმძღვანელობისა, ბათუმის „დინამოში“ გულშემატკივრის მეკავშირედ მუშაობს. გულშემატკივრის მეკავშირეს მეტოქის ქომაგების ფანსექტორზე განთავსება და თამაშის მერე გაცილება ევალება. ეს თანამდებობა, როგორც გივი გვეუბნება, ფეხბურთის ეროვნულმა ფედერაციამ „უეფას“ დავალებით შექმნა. რამდენ ხანს იარსებებს „შავი ზღვის მეკობრეები“? გივი გაგუა ამბობს, რომ მანამდე, სანამ იარსებებს ფეხბურთი და ფეხბურთის გულშემატკივარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: