სპორტი

მთამსვლელობა, როგორც თავისუფლება

05.12.2014 • 3299
მთამსვლელობა, როგორც თავისუფლება

ქეთი, ნინო და ნათია აჭარის ნაკრებთან ერთად მწვერვალ კაჭკარზე თურქეთში

– საიდან დაიწყო მთამსვლეობის გზა თქვენთვის?

ნინო დევაძე: მე თვითონ სპორტსმენი ვარ, მშვილდოსანი. სპორტით პატარაობიდან ვარ დაინტერესებული, მქონდა შესაძლებლობა და გადავწყვიტე გამომეყენებინა. პირველად მერიის პროგრამით მოვხვდი ამ სფეროში, რომელიც ახალგაზრდებისთვის ერთკვირიან სამთო ბანაკების მოწყობას ითვალისწინებდა. ყაზბეგში ვიყავით წასული. რახან პირველად ვიყავით ბანაკში, ვერ გავბედეთ ასვლა მწვერვალზე. შარშან, მეგობრებთან ერთად რაჭაში წავედით, დოლომისზე ბოლომდე ვერ ავედით, ნისლმა შეგვიშალა ხელი. წელს ისევ ყაზბეგში ვიყავით, მწვერვალ შინოზე, 4100 მეტრზე. ასევე აჭარის ნაკრები თურქეთში ვიყავით მწვერვალ კაჭკარზე, 4000 მეტრზე.

– რა სირთულეები ახლავს მთამსვლელობას?

ნათია ლაბაძე: ბანაკში ინსტრუქორი წინასწარ გვამზადებდა ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც, თუ როგორ უნდა გავართვათ თავი სიძნელეს და ავიდეთ მწვერვალზე. ყოფილა შემთხვევები, როცა სიმაღლისგან მთამსვლელს თავბრუსხვევა დაწყებია, ჰალუცინაციები. მინერვიულია, ვაითუ მეც შემეშინდეს-მეთქი, მაგრამ ვვარჯიშობდი 30 მეტრიან კლდეზე ასვლა-ჩამოსვლაში და ეს შიში გადავლახე.

გიორგი მასწავლებელი ამბობს, მთაში რომ მიდიხარ ხეობით, ორ მთას შორის ძალიან ვიწრო არეალია და ვერ ხედავ ღრუბელი საიდან როგორ მოდის. უცებ, ერთ საათში ისე შეიძლება გადაიფაროს ღრუბელი და ნისლიც მოვიდეს, ვერსად წახვიდეო. დოლომისზე რომ ვიყავი წასული, მთელი ღამე ვარსკვლავებით იყო ცა მოჭედილი, 6 საათზე უნდა წავსულიყავით, მაგრამ გაწვიმდა. გული დაგვწყდა, აქ ამოსულები მწვერვალზე ნუთუ ვერ უნდა ავიდეთო. ვაცალეთ ორი საათი, გამოიდარა და ისე გავაგრძელეთ გზა.

– რით არის განსაკუთრებული მთამსვლელობა?

ნათია ლაბაძე: ყაზბებში ორი დღე ვიარეთ და ავედით მწვერვალზე. აგვისტო იყო, მაგრამ მწვერვალზე თოვლი იდო და ციოდა. დედაჩემს მწვერვალიდან დავურეკე აგვისტოში თოვლია და ვგუნდაობ-მეთქი. შინა იყო კლდოვანი და ნაშალი, დოლომისი კი ბალახოვანი, სადაც ჩემზე მაღალი ბალახი იყო. ბუნება იყო არაჩვეულებრივი. ისეთი ყვავილები ჯერ არ მინახია ცხოვრებაში და ვერც ნახავს ადამიანი იქ თუ არ ააღწია. დიდი ადრენალინია, ერთზე რომ ახვალ, უკვე გინდა მეორე, მესამე, მეოთხე… ფეხებიც არ ჩერდება. დაღლას მაშინ გრძნობ, როცა მწვერვალზე ახვალ. ღრუბლებზე მაღლა რომ ხარ, ეს არის ყველაზე ძლიერი ემოცია. მთაში ვხვდებით, რომ ნაგავი არ უნდა გადავყაროთ ისეთ ადგილას, სადაც არ არის ნაგვის ურნა. მწვერვალზე როცა მიდიხარ, რაც არ უნდა ჭამო, ყველაფერს ჯიბეში აგროვებ.

ქეთი ლორთქიფანიძე: მეც თავიდან მეგონა, რომ ავალ და მეტი არაფერი იქნება. მაგრამ ის დაღლა მწვერვალზე ასვლის მომენტი… ყველაფერი რომ ჩანს, თავი თავისუფალი გგონია, სიტყვებით ვერ გადმოსცემ იმ გრძნობას, რაც მწვერვალზე ასვლის დროს გიჩნდება. გარდა ამისა, მთამსვლელობით ეჩვევი დამოუკიდებელ ცხოვრებას.

– მცოცავი ქვების დროს, როცა მეტია წინააღმდეგობა, როგორ იქცევით?

ქეთი ლორთქიფანიძე: პირველი ყოველთვის მიდის ინსტრუქტორი. ბატონი გიორგი და თვითონ გვეუბნება, სადაც მე დავადგამ ფეხს, იქ დაადგით თქვენცო და ჩვენც მივყვებით უკან. ვიღაცამ ფეხი არასწორად რომ დაადგას, შეიძლება ქვა ჩამოვარდეს, ქვევით კი ხალხი მიდის. ამიტომ ძალიან ფრთხილად მივდივართ. ზოგადად, მთაზე როცა მიდიხარ, სიარულის დროს ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან ლაპარაკი გღლის. ამიტომ მივდივართ ჩუმად. მთავარია, გუნდს არ ჩამორჩე, თორემ ძალიან რთულია მერე. იქ ყველაფერი გათვლილია, 50 წუთს დავდივართ, 10 წუთი ვისვენებთ.

– რას ფიქრობთ, რამდენად თანაბარია ასეთ პირობებში მამაკაცისა და ქალის ძალა?

ნინო დევაძე: თანაბარია ძალები. თუმცა ბიჭებს უფრო მეტი ტვირთი დააქვთ, კარვები ბიჭებს მოაქვთ. სხვა დანარჩენ ტვირთს თანაბრად ვინაწილებთ. მთაში ყველანი თანასწორი ვართ.

– გასულ წელს აჭარის ჩემპიონატში მონაწილეობდით, იყავით ხულოში ერთ-ერთ მთაზე. წელს ზამთარში გექნებათ ვარჯიშები?

ქეთი ლორთქიფანიძე: ხშირად ვვარჯიშობთ კლდეზე ცოცვაში, შაბათ-კვირაობით კვარიათში. ზაფხული უფრო მეტად დატვირთულია ვარჯიშით, ვიდრე ზამთარი. რადგან ბათუმში ხშირად წვიმს. წელსაც იგეგმება ხულოში ასვლა.

– აღჭურვილობას თქვენ თვითონ იძენთ?

ქეთი ლორთქიფანიძე: ბატონი გიორგი გვაწვდის. კარვები, საძილე ტომრები, ჩანთები, წერაყინები, თოკები – ეს ყველაფერი გუნდისაა. ქურთუკებს, ფეხსაცმელს ჩვენ თვითონ ვიძენთ.
ნათია ლაბაძე: ძვირი ღირს სპეციალური ტანსაცმემლი. სამთო ფეხსაცმელი, სპეციალური ქურთუკი, რომელიც წვიმას და ქარს არ ატარებს. ბათუმში ჯერ არ მინახავს მაღაზია, სადაც შევძლებთ აღჭურვილობის შეძენას.

– მთამსვლელობას როგორ ხვდება ოჯახი?

ნინო დევაძე: მიჩვეულები არიან, რომ მე სახლიდან გავდივარ, ხან სადა ვარ, ხან სად. რა თქმა უნდა, საშიშია მწვერვალზე ასვლა, კლდეზე ცოცვა, მაგრამ არ უთქვამთ, რომ საშიშია. იციან მაინც ავალ მწვერვალზე და იქიდან დავურეკავ.

– რა უნდა გაკეთდეს ისეთი, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად დაინტერესდნენ მთამსვლელობით?

ქეთი ლორთქიფანიძე: ჩემს მეგობრებს ვუყვები ხშირად ჩვენს მთამსვლელ გუნდზე. ვცდილობ დავაინტერესო, ვუხსნი რა პირობებია და რა დატვირთვა გვაქვს, რომ 12 საათი დავდივართ, მათ უკვირთ, 12 საათი? შენ, გოგომ? ჰო, გოგო, რაა მერე. თავიდან ეხალისებათ, მაგრამ ბოლოს ამბობენ, ეს არ არის ჩემი საქმე. ვფიქრობ, პირველ რიგში, სახელმწიფოსგან უნდა წამოვიდეს ამ სფეროსადმი დიდი დაინტერესება. ბევრმა არც კი იცის, რომ არის მთამსვლელთა კლუბი აჭარაში, ან სამთო ბანაკი, რომელში მოსახვედრადაც შეუძლია გაიაროს გასაუბრება. თბილისში უფრო განვითარებულია მთამსვლელობა, ვიდრე ბათუმში. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მთაზე გასვლას აწყობენ. კარგი იქნება, თუ ჩვენც წელიწადში მხოლოდ ერთხელ არ წავალთ მთაზე და წავალთ რამდენჯერმე.

გადაბეჭდვის წესი