სპორტი

ევროპის ჩემპიონი „ნონა“ – შვიდივე მოგებული ტური

01.10.2014 • 1659
ევროპის ჩემპიონი „ნონა“ – შვიდივე მოგებული ტური


გიორგი ჭანტურია
გიორგი ჭანტურია

გიორგი ჭანტურია, ბათუმის საჭადრაკო კლუბ ნონასდირექტორი: ჩემპიონატი ესპანეთში ქალაქ ბილბაოში ჩატარდა. მასში 30 ქვეყნიდან 350 მოჭადრაკე მონაწილეობდა, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების გუნდები. საქართველოდან მხოლოდ ქალების გუნდი მონაწილეობდა.

 

 

ევროპის დასრულების შემდეგ გოგოები ხუმრობდნენ, ახლა ხომ არ ვითამაშოთ ამ ნაკრებით მსოფლიოზეო. გამარჯვება მთლიანი გუნდის შეკრულობამ მოგვიტანა. მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ჩვენი გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ ბათუმის მერიის დახმარებით ძლიერი გუნდი შევქმენით. არ გვქონდა დიდი ბიუჯეტი, მაგრამ რაც გვქონდა, გათვლილი იყო სწორად. დავაფინანსეთ თვითმფრინავით მგზავრობა, კარგი სასტუმრო, კარგი კვება. გუნდში იყო კარგი დამოკიდებულება და ისეთი სულისკვეთება, რომ უნდა მოგვეგო. მართალია, ვერ ვიტყვი, რომ მოსაგებად ჩავედით რადგან „ნონა“ ამ ტურნირზე დებიუტანტი იყო და მსოფლიოს უძლიერეს მოთამაშეებთან უნდა გვეთამაშა. ვფიქრობდით, სამეულში თუ მოვხვდით, ფანტასტიკური შედეგი გვექნებაო, მაგრამ პირველ ტურში როცა მონაკოს მოვუგეთ, ჩემპიონობის იმედი მოგვეცა. მონაკო არის პატარა სახელმწიფო ევროპაში. მის პრინცს ძალიან უყვარს ჭადრაკი და მონაკოს ნაკრები მსოფლიო ლიდერია ყოველთვის. მეორე ტურში ჩვენი დონის გერმანია დავამარცხეთ და უკვე რწმენა გაგვიჩნდა, მესამე ტურში ისრაელის ნაკრებს ვძლიეთ, მეოთხეში და მეხუთეში – რუსეთის კლუბებს, მეექვსეში ისრაელის კიდევ ერთი გუნდი დავამარცხეთ და ბოლოს რუსეთის 2014 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ კლუბს მოვუგეთ.

 

 

პირველ ტურში ნანა ძაგნიძემ ითამაშა ფანტასტიკურად –  უგებდა, მაგრამ შეუძლოდ იყო და მაინც ყაიმი გააკეთა ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონთან ჩინელ ჰოი იფანთან. მეორე ტურში ნანა კვლავ ცუდად გახდა და ვათამაშეთ მირანდა. რომელმაც გუნდს   ოქროს ქულა მოიტანა.

 

 

მესამედაც ნანას ნაცვლად ისევ მირანდა ვათამაშეთ, მირანდამ აქაც იმარჯვა. მეხუთე ტურში ბელა ხოტენაშვილმა გააკეთა სასწაული. ფაქტობრივად, მატჩს ვერ ვიგებდით, მაგრამ ბელამ მოახერხა და მოიგო ეს თამაში. მერე კი ყველაფერი კარგად წავიდა. სიჩქარეს რომ აკრებ, ძნელია გაჩერება. ნინო ბაციაშვილმა ფანტასტიკური შედეგი დადო მეოთხე ტურში. თითოეულმა მონაწილემ გუნდს საჭირო მომენტში ოქროს გამარჯვება მოუტანა. „ნონას~ მოთამაშეებმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახეს – მერე რა, რომ ის ძლიერია. თუ თამაშობ, იგებ.

 

 

ევროპის საკლუბო ჩემპიონატში გუნდი ხუთი წევრის შემადგენლობით მიდის, აქედან ოთხი თამაშობს და ერთი არის სარეზერვო. ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია, ბელა ხოტენაშვილი და ნანა ძაგნიძე ძირითად შემადგენლობაში გამოდიოდნენ. მირანდა მიქაძე შემცვლელად გვყავდა. ის მე ჩავსვი ნაკრებში, რადგან მისი იმედი მქონდა. შემეძლო უცხოელი ჩამომეყვანა, მაგალითად, უკრაინელი მოჭადრაკე ევროპის ყოფილი ჩემპიონი დ ვიცე-ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა. როცა უცხოელი თამაშობს კლუბში, გარდა იმისა, რომ მას ხელფასს უხდი, პლუს 1000 ევროს ჯარიმას იხდი „ფიდეში“. ჩვენ გვქონდა იმის თანხა, რომ უცხოელი მოგვეყვანა, მაგრამ მინდოდა ეთამაშათ ბათუმის ძლიერ მოჭადრაკეებს, კლუბი მთლიანად ყოფილიყო ეროვნული შემადგენლობით და სუფთა ქართული გუნდით მოგვეგო. მირანდა ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია ასაკობრივში, მაგრამ დედა გახდა, ორი წელი ჭადრაკს ჩამოშორდა და სრულ ფორმაში ვერ იყო. ძალიან გამიხარდა, რომ გაამართლა. მიმაჩნია, რომ მირანდა მიქაძე ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკეა. ვითამაშეთ კარგად, ღმერთიც ჩვენ მხარეს იყო და იღბალიც.

 

 

მოულოდნელი იყო ასეთი შედეგი?

 

 

მოულოდნელი იყო ის, რომ მოვიგეთ ყველა ტური – შვიდიდან შვიდივე. არ არსებობს ასეთი შედეგი. ჯერ არ ახსოვს ისტორიას რომელიმე ქვეყანას გუნდურში ეს გაეკეთებინოს. მონტე-კარლო ხუთი წელია იგებს, მაგრამ მასაც არ ჰქონია ასეთი შემთხვევა, რომ ყველა ტური მოეგო. ჩვენ ფანტასტიკური რამ გავაკეთეთ და მონტე-კარლოს ოთხი ქულით გავუსწარით.

 

 

წინა ტურში უკვე ჩემპიონები ვიყავით; შეგვეძლო ბოლო ტურში არ მოვსულიყავით, მაინც მოგებული ვიქნებოდით, მაგრამ ბოლო ტურში ვხვდებოდით რუსეთის ძირითად ნაკრებს. როგორც კლუბის ხელმძღვანელმა, მოვიხმე მთავარი მწვრთნელი, მოთამაშეები და ვკითხე, რას ვშვრებით ხვალ, როცა დღეს ისედაც გვაქვს ჩემპიონობა განაღდებული-მეთქი. მე ვთქვი – ხვალ ვთამაშობთ! ჩათვალეთ, რომ ვთამაშობთ პირველ პარტიას და ეს არის ჩვენი მთავარი კონკურენტი, რომელსაც უნდა მოვუგოთ… მეორე დღეს გოგოებმა მოიგეს კიდეც.

 

 

სალომე მელია
სალომე მელია

სალომე მელია: „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველი და ბოლო ტური, რადგან პირველ ტურში უძლიერეს გუნდს ვეთამაშებოდით, ბოლო ტურში კი – რუსეთს. ჩემთვის, როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრისთვის, ეს პრესტიჟის მატჩი იყო. ჩემი პარტია მოვიგე, გავიმარჯვეთ და შევასრულეთ ყველა მისია, რაც კი შეიძლებოდა ამ ტურნირზე ჩვენ გვქონოდა.“

 

 

ნინო ბაციაშვილი
ნინო ბაციაშვილი

ნინო ბაციაშვილი: „მთელი ცხოვრევა გვაქვს ამაში ჩადებული, წლები ვმეცადინეობთ, წლებია ვმუშაობთ და ბოლოს მოვიდა წარმატება. პირველად ვითამაშეთ საკლუბო ჩემპიონატი, ამიტომ მესამე ადგილს ველოდით, თუმცა მონტე-კარლოსთან გამარჯვების შემდეგ განვეწყვეთ პირველობისთვის.“

 

 

მირანდა მიქაძე
მირანდა მიქაძე

მირანდა მიქაძე: გუნდში ბრწყინვალე გარემო იყო, ყველა ერთ მუშტად ვიყავით შეკრული, რაც უმნიშვნელოვანესი მომენტია გუნდური შეჯიბრების დროს. ეს იყო გუნდის კაპიტნის – მარიკა ჯაფარიძისა და კლუბის  დირექტორის  გიორგი ჭანტურიას დამსახურება. ტურნირის წინ ბათუმის მერიის დახმარებით მოგვიწყვეს შეკრება, მაქსიმალურად ხელს გვიწყობდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის სადიდებლად წარმატებით გვეასპარეზა.

 

 

მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია კლუბმა გააგრძელოს არსებობა, შეიქმნას ბავშვთა გუნდებიც, რომ საბოლოოდ არ ჩაკვდეს ჭადრაკი აჭარაში და ჩვენ შემდეგაც გააგრძელონ ბათუმელმა მოჭადრაკეებმა გამარჯვებების მოპოვება. სამწუხაროდ კარგი საქმის გამკეთებლებს ყოველთვის გამოუჩნდებიან ხოლმე მოწინააღმდეგეები…

 

 

როგორი იყო შენი სპორტული გზა გამარჯვებებამდე?

 

შვიდი წლიდან ჭადრაკს ვთამაშობ, დიდი შრომა მაქვს ჩადებული. მახსოვს, 13-16 წლის ასაკში დილის ექვს საათზე ვიწყებდი ფიზიკურ ვარჯიშს, 11 საათზე ჭადრაკის მასწავლებელთან ვიყავი და ღამის 10 საათამდე ვმეცადინეობდი. ისე გავიზარდე, რომ დაბადების დღე არ გადამიხდია, დანაშაულის გრძნობა მქონდა საკუთარ თავთან, რომ იმ დღეს გამიცდებოდა მეცადინეობა. სპორტი ეგოისტია, ყველაფერი უნდა მისცე, თუ გინდა წლების შემდეგ რაღაც შედეგი მიიღო.

 

 

სამწუხაროდ მაშინ ცუდი პერიოდი მქონდა ხელშეწყობის მხრივ, მომზადების საშუალება არ იყო, მქონდა შედეგები და მაინც არაფერში ჩანდა. სახელმწიფოს რაც ჰქონდა დაწესებული, ისიც კი არ მოდიოდა ჩვენამდე. იყო შემთხვევა, როცა ტურნირზე წასვლის წინ ღამით გვატყობინებდნენ, რომ შეჯიბრზე ვეღარ მივდიოდით… დიდი ნერვიულობა გვაქვს გადატანილი. თუმცა ყველაფერი უკან დარჩა, ახლა ევროპის ჩემპიონები ვართ და ძალიან ბედნიერი ვარ!

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: