სპორტი

მომთაბარე ხელბურთელები

23.04.2013 • 1625
მომთაბარე ხელბურთელები

მერაბ ჭანტურია: 2010 წლამდე ბავშვთა ლიგაში გამოვდიოდით, სადაც 1990-1992 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობდნენ. შემდეგ კი, როდესაც ბიჭები წამოიზარდნენ, საქართველოს ეროვნულმა ფედერაციამ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის ნება დაგვრთო. პირველივე წელს მესამე საპრიზო ადგილი ავიღეთ და ეს ბევრისთვის მოულოდნელი იყო. იმავე წელს, შანსი გვქონდა, როგორც საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს, ევროტურნირზემ იგვეღო მონაწილეობა, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ გავემგზავრეთ. ამან კი ერთ-ერთ ჩვენს სპორტსმენზე უარყოფითად იმოქმედა და გუნდი დატოვა, ასე ვთქვათ, პერსპექტივა ვერ დაინახა, თუმცა ჩვენ არ დაგვიყრია ფარ-ხმალი. მომდევნო, 2011 წელს საპრიზო ადგილი ვერ დავიკავეთ და მეოთხე ადგილზე გავედით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ჩემპიონატი ასე ვთქვათ, ღიაა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ქვეყნის მსურველ გუნდს შეუძლია. იმ წელს „ნეფთჩი“ დაგვემატა აზერბაიჯანიდან. ეს ერთადერთი წელი იყო, როდესაც სამეულში ვერ მოვხვდით. 2012 წელს მეორე ადგილზე გავედით და წლევანდელ პირველობასაც ისეთი პირი უჩანს, რომ ჩემპიონატს მეორე ადგილზე დავასრულებთ.

 

 

რატომ მეორე და არა პირველი?

 

 

– პირველ ადგილზე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდია, რომელიც სტუდენტთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან. ძლიერი გუნდია. თან ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩემპიონატში საქართველოს ფაქტობრივად სამი ნაკრები ასპარეზობს. პირველი „გპი“, „იმედი“ და „მერანი“. და ასეთ კონკურენტებს შორის ვერცხლის მედლის მოგება ცუდი შედეგი არ უნდა იყოს.

 

 

ვერცხლის მედლისა და ევროსაგზურის

 

 

– ევროსაგზურის რა მოგახსენო?! თუ ადრე მესამეადგილოსანსაც ჰქონდა შანსი ევროტურნირებზე გასულიყო, წელს ვითარება შეიცვალა, მხოლოდ ჩემპიონი გადის, ასე ვთქვათ ჩემპიონთა ლიგაზე.

 

 

ხელბურთის ევროპულმა ორგანიზაციამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება?

 

 

– არა. საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ. ყველაფერი კი ფინანსებთან ასოცირდება. არადა სწორედ წელს გვყავს ისეთი გუნდი, რომელიც ღირსეულად წარსდგებოდა ევროტურნირებზე. მართალია, ნაკლებად მჯერა, მაგრამ შესაძლოა შეიცვალოს ვითარება და ევროპულ ტურნირებზე ასპარეზობის უფლება დაგვრთონ.

 

 

სწორედ წელს გვყავს კარგი გუნდიოისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს მომავალ წელს ცვლილებებს ელით შემადგენლობაში

 

 

– ჩვენი ხელბურთელი, გიორგი ქავთარაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატია, მეორე, რეზო ჭანტურია, ჩემი შვილი, რომელიც ჩვენს გუნდში თამაშობს, ნაკრებში მიიწვიეს, მაგრამ, სწავლის გამო უარი თქვა. მისის ნებაა, ვერ დავუშლი. რაც შეეხება მომავალ წელს, ასაკობრივი სირთულეების წინაშე დავდგებით ალბათ. სწორედ ასაკის გამო ბევრი ხელბურთელი დატოვებს გუნდს. თუმცა, კარგი თაობა მოდის და იმედია, ამ დანაკლისს მალევე ავინაზღაურებთ.

 

 

პირობებზე მინდა გკითხოთ

 

 

– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტია გიორგი კირთაძე, მან საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა აჭარაში ხელბურთის განვითარებისთვის, რისთვისაც გუნდის სახელით მადლობას მოვახსენებ. დღესდღეობით ქალაქ ბათუმის მერიის დაფინანსებაზე ვართ. მარტივად რომ გითხრათ, ფორმებით, ინვენტარით, შეჯიბრებეზე გამგზავრებით, სასტუმროს ხარჯებით და კვებისთვის აუცილებელი თანხით სწორედ მერია გვაფინანსებს და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. კმაყოფილები ვართ. შეძლებისდაგვარად ბიჭებს პრემიალური თანხებიც ეძლევათ. ერთადერთი პრობლემა, რაც გვაქვს დიდი ხანია, დარბაზის უქონლობაა. ხან უნივერსიტეტის დარბაზში ვვარჯიშობთ, ხან ბულვარში ღია მოედანზე, ხანაც ბონის სპორტდარბაზში. მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით.

 

 

გამოსავალი არ ჩანს?

 

 

– გადატანილი ყინულის სასახლის გვერდით აიგო მსგავსი ნაგებობა და ჩემი ინფორმაციით, სწორედ იქ განთავსდება დარბაზი სპორტული თამაშებისთვის და ჩვენც სავარაუდოდ, იქ დავიდებთ ბინას.

 

 

რეალური პერსპექტივა

 

 

– პერსპექტივა ისააა, რომ ამ სახეობას მოვლა უნდა, თორემ ნიჭი და მონდომება არ გვაკლია. რატომ აქვს „გპი“-ს ასეთი კარგი შედეგები?! – იმიტომ რომ მათ ხელბურთელებს სოლიდურ ხელფასს უხდიან, საკუთარი დარბაზიც აქვთ…

 

 

დარბაზს რაც შეეხება, ჯერჯერობით დაპირებების იმედად ხართ?

 

 

– დიახ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად აშენდება. 2017 წელს ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში საქართველოში გაიმართება, ეს უკვე გადაწყვეტილია. სავარაუდოდ, სამი ჯგუფი იქნება, ერთი თბილისში ითამაშებს, ერთი ქუთაისში და ერთიც ბათუმში.

 

 

ევროპის ჩემპიონატი საქართველოში?

 

 

– დიახ, რატომ გიკვირთ?! 2015 წელს თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიადა ტარდება და რატომ არ შეიძლება ხელბურთში ევროპის ჩემპიონატსაც ვუმასპინძლოთ?!

 

 

კარგით, ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე სანაკრებოდ გყავთ გუნდში ვინმე?

 

 

– რა თქმა უნდა, როინ ბაინაზიშვილი, რომელიც დღესდღეობით საუცხოო ფორმაშია, ნაკრების კანდიდატია და დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიადაზე აუცილებლად ვიხილავ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: