სპორტი

„პირველი გამარჯვება დღესაც მახსოვს“

12.02.2013
„პირველი გამარჯვება დღესაც მახსოვს“


ზურა
კინწურაშვილი: ვარჯიში მე თვითონ მინდოდა. ექვსი წლის ვიყავი, მშობლებს რომ ვუთხარი აკაკისთან (აკაკი ცენტერაძე, ზურას მწვრთნელი) მიმიყვანეთ-მეთქი, უარი არ უთქვამთ, თან აკაკი მასწავლებელი ჩემი ბიძაცაა. ვარჯიში დავიწყე და იმავე წელს საქართველოს ჩემპიონატზე წამიყვანა. სამი ბრძოლა ჩავატარე და ჩემპიონი გავხდი. ფინალში თბილისელს შევხვდი, ცოტა კი გამიჭირდა, მაგრამ არ ვნერვიულობდი და საბოლოოდ მოვიგე. პირველმა გამარჯვებამ ძალიან გამახარა, დღესაც მახსოვს.

 

 

შენი ასაკის ბიჭები კარატეზე იმიტომ დადიან, რომ ჩხუბი ისწავლონ და მერე ქუჩაში გამოიყენონ

 

 

– არა, მე ქუჩაში არ ვჩხუბობ. ჩვენ მასწავლებელმა გვითხრა, რომ იმას, რასაც დარბაზში გასწავლით, მხოლოდ შეჯიბრებაზე გამოიყენოთო, ან ქუჩაში რატომ უნდა ვიჩხუბო?!

 

 

პირველ შენს ტურნირს მეც ვესწრებოდი, მაშინ შიში არ გეტყობოდა. ახლა ხომ არ გეშინია?

 

 

– არა, შიშით არ მეშინია, უბრალოდ უფრო ფრთხილი გავხდი. ადრე თუ პირდაპირ შეტევაზე გადავდიოდი, ახლა მომენტს ვარჩევ, რომ მეტოქე გაიხსნას და მერე შევუტიო.

 

 

ყოველდღე ვარჯიშობ?

 

 

– კი, ყოველდღე, დღეში დაახლოებით ორ საათს. აბა, თუ არ ივარჯიშე, ისე წარმატებას ვერ მიაღწევ.

 

 

აკაკი როგორი მასწავლებელია?

 

 

– დარბაზში მკაცრია, მაგრამ ვიცით, იმიტომ გვავარჯიშებს, რომ კარგად ვიჩხუბოთ და ბევრი მედალი მოვიგოთ.

 

 

ყველაზე მეტად სპორტში რა მოგწონს?

 

 

– წარმატება. თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო, ბევრი უნდა იშრომო, მაგრამ მედლის მოგება ძალიან კარგია და ამისთვის თავი არ უნდა დაზოგო.

 

 

ზურა, შენს ტოლებს თუ ეუბნები, რომ თქვენთან ივარჯიშონ?

 

 

– კი, მასტერ-კლასში ვსწავლობ, მეხუთე კლასში ვარ, ყველას ვუთხარი ივარჯიშეთ- მეთქი, მაგრამ არ მოდიან.

 

 

ყველა სპორტსმენს აქვს ოცნება, შენ რაზე ოცნებობ?

 

 

– მსოფლიო ჩემპიონი მინდა გავხდე. ვიცი ძნელი იქნება, მაგრამ თუ კარგად მოვინდომებ, მაშინ შევძლებ. მინდა ბოლომდე გავყვე სპორტს.

 

 

სახლშიც ვარჯიშობ?

 

 

– კი, ცოტას, ძირითადად დარბაზში ვვარჯიშობთ.

 

 

მისაბაძი სპორტსმენი გყავს?

 

 

– კი, ჩემი გუნდელი კახელო (კახა მახარაძე _ ი.დ.). ძალიან კარგად ჩხუბობს, კარგი ტექნიკა აქვს.

 

აკაკი ცენტერაძე, ზურა კინწურაშვილის მწვრთნელი: ზურას ყველაზე მთავარი დადებითი თვისება ისაა, რომ მოსმენა შეუძლია, როგორც ვარჯიშზე, ასევე შეჯიბრზე, ბრძოლის დროს. დამეთანხმებით, მწვრთნელი გარედან უფრო ხედავს და როდესაც ვკარნახობ, თუ როგორ უნდა შეცვალოს დგომი და რომელი მხრიდან შეუტიოს, ყოველთვის ესმის და აკეთებს. თუმცა, თავადაც იღებს გადაწყვეტილებებს, რაც ამართლებს კიდეც. შემიძლია ვთქვა, რომ ბიჭი არა მარტო ჩხუბობს, არამედ ჩხუბის დროსაც ფიქრობს, ეს კი სპორტსმენისთვის, მით უმეტეს მებრძოლისთვის, აუცილებელი თვისებაა.

 

 

როგორც ვიცი, აპრილში ევროპის ჩემპიონატი ტარდება რუმინეთში კადეტთა შორის. პირველი ოფიციალური მედალი საქართველოს სწორედ შენმა მოსწავლემ, გუგა კუტუბიძემ მოუტანა. როგორ ფიქრობ, შეძლებს ზურა წარმატების გამეორებას?

 

 

– პირველ რიგში გეტყვით, რომ ევროპაზე გასვლამდე ჯერ საქართველოს ჩემპიონატი უნდა მოიგოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ზურა ამას მოახერხებს. შედეგის გამეორებას რაც შეეხება, ვერ დაგეთანხმებით. მაშინ ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ, ახლა კი ვიმედოვნებთ, რომ შედეგს გავაუმჯობესებთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: