მთავარი,სიახლეები • •

„თითქმის ყველა თავისუფალია“ – თურქული მედია ბათუმში დაკავებულ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებზე

27.11.2026
„თითქმის ყველა თავისუფალია“ – თურქული მედია ბათუმში დაკავებულ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებზე

თურქული გამოცემა haberler წერს, რომ წუხელ ბათუმში დაკავებული თითქმის ყველა გულშემატკივარი თავისუფალია.

„თურქეთის ინიციატივებმა შედეგი გამოიღო – საქართველოში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების შემდეგ, დაკავებული თურქეთის მოქალაქეების გასათავისუფლებლად დიპლომატიური ინიციატივები იქნა გამოყენებული – თბილისში თურქეთის საელჩოს ინიციატივის შედეგად, დაკავებული თურქეთის მოქალაქეები, თითქმის ყველა გათავისუფლებულია.

ინციდენტების შემდეგ საავადმყოფოში მოხვედრილ თურქეთის 2 მოქალაქე ბათუმში გენერალური საკონსულოს თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ გაწერეს კლინიკიდან“.

კიდევ ერთი გამოცემის, turkiyegazetesi-ის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილს შორის სატელეფონო საუბრის დროს ცნობილი გახდა, რომ დაკავებული თურქეთის მოქალაქეების თითქმის ყველა გათავისუფლდა, ხოლო საავადმყოფოში მყოფი ორი პირი გაწერეს“.

ასევე სხვადასხვა თურქული მედიის თანახმად, „თურქეთის ხელისუფლება არა მხოლოდ დაკავებულების გათავისუფლებას, არამედ მომხდარის გამოძიებასა და ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირების დასჯასაც მოითხოვს.

თურქული მედიის გაშუქებაში მთავარი აქცენტი კეთდება პოლიციის მიერ გულშემატკივრების წინააღმდეგ, მათი შეფასებით, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე და პალესტინის დროშის გაშლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს პრესცენტრს იმის გადასამოწმებლად, რამდენად ზუსტია თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები თურქი მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ. შს სამინისტროში კომენტარზე უარს აცხადებენ. „ვერაფერს გეტყვით იმაზე მეტს, რაც გავავრცელეთ ოფიციალურად“ – აცხადებენ შსს-ში.

თურქული „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევა“ შეხვედრას ბათუმი არენაზე არეულობა მოჰყვა. თურქმა გულშემატკივრებმა დაამტვრიეს სკამები. პოლიციამ 16 პირი დააკავა გუშინ, რასაც თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უკმაყოფილო განცხადებები მოჰყვა.

გულშემატკივრების და პოლიციის დაპირისპირების შემდეგ, შსს-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც წერდა, რომ „გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად სამინისტროს 3 თანამშრომელი დაშავდა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: