მთავარი,სიახლეები

პოლიგონზე შესახლებული უსახლკარო ქალი: ვაპირებ ყვავილების ბიზნესს, შემოღობვაში დახმარება მჭირდება

19.08.2026
პოლიგონზე შესახლებული უსახლკარო ქალი: ვაპირებ ყვავილების ბიზნესს, შემოღობვაში დახმარება მჭირდება

„დღეს „პადონები“ მივიტანე ადგილზე, დამეხმარნენ… ახლა მინდა ეს ადგილი შემოვღობო – ყვავილების მოშენებას ვაპირებ და გაყიდვას, ჩემი ბიზნესი უნდა მქონდეს,“ – ამბობს მზია მეგრელიშვილი. უსახლკარო, მარტოხელა დედა, რომელიც 14 წლის შვილთან ერთად 10 აგვისტოს გონიოში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე შესახლდა ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში.

გონიოს გზატკეცილთან ახლოს, მინდორში მდებარე შენობის ირგვლივ მხოლოდ ეკალ-ბარდია. ამ ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობა არაბული ქალაქის გაშენებას აპირებს. შენობა, სადაც დედა-შვილი შესახლდა, სულ ერთი ოთახია, რომელსაც არ აქვს არც კარი და არც – ფანჯარა. შენობაში მცხოვრებ დედა-შვილს დენი და წყალი არ აქვს.

მზია მეგრელიშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე მას მთავრობიდან არავინ დაკავშირებია.

მზია მეგრელიშვილი

„ვაპირებ მივმართო მერიას, რომ შუქი და წყალი გამიკეთონ,“ – გვიყვება მზია მეგრელიშვილი. – „ამ დღეებში ჩემთან მოვიდა მხოლოდ ორი პიროვნება, მოქალაქეები და მომიტანეს საკვები პროდუქტები. მათ ვინაობის გამხელა არ ისურვეს…

ასევე რამდენიმე ადამიანმა ანგარიშზე ჩამირიცხა თანხა და სულ ესაა. ამ თანხით მინდა ყვავილების ნერგები გადმოვიტანო აქ. ბინა ახალშენში მქონდა ბოლოს ნაქირავები და მოშენებული მქონდა ყვავილები. ყვავილები იმ სახლის ეზოში მაქვს დატოვებული და უნდა გადმოვიტანო, მანქანა დამჭირდება. აქ მინდა შემოვღობო ეს ტერიტორია და ისევ ყვავილები გავაშენო. ამ შემოღობვაში იქნებ დამეხმაროს ვინმე.

კიდევ გორში ვესაუბრე ერთ-ერთი სათბურის მესაკუთრეს და მომაწვდის ბოსტნეულს. ნაწილს მაჩუქებს, ნაწილს – მომყიდის. ვაპირებ, რომ გზის პირას გავიტანო და გავყიდო ბოსტნეული.

ამ დღეეში მაღაზია „ნაზილბეში“ ვიყავი ასევე და მაჩუქეს „პადონები“ – ეს გამომადგება ახალი ოთახი რომ მივაშენო, ამ ოთახის მოწყობაშიც მჭირდება დახმარება, მხოლოდ „პადონები“ არ იქნება საკმარისი,“ – გვითხრა მზია მეგრელიშვილმა.

მზია მეგრელიშვილი წლების წინ თავშესაფარში ცხოვრობდა, შემდეგ ნაქირავებ ბინაში იყო შვილთან ერთად ხელვაჩაურში, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ქირის გადახდა ვეღარ შეძლო.

2025 წელს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გამოხატული პროტესტის შემდეგ, წინასაარჩევნოდ მზია მეგრელიშვილი ხელვაჩაურის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლიორად დაასაქმა, თუმცა არჩევნების შემდეგ, იგი გაათავისუფლეს.

მზია მეგრელიშვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

2026 წლის 20 აპრილს, მას შემდეგ, რაც მზია მეგრელიშვილი კიდევ ერთხელ მივიდა აჭარის მთავრობასთან, აჭარის მთავრობის პრესცენტრში ჟურნალისტებს გვითხრეს, რომ „მზია მეგრელიშვილს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2023-2026 წლებში, ანუ სამ წელიწადში ჯამურად მიღებული აქვს 13 800 ლარი. ამ დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი მარტო 1 თვეში 13 600 ლარია.

___

ამ თემაზე:

„ეს არის უზნეო განცხადება“ – ინტერვიუ უსახლკარო ქალის მიმართ აჭარის მთავრობის პასუხზე

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: