მთავარი,სიახლეები

„ერთხელ მეც დავიკარგე ნისლში“ – ამბები გომის მთის იალაღებიდან ფეხით მომავალი მგზავრისთვის

29.08.2022 • 1434
„ერთხელ მეც დავიკარგე ნისლში“ – ამბები გომის მთის იალაღებიდან ფეხით მომავალი მგზავრისთვის

„ნისლი ყველაზე მეტად უხდება აქაურობას. აბა, გახედეთ, როგორ მოეფინა მიწას ნისლი და რა უცებ გაქრება, ჩვენ კიდევ ღრუბლების ზემოთ ვართ,“ – 70 წლის იაილის აივნიდან მარწყვის ბაღებს გაბადრული სახით გადახედა დავით ლომინაძემ და შესვენებისკენ მოგვიწოდა, ფეხით მიმავალს ჩვენ ამბებს დაგამგზავრებთო.

ამ დროს გომის მთაზე, სადაც ღრუბლებს ზემოთ, თენდებოდა.

დავით და ნათელა ლომინაძეები

თოვლი გომის მთის ფერდობზე, 2022 წლის აგვისტო

გომის მთის გზა [შუახევის მიმართულება]

გომის მთის შორეულ იალაღებზე, საიდანაც სამანქანო გზა მოდის შუახევისკენ და დღეჩაგდებით „ცხვირიანი ავტობუსით“ დადის, როგორც აქაურები ჰყვებიან, ფეხით მიმავალი მგზავრი იშვიათობაა და უკვირთ. ახლო წარსულში მთაზე ფეხით ადიოდა და უკან ბრუნდებოდა დამსვენებელი და მოიალაღეც, რომელსაც ზაფხულობით საქონელი ალპური ზონაში აჰყავს საბალახოდ და რძის პროდუქტებს აგროვებს. ბოლო წლებია მოიალაღეებს საქონელი მთაში სატვირთო ავტომანქანებით აჰყავთ.

გომის მთას მეორე საავტომობილო გზა ოზურგეთიდან აქვს, თუმცა აქ ახალი გზა კეთდება და გადაადგილება მხოლოდ შაბათ-კვირასაა შესაძლებელი, ისიც მაღალი გამავლობის მანქანით. გომის მთის ცენტრში ტურისტებისთვის გამოკრული აბრა კი იუწყება, რომ 2100 მეტრი სიმაღლიდან შეგიძლია ფეხითაც დაეშვა და ულამაზეს ლანდშაფტების ცქერით პირისპირ დატკბე. აბრაზევე წერია, რომ იქიდან შუახევის ყველაზე ახლო სოფლამდე – ხაბელაშვილებამდე 27,8 კილომეტრია და ამისთვის ფეხით დაახლოებით 10 საათი დაგჭირდებათ.

გზად კი, შეიძლება იმ იალაღებზეც შეიაროთ, რომელიც ყველაზე მაღალ მთებზეა შეფენილი  და სადაც პერიოდულად შემოჭრილი ნისლების ბურუსის ხმას მხოლოდ საქონლის ეჟვნების წკრიალი არღვევს. აქ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც გეტყვიან, რომ ნისლებს ამქვეყნად არაფერი სჯობს.

გომის მთის შორეული იალაღები

„ერთი კაცი 18 დღე იყო დაკარგული ნისლში,“ – გვიყვება დავით ლომინაძე, რომელსაც გომის მთის ნისლებში ადამიანების დაკარგვის შემთხვევების გახსენება ვთხოვეთ. – „წარმოიდგინეთ, 18 დღე ეძებეს ტყე-ღრეში და იპოვეს ბოლოს, ბალახებში იყო გაგორებული, მაგრამ ლაპარაკის თავი აღარ ჰქონდა, მხოლოდ ბალახის ჭამა შეძლო… მერე გვითხრა, მესმოდა ბოლო დღეს მამაჩემი რომ გეუბნებოდათ, დავიშალოთ ჯობია, დავბრუნდეთ სახლებში, დაიკარგა ჩემი შვილი და უნდა შევეგუო ამასო. მე ეს მეყურებოდა და ხმას ვერ ვიღებდი, არ მქონდა ამის ძალაო.

დათვიც მისულა ერთხელ, მასე გაგორებული ყოფილა ისევ ბალახებში, დამსუნა და წავიდა უკანო, უნარი არ მქონდა, ხელი და ფეხით გამექანებიაო.

მერე 4 წლის ბავშვი დაგვეკარგა ტყეში. ის დიდხანს ვეძებეთ და ვერსად ვიპოვეთ, თანაც სეტყვა წამოვიდა, სასტიკი ქარიშხალი იყო…“ – თხრობის დასრულება უჭირს დავით ლომინაძეს.

ნისლი გომის მთაზე

„საქონელს უნდა გამოჰყვე თურმე მაგ დროს, არ დაიკარგები,“ – დილის მზეს მიეფიცხა ნათელა ლომინაძეც. ნისლები ისე გაიფანტა, თითქოს რამდენიმე წუთის წინ არც კი ყოფილა.

„მართალია,“ – ცოლს დაეთანხმა დავითი და მისი ამბავიც გაიხსენა, როგორ დაიკარგა ნისლში: „გურიის მხარეს გადავედი და იქ დავიკარგე. რთული ისაა, რომ ვერ იჯერებ, დაკარგული რომ ხარ, იწყებ გზას და ჩერდები, მერე სხვა გზა გგონია მართალი, რამდენიმე საათი ვიყავი დაკარგული, ცხოვრებაც ასე არაა? მერე საქონელს გამოვყევი და მომიყვანა შინ მშვიდობით,“ – დაასრულა დავით ლომინაძემ.

„მარწყვის კომპოტი გაგვისინჯეთ, აქ დაკრეფილი მარწყვია,“ – ოთახიდან თბილი კომპოტით ხელში დაბრუნდა ისევ აივანზე ნათელა ლომინაძე.

ნათელა ლომინაძე

„მარწყვის ბაღსაც ვუვლი,“ – გამჭვირვალე ჭიქაში ათამაშებულ მარწყვებს ადევნებს თვალს ქალი და თან თავის ყოველდღიურობაზე გვიყვება: „დილის 7-ზე ფეხზე ვართ უკვე, ათასი საქმეა, საქონელი უნდა მოვაწესრიგო, ჩამოვწველო, მერე ყველი ამოვიყვანო, ყავის დალევის დროც არ გვრჩება ზოგჯერ.

მარწყვს ნაწილს ბარში ვაგზავნი, იქაც მოამზადონ კომპოტი. განსაკუთრებით მიყვარს მარწყვი, მარწყვს არაფერი მირჩევნია,“ – თავდაჯერებულობა ეტყობა ნათელას ხმაში.

„სიყვარულია ადამიანის უპირველესი გრძნობა, უსიყვარულოდ ადამიანის ცხოვრება მშვენიერი ვერ იქნება,“ – მზეს მიეფიცხა აივნის სკამზე ჩამომჯდარი დავით ლომინაძეც. – „16 წლის იყო, მე კი ჯარიდან ახალდაბრუნებული, სკოლიდან ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ არ უნდოდა ჩემზე დაქორწინება: მარტო ვიყავი, მშობლები არ მყავდა, შეეშინდა, მარტო რაფერ, რა უნდა ვქნათო, თორემ ისე კი მოვწონდი,“ – ხითხითებს დავით ლომინაძე.

„იმიტომაც მაჭანკლობიე დაგაჭირვებიე“, – იცინის ნათელა ლომინაძეც.

ნისლი გომის მთაზე

ლევან კილაძე მეუღლესთან ერთად

„ჩვენთან თუ არ შემოხვალთ და ყავას არ დალევთ, არ მიგასწავლით, სწორი გზით მიდიხართ თუ არა,“ – აივნიდან გვპასუხობს ლევან კილაძე. ისიც ზაფხულის სიცხეს ცოლთან ერთად მთაში გამოექცა.

„ფეხით ბევრჯერ ამოვსულვარ მთაში, ჩასვლაც არაა იოლი, დაღმართია და ფეხი გეღლება, დაძაბული ხარ, მაგრამ გზად ისეთი საცივი წყალია, იმის დალევა სხვანაირად გემრიელია, ფეხით როცა მიდიხარ… ჯვარიმინდორს რომ გასცდები, მერე სულ დაღმართია,“ – გვიხსნის ლევან კილაძე და მთისთვის ტრადიციული, ძველი სახლის პატარა სარკმლისკენ გვითითებს: ძლიერ წვიმს, შესაძლოა, სეტყვაც მოვიდესო და მერე ცოლის ნაქარგებით გაფორმებულ კედლებს გვათვალიერებინებს.

ლევან კილაძის სახლი

ამასობაში მზე გამოდის ისევ, მოიალაღეები საქონელს მიერეკებიან, ეჟვნების ხმას ადამიანების გადაძახილები ერევა: „ჩემი ნიკორაც გაიყოლეთ ბარემ“, „გადმოდი, მოცვის ჩაი გიმისინჯე ერთი“…

„ხარიათაღზე“, ანუ იქ, სადაც მოიალაღეები არიან, ხაზს უსვამენ გზის პრობლემას, სადაც მაღალი გამავლობის მანქანებით გადაადგილდებიან, ასევე ექიმს, რომელიც სასწრაფოდ გადაუდებელ შემთხვევაში კურორტზე არ ჰყავთ.

„პრობლემაა ის, რომ მერიის წარმომადგენელი აქ არავინ არის, არაა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, რამე რომ დაგჭირდეს, შუახევიდან უნდა ამოვიდეს სასწრაფო, რასაც 2 საათი მაინც დასჭირდება,“ – გვიყვება ნათელა ირემაძე, ისიც მოიალაღეა და დაახლოებით 2 თვე რჩება გომის მთაზე ოჯახთან ერთად.

შუახევის მერიაში დღის განმავლობაში ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია: რატომ ვერ გვარდება ეს პრობლემები დღემდე.

პრობლემები აქვთ გომის მთის საკურორტო ნაწილშიც, ანუ იქ, სადაც მხოლოდ დასასვენებლად ადიან. კურორტის ეს ნაწილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. აქ გამოწვევაა იგივეა, რაც ბათუმში – ჩაბეტონება. აქ თითქმის ყველა მიწის ნაკვეთი მონიშნულია და კოტეჯი კოტეჯზე შენდება.

გომის მთის ამ ნაწილში პრობლემაა ასევე სასმელი წყალი, რომელიც დღეში მხოლოდ ერთხელ – ნახევარი საათით, ან საერთოდ არ მოდის.

რა რეაგირებას ახდენს ოზურგეთის მერია უკანონო მშენებლობებზე? როდის დასრულდება კურორტისკენ ოზურგეთიდან მიმავალი საავტომობილო გზის მშენებლობა და როდის ექნება სასმელი წყალი გომის მთის დამსვენებელს? – კითხვებზე პასუხს ოზურგეთის მერიის პრესცენტრში დაგვპირდნენ, თუმცა ის ჯერ არ მიგვიღია.

„ჩვენც გადაგვიღეთ,“ – მეტყევეები აჩერებენ მანქანას ჯვარიმინდორთან

ბავშვები გომის მთიდან

გომის მთა, 2022 წლის აგვისტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: