თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა პროპაგანდისტულ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის“ წამყვანებს – ხატია ქვათაძეს და ლევან ჯავახიშვილს, ასევე „იმედის“ ჟურნალისტ მარიამ ქართველიშვილის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის.
„ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „ქრონიკის” სადავო გამოშვება ეთერში გავიდა 2026 წლის 16 თებერვალს, 20:00 საათზე. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ამ გადაცემაში მის, როგორც მოსამართლის მიმართ „ქრონიკის” წამყვანებმა და ჟურნალისტმა არაერთი არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს. განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი [სიზუსტე] და მე-5 [შესწორება] პრინციპების დარღვევაზე. ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები,“ – აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ დღეს, 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
- ვლადიმერ ხუჭუა ის ერთადერთი მოსამართლეა საქართველოში, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში.
- 2025 წლის ბოლო მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ უარი თქვა „ოცნების“ რეჟიმის პირობებში მიღებული რამდენიმე ახალი სამართლებრივი ნორმის გამოყენებაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება, რომელიც მიიჩნევს, რომ „ოცნების“ მმართველობის დროს შეცვლილი კანონი ანტიკონსტიტუციურია, საკონსტიტუციო სასამართლომ განხილვის გარეშე დატოვა.
„ცნობილი ფაქტია, რომ თვეების განმავლობაში, ჩემს მიმართ, უხეში ფორმებით მიმდინარეობს დანაშაულში თანამონაწილეობის ბრალდების, დისკრედიტაციის, ცილისწამების და შეურაცხყოფის ორგანიზებული კამპანია. ზემოაღნიშნულმა კამპანიამ უკვე მიიღო იმგვარი პერმანენტული ხასიათი, რომ ჩემგან საპასუხო რეაგირებისგან თავშეკავება, საზოგადოების მხრიდან, შესაძლოა აღქმულ იქნეს გულგრილობად ფუნდამენტური უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მიმართ.
გამოვთქვამ მზადყოფნას, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, პასუხი გავცე ჩემს პროფესიულ და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვას. მიმაჩნია, რომ სამოსამართლო ეთიკის სტანდარტების გათვალისწინებით, ჩემი მხრიდან, სამართლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე დუმილი დაუშვებელია. ვაცხადებ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოსამართლის ღირსების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს ვერ ექნება გავლენა ჩემს პროფესიულ საქმიანობაზე. ჩემი საქმიანობა ყოველთვის ეფუძნება კანონს, სამართალს და მართლმსაჯულების პრინციპებს,“ – აცხადებს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა.