მთავარი,სიახლეები

„რუსებს აძლევენ დავალებას – შეიპარონ, ჩაარჭონ დროშა და სურათი გადაიღონ“ – ინტერვიუ

06.02.2026 •
„რუსებს აძლევენ დავალებას – შეიპარონ, ჩაარჭონ დროშა და სურათი გადაიღონ“ – ინტერვიუ

„ძალიან გახშირდა ე.წ. დროშის ჩამრჭობების ვიზიტები რუსების მხრიდან. ეს არის რუსების 3-5 კაციანი ჯგუფი, რომელსაც აძლევენ დავალებას – რაღაცნაირად შეიპარონ კუპიანსკში ან კუპიანსკ-უზლოვაიას რომელიმე დასახლებულ პუნქტში, ჩაარჭონ დროშა, გადაიღონ სურათი da შემდეგ ეს მიაჩეჩონ პროპაგანდისტულ არხებს, რომ თითქოს ეს რაიონი ექვემდებარება რუსების კონტროლს…,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზს.

სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსები წინსვლას ვეღარ ახერხებენ, თუმცა პუტინს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება ისე არ სურს, რომ დამარცხებული გამოჩნდეს.

ამასობაში, სამხედრო დაპირისპირების საფრთხე იზრდება ირანში: „ქირურგიული დარტყმები განხორციელდეს უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე – ეს ერთი ვარიანტია, მეორე ვარიანტია დაიწყოს ფართომასშტაბიანი საჰაერო კამპანია, რომელიც ირანელებს თავის აწევის საშუალებას არ მისცემს. ამით შეიძლება აიძულონ შეიარაღებული ძალები, გადავიდნენ ხალხის მხარეს,“ – ვახტანგ კაპანაძე ირანში მოვლენების შესაძლო განვითარების რამდენიმე სცენარზეც გვესაუბრა.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ზამთრის ყინვაში რუსეთი ძირითადად ენერგოობიექტების განადგურებით ცდილობს იმას, რომ უკან დაახევინოს უკრაინას? წუხელ უკრაინელებმაც ჩააბნელეს რუსეთის ქალაქი ბელგოროდი. რა შეიძლება გამოუვიდეს ამ გზით რუსეთს?

არაფერიც არ გამოუვა. რუსეთი უბრალოდ დამატებით ამწარებს უკრაინელებს. მაგალითად, კიევში, დნიპროს რაიონში ისე ძლიერად დააზიანეს ენერგოსადგურები, რომ შეიძლება ორი თვე გათბობის გარეშე დარჩეს მოსახლეობა, მაგრამ ეს ვერ შეცვლის განწყობას უკრაინელების და არანაირად ამ ეტაპზე არ აისახება ომის მიმართ განწყობებზე.

ეს ჰუმანიტარული კატასტროფისკენ გადადგმული ნაბიჯებია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რუსეთი არის ტერორისტი ქვეყანა.

  • დნეპროპეტროვსკის ოლქზე 5-6 თებერვლის ღამეს, ანუ წუხელ, რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. რუსები ასევე გააქტიურდნენ ზაპოროჟიეს მიმართულებით. რა იცვლება კონკრეტულად ფრონტის ხაზზე?

მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბოლო მონაცემებით, მკვეთრად შემცირდა რუსების შეტევები ფრონტის მთელ ხაზზე, რაც დაკავშირებულია უპირველეს ყოვლისა „სტარლინკის“ გამოთიშვასთან.

როგორც მოგეხსენებათ, რუსები იყენებდნენ „სტარლინკს“. მათ კონტრაბანდულად, თუ რაღაც მაქინაციებით შეძენილი ანტენები გაუჩნდათ და იყენებდნენ ამ კავშირის საშუალებებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ფრონტისპირა რეგიონებში, სადაც „სტარლინკის“ მიერ იყო ტერიტორია გადაფარული.

მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა დააფიქსირეს დრონები „სტარლინკის“ ანტენებით და გაზრდილი სიზუსტე [სწორედ ასეთი დრონების შეტევებით იქნა აფეთქებული ავტობუსი, სადაც 16 მეშახტე მოკლეს], ასევე, კავშირის და მართვის ოპერატიულობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება რუსებში, „სტარლინკმა“ მოითხოვა უკრაინელებისგან ე.წ. თეთრი სიები, სადაც შეყვანილი იქნება უკრაინელების მიერ გამოყენებული ტერმინალები, თავისი ნომრებით, ხოლო რუსების ხელში მყოფი დაუფიქსირებელი „სტარლინკები“ კი, გამოირთვება. ის ობიექტი, რომელიც გარკვეული 75კმ/სთ-ი სიჩქარით დაფრინავს და ეს სიჩქარე აღემატება მისთვის ტექნიკურად განსაზღვრულ მონაცემებს, შეეზღუდება სიგნალის მიღება, ანუ ოპერატორი სურათს ვერ დაინახავს, ხოლო თუ სიჩქარე მიაღწევს 90 კმ/სთ-ს, ავტომატურად იქნება გამორთული — ჯერ ჩაახშობენ, ხოლო თუ სიჩქარე მოიმატებს, საერთოდ გამოირთვება.

მთავარ მიმართულებებად რჩება ისევ კუპიანსკი. რუსებმა კუპიანსკში ჩარჩენილ რუსულ ძალებს საერთოდ მიანებეს თავი, მგონი. ძირითადი ძალისხმევა მიმართულია კუპიანსკი – უზლავოისკენ. ეს არის კუპიანსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულება, ქალაქის მიმდებარე დასახლებული პუნქტია, სადაც ძალიან გახშირდა ე.წ. დროშის ჩამრჭობების ვიზიტები რუსების მხრიდან.

ეს არის რუსების 3-5 კაციანი ჯგუფი, რომელსაც აძლევენ დავალებას – რაღაცნაირად შეიპარონ კუპიანსკში ან კუპიანსკ-უზლოვაიას რომელიმე დასახლებულ პუნქტში, ჩაარჭონ დროშა და გადაიღონ სურათი, შემდეგ ეს მიაჩეჩონ პროპაგანდისტულ არხებს, თითქოს ეს რაიონი ექვემდებარება რუსების კონტროლს.

უკრაინელები ხუმრობენ, უკვე რუსების იმდენი დროშა დაგვიგროვდა, ჩვენც შეგვიძლია მოვაწყოთ დროშების აღლუმიო – გახსოვთ ალბათ, 1945 წლის აღლუმი რომ ჩატარდა მოსკოვში და გერმანიის ფაშისტურ დროშებს ყრიდნენ მოედანზე.

რა თქმა უნდა, უკრაინელები მიხვდნენ რუსების ვირეშმაკობას – უსაფრდებიან და დრონებიც აამუშავეს.

მნიშვნელოვანი ფრონტის ხაზზე არაფერი ხდება. ერთადერთი ისაა, რომ კონსტანტინოვკა თითქმის აიღეს რუსებმა — სამი მხრიდან უტევდნენ და მკვეთრად მოუჭირეს მარწუხები. გარკვეული აქტიურობა არის ზაპოროჟიეს მიმართულებითაც, გულიაი-პოლიესთან, სადაც რუსები შესულები არიან დასახლებულ პუნქტში, თუმცა იქ უკრაინელების მცირე ჯგუფები მაინც განაგრძობენ ბრძოლას.

  • რაზე მიუთითებს მოსკოვში სამხედრო დაზვერვის გენერალზე დღეს მომხდარი თავდასხმა? ვლადიმერ ალექსეევი დღეს, 6 თებერვალს, დაჭრილი გადაიყვანეს ჰოსპიტალში.

ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან კარგად მუშაობს უკრაინელების დაზვერვა. ვლადიმერ ალექსეევი არის „გრუს“ დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე. ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა და მსუყე, ლეგიტიმური სამიზნეა ნამდვილად უკრაინელებისთვის. ძალიანაც კარგი, რომ მოსკოვშიც არ გრძნობენ თავს დაცულად რუსი მაღალჩინოსნები.

ერთი ვერსია არის კიდევ ის, რომ სწორედ ალექსეევი მოუწოდებდა პრიგოჟინს ღია ეთერებიდან, შეწყვიტეთ ეს გამოსვლებიო. შესაძლოა, „ვაგნერმაც“ ივაჟკაცა. ისე, ერთი მეორეს არ გამორიცხავს! ვერ გეტყვით ზუსტად.

  • სამმხრივი მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის და უკრაინის მონაწილეობით აბუ-დაბიში გრძელდება. იკვეთება ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობა? „პოლიტიკო“, მაგალითად, იტყობინებოდა, რომ ძირითადი დახურულ კარს მიღმა საუბრის თემა ისევ არის ტერიტორიული საკითხები.

ორივე მხარე პოზიტიურად აფასებს ამ შეხვედრებს.

ყველაზე პოზიტიური ამ შეხვედრაზე არის ის, რომ 157 – 157-ზე გაიცვალა ტყვეები მოლაპარაკებების პერიოდში. ვერ გეტყვით, რამდენად ახლოს არის ცეცხლის შეწყვეტის მიზანთან ეს მოლაპარაკებები, მაგრამ პოზიტიური ძვრები არის. შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ მოლაპარაკებებისთვის ნიადაგი მზადდება.

მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის წარმომადგენელი შეხვდა რუსეთის წარმომადგენელს. ემანუელ ბონი არის მაკრონის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში, რომელიც სამშაბათს გაემგზავრა მოსკოვში. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ევროპა ჩაერთვება ამ მოლაპარაკებებში, თუნდაც მაკრონის წარმომადგენელი, არა მგონია, ნაკლები მომლაპარაკებელი იყოს, ვიდრე ამერიკული მხარის წარმომადგენელი ვიტკოფი.

იმედი მაქვს, რომ ჩაერთვება თურქეთიც, რომელსაც საკმაოდ დიდი ძალა გააჩნია რუსეთზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით. მივესალმებოდი ჩინეთის ჩართვასაც.

  • 2022 წლიდან, ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტეს ევროკავშირის ქვეყნებმა კონტაქტი პუტინთან. გამონაკლისი იყო მხოლოდ სერბეთი და უნგრეთი. დღეს ემანუელ მაკრონი აპირებს, დაელაპარაკოს პუტინს. ეს როგორ აღიქმება – გარკვეულ დათმობად?

რაც უნდა, ის დაარქვან, მთავარია, შედეგი მივიღოთ. შედეგი ამართლებს საშუალებას.

ჩემი აზრით, მხოლოდ აშშ-ზე არ უნდა იყოს გადაბარებული პროცესი.რაც უფრო ჩაერთვება ევროპა ამ საკითხებში, მით უკეთესი.

ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ყველაზე რთული საკითხი არის მაინც დონბასი – მიწების დათმობის საკითხი. პუტინს სურს, რომ გამოჩნდეს მისი რაღაც წარმატება, რომ ამდენი მსხვერპლის შემდეგ რაღაცას მიაღწია, ზელენსკიმ კი თქვა, პუტინმა რომ აიღოს დონბასი, მას კიდევ დასჭირდება 800 ათასი დაღუპული მებრძოლი და მინიმუმ ორი-სამი წელიწადი.

  • როგორ ძლიერდება ამასობაში უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები? უახლოეს, ან გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება უკრაინამ შეძლოს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება?

არა. დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლებაზე ჯერჯერობით ლაპარაკი ნაადრევია, მიუხედავად იმ სურვილებისა, რომელიც ყველას გაგვაჩნია.

რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ადამიანურ დანაკარგთან, ასევე ეკონომიკური პრობლემებთან, მაგრამ მაინც ახერხებს სამხედრო რელსებზე მრეწველობის გადაწყობას.

რუსებმა სამჯერ გაზარდეს „ისკანდერების“ წარმოება ბოლო თვეებში ჩინეთის დახმარებით. ახლა ისინი თვეში 50-მდე ამ რაკეტას აწარმოებენ. ეს სამხედრო დახმარება დაახლოებით 10 მილიონ დოლარს შეადგენს. ჩინეთიდან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ორმაგი დახმარების საშუალებების მიწოდება. ეს არის კრისტალები რადარებისთვის, კაბელები, ჩიპები, ლითიუმის ელემენტები, რაც ასე მნიშვნელოვანია მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებისთვის.

უკრაინის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, რომელიც არაა სამხედრო პირი, მენეჯერია და თავის დროზე ძალიან კარგად ააწყო უპილოტოების წარმოება, განაცხადა, რომ ამ ომის დასრულების ფორმულაა – თვეში 50 ათასი რუსი სამხედროს განადგურება. ეს აღებულია მონაცემებიდან, რომ რუსები თვეში ახერხებენ 30-35 ათასამდე მებრძოლით შევსებას და მათ ფრონტზე გაგზავნას.

დაახლოებით ამდენივე იღუპება ყოველთვიურად ფრონტის ხაზზე. ამდენად, რუსეთი ვერ ახერხებს, შექმნას რეზერვები. მართლაც, თუ 50 ათასამდე გაიზრდება დაღუპულთა რიცხვი, ჩემი აზრით, სრულიად შესაძლებელია რუსების მინიმუმ შეჩერება.

უკრაინელები აქტიურად ავითარებენ სამხედრო მრეწველობას. იარაღის წარმოება ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზეა, ნაწილი – ქვეყნის გარეთ. ახლა გახსნეს ტყვია-წამლის წარმოების ხაზი ჩეხეთთან ერთად.

ამერიკაც აპირებს ზუსტი დამიზნების ჰაერი-ხმელეთი რაკეტების მიწოდებას უკრაინისთვის, ბრიტანეთი უშუალოდ უკრაინისთვის ამზადებს ბალისტიკურ რაკეტებს, რომელიც შედარებით იაფია, მაგრამ ეფექტურობით გამოირჩევა. ასევე, ბრიტანეთში იწყობა „ოქტოპუსები“ – დრონსაწინააღმდეგო უპილოტო საფრენი აპარატები, შვედეთმა დაიწყო უშუალოდ უკრაინისთვის დამრტყმელი დრონების წარმოება და ა.შ. აგერ, თავად უკრაინა საკუთარი „ფლამინგოებით“ უკვე კაპუსტინ იარის გამშვებ მოედანს არტყამს. სწორედ აქედან ხდება რუსული „ორეშნიკების“ გაშვება უკრაინის მიმართულებით.

ასე რომ, უკრაინა ტექნოლოგიურად ვითარდება და იგი უფრო და უფრო კარგ აღჭურვილობას იღებს. პრობლემა ადამიანური რესურსია, რომელიც, რა თქმა უნდა, შეზღუდული აქვს უკრაინას რუსეთთან შედარებით.

  • ასევე, ირანზე მინდა გკითხოთ: რა სახის და რა მასშტაბის სამხედრო ძალები შეიყვანა აშშ-მა ირანის სიახლოვეს? 

ფაქტობრივად, ორი ავიამზიდის დაჯგუფება უკვე არის ირანის სიახლოვეს. ავიამზიდი „ლინკოლნის“ დაჯგუფება იმყოფება 750 კილომეტრში ირანის სამხრეთით. ეს საკმაოდ დიდი ძალაა.

ავიამზიდი ძალიან ძლიერი ხომალდია – „ლინკოლნს“ შეუძლია 90 თვითმფრინავამდე გადაყვანა, ანუ მხოლოდ ერთ ხომალდს. ბორტზე ახლა ზუსტად რამდენი თვითმფრინავია, ძნელია ამის თქმა, მაგრამ ბორტზე არის ავიაფრთა CVW – 9, რომელიც შედგება 8 ესკადრილიისაგან. წესით, ესკადრილიაში შედის დაახლოებით 10-დან 30 თვითმფრინავამდე, ასევე, სახელგანთქმული დარტყმითი გამანადგურებლები – Top Hetters-ები ზედმეტ სახელად, რომელიც გამორჩეულია თავისი ეფექტიანობით.

ამ ავიაფრთაში ჩვეულებრივ შედის F-18 E, Super Hornet, F-18 G Growler [ეს არის რადარების საწინააღმდეგო თვითმფრინავი], ასევე არის E-2 Advanced Hawkeye – ეს არის მზვერავი თვითმფრინავი, რომელიც სარადარო გამოსხივების და სარადარო ველის დაზვერვას ახორციელებს.

ამავე დროს, ავიამზიდში შედის რამდენიმე CMV-22B Osprey — კონვერტოპლანი თვითმფრინავი პროპელერების ცვლილებით. იგი მოქმედებს, როგორც ვერტმფრენი და როგორც თვითმფრინავი. განთავსებულია ვერტმფრენთა 2 ესკადრილია, სატრანსპორტო და სამაშველო ამოცანების გადასაწყვეტად.

ამ ავიამზიდს აცილებს სამი ნაღმოსანი, რომელიც ტომაჰავკებით და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით არის აღჭურვილი. როგორც წესი, მას აცილებს ატომური წყალქვეშა ნავი.

ამათ გარდა, სპარსეთის ყურეში უკვე იმყოფება ორი ნაღმოსანი და სამი სანაპირო ზოლის ხომალდი, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით და რაკეტებით.

ამერიკიდან გადასროლილი იქნა რეგიონში RS-135. სულ ორი თვითმფრინავი არსებობს ასეთი და ორივე ამერიკას აქვს – მზვერავი თვითმფრინავი, რომელიც სპეციალიზებულია მოწინააღმდეგე ელექტრონული პროფილის გამოვლენასა და იდენტიფიცირებაზე.

35-დან 40 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება რეგიონში სხვადასხვა ბაზაზე: იორდანიაში, კატარში, ქუვეითში, საუდის არაბეთში.

  • სერიოზული ძალების მობილიზებაა, როგორც ჩანს, ხომ? არსებობს მოსაზრება, რომ ირანი არაა ვენესუელა და აშშ თავდასხმას არ გარისკავს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? 

რუსოფილებს მინდა მოკითხვა გადავცე თქვენი მედიასაშუალებით: ერთ-ერთი მათგანი ძალიან აქტიურად მეკამათებოდა სატელევიზიო ეთერში, რომ ამერიკა ვერაფერს ვერ უზამს ვენესუელას. კარგად ვნახეთ, რაც მოხდა ვენესუელაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა. ვენესუელაში იყო მონოსამიზნე, ირანში ცოტა უფრო რთულადაა საქმე იმიტომ, რომ უფრო ფესვგადგმულია ეს სისტემა. აქ არის, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ასევე რელიგიური ხელმძღვანელობა, ასევე, რევოლუციის გუშაგების კორპუსი, რომელიც 125 ათას კაცს შეადგენს. მას თავისი საზღვაო და საჰაერო ძალები აქვს.

ირანში 60 მილიონზე მეტი მოსახლეა, ქვეყანას ჰყავს 610-ათასიანი შეიარაღებული ძალები და ამით მე-7 ადგილზეა მსოფლიოში. ირანს დაახლოებით 300 თვითმფრინავი აქვს — რა თქმა უნდა, მოძველებული, მაგრამ აქვს. მისი საჰაერო თავდაცვა დაკომპლექტებულია რუსული საშუალებებით „КУБ“, С-200, С-300, ТОР-М1, ასევე ირანული BAVAR -373-ით.

ექსპერტები თვლიან, რომ მიუხედავად ისრაელის და ამერიკის წინა დარტყმებით მიღებული ზარალისა, ირანს ჯერ კიდევ აქვს 2000 ბალისტიკური რაკეტა.

მსოფლიოს არ უნდა, რომ აირიოს სიტუაცია ისე, რომ უმართავი გახდეს რეგიონი. ირანის მთავარი მუქარა არის ის, რომ თუ თქვენ ჩვენ დაგვარტყამთ, ჩვენ დავარტყამთ ქუვეითს და ისრაელს. ამერიკას რომ ვერ სწვდება ირანი, გასაგებია. ეს ბაზები არის ქუვეითში, კატარშიც არის და იორდანიაშიც. რეგიონი ჩაერთვება მაქსიმალურად ამ დაპირისპირებაში.

ქირურგიული დარტყმები განხორციელდეს უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე – ეს ერთი ვარიანტია, მეორე ვარიანტია დაიწყოს ფართომასშტაბიანი საჰაერო კამპანია, რომელიც ირანელებს თავის აწევის საშუალებას არ მისცემს, ხოლო მასთან ინტეგრირებული იქნება სპეციალური ოპერაციების შეზღუდული რაოდენობა ხმელეთზე. ამით შეიძლება აიძულონ შეიარაღებული ძალები, გადავიდნენ ხალხის მხარეს.

ეჭვი მეპარება, რომ იყოს სახმელეთო ოპერაცია. ყველაზე მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი არის ვითარება, რასაც Day After-ს ეძახიან, ანუ დარტყმის შემდეგ რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს ირანში? აი, ეს არის პრობლემატური, ვინაიდან ირანი, მოგეხსენებათ, მონოეთნიკური ქვეყანა არ არის: სპარსელი არის მხოლოდ 65%,ისიც მაზანდარელებთან ერთად; 16% აზერბაიჯანელია, 7%  – ქურთი, 2% – არაბი, კიდევ ბელუჯები და ქაშქაის თურქული ტომებია. ეშინიათ, რომ არ გახდეს ირანი ახალი სირია, რაც მნიშვნელოვნად არავის არ აწყობს, ვინაიდან მისი მდებარეობა ძალიან სტრატეგიულია. ეს არ იქნება არავისთვის კარგი.

მე არ გამოვრიცხავ არაფერს. საუბარია, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს პროცესი. როგორც მითხრეს, ეხლა გამოცხადებულია რადიოდუმილი ამ დაჯგუფებებში. ეს რაღაცის მანიშნებელია. ასევე, ისრაელში გააქტიურეს ახალი დანამატი მობილურებზე, რომელიც ყოველ მოქალაქეს აქვს და ფაქტობრივად შეუფერხებლად მუშაობს. ჯერ მოდის საერთო გაფრთხილება, რომ შესაძლებელია თავდასხმა, შემდეგ მოდის გაფრთხილება, რომ რაკეტები აიწია ჰაერში და ბოლოს – 10 წუთით ადრე: „შედით თავშესაფარში!“

  • მოლაპარაკებებით შედეგის მიღწევის ალბათობა ნაკლებია? 

ჩემი აზრით, ნაკლებია, კი.

მოლაპარაკებებზე აშშ აყენებს ოთხ საკითხს: დემონსტრანტების არდახვრეტა, თუმცა ფაქტობრივად ისე დაიწია მღელვარებამ, შეიძლება მოიხსნას ეს საკითხი; მეორეა ბირთვული განვითარების შეჩერება; შემდეგია პროქსი ორგანიზაციების მხარდაჭერის შეწყვეტა — ეს არის ჰამასი, ჰეზბოლა და ჰუსიტები და აქვე კიდევ სხვა, მცირე ზომის ტერორისტული დაჯგუფებები და აშშ-ს კიდევ ერთი პირობაა ბალისტიკური რაკეტების წარმოების შეზღუდვა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საკითხები, რაც ეხება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, არ იქნება განხილული ირანის მხრიდან. არ ვიცი, ამ საკითხებიდან საბოლოოდ რა ამოვარდება და რა დარჩება დღის წესრიგში, მაგრამ ფაქტია: ირანი არ მიდის ამ ყველაფრის შესრულებაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: