უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი თავდასხმები კრემლს ომის მოგებაში ვერ დაეხმარება.
დღეს, 13 იანვარს, ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს, რომ რუსეთის დარტყმის მთავარი სამიზნე კვლავ უკრაინის ენერგეტიკა და საცხოვრებელი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. მისი თქმით, რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინის მიმართულებით თითქმის 300 დრონი და ათობით რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც ასობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
„როგორც ყოველთვის, როცა რუსეთი ცდილობს ნგრევას, უკრაინელები ერთმანეთს უჭერენ მხარს და ახლა ყველაზე მეტად შიდა სტაბილურობაა საჭირო.
ყოველი ასეთი დარტყმა სიცოცხლის წინააღმდეგ – შეხსენებაა, რომ არ შეიძლება უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა. რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები ყოველდღიურადაა საჭირო, განსაკუთრებით ზამთარში. მსოფლიოს შეუძლია რუსეთის ამ ტერორს უპასუხოს უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტებით.
რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ სიცივე ომის მოგებაში ვერ დაეხმარება“ – წერს ზელენსკი.
ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინაში რუსეთის სამიზნე ენერგოობიექტებია, რაც განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის ცივი ამინდის ფონზე. 13 იანვარს რუსეთის თავდასხმის შედეგად ოდესაში ორი ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა.
კიევის ცნობით, 12 იანვრის საღამოდან მოყოლებული რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 25 რაკეტა და 293 დრონი გამოიყენა, აქედან უკრაინის თავდაცვამ 7 რაკეტისა და 240 დრონის განეიტრალება შეძლო.






