Batumelebi | ბსუ-ს სტუდენტები “ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, სალექციო საათებში ბსუ-ს სტუდენტები “ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, სალექციო საათებში – Batumelebi
RU | GE  

ბსუ-ს სტუდენტები “ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, სალექციო საათებში

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინფორმაციით, დღეს, სასწავლო პროცესის პერიოდში, ლექციებიდან გაიყვანეს სტუდენტები „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დასასწრებად. სტუდენტების თქმით, ლექციებიდან სტუდენტების გაყვანას ორგანიზებას უწევდა სამართლის პროფესორი ომარ მახარაძე, რომელიც ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ადამ მახარაძის ძმაა.

„ქართული ოცნების“ შეხვედრაზე სტუდენტების დასწრების ფაქტი „ბათუმელებს“ დაუდასტურა თავად ომარ მახარაძემაც. “მთელი უნივერსიტეტი იქ ვიყავით, მერე რა? სასწავლო პროცესი არ შეუჩერებია უნივერსიტეტს. პირველი ცვლის სტუდენტები ვინც იყვნენ, ამთავრებდნენ სტუდენტები და ორი ჯგუფი გადავიდა შეხვედრაზე. ანუ ლექციები დამთავრებული ჰქონდათ. მე ლექციიდან სტუდენტები არ გამომიყვანია“.

შეკითხვაზე, თქვენ რა მონაწილეობას იღებდით ამ პროცესში, ომარ  მახარაძემ თქვა – “დაკითხვას მიწყობთ? ეს ჩემი პირადი საქმეა“.

კითხვაზე – თქენი ძმაც იყო შეხვედრაზე – ომარ მახარაძემ განმარტა:  “რა, უფლება არ ჰქონდა დეკანს ყოფილიყო, პრორექტორს ან რექტორს? ყველანი  ვიყავით და რა გინდათ თქვათ. რექტორიც იყო, პრორექტორიც და ყველა. ვიდეო კადრებიც იქნება დაფიქსირებული. მერე რა. რექტორი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შესაძლებელია იყო. წასულები ვიყავით პირველი საათიდან ორ საათამდე“.

ბსუ-ს სტუდენტების ერთი ჯგუფის თქმით, შეხვედრაზე თავის არიდება სტუდენტების ძალიან მცირე ნაწილმა მოახერხა.

ბსუ-ს პროფესორებისა და სტუდენტების უმრავლესობა, ყოველთვის, ყოველი მმართველი პარტიის შეხვედრებს ესწრება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

“ქართული ოცნება” დღეს სტუდენტებს სასტუმრო “ჰილტონში” შეხვდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან