„ქართული ოცნება“ გეგმავს ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემა აუკრძალოს. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 17 ნოემბერს დააანონსა.
„ბათუმელები“ დავით ძიძიშვილს ესაუბრა, რომელიც ამჟამად ბელგიაშია ემიგრაციაში. დავით ძიძიშვილი არის სამოქალაქო პლატფორმა 2025-ის წარმომადგენელი, ჰიბრიდული ომების მკვლევარი.
- ბატონო დავით, დღეს გავიგეთ, რომ „ოცნება“ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. როგორი იყო თქვენი, როგორც მოქალაქის და ემიგრანტის პირველი რეაქცია, როდესაც ეს ინფორმაცია გაიგეთ?
რეაქცია აღარაფერზე აღარ მაქვს, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს საქართველოში. თითქოს რაღაც გაიდლაინი აქვთ, როგორ უნდა დაამყარონ დიქტატურა. ვიტყოდი, რუსული გაიდლაინია და იმას მიჰყვებიან, რაც რუსეთმა და ბელარუსმა გააკეთა-მეთქი, მაგრამ ეს ამ ორ ქვეყანასაც არ გაუკეთებია.
ბელარუსიც და რუსეთიც კი ატარებენ არჩევნებს საზღვარგარეთ.
ბელარუსი აქტივისტები კი საუბრობენ, რომ ბელარუსი საელჩოებში გახსნილ საარჩევნო უბნებს იყენებს არასასურველი აქტივისტების დასაკავებლად, მაგრამ ფორმალურად მაინც აქვს ქვეყანას საარჩევნო უბანი გახსნილი, ფორმალურად ინარჩუნებენ დემოკრატიის ინსტრუმენტს, რომ მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი ქვეყნის საელჩოში, როგორც მისი ქვეყნის ტერიტორიაზე, ხმის მიცემის უფლება.
ვინ ართმევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას? მაგალითად, ართმევს ერიტრეა. რამდენიმე სახელმწიფოა სულ მსოფლიოში, ვინც მსგავს რამეს აკეთებს, მაგრამ ერიტრეა ალბათ საუკეთესო მაგალითია, რადგან არის ქვეყანა, სადაც არავინ არ კითხულობს რა მდგომარეობაშია ადამიანის უფლებები, რადგან იქ კატასტროფა უკვე მოხდა.
ამ მოცემულობაში გაგვაღვიძა შალვა პაპუაშვილმა და თქვა, რომ ჩვენ ვართ ერიტრეა, რომელიც აღარ მისცემს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს უფლებას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ საელჩოების ტერიტორიაზე.
საელჩოს ფუნქცია დიდწილად რა არის?! ის, რომ საქართველო წარმოადგინოს საერთაშორისო ურთიერთობებში. ფაქტია, რომ ეს აღარ ხდება, იმიტომ, რომ არც ერთ დასავლურ სახელმწიფოში აკრედიტებული ქართველი დიპლომატი თავის ფუნქციას არ ან ვერ ასრულებს.
ასევე საელჩოს ფუნქციაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს მისცეს წვდომა კონსტიტუციით გარანტირებულ ყველაზე ელემენტარულ უფლებებზე. საელჩოს საშუალებით შენი ქვეყანა გაძლევს საშუალებას მისცე ხმა, აირჩიო შენი ქვეყნის მთავრობა.
ამ საკანონმდებლო ცვლილებით კი გვეუბნებიან, რომ ამის უფლებაც არ გვაქვს და არჩევნებში მონაწილეობა თუ გინდათ, ჩამოდით საქართველოშიო. ვფიქრობ, ამასაც შეზღუდავენ ცოტა ხანში.
ცესკოს ვებგვერდის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებზე ჯამში 90 000-ზე ცოტა მეტი ქართველი დაარეგისტრირეს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უცხო ქვეყნებში, რეალურად კი არჩევნებზე მივიდა 32 000-მდე ამომრჩეველი. ამ ადამიანებსაც უამრავი ბარიერი შეუქმნეს – ჯერ ასობით კილომეტრის გავლა უწევდათ საარჩევნო უბნებამდე მისასვლელად, შემდეგ რიგში იდგნენ მთელი დღე და მაინც ვერ მოახერხა ბევრმა ხმის მიცემა.
რეალურად რომ შევხედოთ, ამ 30 ათას ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა ხელისუფლებისთვის.
- 2024 წლის არჩევნებმა გვაჩვენა ერთი მხრივ ის, რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველები ოპოზიციურად არიან განწყობილები, თუმცა მეორე მხრივ, ამომრჩეველთა ის ოდენობა, რაც მივიდა საარჩევნო უბანზე, საბოლოო შედეგზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. მაშ რატომ მოშალა ეს ფორმალური დემოკრატიის საფუძველი „ქართულმა ოცნებამ“?
როგორც ჰიბრიდული ომების მკვლევარი, ისე გიპასუხებთ. ეს ამბავი ახლა „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა ორი მიზეზისთვის.
ჯერ ერთი – იმისათვის, რომ დემოკრატია, როგორც პროცესი, უბრალოდ საბოლოოდ დაასამაროს და თქვას, რომ არ გვაქვს საქართველოში დემოკრატია და პრინციპში არც არაფერში არ გვჭირდება. მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ მსგავს ამბებს ხშირად იყენებს მნიშვნელოვანი თემის გადასაფარად.
დღეს, იმ ინფორმაციის გავრცელებით, რომ ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ, „ოცნება“ ორი მნიშვნელოვანი თემის გადაფარვას ცდილობს.
ერთი ეს არის ფულის გათეთრების უპრეცედენტო სქემა, რომელიც მოიფიქრეს და შენიღბეს ე.წ. არაბული სამშენებლო ინვესტიციით.
ჩემი აზრით, ეს არის ფულის გათეთრების სქემა, რომელშიც სახელმწიფო პირდაპირ მონაწილეობს და ამ მასშტაბის ფულის გათეთრების სქემა არც კი ვიცი კიდევ რომელიმე სახელმწიფოში თუ განხორციელებულა ოდესმე.
ვფიქრობ, ეს არის რუსულ-არაბული ფულის დატრიალების საქმე. თან ხელისუფლება ხედავს, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყო ყველამ, პოლიტიკური პარტიებით დაწყებული დამთავრებული სამოქალაქო საზოგადოებით.
რაც მთავარია, „ოცნებას“ თავისივე ამომრჩეველიც კი მოუტრიალდა. „ოცნების“ ამომრჩეველს არ ადარდებს, რომ ფული გათეთრდება, მაგრამ ადარდებს, რომ არაბები იყიდიან მიწებს.
ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ეთნიკურობას მნიშვნელობა არ აქვს, აქ სქემაა პრობლემური, რომელიც რეალურად ფულის გათეთრების სქემაა და ქვეყნის დაზიანების მეტს არაფერს არ გამოიწვევს.
ჩემი აზრით, თავის ამომრჩეველთანაც კი ვერ გაამართლეს ეს სქემა და ახლა ამ თემის საინფორმაციო გადაფარვას ცდილობენ.
მეორე საკითხი, რომლის გადაფარვაც დღეს სცადა პაპუაშვილმა, არის სამხრეთ ოსეთის, ე.წ. ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციის გაუქმება, სანაკოევის ადმინისტრაციას რომ ვეძახით, რაც რეალურად რუსეთის მოთხოვნა იყო.
2008 წლის ომის მერე რუსეთს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა, რომელსაც მუდმივად აყენებდა და აყენებს. ერთი ეს არის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება, რაც იდეაში ფორმალურად ნიშნავს იმას, რომ შენ უბრალოდ აღარ გაქვს საერთოდ მსგავსი ტიპის ადმინისტრაციული ერთეული. სანაკოევის ადმინისტრაცია პრობლემა იყო რუსეთისთვის და დღეს აგერ თქვა კაცმა [პაპუაშვილმა], ამას ვაუქმებო.
მეორე, რასაც რუსეთი ითხოვს, არის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებების გაფორმება ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან. ვეჭვობ, ამაზე პირდაპირ წავიდეს „ქართული ოცნება“, მაგრამ ამის ნაცვლად შეუძლია მოიფიქროს ე.წ. ნეიტრალიტეტის თემა.
ამ თემას რაღაც მომენტში შემოაგდებს ქვეყანაში, მაგრამ ნეიტრალიტეტის გამოსაცხადებლად საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება.
რაღაც მომენტში ალბათ იფიქრებს, რომ ჩანიშნოს ვადამდელი არჩევნები და აგერ თავი დაიზღვია, რომ ემანდ, შემთხვევით, მეტი ემიგრანტი არ მივიდეს არჩევნებზე და მართლა რამე გავლენა არ მოახდინოს საარჩევნო პროცესზე.
თუმცა ამ ეტაპზე მაინც ვფიქრობ, რომ თემა შემოიტანეს საინფორმაციო ხმაურისათვის. რუსული პროპაგანდის ნაცადი მეთოდია, როცა ერთი მავნებლობის გადაფარვას ცდილობ ხუთი, ექვსი ან მეტი პატარ-პატარა მავნებლობით.
ის, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს უზღუდავ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, მავნებლობაზე მეტია.
- შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ისევ ექნებათ ხმის მიცემის უფლება, „ერთადერთი პირობა არის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში“. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას მაშინ, როცა ათასობით დედა 10-15 წლის განმავლობაში ვერ ნახულობს შვილებს, ოჯახები ვერ ერთიანდებიან, რადგან ემიგრაციაში წასულებს ძალიან ბევრ საყოფაცხოვრებო პრობლემასთან უწევთ გამკლავება?
აი, ეს ფრაზა არის როგორი უტიფრობის პიკი იცით… ვერ წარმოიდგენთ. ემიგრაციაში მყოფი ადამიანები ხშირად დღიურ გამომუშავებაზე არიან. ბევრს წესრიგში არ აქვს საბუთები და რიგ ქვეყნებში, სადაც არალეგალურ მიგრაციას მკაცრად აკონტროლებენ, სახლიდან გამოსვლასაც კი ერიდებიან.
იგივე გერმანიაში ან აშშ-ში, სადაც ბოლო დროს დეპორტაციის აქტიური პოლიტიკა აქვთ, მიგრანტები სახლიდან გამოსვლისას იქით-აქეთ იყურებიან, პოლიცია ხომ არ დგას სადმე, რომ შემთხვევით ვინმემ არ გააჩეროს და საქართველოში არ დაადეპორტონ.
აი, ამ ხალხს ეუბნება პაპუაშვილი, რომ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩამოდით საქართველოშიო. როცა ადამიანები ელემენტარულად საბუთებს ვერ აწესრიგებენ, ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის შესაძლებლობას ვერ იჩენენ 8 და 10 წლის განმავლობაში.
სინამდვილეში შალვა პაპუაშვილს არ სჭირდება ამის ახსნა, კარგად იცის და სპეციალურად ამბობს. ამბობს, იმიტომ, რომ ადამიანები გააღიზიანოს და ბევრი ადამიანი ალაპარაკოს მაქსიმალურად. პაპუაშვილმა ზუსტად იცის რა პრობლემები აქვთ საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს ლეგალურად ცხოვრების კუთხით.
ახლა ეს კაცი გვეუბნება, რომ თურმე ხალხს ეზარება საქართველოში ჩამოსვლა…
ფინანსებს რომ თავი დავანებოთ, ფიზიკურად არ შეუძლიათ, იმიტომ, რომ იციან, საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში, უკან ვეღარ დაბრუნდებიან იმ ქვეყანაში, რომლიდანაც ოჯახს არჩენენ.
ჩვეულებრივი, უტიფარი კაცია, უფრო მძიმე სიტყვებს არ გამოვიყენებ.
აქ გავიცანი ადამიანები, რომლებიც, ცხოვრობენ თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკებში. ზოგს სამი-ოთხი ბავშვი ჰყავს და ცხოვრობს ისეთ პირობებში, რომ აქვთ საერთო საპირფარეშო, საერთო სამზარეულო. თავშესაფრის მოთხოვნის საქმეები ხანდახან იწელება წლები – ურთულესი პროცესია ამ ხალხისთვისაც. ახლა პაპუაშვილი ეუბნება ამ ხალხს, რომ უნდა ადგნენ და ჩამოვიდნენ, იმიტომ, რომ შალვამ ასე გადაუწყვიტა ამ ხალხს, რომ ჩამოვიდნენ ოთხ წელიწადში ერთხელ საქართველოში.
ეს ფრაზა არის ამორალური, ცინიკური და არაადამიანური ფრაზა, რომელიც დღეს გვითხრა ქვეყნის არალეგიტიმურმა პარლამენტის თავმჯდომარემ.
- რას ნიშნავს, როცა ემიგრანტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში იზრდება, ხოლო მათი უფლებები იზღუდება?
ჯერ კიდევ 2019 წლის ინტერვიუში თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ საქართველოში სამუშაო ადგილებს ვერ ვქმნით, ამიტომ საზღვარგარეთ წადით სამუშაოდო.
ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ საქართველოში მას არ მოუწიოს თავისი ფულის ხარჯვა იმაზე, რომ მოქალაქეებმა საჭმელი ჭამონ. ემიგრანტებმა უნდა გამოაგზავნონ ფული, ოღონდ ეს ფული არ უნდა იყოს იმდენი, რომ ამ მოქალაქეებს თავისუფალი ნების გამოვლენის სურვილი გაუჩნდეთ. ამიტომ, ეს ფული, ამავდროულად უნდა იყოს კონტროლსდაქვემდებარებული.
არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, რაღაც ოდენობის თანხის გადმორიცხვაზე კონტროლი დაწესდეს. ბიძინას არ უნდა, რომ ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი ფული. ამ დროს რეალურად თავისუფალი ფულის ქვეყანაში შემომტანი არის ქართული ემიგრაცია. ემიგრანტები ქვეყნის ყველაზე მსხვილი დონორები არიან.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ამასაც შეზღუდავს. ბიძინას სურვილია, ქვეყანაში ადამიანები არაფერს არ წყვეტდნენ და არ ჰქონდეთ რაიმე ტიპის ცვლილების განხორციელების სურვილი, ბიძინა იყოს მუდმივად, ბიძინას ჰქონდეს ყველაფრის რესურსი და ყველაფრის უნარი და ყველაფრის შესაძლებლობა, მათ შორის – ადამიანების დაკავების ან არ დაკავების.
მას საქართველოში ლეგიტიმაციისთვის სჭირდება ადმინისტრაციული რესურსი და სოციალურად დაუცველები. ის ხალხი, ვისაც ბიძინა არ მოსწონს, უნდა იყოს ემიგრაციაში და საქართველოში უნდა გზავნიდეს ფულს.
ოღონდ ამ ქართველებს არაფრის უფლება, გარდა ფულის გამოგზავნისა, არ უნდა ჰქონდეთ. ეს არის ბიძინას როლური მოდელი, რომელიც უნდა, ამ ქვეყნიდან რომ გააკეთოს.






