დღეს, 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო. სხდომაზე სიტყვა ითხოვა მზია ამაღლობელმა, რომელიც უკვე 10 თვე უკანონო პატიმრობაშია.
„მინდა გამძლეობა და გამარჯვება ვუსურვო წინააღმდეგობაში მყოფ საზოგადოებას, დარბაზში მყოფ აუდიტორიას და დარბაზს გარეთ მყოფ თანამოაზრეებსაც მადლობა მინდა ვუთხრა და ოჯახს, რომ მარტო არ მტოვებენ ამ დარბაზში.
სამწუხაროდ, ისევ შუშის საკნიდან მიწევს საუბარი სასამართლოს ახალ შემადგენლობასთან. თუმცა, ბრალდებულის კი არა და უკვე მსჯავრდებულის სტატუსით და სიმართლე გითხრათ, ვერ ვეგუები დღემდე, მიუღებლობა მაქვს ამ სტატუსის – მსჯავრდებულის“, – თქვა მზია ამაღლობელმა.
ამ დროს მზია ამაღლობელი მოსამართლე მარგველაშვილმა შეაჩერა და მას შესთავაზა შემინული სივრციდან გამოსვლა. მოსამართლემ ბადრაგის სამსახურს მიმართა, რომ თუ პროტოკოლით დაშვებულია, ის აძლევს მზია ამაღლობელს უფლებას გამოვიდეს შემინული სივრციდან. ამის შემდეგ მზია ამაღლობელმა საუბარი ადვოკატის გვერდით მყოფმა გააგრძელა.
„…პირველმა ინსტანციამ სისხლის სამართლის დამნაშავედ მცნო. სილის გაწვნა არც თავდასხმაა და არც წინააღმდეგობა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საპატიმრო სასჯელი მომცა – ორი წლით გამიშვა ციხეში. არსებობს, ალბათ, ადამიანების ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ მადლიერი უნდა ვიყო ამ სასჯელის. იმიტომ, რომ ალბათ, ეს ადამიანები ადარებენ ბატონი პროკურორის ბრალდების სასჯელს, რომელიც 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს. იმედი მაქვს, რომ ასე ვინც ფიქრობს, ასეთი ადამიანების რაოდენობა მცირეა. მათ მინდა ვუთხრა, რომ ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სამართლიანობასთან. არც ბატონი პროკურორის ბრალდების კვალიფიკაციას და არც სახელაშვილის განაჩენს.
ჩემი პატიმრობა არის რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ვისაც ეჭვი ეპარება, მინდა შევახსენო – 10 თვეა პატიმრობაში ვარ და იშვიათად ყოფილა კვირა, როდესაც ძალაუფლებაში მყოფი პოლიტიკური პირები, მმართველი პარტიის ლიდერები, სხვადასხვა სატელევიზიო ეთერიდან, პროპაგანდისტული ეთერებიდან თავს არ დამსხმოდნენ. დიდი არაფერი, მაგრამ ყველა უპასუხისმგებლობა დანაშაულსა თუ ცრუ ბრალდების შემცველ განცხადებასა და კომენტარზე სამართლებრივი რეაგირება მაქვს ჩემს ადვოკატებთან ერთად და მექნება მომავალშიც, თუ, რა თქმა უნდა, ასე გააგრძელებენ.
სიმართლე გითხრათ, უსამართლო სასამართლოზე დიდი ბოროტება არაფერი მგონია, ამიტომ, არ უნდა შევეგუოთ და ნორმად არ უნდა მივიღოთ არცერთი უკანონო გადაწყვეტილება. მე ასეთად მიმაჩნია ეს განაჩენი და დღეს, ამ დარბაზში, ზუსტად იმიტომ ვარ, რომ ვასაჩივრებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს და სააპელაციო სასამართლოსგან მოვითხოვ სამართლიან გადაწყვეტილებას.
ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, მაგრამ მეც ვფიქრობ, რომ სასამართლო საზოგადოების ნებას უნდა გამოხატავდეს.
სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, როდესაც ვფიქრობ იმ ქმედებაზე, რის გამოც აქ ვარ, ამასთან დაკავშირებით რაზეც შეიძლება მიმითითოს საზოგადოებამ და განმსაჯოს, არის ის, რომ საკუთარ თავში ვერ აღმოვაჩინე, რომ როცა იმ კაცს სილა გავაწანი, ამის გამო სინანულში ჩავვარდნილიყავი, იმიტომ, რომ მან მაგინა, მაფურთხა, არაადამიანურად და უღირსად მომექცა…
მორალური დილემა რომ არ გამჩენია, ვფიქრობ, ამაში გარკვეულწილად პროკურატურა და გამოძიებაც არის დამნაშავე, რადგან დღემდე დაზარალებულადაც არ ვარ აღიარებული და ფორმალურად, განცხადებაც არ გაკეთებულა, რომ მაგალითად ე.წ. დაზარალებულმა დგებუაძემ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა ან გადაცდომები ჰქონდა. არ გააკეთა გამოძიებამ არაფერი, ვფიქრობ იმიტომ, რომ რეჟიმს მოძალადეები სჭირდება. ამ მოძალადეებს შემდეგ აჯილდოებს და მფარველობს, რომ შემდეგ პოლიტიკური და უკანონო დავალებები შეასრულებინოს.
ამ მოცემულობაში არ ვიცი, რამდენად გამოუვა სასამართლოს, რომ ჩემგან კრიმინალი შექმნას, თან საშიში კრიმინალი. არა მგონია ეს გამოუვიდეს. იმიტომ, რომ ქმედება, რომელსაც ეს ბრალდება ეფუძნება, არის ადამიანის თანდაყოლილი თვისება, ბუნება – როცა გაქვს ემოცია შეურაცხყოფაზე და დამცირებაზე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ 2 წელი ვიქნები ციხეში თუ 7 წელი, სასჯელის ეს სახე, რომელსაც მოსამართლე სახელაშვილი თავისი განაჩენის გადაწყვეტილებაში წერს, ვერ გახდება პრევენცია. ვერ ექნება ამ პატიმრობას და ამ სასჯელს საგანმანათლებლო და ჭკუის სასწავლებელი დატვირთვა ვერც ჩემთვის და ვერც საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის.
ვფიქრობ, ამაზე უნდა იფიქროთ და იმსჯელოთ ბატონო მოსამართლეები.
ყოველ შემთხვევაში მე მჯერა, რომ დღეს თუ არა ხვალ, ჩემ საქმეს სისხლის სამართლის დატვირთვა ჩამოშორდება და მჯერა იმისაც, რომ აქ, ჩემს სამშობლოში თუ არა, ჩვენს დიდ ოჯახში, ევროპულ ოჯახში – იქ, სადაც მოსამართლეები პატივს სცემენ კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, თვითგამოხატვას (დიდი სურვილი მაქვს ჩვენთანაც ასე იყოს), არა მხოლოდ ჩემ საქმეზე არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრის საქმეზე დადგება გამამართლებელი განაჩენი, თუ მოსამართლეები იქნებიან სამართლიანები.
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! ბოლომდე, გამარჯვებამდე“, – განაცხადა მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ სლოგანი – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ უკავშირდება საქართველოში დამოუკიდებელი მედიის გადარჩენას „ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის პირობებში. კამპანია „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ აერთიანებს 22 დამოუკიდებელ ონლაინმედიას, რომლებიც დამოუკიდებელი სიტყვისა და დემოკრატიის გადარჩენისთვის იბრძვიან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ნინო სახელაშვილის გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ისინი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ. სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები – მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.
მზია ამაღლობელის შემდეგი სხდომა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 14 ნოემბერს ჩაინიშნა.
ამავე თემაზე:
მზია ამაღლობელის საქმე – განახლებადი ინფორმაცია სასამართლო დარბაზიდან






