“რადგან კაცი არ გვყავს სახლში, ალბათ, იფიქრეს, რომ ჩვენი დაჩაგვრა შეიძლება”


მტირალას ეროვნული ტყე-პარკის მიდამოებში 9 ოჯახი ცხოვრობს. აქედან ერთ-ერთ სახლში მხოლო სამი ქალი სახლობს. ერთს შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. წინასაარჩევნოდ ქალების სახლთან მისასვლელ გზაზე ერთი მანქანა ხრეში დაყარა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა. ქალები დღემდე ელიან, როდის მოასწორებენ ამ ხრეშს ისე, რომ ტრასპორტმა სახლამდე მისვლა შეძლოს. ოჯახს ერთხელ უკვე დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, მაგრამ მანქანამ სახლამდე ვერ მიაღწია.

“დედაჩემს დღეში ოთხჯერ ინსულინს ვუკეთებთ. ამას წინათ ცუდად გახდა. სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ მანქანამ სახლამდე ვერ მოაღწია. ექიმებმა კარდიოლოგიური აპარატურა 300 მეტრის მანძილზე ხელით ათრიეს. სასწრაფოს მანქანა სულ ახალი იყო, მაგრამ გაფუჭდა – გამოედო მიწას და ზეთი დაღვარა”, – ყვება ეთერ კონცელიძე, რომელმაც სასწრაფო დახამრების ბრიგადა დედის დასახმარებლად გამოიძახა.

14713682_895000120634084_2525591608382395504_nეთერის თქმით, ერთი სატვირთო მანქანა მიწანარევი ხრეში წინასაარჩევნოდ დაყარეს მის სახლთან მისასვლელ გზაზე: “სოფლის დახმარების პროგრამით 4 500 ლარი იყო გამოყოფილი. წელს ითქვა, რომ ამ ფულით ჩემი და ჩემი მეზობლის სახლამდე მისასვლელი გზა უნდა გაკეთებულიყო. ორივეგან მიიტანეს ხრეში, ჩემს მეზობელთან დაყრილი ხრეში მოასწორეს და ასფალტიც დააგეს. მეგონა, რომ ჩემთანაც იგივეს გააკეთებდნენ, მაგრამ ჩემთან მხოლოდ ხრეში დაყარეს და წავიდნენ. ამბის მოკითხვა როცა დავიწყე, ამიხსნეს, რომ ტრაქტორს დანა გაუტყდა და ვეღარ იმუშავებდნენ. ვცადე ხრეშის ზვინი თოხით მომესწორებინა, მაგრამ მანქანა მაინც ვერ ახერხებს გავლას”.

ეთერ კონცელიძის თქმით, ტყეში მარტო ცხოვრება ძალიან რთულია. გზას, რომელიც მათ გარესამყაროსთან აკავშირებთ, პატარა ღელე აფუჭებს. “ოთხი მეტრი სიგრძის მილია საჭირო. თუ ამ ღელეს მილში მოაქცევ, გზა ასეთ დღეში აღარ ჩავარდება. ახალდაყრილ ხრეშსაც, როცა იქნება ეს ღელე გადარეცხავს – გაწვიმების მერე დიდდება”.

ეთერი დარწმუნებულია, რომ ის გენდერული ნიშნით დაიჩაგრა: “ჩემს ოჯახში კაცი რომ ყოფილიყო, ასე შუა გზაზე არ მიატოვებდნენ საქმეს. ფაქტობრივად, აბუჩად აგვიგდეს. რადგან ჩვენ კაცი არ გვყავს სახლში, ალბათ, იფიქრეს, რომ ჩვენი დაჩაგვრა შეიძლება”.

ეთერ კონცელიძის თქმით, სამუშაოების მოსანახულებლად მტირალას ეროვნული ტყე-პარკის ტერიტორიაზე ქობულეთის გამგებლის მოადგილეები – რატი მეგრელიძე და ირაკლი ცეცხლაძე იმყოფებოდნენ.

ირაკლი ცეცხლაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ “ამ ქალბატონს”, ანუ ეთერ კონცელიძის პირადად ესაუბრა: “მე ველაპარაკე გამგებლის [ქობულეთის] წარმომადგენელს და ვიცი, რომ იქ ხრეში გასწორებელი არ არის და ისიც მითხრეს, რომ იქ მანქანასაც შეუძლია ასვლა… წარმომადგენელმა ისიც მითხრა, რომ ტრაქტორს დანა გაუფუჭდა და ამიტომ ვერ გაასწორეს ბოლომდე ხრეში, მაგრამ როცა ის ადგილზე ავიდა, თოხებით ჰქონდათ იქაურობა მოსწორებული.

და რომც არ იყოს გასწორებული, ერთი მანქანა ხრეშისთვის ტრაქტორს ვერ ავიყვან: იქ არსებობს მოსახლეობა, რომელმაც კეთილი უნდა ინებოს, გამოვიდეს და მცირედი სამუშაო შეასრულოს. ჩემს სოფელში მე თვითონ ვასწორებდი როცა მსგავსი შემთხვევა იყო. როცა სასწრაფოს მანქანა ვერ ამოდის, არ უნდა შეგეზაროს და ნახევარი საათი ნიჩაბით უნდა წაიმუშავო სოფელში”.

ირაკლი ცეცხლაძის თქმით, ეთერ კონცელიძის პრეტენზიები უსაფუძვლოა: “მადლობა უნდა გადაიხადოს, ეს რომ მოვუხრეშეთ, რადგან ჩვენ ვხრეშავთ მხოლოდ შიდა სასოფლო გზას. ეს ქალბატონი ცოტა პრეტენზიულად იყო განწყობილი, ჩვენთანაც დარეკა, მთავრობაშიც. მუქარის ტონით გვითხრა, რომ ტელევიზიას დაუძახებს. ტელევიზიის დაძახებას, ჟურნალისტების დაძახებას ჯობია მეზობლის მამაკაცს თხოვოს და იმან გაასწოროს ერთი ნიჩაბი ხრეშე. თუ არ ყავს ასეთი მეზობელი, მე გავუშვებ ჩემს წარმომადენლებს და გავასწორებინებ ხელით, არ არის არც მაგის პრობლემა”.

ირაკლი ცეცხლაძეს “ბათუმელებმა” ჰკითხა გენდერული ნიშნით სავარაუდო ჩაგვრის შესახებაც, რაზეც გამგებლის მოადგილემ თქვა, რომ მისთვის უცნობია, რატომ მოხერხდა ერთ ოჯახთან მისასვლელი გზის მოშანდაგება-მოასფალტება და რატომ არ მოხერხდა იგივე სამუშაოს შესრულება ოჯახში, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ. ირაკლი ცეცხლაძის თქმით, მოასფალტების საკითხი სოფლის დახმარების პროგრამის ნაწილია, შესაბამისად, პრიორიტეტებს არჩევს სოფელ, რაში ჩარევის უფლებაც გამგეობას არ აქვს.

ირაკლი ცეცხლაძე ამბობს, რომ წელს 52 სოფელში გაანაწილეს ხრეში და უკვე მარაგიც ამოეწურათ. მისივე ინფორმაციით, ქობულეთში არც თუ ისე ცოტაა ისეთი დასახლება, სადაც მანქანით მისვლა შეუძლებელია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან