სტრასბურგის სასამართლომ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
14 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ომის დაწყება ისევ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა და თქვა: „ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც დადგა. მადლობა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ საჯარო მოსამსახურეს.
არაფერ შუაში არ არის ომის დაწყების საკითხთან ეს ყველაფერი, თავისი დანაშაული აქვს რუსეთის ფედერაციას და სწორედ ამაზე აიგო ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული საქართველოს სასარგებლოდ. როდესაც მათ ჰქონდათ საპასუხო ინტერვენცია, იქ დაირღვა კონკრეტული უფლებები და სწორედ ამ უფლებების დარღვევას ეხება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ“.
დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, რასაც 5-დღიანი ომი მოჰყვა. ამის მიუხედავად „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.
“ბათუმელები” ესაუბრა თეონა აქუბარდიას, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მოადგილეს და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრს.
- ქალბატონო თეონა, რას ნიშნავს, როცა რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმას და ომს, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი „საპასუხო ინტერვენციას“ უწოდებს?
ის რასაც კობახიძე საუბრობს, რომ ეს იყო „საპასუხო ინტერვენცია“ და ომი დაიწყო სააკაშვილმა, ანუ საქართველომ, ეს არის პირდაპირ კრემლის ვერსიის გამეორება. მიუხედავად სტრასბურგის არაერთი გადაწყვეტილებისა, 14 ოქტომბერს უკვე მეოთხედ მოვუგეთ რუსეთს სტრასბურგში აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
კობახიძე და ივანიშვილის რეჟიმი ოკუპანტის ინტერესებს ატარებენ საქართველოში. ოკუპანტს ათეთრებენ იმ აგრესიაში, რომლის შედეგებიც დღემდე დგას საქართველოს იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზთან.
ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი. ეს არ არის მხოლოდ კრემლის გამართლება აგვისტოს ომის ეპიზოდში. ესაა შემდგომი ნაბიჯის მომზადების წინა ეტაპი. 2008 წლის ომის შემდგომ რუსეთი ჟენევის ფორმატში ითხოვს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერას აფხაზეთთან და ცხინვალთან.
ერთის მხრივ, ერთპარტიული პარლამენტის რეზოლუციით, ისევე როგორც კობახიძის განცხადებებით, იქმნება საფუძველი, რომ მოხდეს ამ თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმება. მოხდეს აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს რუსეთს ერთის მხრივ უხსნის ხელს, რომ გააფორმოს ის გამარჯვება, რომელიც საქართველოში უკვე აქვს და მეორეს მხრივ – აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან სამი საელჩოს სახით, საუბედუროდ.

თეონა აქუბარდია
- სად ჩანს „ოცნების“ რუსული საქმე, უფრო დეტალურად თუ შეგიძლიათ რომ გვითხრათ?
არც ერთ ომს არ ჰქვია იმ ლიდერების სახელები, რომელ ქვეყნებს შორისაც არის ომი. მაგალითად, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას არ ჰქვია პუტინის და ზელენსკის ომი. შესაბამისად, როდესაც „ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ომი არა საქართველომ, არამედ სააკაშვილმა დაიწყო, მანიპულაციურად, ამით ცდილობენ გარკვეულწილად ბრალი გადაიტანონ საქართველოზე.
თავიანთ ამომრჩეველს აჯერებენ, რომ საქართველო და სააკაშვილი, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი იყო, არის ორი განსხვავებული ცნება.
ეს მანიპულაციური განცხადებები, შეგნებულად კეთდება. „ოცნების“ ამომრჩეველმა ღიად რომ არ დაინახოს, რომ ეს არის კრემლის ინტერესების გამტარი რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ტერიტორიაზევე აბრალებს ომის დაწყებას და არა რუსეთს, რომელიც შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელმაც დახოცა უამრავი მშვიდობიანი თუ უნიფორმიანი მოქალაქე და დღემდე აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების გატაცებას, წამებით მკვლელობას და ფუნდამენტური უფლებების აღკვეთას.
ეს გასდის რეჟიმს, რაშიც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ბრალეულობაც არის. ჩემი აზრით, ომთან დაკავშირებულ რიტორიკაზე და დეზინფორმაციაზე ადეკვატური, სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია ოპოზიციამ თავის დროზე არ ჩათვალა საჭიროდ.
- ოპოზიცია დღემდე თვლის, რომ სწორი სტრატეგია ჰქონდა, როცა ომის საფრთხეებზე არ ილაპარაკა. რადგან ფიქრობენ, რომ „ომზე ლაპარაკით პირიქით დაეხმარებოდნენ „ოცნებას“ პროპაგანდის გავრცელებაში“. თქვენ რას ფიქრობთ?
მე ვიყავი ერთადერთი დეპუტატი პარლამენტში ოპოზიციიდან, რომელიც ვეწინააღმდეგებოდი ამ, როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, მცდარ მოსაზრებას და ვსაუბრობდი ყოველთვის ამაზე, მათ შორის ვცდილობდი, რომ როგორც ერთ დეპუტატს, მათ საწინააღმდეგოდ არგუმენტებით მესაუბრა.
ამიტომ ვიყავი „ქართული ოცნების“ თავდასხმის ობიექტი არაერთგზის. მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ საუკეთესო მაგალითი ომის პროპაგანდასთან დაკავშირებით დღეს არის მოლდოვა, რომელსაც არც მეორე ფრონტი არ გაუხსნია, არც ომში ჩაუთრევია არავის რუსეთთან.
ივანიშვილის რეჟიმი რუსეთს, როგორც აგრესორს აქრობს თავისი რიტორიკით. აქრობს მათ შორის უკვე სამართლებრივი სივრციდანაც ერთპარტიულ პარლამენტში. მე ვფიქრობ, ჩვენ ამაზე აქტიურად უნდა გვესაუბრა. თუმცა დღესაც არ არის დაგვიანებული. დღეს კიდევ უფრო ნათლად ჩანს მოლდოვას მაგალითზე, რამდენად მანიპულაციურია „ოცნების“ პროპაგანდა ომთან დაკავშირებით.
მოლდოვა არც ომში ჩართულა, ევროკავშირში გაწევრიანებაზეც დაიწყო მოლაპარაკება, გაუმკლავდა არჩევნებში რუსეთის ჩარევას და გადაარჩინა ქვეყნის საგარეო და საშინაო ვექტორი მინიმუმ კიდევ ოთხი წლით.
- რა უნდა გააკეთოს ახლა ოპოზიციამ ან კრიტიკულად განწყობილმა საზოგადოებამ, რომ მათ, ვისაც არ სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსულ ორბიტაზე მიჰყავს ქვეყანას, რეალური სიტუაცია დაანახონ?
პროტესტის ერთი წლის თავზე ორი რამ არის თვალსაჩინო – „ღირსებით ევროპისკენ“ იყო ისეთივე ტყუილი, როგორიც ის, რომ „ქართული ოცნება“ არ არის პრორუსული ძალა.
ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ უფრო დავშორდით ევროპას, უვიზო რეჟიმის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და აღარ არის საუბარი ევროკავშირის წევრობაზე.
რაც შეეხება „ოცნების“ პრორუსულობას. ეს ჩანს იქ, როდესაც საკუთარ სამშობლოს აბრალებ ომის დაწყებას და არა რუსეთს, რომელიც თავს დაესხა საქართველოს.
რუსული საქმეა, როდესაც ოკუპანტს ბოდიშს უხდი ცალმხრივად. რუსული საქმეა, როდესაც რუსეთი ღიად გეუბნება, რომ სამ სახელმწიფოდ იქნება საქართველო და არა ერთიანად.
რუსული საქმეა, როდესაც შენს ფასეულ მეგობრებს თავს ესხმი და მტრად ეკიდები.
აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკა სამშვიდობო პოლიტიკაზე ჰქონდა დაყრდნობილი. მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო დონეზე აიღო ცალმხრივად ვალდებულება, რომ თავს არ დაესხმებოდა ოკუპირებულ ცხინვალს და აფხაზეთს. ასევე „ქართული ოცნება“ 2018 წლამდე, მიდიოდა ნატოსა და ევროკავშირისკენ, ატარებდა რეფორმებს და ჰქონდა პრაგმატული ურთიერთობები რუსეთთან.
დღეს შეცვლილია როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების, ისე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტი. საუკეთესო მაგალითი ამისი არის ჩვენი ორი მეზობელი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ამ ორმა ქვეყანამ მშვიდობა დაამყარა არა რუსეთის, არამედ პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით. სამხრეთ კავკასიის ორმა ქვეყანამ შეძლო რუსეთის გავლენებისგან გათავისუფლებულიყვნენ ამერიკელების და ევროპელების დახმარებით.
ამ ახალ უსაფრთხოების პარადიგმაში, როდესაც ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგი ყალიბდება, საქართველოს, მოლდოვის მსგავსად, ჰქონდა საუკეთესო შესაძლებლობა სწორად გამოეყენებინა ევროკავშირის ღია კარი.
შეგვეძლო მშვიდად წავსულიყავით წინ ამ გზაზე და ამასთან გამოგვეყენებინა ის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა.
ახლა ვხედავთ, რომ სამხრეთ კავკასიაში – ბაქოსა თუ ერევანში ჩამოდიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც გვერდს უვლიან საქართველოს. ვხედავთ, რომ საქართველო, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, აღარ მონაწილეობს შავი ზღვის სამიტზე. ვხედავთ მშვიდობის სამიტს ეგვიპტეში, სადაც ასევე არაა საქართველო. ეს ნიშნავს ერთ რამეს – სტრატეგიულად უმნიშვნელო როლი დაუტოვა ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს.
ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, როდესაც ყველაფერი გადანაწილდება, საქართველოს აღარ ექნება წინსვლის ის შესაძლებლობები, რაც ახლა, ამ მომენტში ჰქონდა. არადა ჩვენ შეგვეძლო ევროკავშირთან დაახლოება.
ევროკავშირის უდიდეს როლს თამაშობდა, მათ შორის, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების და ნდობის აღდგენის საკითხში.
დღეს თქვენ თუ შეხედავთ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებას და თითქოს არაოკუპირებულ თბილისში, პროცესები თითქმის ანალოგიურად ვითარდება. ვხედავთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრი როგორ საუბრობს იმაზე, რომ განსხვავებული აზრის გამო უნდა განდევნონ სკოლის მასწავლებლები და დირექტორები გალის სკოლებიდან. ჯაშუშებს ეძებენ და აკავებენ, მათ შორის, პედაგოგებს. ანალოგიური რიტორიკაა დღეს საქართველოშიც.
რადგან ეს კრემლის საერთო ხელწერაა და მას სამწუხაროდ ჰყავს დასაყრდენი, როგორც თბილისში, ისე ოკუპირებულ რეგიონებში.
და ამ ვითარებაში ერთადერთი პერსპექტივა, რაც ქვეყანას რჩება, ეს არის სახელმწიფოებად დაშლილ სუბიექტად რუსეთის გავლენის სფეროში დაკანონება, რასაც აუცილებლად წინააღმდეგობა უნდა დავუპირისპიროთ არა მხოლოდ პოლიტიკურმა სპექტრმა, არამედ ადამიანებმა და ამ წინააღმდეგობისთვის ინფორმაცია არის მძლავრი იარაღი.
დღეს ერთ-ერთი მთავარი იარაღი „ქართული ოცნების“ ხელში არის დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რომელიც კრემლის სახელმძღვანელოს პრინციპების შესაბამისად არის ერთ-ერთში გამეორებული საქართველოში და ის ჰიბრიდული ომი, რომელიც, სამწუხაროდ, რუსეთმა მოცემულ მდგომარეობაში საქართველოს წინააღმდეგ მოიგო რეჟიმის მხარდაჭერით და დახმარებით.






