მთავარი,სიახლეები

მეგონა, რომ დამივიწყებდნენ, რადგან რუსეთიდან ვარ – ანტონ ჩეჩინის წერილი ციხიდან

22.09.2025
მეგონა, რომ დამივიწყებდნენ, რადგან რუსეთიდან ვარ – ანტონ ჩეჩინის წერილი ციხიდან

საპროტესტო აქციების მონაწილე მეგი დიასამიძე ფეისბუქზე აქვეყნებს ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული ანტონ ჩეჩინის ციხიდან გამოგზავნილ წერილს.

„მე უკვე ციხეში ვარ და მომისაჯეს 8.6 წელი. ვაგრძელებ ბრძოლას რამდენადაც ეს შესაძლებელია. ყოველდღე გიყურებთ ტელევიზორში, გამოვტყდები, მეგონა, რომ დამივიწყებდნენ, რადგან რუსეთიდან ვარ, თუმცა ასე არ მოხდა. კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ვიღებ და თქვენი მხარდაჭერაც მინდა. იმედი მაქვს, მალე ყველანი შევხვდებით რუსთაველზე“ – წერს ანტონ ჩეჩინი.

ანტონ ჩეჩინს 2 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ჩეჩინი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდეს.

ანტონ ჩეჩინი საქართველოში 2022 წელს ჩამოვიდა. ფოტოგრაფიითა და ნუმიზმატიკით გატაცებული 26 წლის ანტონი ციმბირის ქალაქ ბარნაულიდანაა. საქართველოში გაიცნო მომავალი მეუღლე, მანჩო სამხარაძე. რუსეთი რეპრესიების გამო დატოვა, პუტინის რეჟიმის, ომის წინააღმდეგ გამოსვლების და შემდეგ დევნის გამო. იყო შემთხვევები, თითოკაციანი აქციებიც რომ გაუმართავს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართა კოლექტიური სარჩელით ამ დევნასთან დაკავშირებით და ის საქმე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სულ ცოტა ხნის წინ მოიგო კიდეც. ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა თავშესაფარი საქართველოში იპოვა და აქ დაფუძნდა, ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ პუტინს გადარჩენილი თავს ამოყოფდა „ქართული ოცნების“ ტყვეობაში.

„ჩემი აქტიურობა დაიწყო ციმბირში – მიტინგებში ვმონაწილეობდი პუტინის რეჟიმის, სისხლიანი ომისა და ციხეებში სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ. საქართველოში რეპრესიების გამო ჩამოვედი. მხარს ვუჭერდი უკრაინელებს, ვმონაწილეობდი „რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებში“, — წერდა იანვარში ციხიდან გამოგზავნილ წერილში ანტონ ჩეჩინი.

ამავე თემაზე:

ციმბირიდან „ოცნების” ციხეში — ანტონ ჩეჩინის საქმე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: