„რუსეთმა თავის თავს შეუქმნა საკმაოდ ჩიხური სიტუაცია: ომობს, ომობს და შედეგს ვერ აღწევს. არ არსებობს ნათელი ხედვა, როგორ უნდა მიაღწიოს რუსეთმა შედეგს,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. სამხედრო ანალიტიკოსი ისევ აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს.
ლაშა ბერიძის დაკვირვებით, ორივე მხარე იფიტება, თუმცა წარმატების მიღწევის შესაძლებლობა უკრაინას აქვს: რუსეთისგან განსხვავებით მოკავშირეები ჰყავს და მეორე: უკვე თავად ქმნის მაღალტექნოლოგიურ სამხედრო იარაღს.
ამასობაში, პოლონეთში ჩამოაგდეს რუსული დრონი. პოლკოვნიკი გვიყვება, რომ პუტინმა თავისი ჭკუით ევროპას პირი მოუსინჯა და მუშტი მიიღო ცხვირშიო.
„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:
- ბატონო ლაშა, პირველ რიგში, გვითხარით, რა სიახლეა უკრაინის ფრონტის ხაზზე?
გლობალური სიახლეები ფრონტის ხაზზე არ არის.
გარკვეული ტაქტიკური ცვლილებები ყოველდღიურად ხორციელდება, რა თქმა უნდა, მაგრამ სტრატეგიული და ოპერატიული გარემოსთვის რაიმე ცვლილება უკვე დიდი ხანია არ მომხდარა და მნიშვნელობა არა აქვს.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული ტერიტორიები, რომლებიც უკრაინელებს დროებით დაკარგული ჰქონდათ, დაიბრუნეს.
- რუსეთი დიდი ხანია ცდილობს კუპიანსკის აღებას, ისევ ვერ ახერხებს?
ვერა, რა თქმა უნდა. რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიები დაიკავოს, განსაკუთრებით დონეცკის ოლქში, მაგრამ უკრაინელები – შეიძლება თამამად ითქვას – საკმაოდ წარმატებულად ახერხებენ წინააღმდეგობის გაწევას, ტერიტორიების შენარჩუნებას. ზოგიერთ შემთხვევაში კი, უკანაც იბრუნებენ.
ეს გრძელი, მომქანცველი ომია. ასეთი ეპიზოდი ბევრი იქნება. ამ ტაქტიკური სიტუაციის აღწერა ძალიან რთულია.
- რადგან ხელშესახებ წარმატებას რუსეთი ვერ აღწევს, ამიტომაც თავს ესხმის პერიოდულად უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით? წუხელ დონეცკსა და ზაპოროჟიეში კიდევ 5 ადამიანი დაიღუპა, 7 – დაშავდა.
ორ წელზე მეტია ამას ვუყურებთ. ეს არის მასიური თავდასხმა სოფლებზე – სადაც დაუცველ ადგილს დაინახავენ რუსები, მშვიდობიანი მოსახლეობა იქნება ეს თუ სტრატეგიულ ობიექტები, კომბინირებულ თავდასხმას აწყობს უპილოტო საფრენი მოწყობილობებით და სარაკეტო დარტყმებთან შეწყვილებული.
რუსეთის სტრატეგიული განზრახვა არის უკრაინის დაპყრობა, რაც ამ ეტაპზე, ძალიან არარეალისტურია. როგორც ჩანს, რუსეთის პროგრამა მინიმუმია, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავება, განსაკუთრებული პრიორიტეტია დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, რათა შემდეგ ეს კონფლიქტი გაიყინოს.
ამავდროულად, რუსეთმა კონფლიქტის გაყინვაზეც უარი თქვა. მას თავისთვის ხელსაყრელი პირობები არ აქვს. რაციონალური მიდგომა არ არის რუსეთის მოქმედებაში.
უკვე ისეთი მასშტაბები აქვს ამ ომს, რომ ერთი სოფელი აქეთ, ერთი ქალაქი – იქეთ, არსებითად არ ცვლის სიტუაციას. ტაქტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიმართულებაზე ბრძოლა გაგრძელდეს, მაგრამ ეს ჯერჯერობით სტრატეგიულ სურათს არ ცვლის.
- რატომ შეიძლება აწყობდეს პუტინს ნებისმიერ ფასად ამ ომის გაგრძელება?
ლოგიკურად არ აწყობს.
იყო კიდეც შეთავაზება ცეცხლის შეწყვეტა პირობების გარეშე და ამ შემთხვევაში ეს კონფლიქტი გაიყინებოდა. რუსეთს, წესით, რაციონალურად უნდა აწყობდეს ეს სიტუაცია, მაგრამ უარი თქვა ყველანაირ ცეცხლის შეწყვეტაზე, აგრძელებს წამგებიან, მომქანცველ, გრძელ ომს. აქ რაციონალური აზროვნება ჩემთვის არ შეიმჩნევა.
- თქვენი აზრით, არ უღირს პუტინს ამ ომის პოლიტიკურად შიდა აუდიტორიაში გაყიდვა ცნობილი გზავნილებით, რომ აი, თითქოს რუსეთი იბრუნებს იმპერიულ გავლენებს?
მაგრამ ასეთი გრძელი ომი დიდ სახელმწიფოს არც ერთხელ არ მოუგია. ვერც რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს. პუტინს რეალურად თავისი ქვეყანა მიჰყავს ძალიან დიდი რეგრესის გზაზე. რასაც რუსეთი მოგებას ეძახის – ვერ მოიგებს.
პროპაგანდისტების დონეზე: ერთი სოფლის აღებას მოგებას და გამარჯვებას დაარქმევს, თუ არ დაარქმევს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
რაც უფრო დროს წელავს და აღიზიანებს დასავლეთს, უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ უკრაინამ უფრო მეტი დახმარება მიიღოს. მეტი დახმარების მიღების პირობებში კი, რუსეთს ნამდვილად არ აქვს რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა. მას აქვს მხოლოდ რაოდენობრივი უპირატესობა, ხარისხში კი, ნამდვილად არა. რუსეთი ტექნოლოგიურად ჩამოუვარდება მოწინააღმდეგეებს. ამ ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა რაღაც ახალი, გარღვევა ვერ შემოგვთავაზა, პირიქით – ვხედავთ რეგრესს, თან სერიოზულ რეგრესს.
რუსეთმა თავის თავს შეუქმნა საკმაოდ ჩიხური სიტუაცია: ომობს, ომობს და შედეგს ვერ აღწევს. არ არსებობს ნათელი ხედვა, როგორ უნდა მიაღწიოს შედეგს. შედეგის მიღწევა არ არის საკუთარი ხალხის ამოხოცვის ხარჯზე ძალიან უმნიშვნელო წინსვლა ხომ?
არანაირი რეალისტური გათვლები აქ არ არის. სურვილი და ჟინია, რომ აი, უკრაინა უნდა დავიპყროთ! მაგრამ იმ ჟინს რომ აღსრულება სჭირდება და იმ აღსრულებას რომ შესაბამისი რაღაცები სჭირდება – ამას ვერ ვხედავთ.
- ტრამპი ამბობს, პუტინმა მართლა მიღალატაო, თუმცა იტოვებს იმედს, რომ ეს კონფლიქტი მოგვარდება. რას აჩვენებს ტრამპის მორიგი გზავნილები რუსეთ-უკრაინის ომზე?
ტრამპი ცდილობს, თავისი საარჩევნო მესიჯი შეასრულოს და რაც შეიძლება დისტანცირება გააკეთოს ამ ომისგან.
ტრამპს ძალიან კარგად ესმის ისიც, რომ დისტანცირებას ვერ გააკეთებს, თუ უკრაინისთვის საქმე არ წავა კარგად. ამიტომ იმ დახმარების გაწევა, რაც საჭიროა, უწევს მინიმალურად.
ტრამპი, რა თქმა უნდა, ცდილობს, რაღაც პირობებით შეათანხმოს ეს ორი მხარე. უკრაინას მთელი ევროპა და დასავლეთი უდგას გვერდში, მას სერიოზული მოკავშირეები ჰყავს, ამიტომ რანაირადაც არ უნდა სცადოს ტრამპმა უკრაინის დათმობის ხარჯზე მშვიდობის მიღწევა, არ გამოუვა. ტრამპი რუსეთს ვერ ათმობინებს ვერაფერს – მას იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი რაციონალურად მიუდგებოდა საქმეს და მის შეთავაზებას მიიღებდა. ამით ტრამპი მშვიდობას დაამყარებდა და პოლიტიკურ კრედიტს დაიწერდა. რამდენად კარგი იქნებოდა ასეთი მშვიდობა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არ ვიცი, მაგრამ ამას განახორციელებდა ტრამპი.
რაც დრო გადის, ტრამპს ფრუსტრაცია ემართება, თუმცა ტრამპი თავისებური პოლიტიკოსია, ამის გაყიდვასაც შეძლებს: აი, მე ვცადე, რამდენჯერმე ვცადე, ყველაფერი ვქენი, მაგრამ რა ვქნა, არ გამოვიდა, იომოს უნდა უკრაინამ!
უნდა თუ არა ტრამპს, იგი უკრაინის მოკავშირეა და ევროკავშირს ვერ მიატოვებს, ეს ევროპული უსაფრთხოების საკითხია.
ეს იოლი არ იქნება: სერიოზული პოლიტიკური პინგ-პონგის ყურება მოგვიწევს, მაგრამ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ალბათ გაზრდის კიდეც დახმარებას, თუმცა ჯერჯერობით არ არის ეს გადაწყვეტილი. აშშ ეცდება სხვა სახის სანქციები დაუწესოს რუსეთსა და მის მოკავშირეებს.
- ლატვიაშიც იპოვეს რუსული დრონის ნაწილი, მანამდე პოლონეთში გამოჩნდა რუსული უპილოტო საფრენი აპარატი, რაც ჩამოაგდეს და ნატომ დაიწყო ოპერაცია „აღმოსავლეთის გუშაგი“. ნატოს წევრ ქვეყნებთან რუსეთის რა განზრახვა იკითხება ამ ქმედებაში?
ასეთი ომის შემთხვევაში ყოველთვის არის იმის ალბათობა, რომ ერთი-ორი დრონი ასცდეს მიზანს და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადავიდეს, თუმცა ის შეტევა, რაც პოლონეთზე განხორციელდა, არ იყო შემთხვევითობა. მე არ ვიტყვი, რომ ეს მიზანმიმართული შეტევა იყო, მაგრამ ეს იყო, ასე ვთქვათ, დაშინება, გამოცდა: როგორი რეაგირება ექნებოდა პოლონეთს? როგორი რეაგირება ექნებოდა ნატოს?
რუსეთმა მკვეთრად დაინახა, რომ პოლონეთი, რუმინეთი, ნატოს ქვეყნები არ არიან ის ქვეყნები, რომლებსაც ადვილად შეაშინებ და აქვთ რესურსები, ტექნოლოგიები და ყველაფერი რუსული დრონები იქნება თუ რაკეტები, ჩამოყარონ დროულად.
რუსეთი ისე აკეთებს ამას, თითქოს შემთხვევით მოხდა, პირი მოუსინჯა და მიიღო მუშტი ცხვირში. კიდევ თუ მოსინჯავს, კიდევ მიიღებს. შემდეგში მუდმივ რეაგირებაში იქნებიან ქვედანაყოფები, რომლებიც გაანეიტრალებენ რუსეთის ნებისმიერი თავდასხმას, რომელიც შეიძლება ნატოს ქვეყანაზე განხორციელდეს დრონებით ან სხვა სარაკეტო საშუალებებით, რომელიც ვითომ შემთხვევით გადმოვარდა. ეს იქნება საჰაერო ძალები თუ საჰაერო თავდაცვის ძალები.
- ამასობაში, რამდენად ძლიერდება უკრაინის სამხედრო მრეწველობა?
უკრაინამ ბევრი რამის წარმოება დაიწყო და ბევრ მიმართულებაზე წარმატება აქვს. ვნახავთ, ბალისტიკურ რაკეტებზე როგორი შედეგი ექნება.
რაც შეეხება უპილოტო საფრენ თუ სახმელეთო მოწყობილობებს, საკმაოდ წინ არის უკრაინა წასული – უკვე ბევრ ძალიან განვითარებულ ქვეყანას უსწრებს. რაც მთავარია, უკრაინელებმა იპოვეს ოქროს შუალედი – იაფად აწარმოონ ძალიან მაღალტექნოლოგიური შეიარაღება. უკრაინა საკმაოდ კარგ დახმარებას იღებს ევროპული ქვეყნებიდან ამ მიმართულებით და ვიხილავთ კიდეც სხვა სახის შეიარაღებებს უკრაინის მიერ წარმოებულს, თუ აღდგენილს.
ამ ომამდე და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინას სერიოზული სამხედრო მრეწველობა ჰქონდა – არანაკლებ, ვიდრე რუსეთს. უბრალოდ, კორუფციის და იანუკოვიჩის რეჟიმის გამო, რომელსაც რუსეთი აკონტროლებდა, ფაქტობრივად ეს სისტემა იქნა მორღვეული. ახლა უკვე ამის კონსოლიდაცია მიდის და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შეძლებენ უკრაინელები ომის პირობებშიც კი, ბევრი რამ თვითონ აწარმოონ.
- თქვენ არაერთხელ თქვით, რომ ამ ომის ბედი იმაზეა დამოკიდებული, ვინ გამოიფიტება პირველი. რა ჩანს რესურსების გამოფიტვის კუთხით?
რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ: ორივე მხარე იფიტება, მაგრამ ასეთ ომში ყოველთვის უჭირს დიდ სახელმწიფოს, მას გაცილებით მეტი პრობლემები აქვს…
რუსეთი მოკავშირეების გარეშეა. ჩრდილოეთ კორეას თუ არ ჩავთვლით, რუსეთს რეალური მოკავშირე არ ჰყავს – ყველა ცდილობს, რაღაც სარგებელი მიიღოს დასუსტებული რუსეთისგან.
უკრაინას კი, ჰყავს რეალური მოკავშირეები, რომლებიც დაინტერესებული არიან უკრაინის უსაფრთხოებით: უკრაინის უსაფრთხოება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებას!
- ძლიერი მოკავშირეების ყოლა, თქვენი დაკვირვებით, ახლა ამ ომში წარმატების მიღწევის მთავარი პირობა?
რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა, თუმცა მარტო მოკავშირეობა არ არის წარმატების პირობა – ბრძოლაა საჭირო და ვხედავთ, უკრაინელები როგორ იბრძვიან.
დღევანდელ სამყაროში ყველას სჭირდება მოკავშირე. გახსოვთ ავღანეთის ოპერაცია, ერაყის ოპერაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც – ამხელა სამხედრო არსენალის მიუხედავად – დასჭირდა მოკავშირეების არსებობა.
რუსეთს ვითომ ჰყავს მოკავშირეები, მაგრამ არ ჰყავს რეალურად. ეგ არის მაგის პრობლემა.
რუსეთი ვერც საქართველოს ხელისუფლების მოკავშირე იქნება, რადგან ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. შეიძლება, ის იმორჩილებს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ მასთან აქვს ვასალური დამოკიდებულება, მაგრამ მოკავშირე ვერ იქნება.






