მთავარი,სიახლეები

თუ ბორკილებს დასჯის გამო ადებს პოლიცია დაკავებულს, ეს არაადამიანური მოპყრობაა – ინტერვიუ

19.09.2025
თუ ბორკილებს დასჯის გამო ადებს პოლიცია დაკავებულს, ეს არაადამიანური მოპყრობაა – ინტერვიუ

„როცა დაკავებული ადამიანი იზოლირებულია და მისი გაქცევის არანაირი საფრთხე არ არსებობს, ამ დროს ხელბორკილების გამოყენება უტოლდება შეურაცხმყოფელ, არაადამიანურ მოპყრობას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იოსებ ედიშერაშვილი. იგი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანალიტიკოსია და ბორკილების დადების პრაქტიკაზე ვესაუბრეთ: ხომ არ ჩანს „ოცნების“ პოლიციის განზრახვა, სასტიკად და დამამცირებლად მოექცეს განსაკუთრებით პროევროპულ პროტესტთან დაკავშირებულ ადამიანებს?

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ კალაძის ბანერზე წარწერის გაკეთების გამო დაკავებულ მეგი დიასამიძეს ტრანსპორტირების დროს 9 საათი ჰქონდა ხელები ზურგს უკან შეკრული, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი კი, პოლიციის შენობაში, პოლიციელების გარემოცვაში დაახლოებით 2 საათი ბორკილდადებული ჰყავდათ.

რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციას დაკავებულისთვის ბორკილების დადება? – „ბათუმელებმა“ საიას ანალიტიკოსთან იოსებ ედიშერაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო იოსებ, კალაძის ბანერზე წარწერის გამო დაკავებულ 23 წლის გოგოს, ტრანსპორტირების დროს, ზურგს უკან 9 საათი ჰქონდა ბორკილებით ხელები შეკრული. ჟურნალისტ მზია ამაღლობელს კი, პოლიციის შენობის მესამე სართულზე, პოლიციელების გარემოცვაში, ზურგს უკან შეუკრეს ხელები… ეს არის „ოცნების“ რეჟიმის სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობის დემონსტრირება სინდისის პატიმრების მიმართ

ხელბორკილების დადება აპრიორი არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, მაგრამ თუ შევხედავთ საერთაშორისო პრაქტიკას და სასამართლოს პრაქტიკას, ეს აჩვენებს, რომ ხელბორკილების გამოყენება მაშინ შეიძლება, როდესაც ეს არის მკაცრად აუცილებელი: ადამიანი არ უნდა დარჩეს რისკის ქვეშ, გაიქცეს, ან სხვას მიაყენოს ზიანი.

როდესაც მსგავსი საჭიროება არ არის დადგენილი, ხელბორკილების დადება შესაძლებელია იყოს ადამიანის უფლებების დარღვევა. განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი ხნის განმავლობაში ხდება ბორკილების დადება და განსაკუთრებით ზურგს უკან. შესაძლებელია, ეს იყოს ადამიანის უფლებების დარღვევა, რაც არის ყოვლად მიუღებელი.

იოსებ ედიშერაშვილი

ერთ-ერთ საქმეზე თურქეთის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც დიდი ხნის განმავლობაში ედო ადამიანს ბორკილები, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს დარღვევაა. შემთხვევა, როდესაც 9 და 10 საათი ედო დაკავებულ ბორკილები და ამის არანაირი საჭიროება არ იყო, შესაძლებელია იყოს მესამე მუხლის დარღვევა. ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა.

თურქეთის წინააღმდეგ საქმეზე, რაზეც 2018 წელს არის მიღებული გადაწყვეტილება, იყო საუბარი, რომ, თუკი სისტემურად ხდება ხელბორკილის გამოყენება შესაბამისი საჭიროების გარეშე და განგრძობითად, ეს არის მესამე მუხლის დარღვევა.

წინა არჩევნების შემდგომი აქციების დარბევების დროს გვქონდა კვლევა. გვქონდა შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ზურგს უკან უბოჭავდნენ ხელს და უბოჭავდნენ ხამუთებით – ხელბორკილითაც არა. ეს დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ხელებშეკრულ ადამიანებზე შემდეგ ძალადობდნენ. ეს, რა თქმა უნდა, არის დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი მოპყრობა და ზოგ შემთხვევაში შეიძლება წამებასაც გაუტოლდეს.

  • ჩანს განსაკუთრებული მიდგომა პროევროპული აქციის მონაწილეების მიმართ?

ადამიანები, რომლებიც აქციებში მონაწილეობენ, მომეტებული რისკის ქვეშ არიან, რომ მათი უფლებები დაირღვეს, გახდნენ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი.

ჩვენ ასევე ვხედავთ იმას, რომ, როგორ უგულებელყოფს პოლიცია აქციის მონაწილეებზე თავდასხმას, როცა მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობდნენ პოლიციელების თვალწინ და ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

როცა დაკავებული ადამიანი იზოლირებულია და მისი გაქცევის არანაირი საფრთხე არ არსებობს, ამ დროს ხელბორკილების გამოყენება უტოლდება შეურაცხმყოფელ, არაადამიანურ მოპყრობას.

მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც არ არსებობდა არანაირი საფრთხე, რომ ის გაიქცეოდა, ან ვინმეს ზიანს მიაყენებდა. იქ იყო ბევრი სხვა გარემოებაც, რაც ადასტურებს მესამე მუხლის დარღვევას [წამება, ან არაადამიანური მოპყრობა].

  • ბორკილდადებულ ბრალდებულებს ხშირად დიდი ხნით აჩერებენ ასევე სასამართლოების ფოიეში, ვიდრე სასამართლო სხდომა ჩატარდება. ამ დროს ბორკილდადებულ ბრალდებულს, რომელიც შეიძლება საბოლოოდ სასამართლომ გაამართლოს, ნახულობს ყველა. არის ეს დარღვევა?

ადამიანის ხელბორკილებით ტარება, მით უმეტეს, დიდი ხნის განმავლობაში, შეიძლება აღწევდეს შეურაცხმყოფელ ქმედებას. როცა დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებენ და ყველა შენ გიყურებს – ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ეს უკვე შეიძლება იყოს მესამე მუხლის დარღვევა.

კარგი პრაქტიკა ეს – რაც შეიძლება ცოტა ხანს იყოს ადამიანი შებოჭილი. ადამიანებს არ უნდა იყვნენ ხელბორკილებით საჯაროდ, რომ ყველამ დაინახოს.

  • რას ამბობს კანონი ამ კუთხით? მზია ამაღლობელის შემთხვევაში მოწმე პოლიციელებმა თქვეს, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა აქვთ – ბრალდებულს ბორკილებს უკეთებენ.

ხელბორკილების გამოყენება უნდა დასაბუთდეს. ის არ უნდა ემსახურებოდეს ადამიანის დასჯას. თუ დასჯის გამო ადებენ ადამიანს ბორკილებს, ეს არაადამიანური მოპყრობაა, ასევე თუ სამედიცინო პრობლემის მიუხედავად მაინც უკეთებენ ბორკილს.

ხელბორკილის დადება ადამიანის თავისუფლების შეზღუდვაა და თითოეული შემთხვევა უნდა დასაბუთდეს: რატომ იყო საჭირო მისი გამოყენება, ან მისი განგრძობითად გამოყენება რატომ არის სავალდებულო? მინდა და დაგადე ხელბორკილი – ეს მიდგომა ნამდვილად მიუღებელია.

როცა საპროტესტო აქციების დროს ხელბორკილდადებულებს სცემდნენ ცალსახაა, რომ დასჯის გამო უკეთებდნენ  ბორკილებს. ეს არის წამება, ან დამამცირებელი მოპყრობა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: