ბათუმში ორმა უსახლკარო დედამ დღეს, პირველ სექტემბერს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია გამართა. ისინი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ითხოვენ შეხვედრას, ერთი თვის წინ განცხადებაც დაწერეს მასთან შეხვედრის მოთხოვნით, მაგრამ აჭარის მთავრობა უსახლკარო ადამიანებს ყურადღებას არ აქცევს.

მაგული ფუტკარაძე და მზიური ბალაძე მარტოხელა დედები არიან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები ჰყავთ.

„არის მარტო კლანები, მათი ნათესავები და მეგობრები, მეტი არავინ აინტერესებთ. განცხადება დავწერე თამაზაშვილის სახელზე ერთი თვის წინ, ვინმემ დამირეკა?“ – კითხულობს მაგული ფუტკარაძე.

მზიური ბალაძე და მაგული ფუტკარაძე

მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში წლებია მთავრობის ყურადღებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე აჭარის მთავრობას ან ბათუმის მერიას უსახლკაროებისთვის ცალკე პროგრამა არ შეუქმნია. ამ ადამიანებს შორის არიან მარტოხელა დედები, შშმ პირები, სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული პირები და ძალადობის მსხვერპლი ქალები.

მზიური ბალაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მას, სხვების მსგავსად, თვითნებურად არ დაუკავებია სახელმწიფო საკუთრება, როგორც ეს, მაგალითად, „ოცნების ქალაქში“ მოხდა – „ოცნების ქალაქის“ სქემა პარტია ქართულმა ოცნებამ 2021 წლის თვითმმართველობის და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოიყენა.

„ოცნების ქალაქში“ რომ დასახლდა ხალხი, ონკოლოგიურში ვიწექი, ოპერაცია გავიკეთე. ამ დასახლებაში თვითნებურად დაკავებული ბინებიც იყიდებოდა და რამაზ ჯინჭარაძეს [ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე] ვუთხარი, ვისესხებ ფულს და ვიყიდი, თუ დამიკანონებთ-მეთქი. ასე მიპასუხა, არა, ყველას გამოვასახლებთ მაქედანო,“ – გვიყვება მზიური ბალაძე.

„საბოლოოდ იქ ისეთმა ოჯახებმაც მიიღეს ბინები, რომლებიც უსახლკაროები არ იყვნენ, მე კი, ქირა ვეღარ გადავიხადე და წლებია ახლობლის ბინაში ვცხოვრობ.

როცა ფეხმძიმე ვიყავი, ქირის გადაუხდელობის გამო მეპატრონემ ჩამიკეტა კარი, ქუჩაში ვიმშობიარე… ის ბავშვი გაიზარდა, მე სამართალი ისევ ვერსად ვიპოვე.

პროევროპულ აქციებზე დავიწყე სიარული და მითვლიდნენ, აქციებზე ნუ დადის, რაღაც იქნებაო. მე ზეწოლის არ მეშინია, ამ უსამართლობას ვერ ვუყურებ, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში.

ჩემი დანაშაული ისაა, რომ 2012 წელს „ოცნებას“ დავუჭირე მხარი,“ – გვითხრა მზიური ბალაძემ.

„უფსკრულისკენ მიდის ქვეყანა.

ჩვენთვის, უსახლკარო ხალხისთვის არაფერი არაა, კლანები ცხოვრობენ მარტო, დამსვენებელი შემოდის და „გულაობს“, მე უნდა ვიყო ჩაკეტილი ფსიქიატრიულის საცხოვრისში,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე. ის თავის შვილთან ერთად დროებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ შეასახლა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე მოქალაქეებისთვის განკუთვნილ საცხოვრისში. საუბარია პაციენტებზე, რომლებსაც არ სჭირდებათ სტაციონარში მოთავსება, მაგრამ სჭირდებათ მოვლა.

„ჩემს შვილსაც აქვს მოშლილი ნერვული სისტემა, მაგრამ ისე არაა, რომ მუდმივად სჭირდებოდეს ასეთ სახლში დარჩენა, მე კიდევ აღარ შემიძლია იქ ცხოვრება… იქაც მეუბნებიან, აღარაა თავისუფალი ადგილი, უნდა დაცალო აქაურობაო. ძალიან მძიმე ასე ცხოვრება.

გიორგი მურვანიძეს [ყოფილი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი] შევხვდით და გვითხრა, მე ბინები თაროზე ხომ არ მაქვს შემოდებულიო, მეორე დღეს კი, ერთ ახალგაზრდა ოჯახს გადასცა ბინა 130 კვადრატული მეტრი, პლუს სარემონტო ფული მისცა. მე კი ქირითაც არ გამიყვანეს, ქირის ფულიც არ მომცეს.

ემიგრაციაში ვიყავი წლებია, საქართველოში ფეხის დადგმა მენატრებოდა. ჩამოვედი და შვილი გამიხდა ავად, 20 კვადრატულს ვიხვეწები. მოვალ აქ და კარავს გავშლი, სად წავიდე აბა?! ავადმყოფ შვილთან ერთად სად ვიცხოვრო?“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე.

რატომ არ შეხვდა სულხან თამაზაშვილი უსახლკარო დედებს და რას სთავაზობს აჭარის არალეგიტიმური მთავრობა მათ? – „ბათუმელები“ აჭარის მთავრობის პრესცენტრს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

ამ თემაზე:

უსახლკარო, რომელიც მთავრობასთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა: „ოცნება“ 12 წელია გვატყუებს, აღარ მოვტყუვდებით

Exit mobile version