დღეს, 15 აგვისტოს, 26 წლის მუსიკოსი, სინდისის პატიმარი, დავით ხომერიკი საბოლოო სიტყვით წარდგა სასამართლოს წინაშე.
პროკურატურა დავით ხომერიკს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18/229-ე მ მუხლების დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს „ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის, ან ნივთიერების გადატანა, განთავსებას“. გამოძიების ვერსიით, მას ჩანთაში უპოვეს ბოთლები, აალებდი ნივთიერება და სხვა ნივთები, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილის“ გამზადებისთვისაა საჭირო. დავით ხომერიკი ბრალს არ აღირებს.
„პირველ რიგში, თედოს [თედო აბრამოვი, სინდისის პატიმარი, რომელიც დღეს, 15 აგვისტოს სასამართლომ უდანაშაულოს ცნო] ამბავი ძალიან გამიხარდა. ვულოცავ მას თავისუფლებას. ახლა, ალბათ, ის ყველაზე თავისუფალი ადამიანია”, – ასე დაიწყო დავით ხომერიკმა საბოლოო სიტყვის წარმოთქმა და სასამართლო დარბაზს აჩვენა სამაჯური, რომელიც მას თედო აბრამოვმა აჩუქა.
დავით ხომერიკმა მოსამართლეს წინასწარ დაწერილი სიტყვის წაკითხვის ნებართვა სთხოვა.
„ბათუმელები“ გთავაზობთ დავით ხომერიკის დასკვნით სიტყვას შემოკლებით [სრული სიტყვის ჩაწერას ჟურნალისტები სასამართლო დარბაზში, ძირითადად, ვერ ახერხებენ, რადგან, „ოცნების“ გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზებში ვიდეო/აუდიო/ფოტო მასალის მომზადება აიკრძალა].
„სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ ახლა ყველა, სადაც სიმართლე ყველა დაგვავიწყდა, ხოლო სამართალი კიდევ უფრო რთული და ძნელად საპოვნელი გახდა.
ჩვენ დიდი ხანია, რაც ამ ბრძოლაში ჩავებით ჩვენი საერთო სატკივრისა და ღირებულებების გამო, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ვიცხოვროთ ისეთ სამართლიან, მშვიდობიან და თავისუფალ ქვეყანაში, რომელსაც ქართველი ხალხი უკვე დიდი ხანია იმსახურებს.
ერთადერთი გზა კი ამ ყველაფრის მისაღწევად, ეკლიანი გზის გავლაა…
დიახ, ეს ზუსტად ის მიზეზებია, რის გამოც ჩვენ დღეს ციხეში ვართ და ვერ გაგვიგია, თუ რატომ უნდა იჩაგრებოდნენ ადამიანები იმის გამო, რომ მათ უბრალოდ ხმა ამოიღეს და პროტესტი გამოხატეს ძალადობისა და უსამართლობის მიმართ.
მე ბავშვობიდან ქრისტიანულ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც ყოველთვის მასწავლიდნენ სიყვარულს, სიკეთესა და ერთმანეთის პატივისცემას და მე დღემდე არ გადამიხვევია ამ მცნებებისათვის.
ამაში უკეთ გასარკვევად მე მუსიკა დამეხმარა.
სწორედ მუსიკა და ხელოვნება აღმოჩნდა ჩემთვის მთავარი რამ, რითაც შემეძლო ჩემი ტკივილი და პროტესტი გამომეხატა. და ახლაც მჯერა, რომ მუსიკა მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი საწინდარია.
….რაც შეეხება ჩემს პროტესტს – ამას ყოველთვის მშვიდობიანად გამოვხატავდი, ისე, როგორც შემეძლო. ყველაზე ხშირად კი ამას ჩემი მუსიკითა და სიმღერით ვაკეთებდი, საჯარო, სიტყვით გამოსვლები არასდროს მიყვარდა.
თუმცა, ხანდახან არის მომენტები, როდესაც სიჩუმე დაუშვებელია, რადგან ამან შეიძლება უფრო მეტად დაგვაზიანოს.
ყველაფერი სწორედ 20 ივნისს, ეგრეთ წოდებული „გავრილოვის ღამით“ დაიწყო, როცა ხალხი გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდა ჩვენს ქვეყანაში.
იმ აქციების დროს, მთავრობა და ძალოვანი სტრუქტურები აქციაზე შეკრებულ ხალხს სასტიკად და ძალადობრივად გაუსწორდნენ. ამ ჯალათური დარბევების დროს დაზიანდნენ აქციაზე მყოფი ჩემი მეგობრებიც, რომლებსაც სახის არეში ძალოვანი ჯგუფების მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები მოხვდათ, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა მათ ჯანმრთელობაზე.
20 ივნისის შემდეგ აქციები თითქმის აღარ შეჩერებულა და რუსთაველის გამზირი ნამდვილ ომის ველად იქცა. იქ ყოფნისას ყოველთვის იმის განცდა მრჩებოდა, რომ საიდანღაც ისევ რეზინის ტყვიებს გაისვრიდნენ. …სამწუხაროდ, ამ უბედურების მთავარი გამომწვევი და პროვოკატორი ჩვენივე ქვეყნის მმართველი ხელისუფლებაა, რომელმაც არაერთხელ ძალადობრივი გზა აირჩია თავისივე ხალხის წინააღმდეგ.
მათ ეშინიათ ჩვენი ერთიანობის, რადგან იციან, რომ სიმართლე ხალხის მხარესაა. ისინი არათუ სიკეთესა და მშვიდობას თესავენ ჩვენს ქვეყანაში, არამედ პირიქით, წამლავენ და ბოროტებას უწყობენ ხელს.
რაც შეეხება ჩემს, პროკურატურის მიერ ამ შეთითხნილ და გამოგონილ ბრალდებას.
კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რასაც აქამდე ვამბობდი – ეს არის აბსურდი და აბსოლუტური სიცრუე და რა თქმა უნდა, მე არ ვაღიარებ დანაშაულს, რომელიც მე არ ჩამიდენია.
პროკურატურას არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია ჩემთვის ბრალის დასამტკიცებლად. საქმეში არცერთი ვიდეო მასალა, არც ნივთმტკიცება, არც დაზარალებული და არც რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ ფიგურირებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, პროკურორი ბრალს მდებს ყოველ მეორე წინადადებაში და იცავს და იმეორებს იმავე რაღაცას, რაზეც მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და რომელზეც ინფორმაციას არ ვფლობ.
ბრალდების მხარეს ასე მოჰყავს მოწმეები სრულად დაზეპირებული, ერთი და იგივე ფრაზებით… მათ უმეტესობას სახეზე ვერც ვცნობ, ხოლო ნაწილს პირდაპირ დანაშაული აქვთ ჩადენილი.
პატივცემულო მოსამართლე, თქვენო ღირსებავ! ყველაფერს მიუხედავად, მე მაინც მრჩება იმედი, რომ ამ ყველაფერს სასამართლო გაითვალისწინებს და ობიექტურ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე მესმის, რომ შეიძლება თქვენც იძულებულს გხდიდნენ, რომ აქციაზე დაკავებული მოქალაქეების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოგატანინონ, მაგრამ ეს ხომ თქვენი ბრძოლაცაა სასამართლოს სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის.
ჩემი თხოვნა იქნება, რომ იყავით ბოლომდე დამოუკიდებელი, რომ ხალხს დაუბრუნდეს სასამართლოს რწმენა და სჯეროდეს მისი სამართლიანობის.
ხალხი იმსახურებს ამას, ხალხი იმსახურებს სამართალს, ხალხთან ერთად კი ქვეყანა – მშვიდობასა და თავისუფლებას.
ბოლოს მინდა ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, უცნობებსაც და ნაცნობებსაც, ყველას ერთად მოგმართოთ – თქვენ ჩემი იმედის ვარსკვლავები და სხივები ხართ.
თქვენგან წამოსული სიყვარული ჩემთვის უძვირფასესია.
ამიტომ, ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა მოხდეს, მეც ძალიან მიყვარხართ და გახსოვდეთ, რომ ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი სათათბიროდ გავიდა. დარბაზიდან გაიყვანეს დავით ხომერიკიც. დარბაზი ელოდება დავით ხომერიკის განაჩენს.
განახლებული ინფორმაცია:
მოსამართლე ნინო გალისტაშვილმა 26 წლის მუსიკოსს, დავით ხომერიკს 4,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.






