მზია ამაღლობელის საერთაშორისო ადვოკატი კილან გალაჰერი აცხადებს, რომ მზია ამაღლობელი უნდა გაამართლონ და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ.
მისი თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარეობს უსამართლო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც წარმოიშვა ინციდენტიდან, რომელშიც ის მსხვერპლი იყო და არა დამნაშავე.
„ეს საშინელი საქმე მზიას გასაჩუმებლად და სხვების დასაშინებლად არის შექმნილი… მზიას საქმე სიმბოლურად გამოხატავს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას საქართველოში ავტორიტარული „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ“, – აცხადებს კილან გალაჰერი.
როგორც კილან გალაჰერი აცხადებს, თუ მზია ამაღლობელი არ გათავისუფლდება, მიმართავენ საერთაშორისო ზომებს, რათა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პასუხი აგოს.
„მზია უნდა გაამართლონ და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ. თუ არა, ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ საერთაშორისო ზომებს, რათა საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი აგოს მზიას უფლებების და საქართველოში ფართო საზოგადოების უფლებების დარღვევისთვის“, – აცხადებს კილან გალაჰერი.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში უკვე დასრულდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილი განაჩენს 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.






