მთავარი,სიახლეები

„სიმშვიდის საფუძველს არაფერი გვაძლევს“ – საიას თავმჯდომარე მზია ამაღლობელის 19-დღიან შიმშილობაზე

30.01.2025
„სიმშვიდის საფუძველს არაფერი გვაძლევს“ – საიას თავმჯდომარე მზია ამაღლობელის 19-დღიან შიმშილობაზე

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დღეს, 30 იანვარს, ფეისბუქში დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს, ადვოკატებს ეუბნება, რომ თავს მხნედ გრძნობს, ეს სიმშვიდის საფუძველი არ არის, იმის ფონზე, როცა სამედიცინო დოკუმენტები ადვოკატებს არ აქვთ.

„მზია ამაღლობელი რაც არ უნდა ცუდად გრძნობდეს თავს, ადვოკატებს სულ გვეუბნება, რომ არის კარგად, მხნედ. მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანი კარგად იყოს 19-დღიანი შიმშილობის მერე? ის ასევე გვთხოვს ხოლმე, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ ავტეხოთ მის შიმშილობაზე, არაფერი გავაზვიადოთ და გავაბუქოთ.

ჩვენ სრულიად ვეთანხმებით მის ამ პრინციპულ დამოკიდებულებას და ეთიკას.

თუმცა, როდესაც სამედიცინო დოკუმენტებსაც კი არ გვაძლევენ, სიმშვიდის საფუძველს არაფერი გვაძლევს“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.

საია მზია ამაღლობლის ინტერესებს იცავს სასამართლოში სხვა ადვოკატებთან ერთად.

დღეს, 30 იანვარს, საიამ განაცხადა, რომ მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწვდიან.

„შესაბამისი უწყებები არ გვაწვდიან ინფორმაციას მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა“ – წერს საია.

საია მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო გამოუსწორებელი შედეგები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: