მთავარი,სიახლეები

31 იანვარს ბათუმში პროტესტისა და სოლიდარობის მარში გაიმართება

30.01.2025
31 იანვარს ბათუმში პროტესტისა და სოლიდარობის მარში გაიმართება

პარასკევს, 31 იანვარს, ბათუმში პროტესტისა და სოლიდარობის მარში გაიმართება პროევროპულ აქციებზე უსამართლოდ დაკავებული, დაჯარიმებული და ციხეში მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად.

საპროტესტო მარში შეიკრიბება პარასკევს, 31 იანვარს, 16 საათზე, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარედ. გაიმართება მსვლელობა ქალაქის ქუჩებში. 

მარშში მონაწილეობა შეუძლია ყველას:

  • ვინც სოლიდარობას უცხადებს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაში მონაწილე დაკავებულ, დაჯარიმებულ და დაშავებულ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს;
  • ვინც ხმამაღლა ან ჩუმად აპროტესტებს საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებას;
  • ვისთვისაც მიუღებელია ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება;
  • ვინც მიიჩნევს, რომ სასამართლო უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ერთ პოლიტიკურ ჯგუფს;
  • ვისაც აწუხებს სიღარიბე, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის პრობლემები ქვეყანაში.

31 იანვარს ზუსტად 65 დღე შესრულდება თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან.

  • რა ხდება?

საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.

პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი.

საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულად გამოდიან სხვადასხვა პროფესიული სფეროს და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენლები.

ამ დროისათვის საპროტესტო მოძრაობის ძირითადი მოთხოვნა ორია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: