მთავარი,სიახლეები

ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს მზია ამაღლობელისთვის არასაპატიმრო აღკვეთის შეფარდებაზე

16.01.2025 •
ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს მზია ამაღლობელისთვის არასაპატიმრო აღკვეთის შეფარდებაზე

სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს მზია ამაღლობლის მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

ამის შესახებ ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ინსტიტუტი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება და დაეხმაროს სასამართლოს განსახილველი საკითხის შეფასებაში.

„ჩვენ ახლა ველოდებით განჩინებას, რომლითაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეეფარდა იმისთვის, რომ როგორც ინსტიტუციამ, მოვამზადოთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რითაც უკვე სააპელაციო სასამართლოს მივმართავთ. ვაპირებთ, ჩვენი აზრი წარვუდგინოთ იმასთან დაკავშირებით, პატიმრობის ალტერნატივის გამოყენება რატომ შეიძლება იყოს გონივრული, ვიდრე ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. ვთვლი, რომ სასამართლო უფრო ლმობიერი უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჯერ ქალს ეხება… მერე. ეხება საჯაროდ ცნობილ ჟურნალისტს“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით, ამ საქმეში ყველა წინაპირობა შეიძლება ყოფილიყო უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: