მთავარი,სიახლეები

ბესელია და დგებუაძე უკვე რამდენიმე წლია ატერორებენ ბათუმის მოქალაქეებს – ირაკლი კუპრაძე

13.01.2025
ბესელია და დგებუაძე უკვე რამდენიმე წლია ატერორებენ ბათუმის მოქალაქეებს – ირაკლი კუპრაძე

დღეს, 13 იანვარს, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ განცხადება გააკეთა ბათუმში დაკავებულ პირებსა და იმ რეპრესიების შესახებ, რასაც „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს მოქალაქეებზე.

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა.

„ივანიშვილის რუსული რეჟიმი გადავიდა ხელისუფლების მიტაცების სხვა ურთულეს, უმძიმეს ეტაპზე, სადაც დაიწყო დასახიჩრება, დარბევა და უკანონოდ დაკავება საქართველოს მოქალაქეების.

ჩვენ ვხედავთ, ფაქტობრივად, რომ მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასიურად, უკანონოდ, ძალადობრივად დააკავეს ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები, ქალები.

ჩვენი კოალიციის ორი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი, ადგილობრივი ლიდერი ამჟამად არის დაკავებული – ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი ლუკა ნაცვლიშვილი.

ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას და პარალელურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ პარალელურად, სანქციები იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უკან დაახევინებს ძალადობრივ ხელისუფლებას.

თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ვერც კი ბედავდა, რომ ქოცური განცხადებები ეკეთებინა თუნდაც, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. 

მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება, ასევე, აჭარაში არსებულ ეგრეთ წოდებულ „ხარებებს“, – ბესელიასა და დგებუაძეს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ატერორებენ არა მხოლოდ ბათუმის მოქალაქეებს, არამედ ბათუმში მყოფ სამართალდამცველ პირებს, რომელთაც აყრილი აქვთ ღირსება, ბესელიას და დგებუაძის ხელმძღვანელობით.

ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რომ დღეს სამართალდამცველებს აჭარაში მართავს თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე.

ეს არის ხელისუფალი, რომელიც 2021 წელს გახდა ჩვენთვის ძალადობრივი, რომელმაც მიისაკუთრა ბათუმის საკრებულო, რომელმაც მოკლა რეალურად ნუგზარ ფუტკარაძე, შანტაჟით და ზეწოლით.

ჩვენ ვხედავთ ამ ძალადობას და ერთადერთი რამ, ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება“- განაცხადა დღეს ირაკლი კუპრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 12 ადამიანი დააკავეს, გუშინ, 12 იანვარს კი 8 ადამიანი დააკავეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მათ შორის „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე პოლიციამ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავა.

სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.

ჯამში, 11-12 იანვარს ბათუმში მინიმუმ 20 ადამიანი დააკავეს საპროტესტო აქციებზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: