ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში 21 იანვარს რექტორის არჩევნებია ჩანიშნული.
რექტორის თანამდებობის დასაკავებლად ბსუ-მ არჩევნები 2024 წლის ბოლოს გამოაცხადა. არჩევნებში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაცია ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში 6 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება [დასვენების დღეების გამოკლებით].
რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მოეთხოვება: უმაღლესი განათლება (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი); 5 წლის სამუშაო გამოცდილება; სამოქმედო გეგმის წარდგენა და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
რეგისტრირებულ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების განხილვას ბსუ-ს აკადემიური საბჭო 21 იანვარს, 14:00 სთ-ზე, იმავე დღეს, 15 საათზე კი რექტორის არჩევნები ჩატარდება. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორს 4 წლის ვადით ირჩევს.
ამჟამად ბსუ-ს რექტორის მოვალეობას მერაბ ხალვაში ასრულებს, რომელიც ორი ვადით იყო ბსუ-ს რექტორი. კანონმდებლობის თანახმად, რექტორი შეიძლება იქნეს არჩეული ორი ვადით, შესაბამისად ხალვაში არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ახალი რექტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 ივლისს უნდა აერჩიათ, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დარეგისტრირდა არც ერთი კანდიდატი, არჩევნები ჩაიშალა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ხალვაში აირჩიეს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერ არჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.