მთავარი,სიახლეები

„ვის მოვუხადოთ ბოდიში?“ – აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრები ივანიშვილს პასუხობენ

15.09.2024 •
„ვის მოვუხადოთ ბოდიში?“ – აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრები ივანიშვილს პასუხობენ

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“.

„2008 წლის 9 აგვისტო… „ოსი ძმების“ ჩექმა გიორგის ზურგზე. ბოდიში გიორგი“, – წერს გიოგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

გიორგი ანწუხელიძე საქართველოს ერვნული გმირია. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, 23 წლის ასაკში ტყვედ ჩავარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

„ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა?“ – წერს აგვისტოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში დაღუპული ერთ-ერთი გმირის, ემზარ წილოსანის ცოლი, თეო წილოსანი.

„ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რითი იამაყონ ჩვენმა შვილებმა? რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან, ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ?

ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ!!! ან გორელებო, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით, ვინ დაიწყო ომი? რატომ გაუტარეთ ასეთი მოღალატეობრივი მიმართვა ივანიშვილს? თან დაგვცინა, სპეციალურად გორისთვის შემონახული მიმართვააო… ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? აგვიხსენით!“ – წერს თეო წილოსანი Facebook-ზე.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და აგვისტოს ომის ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

„ბოდიში?! რისთვის ხალხო, ჩვენი ბიჭების ჩახოცვისთვის?! ჩვენი ბიჭების უმოწყალოდ წამებისთვის?! ომის ვეტერანებს რა ვუთხრათ?! მადლობა უთხარით იმათ, რომ ცოცხლები გადარჩით თქო?!

ტყვედ ჩავარდილი ბიჭების წამებისთვის? (ჩვენი მხრიდან, წამების ერთი ფაქტი არ არსებობს) რომლებსაც დღემდე სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქვთ ქცეული?!
და ყველაზე მთავარი –  ჩვენს შვილებს რა ვუთხრათ?! მამაშენი ჩვენი ქვეყნის დაცვას კი შეეწირა, მაგრამ შენ ბოდიში გაქვს მოსახდელი თქო?!

ბოდიში ბიჭებო, რომ დღეს საფლავებში მშვიდად ვერ განისვენებთ“, – წერს 2008 წლის ომის გმირის, თამაზ ნიკიტინის ცოლი, მარი სამუშია სოციალურ ქსელში.

„ბოდიში ჩვენს გმირებს, არ ვიმსახურებდით თქვენს თავგანწირვას, ნამდვილად არ ვიმსახურებდით…“ – წერს ვალერი ელიზბარაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომში დაცემული ქართველი გმირის, პოლკოვნიკ დავით ელიზბარაშვილის შვილი.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული შმაგი სოფრომაძის მეუღლე, თეა ტაბატაძე.

„ბოდიში შმაგი, ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის… ალბათ არ ღირდა… გული მტკივა შენი დაუფასებელი თავგანწირვის გამო…“ – წერს თეა ტაბატაძე სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის “გაჩაღებისთვის” ნაციონალურ მოძრაობას გაასამართლებს, „ბოდიში უნდა მოვიხადოთ“ იმის გამო, რომ ამ პარტიამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.

ამის შესახებ ივანიშვილმა 14 სექტემბერს, გორში, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“ – ბიძინა ივანიშვილის მიმართვა გორის ამომრჩეველს:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: