თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი იწყებს სამუშაოებს შავი ზღვიდან ნაღმების ამოღების მიზნით, წლის დასაწყისში რატიფიცირებული შეთანხმების საფუძველზე – წერს თურქული გამოცემა „ჰურიეთი“.
მედია ციტირებს თურქეთის ელჩს რუმინეთში, ოზგურ ალთანს, რომლის თქმითაც ივლისში თურქული, რუმინული და ბულგარული ხომალდები ერთობლივ ოპერაციას დაიწყებენ შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის დასაძლევად.
მედიის ცნობით, 2024 წლის იანვარში სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიზანია უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე უსაფრთხო წყლების უზრუნველყოფა.
შავი ზღვა ესაზღვრება ბულგარეთს, რუმინეთს, საქართველოსა და თურქეთს, ასევე, რუსეთსა და უკრაინას, რომელსაც რუსეთი 24 თებერვალს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით დაესხა თავს.შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში საზღვაო ნაღმები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამოჩნდა.
სავარაუდოდ, ნაღმები დინებას მიაქვს უკრაინის პორტებიდან შავ ზღვაში, სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 13 თებერვალს, ბათუმში, ზღვის სანაპიროზე გამორიყული საზღვაო ნაღმი აფეთქდა.