მთავარი

დემოკრატია სიღარიბის წინააღმდეგ

07.06.2016 • 2229
დემოკრატია სიღარიბის წინააღმდეგ

გიორგი თავაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი

ბევრი სპეციალისტი სიღარიბე-სიმდიდრის პრობლემას ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ფორმასა და მოდელს უკავშირებს. საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრეთა აზრით, საქართველოსნაირ მრავალეროვან და ტერიტორიამოუწყობელ, კონფლიქტური რეგიონების მქონე ქვეყანას, ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა მართებს. საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყნები (აშშ, საფრანგეთი) მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებია და ეს იმიტომ, რომ მათ, თავის დროზე, სხვა მოდელებს ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა არჩიეს.

საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ საპრეზიდენტო მმართველობის მოდელმა საქართველოში ვერ გაამართლა. რამდენი პრეზიდენტიც ავირჩიეთ (ახლანდელი არ ითვლება), იმდენი ავტოკრატ ხელისუფალად გადაიქცა და ეკონომიკური კუთხითაც არ ეშველა ქვეყანას. სამაგიეროდ, საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყნებში (გერმანია, იტალია, ავსტრალია, კანადა) სახელისუფლო შტოებს შორის ურთიერთობა დალაგებულია, ცხოვრების უმაღლესი დონე და სტაბილურობაც – უზრუნველყოფილი.

კონსტიტუციური მონარქიის მომ¬ხ¬რეთა მტკიცებით კი, სწორედ კონსტიტუციური მონარქიის დამსახურებაა ის, რომ ამ წყობის ქვეყნები (ინგლისი, შვედეთი, ნორვეგია, ჰოლანდია, დანია, ბელგია, ესპანეთი, იაპონია), სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, ეკონომიკურად განვითარებული და კეთილდღეობაში მყოფი ქვეყნებია.

როგორც ვხედავთ, სახელმწიფო მოწყობის სამივე მოდელის მომხრეთა აზრით, ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის ფორმასა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის პირდაპირი კავშირია და ამა თუ იმ მოდელის უპირატესობა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით განისაზღვრება.

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ასეც ჩანდეს, მაგრამ თუ კარგად გადავხედავთ მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ რუკას, ვნახავთ, რომ ქვეყნად ბევრი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა (რუსეთი, ბრაზილია, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუმინეთი, ვენესუელა, კოლუმბია, ბოლივია, ინდონეზია, ალჟირი, ნიგერია, არგენტინა…), საპარლამენტოც (ინდოეთი, მონღოლეთი…) და მონარქიულიც (საუდის არაბეთი, კამბოჯა, მალაიზია, მაროკო…), სადაც ცხოვრება არცთუ სახარბიელოა _ ეკონომიკა მოშლილია, სოციალური საკითხები – მოუგვარებელი და ხალხის დიდი ნაწილი შიმშილობს, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიის სიდიდით თუ წიაღისეული სიმდიდრეებით არ ჩამოუვარდებიან ეკონომიკურად კეთილდღეობაში მყოფ ქვეყნებს (რუსეთის ბუნებრივი რესურსების ღირებულება ერთ სულ მოსახლეზე ათჯერ მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში). გამოდის, რომ ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ქვეყნის მოწყობის პოლიტიკურ მოდელს.

ქვეყნების სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი გვაჩვენებს, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, სახელმწიფო მოწყობის ფორმისგან დამოუკიდებლად, ეკონომიკურად განვითარებულია და კეთილდღეობისა და სტაბილურობის მაღალი დონით ის ქვეყნები გამოირჩევიან, სადაც მაღალია დემოკრატიის დონე, სადაც ტარდება სამართლიანი არჩევნები, სადაც თავისუფალია სიტყვა და სასამართლო, სადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს. ე.ი. სადაც დემოკრატიაა მისი საუკეთესო გაგებით.

ისმის კითხვა: რატომაა ასე მნიშვნელოვანი დემოკრატია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და რა პირდაპირი კავშირია დემოკრატიასა და სიღარიბის დაძლევას, დემოკრატიასა და ხალხის კეთილდღეობას შორის?

დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, არჩევანის შესაძლებლობას გულისხმობს, ხოლო თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, წინსვლასთან, ხალხის კეთილდღეობასთან, რადგან: ქვეყნის განვითარებისთვის მხოლოდ ბუნებრივი სიმდიდრეების ქონა არ კმარა (რუსეთის, ბრაზილიის, აფრიკული და არაბული სამყაროს ბევრი ქვეყნის მაგალითი) და ზოგჯერ არც უმაგისობაა პრობლემა (ისრაელი, იაპონია, ავსტრია, სამხრეთ კორეა). ქვეყნის წარმატებული განვითარების აუცილებელი პირობა სტაბილურობის დამკვიდრება და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაა.

სტაბილურობის დამკვიდრებისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად აუცილებელია ხალხის ნდობით აღჭურვილი, კომპეტენტური და ხალხის წინაშე პასუხისმგებელი ხელისუფლების ყოლა. კომპეტენტური და ხალხის წინაშე პასუხისმგებელი ხელისუფლება კი შეიძლება არჩეული იქნას მხოლოდ დემოკრატიული (თავისუფალი და სამართლიანი) არჩევნების გზით. ასეთი ხელისუფლება ეცდება მიიღოს ქვეყნისა და ხალხისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები, რის შედეგად წინ წავა ქვეყანაც და ხალხიც.

ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მხოლოდ სურვილი არ კმარა. საჭიროა კიდევ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი – ამომრჩეველი, რომელიც ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე, საკუთარი სინდისისა და პოლიტიკური გემოვნების მიხედვით გააკეთებს თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს.

თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს კი შინაგანად თავისუფალი ადამიანი აკეთებს. შინაგანად თავისუფალია ადამიანი, თუ ის ეკონომიკურადაა თავისუფალი, თუ მისი კეთილდღეობა სხვის ნებაზე არაა მიბმული და დამოკიდებული.

ამიტომ, თუ გვინდა თავისუფალი ამომრჩეველი გვყავდეს, ის, უპირველესად, უნდა გავხადოთ თავისუფალი ეკონომიკურად. ეკონომიკურად თავისუფალია ადამიანი, თუ ის ფლობს საკუთრებას, ქონებას, რომელიც მას ნორმალური არსებობისთვის აუცილებელ შემოსავალს აძლევს.
შეიკრა ლოგიკური ჯაჭვი: ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია დემოკრატია, დემოკრატიისთვის – თავისუფალი ამომრჩეველი, თავისუფალი ამომრჩევლისთვის _ საკუთრება. ე.ი. დემოკრატიის ქვაკუთხედი საკუთრების მქონე ამომრჩეველია. ამდენად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს გავუჩინოთ ხალხს, ადამიანებს, შემოსავლის მომტანი საკუთრება, გავხადოთ ისინი მესაკუთრეები, მქონებელნი!

მაგრამ საიდან და როგორ გავხადოთ ასიათასობით ადამიანი მესაკუთრე?

ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენი ღარიბი სახელმწიფო მოქალაქეებს აჩუქებს ან უფასოდ დაურიგებს ქონებას. ვერც იმ მოსაზრებას გავიზიარებ, რომ მოხდეს პრივატიზებული ქონების ნაციონალიზაცია. ეს სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს ქვეყნის შიგნით, და, რასაც, შესაძლოა, ქვეყნის ნგრევა მოჰყვეს.

ეს რომ არ მოხდეს და რა უნდა მოხდეს, რომ ეს არ მოხდეს, ამასთან, როგორ გავხადოთ ათასობით ადამიანი წარმოების საშუალებების მესაკუთრე, ამის შესახებ გაზეთის შემდეგ ნომრებში წაიკითხავთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: