ახალი წესები იმ კვადროციკლებისთვის, რომლებიც ბათუმის ბულვარში იმოძრავებენ

ბათუმის საკრებულოში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარში კვადროციკლებისა და ელექტრომობილების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით უნდა გადავადდეს. უკვე მზადაა დადგენილების პროექტი, რომელიც ადრე დამტკიცებულ დოკუმენტში აკრძალვის ამოქმედების თარიღის ცვლილებას ითვალისწინებს:

„ნაცვლად 2019 წლის პირველი მაისისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბერს“.

ცვლილების მიზეზად კი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ასახელებენ.

იცვლება ადგილიც, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე შეზღუდვა ისევ შენარჩუნდება, კვადროციკლები ბათუმის დელფინარიუმიდან ახალი ბულვარის მიმართულებით და ახალი ბულვარიდან დელფინარიუმამდე მხოლოდ ველობილიკზე იმოძრავებენ. გარდა ამისა, ისინი დაამონტაჟებენ ჯიპიარესებსა და სიჩქარის მარეგულირებელ ჩიპებს, რომლითაც ბულვარის ადმინისტრაცია მათ გადაადგილებას დააკვირდება. კონტროლისთვის ასევე შეიძენენ სპეციალურ სკანერს, რომლითაც ბულვარის ადმინისტრაცია მოახდენს იდენტიფიცირებას, მოძრაობს თუ არა ბულვარში მხოლოდ ნებადართული კვადროციკლი ან ელექტრომობილი.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ მოწყობილობებს თავად კვადროციკლების მეპატრონეები შეიძენენ და ბულვარის ადმინისტრაცია ამ ხარჯებს არ გაიღებს.

ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლითა და ელექტრომობილით გადაადგილება, საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისიდან აიკრძალა. ცვლილების ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იყო. უწყების დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის განმარტებით, აკრძალვის აუცილებლობა გახშირებულმა ავარიამ განაპირობა.

„ეს შემთხვევები იმდენად მომრავლდა, კონტროლს ვერ ავუდივართ. ძირითადად, საფრთხეში არიან ბავშვები. იყო სერიოზული დაზიანების, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში ტრავმის მიღების შემთხვევებიც“, – განმარტა ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკითხის წარდგენისას.

ამის შემდეგ კვადროციკლების მეპატრონეებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს. ისინი ამბობდნენ, რომ ელექტრომობილებისა და კვადროციკლების გაქირავება მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა: „ამ შემოსავლის გარეშე ვერც ოჯახში მივიტანთ ფულს და ვერც სესხებს დავფარავთ“.

გადაწყვეტილების ცვლილებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, რომლებიც აკრძალვის თარიღის გადავადებას გულისხმობს, თან ახლავს ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წერილიც, რომელიც მან საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს, ნატალია ზოიძეს გაუგზავნა. ის წერს, რომ ეთანხმება ფრაქციის თავმჯდომარეს აკრძალვის გადავადების თაობაზე, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

ბულვარის ტერიტორიაზე 1200-მდე კვადროციკლი მოძრაობდა. მათი მეპატრონეები ამბობდნენ, რომ თუკი მუშაობის გაგრძელების უფლებას მისცემდნენ, კვადროციკლების რაოდენობას 300-მდე შეამცირებდნენ. მთავრობამ კი მათ ახალი ბულვარის ტერიტორია შესთავაზა სამუშაოდ დროებით, ვიდრე სხვა გამოსავალს იპოვიდნენ. როგორც ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, შეთანხმდნენ რაოდენობის შემცირებაზეც.

ვინ ითხოვს საქართველოში თავშესაფარს და ვის მისცეს ლტოლვილის სტატუსი

2019 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში თავშესაფრის სტატუსის მიღება უცხო ქვეყნის 264-მა მოქალაქემ ითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პირველ კვარტალში მხოლოდ სამ მოქალაქეს მიანიჭეს ლტოლვილის სტატუსი. აქედან ერთი რუსეთის მოქალაქეა, ორის მოქალაქეობა კი – დაუდგენელი, ისინი არასრულწლოვნები არიან.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად საქართველოში ლტოლვილის სტატუსს ირანელები ითხოვენ. ჯამში 264 ადამიანიდან 117 ირანის მოქალაქეა. საქართველოში ლტოლვილის სტატუსი ევროკავშირის წევრი ქვეყნის – ნიდერლანდების მოქალაქემაც ითხოვა, თუმცა მას საქართველომ თავშესაფარი არ მისცა. საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღებას ძირითადად ერაყის, ბანგლადეშის, ინდოეთის, თურქეთის, სირიის მოქალაქეები ითხოვენ.

იანვარში, თებერვალსა და მარტში საქართველომ შემოსული განცხადებებიდან 137 ადამიანს უთხრა უარი ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე, 20 მოქალაქე კი, დროებითი განთავსების ცენტრში მოათავსა. ამავე პერიოდში საქართველოდან უცხო ქვეყნის 23 მოქალაქე გააძევეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს რეადმისიის მონაცემებსაც, ანუ როცა საქართველოს მოქალაქე მიდის არალეგალურად უცხო ქვეყანაში, იქ დეპორტაციას უკეთებენ, საქართველოში ბრუნდება და აქ მხარდაჭერის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა სურს. რეადმისიის პროგრამაში ჩართვის სურვილი 2019 წლის პირველ კვარტალში სულ 795 საქართველოს მოქალაქეს გამოუთქვამს, მათგან ყველაზე მეტი – 364 ადამიანი გერმანიიდან არის დაბრუნებული, 102 – საფრანგეთიდან.

ამ თემაზე:

მითები და რეალობა „თურქულ უბანზე“

 

 

როგორია მასწავლებლის საგნობრივი გამოცდის ხანგრძლივობა და ქულები საგნის მიხედვით

მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ გამოცდაზე რეგისტრაცია 24 მაისამდე გაგრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ათი ათასზე მეტმა პედაგოგმა გაიარა რეგისტრაცია.

როგორი იქნება 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ განთავსებულ ცხრილში.

საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრაციის უფლება აქვთ:

  • მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს;
  • პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებს;
  • მასწავლებლობის მსურველებს, რომელთაც დიპლომის საფუძველზე აქვთ მასწავლებლობის უფლება;
  • თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს  მასწავლებლის  საქმიანობის  მიზნებისთვის.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 21  მაისის  21 საათიდან 22  მაისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, თუმცა ხვალ, 22 მაისს, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 21 -26 გრადუსი 
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 23 მაისს საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, მომდევნო 2 დღეს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა 18, 5 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ხვალ ბათუმში „მშვიდობის რალი“ გაიმართება

ბათუმში აღმოსავლეთ-დასავლეთის მეგობრობისა და მშვიდობის რალი გაიმართება, რომელმაც სტარტი გერმანიაში 11 მაისს აიღო – ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის საკონსულო ავრცელებს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მეგობრობისა და მშვიდობის რალი წელს მეცხრამეტედ იმართება. საკონსულოს ინფორმაციით, რალს თვალს ადევნებენ ევროპის წამყვანი სპორტული ჟურნალები, თურქული და გერმანული ტელეარხები.

დღეს, 20 მაისს რალში მონაწილე 37 ავტომანქანა ართვინის გავლით ბათუმში შემოვა. ღონისძიება 21 მაისს, სამშაბათს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰილტონის“ გვერდით მდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ჩაი და ჩინელი მეწარმის ლაო ჯინ ჯაოს პირადი ნივთების გამოფენა ბათუმში

დღეს, 20 მაისს, ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ჩინელი მეწარმის, ლაო ჯინ ჯაოს პირადი ნივთებისა და ჩაის კულტურასთან დაკავშირებული ჭურჭლის გამოფენა გაიმართა.

ლაო ჯინ ჯაო მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში ცხოვრობდა ჩაქვში. მუზეუმში დაცულია ლაო ჯინ ჯაოს წყვილი ქოში, ქუდი, რომელსაც ის ჩაიში მუშაობის დროს იყენებდა. ასევე, ლარნაკები, ვაზები და სხვა ნივთები, რომლებიც ჩაის კულტურასთან არის კავშირში და რომელთანაც შეხება ჰქონდა ჩინელ მეწარმეს.

ჩაის მოსამზადებელი ჭურჭელი

სწორედ ლაო ჯინ ჯაომ ჩაუყარა საფუძველი აჭარაში, ჩაქვში ჩაის კულტურის განვითარებას. ის საქართველოში რუსი ვაჭრის, პოპოვის მოწვევით ჩამოვიდა და მისი მამულების მმართველი იყო.

ჩაის საკრეფი კალათა

მის სახელს უკავშირდება ჩაქვში ორენჟერიისა და ჩაის გადამამუშავებელი პირველი ფაბრიკის შექმნა. ლაო ჯინ ჯაოს მიერ მოყვანილი ჩაი ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნეოდა.

1900 წელს, ჩაის მსოფლიო გამოფენაზე პარიზში, ჩაქვში მოყვანილ ჩაის ოქროს მედალი მიანიჭეს.

ლაო ჯინ ჯაოს პირადი ნივთები – შანდლები და მუსიკალური ინსტრუმენტი

დღეს გამოფენაზე მუზეუმის თანამშრომლებიც დააჯილდოვეს სამუზეუმო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის. ისტორიკოსმა ოთარ გოგოლიშვილმა ლაო ჯინ ჯაოს შესახებ და საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჩაის კულტურასთან დაკავშირებული ნივთების გამოფენა ბათუმში

ოთარ გოგოლიშვილი ამბობს, რომ ის ლაო ჯინ ჯაოს შესახებ წიგნს წერს, რომელიც სექტემბერში გამოვა. მისი თქმით, წიგნში შესულია ჩინელ მეწარმესთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალები, რომლებიც წლების განმავლობაშია შეგროვებული.

დღეს მუზეუმში სტუმრებს დარბაზის შესასვლელში ჩაითა და სუშით გაუმასპინძლდნენ.

ლაო ჯინ ჯაოს პირადი ნივთები ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში

ამავე თემაზე: 

ჩაის მუზეუმის განუხორციელებელი იდეა

სად შეიძლება წამოვიდეს მღვრიე წყალი ბათუმში ხვალ

ბათუმის წყლის ინფორმაციით, მილზე ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, შესაძლოა ხვალ, 21 მაისს, დილის საათებში დაფიქსირდეს წყლის ამღვრევის ფაქტი. “მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, სისტემიდან ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით. ამღვრეული წყალი შეიცავს მხოლოდ დროთა განმავლობაში მილზე მიკრულ მინერალებს,” – წერს ბათუმის წყალი.

წყალმომარაგების ამღვრევის ფაქტი შესაძლოა დაფიქსირდეს: კლდიაშვილის, ყაზბეგის, მეტაქსას, ზუბალაშვილისა და ფალიაშვილის ქუჩებზე. ხოლო რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩების მონაკვეთში შემდეგ ქუჩებზე: გრიბოედოვის ქუჩა; ლერმონტოვის ქუჩა; თაყაიშვილის ქუჩა; სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა; ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა; მელიქიშვილის ქუჩა; 26 მაისის ქუჩა; ვაჟა-ფშაველას ქუჩა; ლუკა ასათიანის ქუჩა;

ასევე, გრიბოედოვის და ლუკა ასათიანის ქუჩების მონაკვეთში შემდეგ ქუჩებზე: გორგილაძის ქუჩა; ფარნავაზ მეფის ქუჩა; ახვლედიანის ქუჩა.

ქალმა თავის მოკვლამდე 16-ჯერ მიმართა პოლიციას – შსს მის ოჯახს 25 ათას ლარს გადაუხდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 ათასი ლარის გადახდა მოუწევს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად იმ ქალის საქმეზე, რომელმაც ქმრისგან მრავალჯერ ძალადობის და პოლიციელების უმოქმედობის შემდეგ თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე ქალმა 16-ჯერ მიმართა პოლიციას. ოჯახში მისულმა პოლიციელებმა ორჯერ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, ერთხელ – გამოძიება დაიწყეს, თუმცა ვერაფერი დაადგინეს და ძიება შეწყვიტეს. სასამართლოს გარდაცვლილი ქალის დედამ მიმართა შსს-ს და პროკურატურის წინააღმდეგ და ეს მას შემდეგ გააკეთა, როცა ქალის გარდაცვალების შემდეგ მოძალადე კაცი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გაასამართლეს.

„სასამართლოს დასაბუთება ჯერ ჩვენთვის უცნობია, მაგრამ სარეზოლუციო უკვე გამოცხადდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 25 ათასი ლარი აქვს გადასახდელი. ჩვენთვის უცნობია, რატომ არ დააკმაყოფილა სასამართლომ ჩვენი სარჩელის მოთხოვნა პროკურატურასთან მიმართებით. პროკურატურა ახორციელებს ზედამხედველობას გამოძიების პროცესზე,“ – გვიყვება მიშა ჯახუა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის სასამართლოში ძალადობის მსხვერპლი ქალის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდა.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს შემაკავებელ ორდერებზე, რომლებიც პოლიციას ქალზე ძალადობის კუთხით გამოძიების დაწყებამდე ჰქონდა გამოცემული. მიშა ჯახუა მიიჩნევს, რომ გამოძიებას სისტემურად უნდა დაენახა ძალადობის შემთხვევები და მხოლოდ ერთი ფაქტის შეფასებით არ უნდა შემოფარგლულიყო.

„ძიების შეწყვეტის ოფიციალური მიზეზი იყო ის, რომ ექსპერტიზის დასკვნით არ დადგინდა ის, რომ მსხვერპლს ფიზიკური ძალადობის შედეგად არ განუცდია ტკივილიო. ძალადობის მუხლი ითვალისწინებს ტანჯვის განცდასაც, რაც გამოიხატება სისტემატურ ძალადობაში. ამ შემთხვევაში მხოლოდ გარეგნული, ფიზიკური დაზიანებები არ არის მთავარი. საქმეში არ არის ასეთი სახის ფსიქოლოგის დასკვნა, რაც აღწერდა მსხვერპლის განცდებს…“ – გვიყვება მიშა ჯახუა.

მსხვერპლი ქალი რამდენიმე წელი ცხოვრობდა მამაკაცთან, რომელიც პერიოდულად ძალადობდა მასზე. თვითმკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ქალმა ამ პერიოდის შემდეგაც მიმართა პოლიციას.

„სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით თქვა ის, რომ კონკრეტული ფაქტები არ იყოს შეფასებული მოწყვეტილად და შეფასდეს სისტემურად. შესაძლოა, ძალადობის კონკრეტული ფაქტი არ იყოს მაღალი ხარისხის ფიზიკური დაზიანებებით, მაგრამ ერთობლიობაში უნდა შეფასდეს რეაგირების მიღების დროს,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მიშა ჯახუა.

რას გააკეთებენ პოლიციელები ამჯერად, როცა მათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი დაურეკავს და შველას ითხოვს, რას შეცვლის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება? – მიშა ჯახუას თქმით, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად აისახება პრაქტიკაზე.

„თუმცა ამ კუთხით ნაწილობრივ პრაქტიკა უკვე შეცვალა შსს-მ, პოლიციელები უკვე სხვაგვარად, სპეციალური მეთოდოლოგიით აფასებენ სიტუაციას,“ – გვითხრა საია-ს იურისტმა მიშა ჯახუამ.

აჭარის მთავრობა „დინამო ბათუმს“ ასხვისებს

აჭარის მთავრობა მერიას სთხოვს, კლუბ  „დინამო ბათუმის“ ასპროცენტიანი წილი საკუთრებაში გადასცეს, მთავრობა კლუბის გასხვისებას გეგმავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიას წერილობით უკვე მიმართა. კლუბს, პირდაპირი წესით, შპს „ლამინი ჯგუფს“ 49-წლიანი  მართვის უფლებით გადასცემენ. სანაცვლოდ მმართველს ყოველწლიურად 100 000 ლარის გადახდა მოუწევს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაშია 72 626 კვ.მ [7,2 ჰექტარი] ტერიტორია, რომელზეც ანგისის ბაზაა განთავსებული.
მერიაში ამ თემაზე უკვე იმსჯელეს და თანხმობისთვის ბათუმის საკრებულოს მიმართეს, საკრებულომ კი ეს საკითხი მომავალი სხდომის დღის წესრიგში ჩასვა. სხდომა 24 მაისსაა ჩანიშნული.

„ლამინი ჯგუფი“ 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი ქეთინო ბერიძეა, ხოლო კომპანიის დირექტორი – არჩილ ბერიძე, რომელსაც აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, ის მთავრობასთან თანასაკუთრებაში ფლობს  შპს „ახალ ტექნოლოგიას“. მას აქვს ასევე სამშენებლო ბიზნესი.

ბათუმის „დინამოს“ გასხვისების პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში, სავალდებულოა კლუბის მართვისა და განვითარების კონცეფციის შემუშავება. ეს კონცეფცია ახალმა მმართველმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უნდა შეათანხმოს.

წინასწარი პირობით, განვითარების კონცეფცია უნდა მოიცავდეს ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას, სადაც განთავსებული იქნება საცხოვრებელი არანაკლებ ორმოც ბავშვზე; მათთვის გათვალისწინებული უნდა იყოს თეორიული მეცადინეობისთვის საჭირო ფართობი და ტექნიკური აღჭურვილობა. მწვრთნელებისთვის საჭირო საცხოვრებელი და სამუშაო ფართობები, კვებისა და სამედიცინო მომსახურების ბლოკი, სარეაბილიტაციო ცენტრი, საკონფერენციო და სავარჯიშო დარბაზები.

წილის ახალმა მმართველმა ქონების გადაცემიდან ექვს თვეში უნდა შეძლოს მიწის ნაკვეთის გენერალური გეგმის შემუშავება [გრგ], შვიდი თვის ვადაში კი უნდა მოამზადოს პროექტის ვიზუალური ესკიზი და შესათანხმებლად წარუდგინოს მესაკუთრეს. გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის შემდეგ მზად უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო დოკუმენტი მშენებლობის ნებართვის მისაღებად. ამის შემდეგ კი წილის მმართველმა უნდა დაიწყოს მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით, რომელიც სამ წელში უნდა დაასრულოს.

სარგებლობის პერიოდის განმავლობაში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 500 000 ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელება, შეინარჩუნოს საბავშვო აკადემია, უზრუნველყოს მისი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას ან ფიფას სტანდარტებით ფუნქციონირება.

წინასწარ გაწერილი პირობების მიხედვით, კლუბი ბათუმის „დინამო“ ვალდებული იქნება ყოველწლიურად გაიაროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის დადგენილი ლიცენზირება და მონაწილეობა მიიღოს ჩემპიონატებში.

წილის მმართველმა პროექტისთვის არანაკლებ 9 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და შესაბამისი ანგარიშები ყოველწლიურად წარუდგინოს ქონების მესაკუთრეს. ამ ყველაფრის დასაზღვევად კი მთავრობა 200 000-ლარიან საბანკო გარანტიას ითხოვს 38 თვის ვადით.

ფოტო არქივიდან: ბათუმის „დინამო“

საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ვებგვერდზე „ლამინი გრუპი” ოფიციალურ პარტნიორად არის დასახელებული.

ბათუმის „დინამოს“ გაყიდვის საკითხი 2012 წელსაც განიხილებოდა.

ამავე თემაზე: ანგისის ახალი სპორტული ბაზა შესაძლოა „დინამო ბათუმთან“ ერთად გაიყიდოს

პირუტყვი მაგისტრალზე – წელს ქობულეთში სამი მეპატრონე დააჯარიმეს  

ავტორი: მარიამ დუმბაძე 

ჩაქვის, ციხისძირისა და ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალსა თუ საავტომობილო გზებზე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს საკმაოდ ხშირად შენიშნავთ, მიუხედავად იმისა, რომ მათი აქ გადაადგილება საავტომობილო მოძრაობას უქმნის საფრთხეს და კანონითაც  იკრძალება.

მსხვილფეხა პირუტყვს მეთვალყურის/მეხრეს გარეშე მაგისტრალებზე განსაკუთრებით ხშირად შენიშნავთ დილის და საღამოს საათებში. ფოტო: მარიამ დუმბაძე

პირუტყვის საავტომობილო გზაზე გადაადგილება მუნიციპალიტეტმა უნდა გააკონტროლოს. იმ შემთხვევაში, თუკი მსხვილფეხა პირუტყვი საავტომობილო გზაზე აღმოჩნდება, მუნიციპალიტეტს მეპატრონის დაჯარიმება შეუძლია. პირუტყვის დასახსნელად საქონლის მეპატრონეს ჯარიმის სახით 50 ლარის გადახდა მოუწევს, ხელმეორედ დაჯარიმების შემთხვევაში კი – 100 ლარის. თუ საქონლის მეპატრონე იურიდიული პირია, ჯარიმა უფრო მაღალია და დაჯარიმების პირველ შემთხვევაში 100 ლარს, განმეორების შემთხვევაში კი 200 ლარს შეადგენს.

როგორც ქობულეთის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, წელს ქობულეთის „სანდასუფთავების“ სამსახურმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სამი მეპატრონე, ფიზიკური პირი, დააჯარიმა, გასულ წელს კი – 7 ფიზიკური პირი.

ჩაქვი. ფოტო: მარიამ დუმბაძე

ფოტო: მარიამ დუმბაძე

ამავე თემაზე: 

ახალი ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება

პლაჟზე გადასასვლელი ადაპტირებული ხის ბილიკების დალაგება დაიწყო

ბათუმის სანაპირო ზოლზე ადაპტირებულ ხის ბილიკებს ალაგებენ. ძველი ბილიკებისგან განსხვავებით, ახალი ხის კონსტრუქციები ზღვამდე მიდის.

თვის ბოლომდე ბულვარის სანაპიროზე 11 ბილიკს დაამონტაჟებენ. თითოეული ბილიკის სიგანე 150 სანტიმეტრია.

ადაპტირებული ხის ბილიკებისთვის ბათუმის ბულვარმა 128 933 ლარი დახარჯა.

 

 

ხის ბილიკები ბულვარის საფეხმავლო ბილიკებიდან ზღვამდე მივა.

 

 

რატომ მოხვდა სუს-ის განცხადებაში ბათუმის „დინამო“ – ინტერვიუ ასლან ბალაძესთან

წუხელ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი ფეხბურთელი ამ კლუბსა და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ დააკავეს. სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია: „უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს“. ბათუმის „დინამომ“ გუშინ „ვიტ ჯორჯიას“ 2:0 მოუგო.

გთავაზობთ ბლიცინტერვიუს ბათუმის „დინამოს“ სპორტულ დირექტორთან, ასლან ბალაძესთან.

  • ბატონო ასლან, გუშინ ბათუმის „დინამოსთან“ თამაშის დასრულების შემდეგ „ვიტ ჯორჯიას“ 5 ფეხბურთელის დაკავება რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორისთვის? 

უბრალოდ, ეს არის დამთხვევა, მეტი არაფერი. ჩვენი თამაში დაემთხვა [ვიტ ჯორჯიასთან]. ბათუმის „დინამო“ არ არის არავითარ მაქინაციებში ჩართული, არც იყო და არც იქნება არასდროს. ეს არის გამორიცხული. ჩვენ ვგმობთ ასეთ რაღაცებს. ვინც ნახა ეს თამაში, ჩვენც გაოცებული ვიყავით – უბრალოდ, გამოძიება მიდიოდა, ეტყობა თავიდან ეს გუნდი იყო ეჭვმიტანილი, ვიტ ჯორჯიას ვგულისხმობ და დაემთხვა ჩვენს თამაშს.

  • თქვენ გაეცანით სუს-ის განცხადებას?

ვიცი ეს ყველაფერი, გავიგე, წავიკითხე. უბრალოდ, ხდება ეს ყველაფერი… ჩვენ არ ვართ ის კლუბი, რომ ასეთ საქმეებში… კიდევ გიმეორებთ, ჩვენ ვითამაშეთ სუფთა ფეხბურთი. ვინც ნახა ეს თამაში, ყველა მიხვდება, რა მონდომება იყო ბათუმის „დინამოს“ მხრიდან. უბრალოდ, დამთხვევა იყო – „ვიტ ჯორჯიას“ რომ ეთამაშა სხვა გუნდთან, იქ მოხდებოდა ეს ამბავი. ეტყობა მიჰყვნენ ბოლომდე ამ კლუბს, შსს იყო თუ სუს-ი, არ ვიცი, ვინც იყო და დაემთხვა ჩვენს თამაშს. ჩვენ ამ სიტუაციაში არავითარი წვლილი არ გვაქვს.

მე როგორც წავიკითხე, იმიტომ ახსენეს ჩვენი გუნდი, რომ ბოლო მომენტშიც აინტერესებდათ იმ გუნდის მოქმედება და იქვე გასახდელში მოხდა [დაკავება]. ჩემთვის გასაკვირი იყო, რატომ არ მოხდა ეს [დაკავება] თამაშამდე, თუ იცოდნენ. ალბათ ბოლომდე უნდოდათ სიტუაციაში გარკვევა.

  • თუმცა, სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ გუშინდელი „თამაშის ორბურთიანი სხვაობით დასრულება წინასწარი იყო გადაწყვეტილი“.

კიდევ ვიმეორებ, ბათუმის „დინამოსთან“ ეს იყო დამთხვევა. უბრალოდ, ამ გუნდს ჩვენთან მოუწია თამაში. ჩვენ ვითამაშეთ სუფთად. სხვათა შორის, ძალიან მძიმე თამაში იყო. ის გოლები, რომლებიც გავიტანეთ და გამარჯვებამდე მივიყვანეთ თამაში, არავითარ ეჭვს არ ბადებდა. „ვიტ ჯორჯიას“ ამბავი ჩვენი საქმე არ არის. იცოდეს სულ ყველამ, რომ ბათუმის „დინამო“ ამ საქმეში არ იყო და არც იქნება მომავალში. ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს, გვიყვარს მაყურებელი და ქართული ფეხბურთი.

ჩვენ  ეჭვი რომ შეგვპარვოდა გუშინ რამეში, თამაში არ ჩატარდებოდა. ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, როცა ის ხალხი შემოვიდა. შევიდნენ გასახდელში, არავითარი ფორიაქი არ ყოფილა, გაესაუბრნენ, დაადეს ხელბორკილები და გაიყვანეს.

  • თუ დადგინდება, რომ თამაშები გაყიდულია, ამას რა გაგრძელება მოჰყვება კლუბისთვის, ფეხბურთელებისთვის?

მე მომხრე ვარ იმის, რომ მკაცრად დაისაჯოს ის ხალხი, ვინც ამაში მონაწილეობს ან მონაწილეობას ხელს უწყობს. თუ დამტკიცდა, რომ ეს ნამდვილი ამბავია, მოქმედი ფეხბურთელები, ვინც მონაწილეობდნენ, მიიღებენ დისკვალიფიკაციას. ევროპაშიც იყო ასეთი, მსოფლიოშიც მოდებული არიან ეს „ტოტალიზატორშიკები“ და ბევრი ქვეყანა იყენებს ამ მეთოდს. სადამსჯელო მოქმედებები არის სხვადასხვა – მაგალითად, კლუბი იხსნება გათამაშებიდან. ფეხბურთელები ისჯებიან. ასევეა ჯარიმდება კლუბი.

გააჩნია, რას ადგენს გამოძიება.

რატომ დააკავა წუხელ სუს-მა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი

 

Vendoo.ge-ზე ონლაინშოპინგი უკვე შესაძლებელია

თიბისის ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა, Vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს.

საწყის ეტაპზე ვენდუზე 3 კატეგორიის, ჯამში 5000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული, რომელთაც ყოველდღიურად 200-ზე მეტი დასახელების ახალი ნივთი ემატება. უახლოეს მომავალში ვებგვერდს ახალი კატეგორიის პროდუქცია დაემატება, მათ შორის – ეზოს და სახლის ინვენტარის მიმართულებით.

Vendoo გამოირჩევა კომფორტული და მარტივი ვებგვერდით, სწრაფი მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ნივთის დაბრუნების განსაკუთრებული პირობებით. სასურველი პროდუქციის შეძენა ნებისმიერ დროს, 24/7-ზეა შესაძლებელი, კვალიფიციური კონსულტანტები კი მომხმარებელს სრულფასოვან სატელეფონო და ონლაინმომსახურებას გაუწევენ.

Vendoo.ge გაყიდვების გამარტივებული პლატფორმაა ბიზნესების წარმომადგენლებისთვისაც. პლატფორმა მათ გამართული სასაწყობე სისტემით, ონლაინმარკეტინგული მომსახურებითა და სწრაფი მიწოდების სერვისით უზრუნველყოფს. აღნიშნული მომსახურება პარტნიორ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდონ და გააფართოვონ ბიზნესი.

ვენდუ მუდმივი გაუმჯობესებისა და დახვეწის პროცესშია. შესაბამისად, ვებგვერდს ყოველდღიურად ემატება ახალი პროდუქტები, სერვისები და ფუნქციები.

მომხმარებლებს, რომლებიც ვენდუზე 1 ივნისამდე დარეგისტრირდებიან, მთელი ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებული სიურპრიზები ელით.

ვენდუს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: vendoo.ge.

რა დღეებში შეიზღუდება მოძრაობა ქობულეთის შემოვლითი გზისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში

საავტომობილო გზების დეპარტამენტის  ცნობით, 22 მაისიდან 7 ივნისამდე, ეტაპობრივად, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, გორის, ქობულეთის შემოვლითი გზისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

[checklist]

  •  22 მაისის 08:00 საათიდან 23 მაისის 08:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კმ-ებზე მდებარე საავტომობილო გვირაბებში. [/checklist]

დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბების ჩაკეტვის პერიოდში, ფოთიდან მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 13-ე კმ-ზე არსებული სატრანსპორტო კვანძიდან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზების გავლით.

სარფიდან მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 30-ე კმ-ზე არსებული სატრანსპორტო კვანძიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გავლით.

[checklist]

  • 29 მაისის 08:00 საათიდან 31 მაისის 08:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა იკრძალება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში – ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე;
  • 5 ივნისის 08:00 საათიდან 7 ივნისის 08:00 საათამდე კი, ამავე [ჩაქვი-მახინჯაურის] გვირაბში – ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე.

[/checklist]

ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში – გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

  • საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება 2019 წლის 22 მაისის 08:00 სთ-დან 24 მაისის 08:00 სთ-მდე, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე; 
  • ხოლო, 2019 წლის 29 მაისის 08:00 სთ-დან 31 მაისის 08:00 სთ-მდე, გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

ბათუმში პუტინის მხარდამჭერი მომღერლის კონცერტი იგეგმება

ივენთკომპანია „კლიკი“ ბათუმში რუსეთში მცხოვრები მომღერლის, ქეთა თოფურიასა და A-Studio-ს  ჩამოყვანას აპირებს. განცხადება კონცერტის შესახებ განთავსებულია კლუბ „UP2U ბათუმის“ ფეისბუქგვერდზე.

ამ განცხადების თანახმად, ქეთა თოფურია და ჯგუფი A-Studio ბათუმში 27 ივლისს იმღერებს.

ქეთა თოფურია რამდენიმე წელია რაც რუსეთში ცხოვრობს და ცნობილია მისი ლოიალური დამოკიდებულება  რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მიმართ. ქეთა თოფურიამ  და ჯგუფმა  A-Studio-მ 2018 წელს პუტინის მხარდამჭერ კლიპში, სახელად „გზამკვლევი ვარსკვლავი“, იმღერეს. კლიპი ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერების Team Putin-ის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა.

ქეთა თოფურია ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კლიპში.

მომღერალს არაერთხელ გამოუხატავს თავისი პოზიცია რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებითაც, 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი თოფურიამ ინტსაგრამზე რუსეთის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და კომენტარებში აღნიშნა, რომ პუტინის არ არჩევის შემთხვევაში რუსეთში ცხოვრება აუტანელი გახდებოდა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ გააკეთეს არჩევანი A-Studio-სა და ქეთა თოფურიაზე და იციან თუ არა, რომ ისინი პუტინის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობდნენ,  კლუბის მენეჯერი ირაკლი თირანიშვილი გვეუბნება: „ჩვენ ვაკეთებთ კონცერტებს და პოლიტიკას არ ვეხებით, დიდად არ გვაინტერესებს. ვისაც მოსწონს ის მოვა, ვისაც არ მოსწონს – არა“.

ირაკლი თირანიშვილი ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამავე დროს დასძენს, რომ ბიზნესი უფრო მნიშვნელოვანია.

„ამ საკითხს ბიზნესის ჭრილიდან ვუყურებთ.  ძალიან ბევრის სურვილია მოუსმინოს ამ ჯგუფს, მიუხედავად იმისა, რაც მოხდა ქვეყანაში (აგვისტოს ომი).  ჩვენ ვმუშაობთ ტურისტულ სეგმენტზე, ბათუმი არის ტურისტული ზონა და აქ არ არიან მხოლოდ ბათუმელები და ქართველები,“ – გვითხრა კლუბის მენეჯერმა.

კითხვაზე, თუ ვისი მხრიდან იყო შეკვეთა, მენეჯერი პიროვნებებს და კომპანიებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ქეთა თოფურიასთან მისი მეგობრები მეგობრობენ და მათი სურვილი იყო ჯგუფის ბათუმში ჩამოსვლა:

„არიან სპონსორები, ვინც შეგვიკვეთა, ჩემი მეგობრები არიან, ჩვენ მხოლოდ დავუკავშირდით და ჩამოგვყავს“.

კითხვაზე, რას ფიქრობს იმაზე, რომ ქეთა თოფურია პუტინის მხარდამჭერ ჰიმნს მღერის, ირაკლი თირანიშვილი ამბობს: „არ ვიცით რატომ უმღერა, ალბათ რაღაც დავალება ჰქონდათ. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა მოხდა იქ“.

ფეხბურთის ფედერაციის განცხადება სუს-ის მიერ ფეხბურთელების დაკავებაზე

სუს-ის მიერ 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია. სუს-მა წუხელ, 19 მაისს, „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ – ორი, „ჭიათურის“ ერთი ფეხბურთელი დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, ეს ფეხბურთელები საფეხბურთო მატჩებს ყიდდნენ.

ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ ორი, „ჭიათურის“ ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულირების მცდელობას.

საყოველთაოდ ცნობილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეურიგებელი პოზიცია მატჩების გარიგებასთან დაკავშირებით. სფფ-ის შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად აქამდეც მოხდა გამოვლენილი მოთამაშეებისა თუ სხვა პირების ჩამოშორება საფეხბურთო საქმიანობიდან სხვადასხვა ვადით. ამ საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ყოველთვის აუცილებელია პროცედურების მკაცრი დაცვა და ზოგჯერ სპორტული სამართალი არ არის დანაშაულის პრევენციისთვის საკმარისი ბერკეტი.

სავარაუდოდ, კვლავ ჰქონდა ადგილი მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულაციის ცალკეულ შემთხვევებს, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება და შესაბამისი მასალა გაავრცელა. სამწუხაროდ, ყველა სრულად ვერ ითავისებს, რომ მსგავსი მოქმედება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უარყოფით გავლენას ახდენს არამხოლოდ კონკრეტული გუნდის სახელსა და იმიჯზე, არამედ მთელ საფეხბურთო ოჯახზე.

მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, სფფ-სა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს თანამშრომლობას საგამოძიებო უწყებებთან. ამ პროცესის პარალელურად სფფ-ის იურიდიული ორგანოები საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში დამატებით იმსჯელებენ, რათა არც ერთი მსგავსი დანაშაული არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე.

რატომ დააკავა წუხელ სუს-მა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი

 

„მადაგასკარელებმა“ ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს [ფოტოამბავი]

ბაგა-ბაღ „მადაგასკარში“ ეროვნული სამოსის დღე  სახალისო ფოტოსესიით აღნიშნეს. აღსაზრდელები ეროვნულ სამოსში გამოეწყვნენ და სხვადასხვა ადგილას ტრადიციულ ქართულ სამოსში გადაიღეს ფოტოები. გთავაზობთ ამ დღის ამსახველ გამორჩეულ ფოტოებს:

ბაგაბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები - ეროვნული სამოსის დღე
ბაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები – ეროვნული სამოსის დღე
ბაგაბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები - ეროვნული სამოსის დღე
ბაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები – ეროვნული სამოსის დღე
ბაგაბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები - ეროვნული სამოსის დღე
ბაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები – ეროვნული სამოსის დღე
ბაგაბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები - ეროვნული სამოსის დღე
ბაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები – ეროვნული სამოსის დღე
ბაგაბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები - ეროვნული სამოსის დღე
ბაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები – ეროვნული სამოსის დღე
ბაგაბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები - ეროვნული სამოსის დღე
ბაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები – ეროვნული სამოსის დღე
ბაგაბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები - ეროვნული სამოსის დღე
ბაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები – ეროვნული სამოსის დღე
ბაგაბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები - ეროვნული სამოსის დღე
ბაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები – ეროვნული სამოსის დღე

 

ვიტ ჯორჯიამ წინასწარი შეთანხმებით ბათუმის „დინამოსთან“ 2-ბურთიანი სხვაობით წააგო – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუშინ, 19 მაისს, „ვიტ ჯორჯიასა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართული შეხვედრის ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი.

„2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს“, – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ერთ-ერთ სასტუმროში გადაღებული ფარული ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, ექვსი პირი ადგენს საფეხბურთო მატჩების „დათმობის წესებს“.

კადრებში ჩანს თანხის გადაცემის პროცესიც. თითოეული მათგანი სავარაუდოდ 2 ათას დოლარს იღებს.

სქრინი სუს-ის მიერ გავრცელებული კადრებიდან – ფეხბურთელები თანხის სანაცვლოდ წაგების გეგმებს ადგენენ

 

 

რატომ დააკავა წუხელ სუს-მა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი

ახლახან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურა გაავრცელა განცხადება, რაც წუხელ ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. სუს-მა წუხელ სხვადასხვა ქალაქში ფეხბურთელები დააკავა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებულები არიან ორგანიზატორები – ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურია“-ს მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „თბილისის მერანსა“ და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ანალოგიურად, 2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

„ვიტ ჯორჯიას“ 5 ფეხბურთელი დააკავეს, „ლანჩხუთის გურიის“ – 2 ფეხბურთელი.

ნაგავსაყრისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთებისთვის 1,8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ცეცხლაურის ნაგავსაყართან მისასვლელი და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთების სამუშაოებისთვის აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ 2 მილიონამდე ლარი გამოყო. ქობულეთში, ოჩხამურის ტერიტორიაზე, ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 1 855 739 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის პროექტი დამუშავებულია 2014 წელს, მაგრამ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების შემდგომ საჭირო გახდა დაპროექტებული გზის მიერთების მოწყობა ახლად აშენებულ საავტომობილო გზასთან.

პროექტის მიხედვით, ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების სიგრძე ჯამში 996 მეტრია: „ქობულეთის შემოსავლელ გზაზე გათვალისწინებულია ამაჩქარებელ-შემანელებელი ზოლების მოწყობა შესაბამისად 100+80 და 180+80 გრძივი მეტრით, რისთვისაც საჭიროა მიწის ვაკისის გაგანიერება 1-2 მეტრით. გაგანიერების მცირე სიგანიდან გამომდინარე გათვალისწინებულია მიწის ვაკისის გაგანიერება გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობით მიწის ვაკისის ორივე მხრიდან სიმაღლით 2 მეტრი. ამაჩქარებელ-შემანელებელი ზოლებიდან საპროექტო გზის მიერთებამდე გათვალისწინებულია პანდუსების მოწყობა გზის ორივე მხრიდან სიგრძით 524+472 მეტრი, სადაც პანდუსების გადაკვეთაზე გათვალისწინებულია წრიული კვანძის მოწყობა. პროექტით ასევე გათვალისწინებულია გზის აღჭურვა დამატებითი სტანდარტული საგზაო ნიშნებით და საფარის მონიშვნა“.

„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის პირველ ივნისს დაიწყება და 6 ივნისს დასრულდება. სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს.

შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ არის ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“, რომლის საფირმო სახელწოდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის ბრძანების საფუძველზე შეიცვალა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, დირექტორი კი – გია ხალვაში.

„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“, ანუ ყოფილი „ჰიგიენა 2009“, აჭარის მყარი ნარჩენების პროექტს ახორციელებს. ამ კომპანიის ანგარიშიდან 5 მილიონამდე ლარის მითვისებაში სასამართლომ, 2017 წლის მაისში, კომპანიის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 4 მილიონ 984 ათას 200 ლარი მიითვისა.

დაბრუნდა თუ არა კომპანიის ანგარიშზე აღნიშნული თანხა ან თანხის ნაწილი და კონკრეტულად რამდენი? – ამ კითხვაზე თავის დროზე „ბათუმელებს“ პასუხი არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიაწოდა და არც „ჰიგიენა 2009“-მ.

ამ თემაზე: დაბრუნდა თუ არა ბიუჯეტში მითვისებული 5 მილიონი

 აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, მაგრამ 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტი სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ აითვისა. ამის გამო სახელმწიფო წლებია ვალდებულების საკომისიოს იხდის.

7 მილიონი ევროდან, რაც ნაგავსაყრის პროექტს უნდა მოხმარდეს, 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია Goksin Insaat-ი ააშენებს. ამ კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.

ამ თემაზე:

„ჰიგიენა 2009“-დან 5 მილიონის მითვისების შემდეგ დირექტორი მეორედ შეცვალეს

მთავარი ფოტო: ქობულეთის შემოვლითი გზა / „ბათუმელების“ არქივიდან

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი სარფში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 14-17 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,  საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 7 480 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს,“ – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით,  შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი  ლარის ოდენობით.

ბოლო ზარი ბათუმის საჯარო სკოლებში [ფოტო]

დღეს, 20 მაისს, საჯარო სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. გოგონებმა და ბიჭებმა, ტრადიციულად, თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერები გაუკეთეს ერთმანეთს. მოზარდები ერთმანეთს სკოლის დასრულებას ულოცავდნენ. სახესა და ხელებზე გულებმიხატული მოზარდები „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ სკოლის დასრულება უხარიათ, თუმცა, წლების შემდეგ, აქ გატარებული დღეები ალბათ მოენატრებათ.

ბოლო ზარი ბათუმის მე-11 საჯარო სკოლაში.
ფოტო: მარიამ დუმბაძის

მე-16 სკოლის კურსდამთავრებული ლუკა ბიბინეიშვილი: ეს დღეები ცოტა დაძაბულია, რადგან წინ გამოცდები გველოდება. იმედია, წარმატებით ჩავაბარებთ. ყველა მე-12- კლასელს ვუსურვებ წარმატებას“.

ბოლო ზარი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში.

ამავე სკოლის კურსდამთავრებულია ირინა გენძეხაძეც: „რატომღაც მგონია, რომ ძალიან მომენტარება ჩემი კლასი, გართობა, მასწავლებლების გაბრაზება“.

მე-11 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერებს აკეთებენ.

მოსწავლეები ამბობენ, რომ წელს ბოლო ზარს საკმაოდ მოკრძალებულად აღნიშნავენ. „ფერად ბუშტებს გავუშვებთ და გვექნება პატარა ბანკეტიც,“ – გვითხრეს მათ.

ბათუმის საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა
ფოტო: მარიამ დუმბაძის
„მოგვენატრება ერთად გართობა და სკოლა“ – გვეუბნებიან ბათუმის მე-11 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები
მე-16 სკოლა

 

რამდენი პენსიონერი პედაგოგი ტოვებს ბათუმში სკოლებს ორი წლის ხელფასის სანაცვლოდ

ბათუმის საჯარო სკოლებში 157 პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგი მუშაობს. განათლების სამინისტროს შეთავაზება – ორი წლის ხელფასი სკოლიდან წასვლის ნაცვლად, საინტერესო ჯერჯერობით მხოლოდ 20 მათგანისთვის აღმოჩნდა. სწორედ ამდენმა პედაგოგმა მიიღო სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება. სხვები ჯერ ფიქრობენ, ზოგი მათგანი კი, სავარაუდოდ, საგნობრივ გამოცდას ჩააბარებს. პედაგოგებს მოფიქრებისთვის კიდევ 10 დღე აქვთ. რომელ საჯარო სკოლაში როგორი სურათია და რა მოლოდინები აქვთ დირექტორებს, „ბათუმელები“ ამ საკითხზე საჯარო სკოლების დირექტორებს ესაუბრა.

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში 12 პენსიონერი მასწავლებელია. დირექტორის თქმით, სამმა პედაგოგმა სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, „დანარჩენები არ ვიცი რას გადაწყვეტენ,“ – გვითხრა დავით ეცადეიშვილმა.

24 პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებელი ჰყავს მეორე საჯარო სკოლას. დირექტორი ამბობს, რომ ჯერ არ იცის, რომელიმე მათგანი დატოვებს თუ არა სკოლას ჯილდოს სანაცვლოდ.

ბათუმის მე-9 საჯარო სკოლაში ოცი პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგი მუშაობს. თუმცა, როგორც დირექტორი ამბობს, ისინიც „ჯერჯერობით ფიქრობენ“ დატოვონ სკოლა თუ კვალიფიკაციაზე ზრუნვა გააგრძელონ.

მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, ორმა პედაგოგმა სკოლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ოთხი პენსიონერი მასწავლებელი კი, საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირდა.

მე-6 საჯარო სკოლაში ოთხიდან ორმა პედაგოგმა პროფესიაში დარჩენას ჯილდო ამჯობინა.

მეხუთე საჯარო სკოლაში ათი პენსიონერი პედაგოგი მუშაობს. როგორც დირექტორი გვეუბნება, სკოლიდან წასვლა მხოლოდ ერთმა პედაგოგმა გადაწყვიტა, ცხრა – გამოცდის ჩაბარებას აპირებს.

15 პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებელი ჰყავს ბათუმის მე-8 საჯარო სკოლას. „ერთმა თქვა, რომ განცხადებას დაწერს და ჯილდოს აიღებს, დანარჩენები ფიქრობენ,“ – გვითხრა დირექტორმა.

მე-14 საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ „ორი მასწავლებელი სკოლას ნამდვილად ტოვებს, ერთი ფიქრობს, რომ კრედიტქულები დააგროვოს და დარჩეს, დანარჩენი ორიც დარჩენას აპირებს“.

მე-13 საჯარო სკოლაში ექვსი პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებელია. დირექტორის თქმით, უმრავლესობა ჯილდოს აღებას აპირებს.

რვა პენსიონერი მასწავლებლიდან მე-16 სკოლაში მხოლოდ ორმა მიიღო ჯილდოს აღების გადაწყვეტილება, „დანარჩენები საგნობრივ გამოცდას აბარებენ“.

მე-18 საჯარო სკოლაში თოთხმეტი პენსიონერი მასწავლებელი ჰყავთ, „თუმცა გადაჭრით, მხოლოდ ერთმა განაცხადა სკოლიდან წასვლაზე“. დანარჩენის პოზიცია დირექტორისთვის უცნობია.

13 პრაქტიკოსი მასწავლებლიდან მხოლოდ ორი ტოვებს სკოლას ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაშიც.

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, დირექტორის თქმით, 20 პენსიონერი პედაგოგი ასწავლის. დირექტორი ნატალია მგელაძე ამბობს, რომ ყველა მათგანს გააცნეს განათლების სამინისტროს შემოთავაზება, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწვეტილება პედაგოგებს არ მიუღიათ: „მაისის ბოლომდე მათ აქვთ შესაძლებლობა გადაწყვიტონ, დარეგისტრირდნენ საგნობრივ გამოცდაზე თუ არა. ჯერ გადაჭრით არც ერთ პედაგოგს არაფერი უთქვამს. უჭირთ გადაწყვეტილების მიღება.“

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პენსიონერ პრაქტიკოს პედაგოგს, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია საგნობრივი კომპეტენცია, შეუძლია სახელმწიფოსგან მიიღოს ორი წლის ჯამური ხელფასი და სკოლა დატოვოს, ან დარჩეს პროფესიაში, იმ შემთხვევაში, თუკი ის ჩააბარებს საგნობრივ გამოცდებს და იზრუნებს მის პროფესიულ და კარიერულ ზრდაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პენსიონერ პედაგოგებს სკოლის დატოვება მოუწევთ.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან. კირნათის სკოლის პედაგოგი ზურაბ შალიკაძე პროფესიიდან გასვლას აპირებს.

ამავე თემაზე:

სამინისტრო მზადაა 11 000 პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი ჩაანაცვლოს სხვებით

სუს-მა სავარაუდოდ ლანჩხუთის „გურიის“ 2 ფეხბურთელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სამსახურმა გუშინ, 19 მაისს, სავარაუდოდ ლანჩხუთის „გურიის“ 2 ფეხბურთელი დააკავა. სუს-ის პრესცენტრში ამ დაკავებასთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ ინფორმაციას დღეს დღის განმავლობაში გაავრცელებენ.

ლანჩხუთის გურიის ადმინისტრაციაში არ იციან, ზუსტად რამდენი ფეხბურთელი დააკავა წუხელ სუს-მა. „დაზუსტებით ვიცით ის, რომ სახლიდან წაიყვანეს ჩვენი მეკარე და ბაზაზე მოკითხეს ერთი ფეხბურთელი. ეს ფეხბურთელი დააკავეს თუ არა, არ ვიცით, ის ბაზაზე არ იმყოფებოდა. რას ედავებიან ზუსტად, არც ეგ ვიცით“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლუბის ადმინისტრაციაში.

გარდა ამისა, სუს-მა წუხელ თბილისური კლუბის „ვიტ ჯორჯიას“ ოთხი ფეხბურთელიც დააკავა.

სუს-მა ბათუმში ვიტ ჯორჯიას 5 ფეხბურთელი დააკავა

 

 

სუს-მა ბათუმში ვიტ ჯორჯიას 5 ფეხბურთელი დააკავა

გუშინ, 19 მაისს, ბათუმის „დინამოსა“ და „ვიტ ჯორჯიას“ მატჩის დასრულების შემდგ, ანგისის ბაზაზე ფეხბურთელები დააკავეს. „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელების დაკავების შესახებ ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. „ბათუმელებს“ სუს-ის პრესცენტრში ასევე დაუდასტურეს, რომ ფეხბურთელები სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ფეხბურთელებს სავარაუდოდ მატჩების გაყიდვას ედავებიან. დაკავებულია 5 ფეხბურთელი.

„ვიტ ჯორჯიას“ გუშინ ბათუმის „დინამოსთან“ გასვლითი შეხვედრა ჰქონდა და დამარცხდა 2:0

ამ თამაშის შემდეგ კლუბი ეროვნულ ლიგაში ბოლოდან მეორე პოზიციაზეა. ბათუმის „დინამო“ კი, ჯერჯერობით, ლიგის ფავორიტია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ისე როგორც სუს-ში აცხადებენ, რომ ფეხბურთელების დაკავებაზე განცხადებას მალე გაავრცელებენ.

 

როდის გაიხსნება სასტუმრო „კემპინსკი“ ბათუმში

ბათუმის ბულვართან, ყოფილი საფეხბურთო სტადიონის ადგილზე, ახალი სასტუმრო კომპლექსი 2009 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო. შპს GIMG, რომელსაც ეს ვალდებულება გააჩნდა, პირობების შეუსრულებლობის გამო 10 მილიონზე მეტი აშშ დოლარის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა. კომპანია აჭარის მთავრობამ ამ პირგასამტეხლოს გადახდისგან გაათავისუფლა, ოღონდ, ძველი და ახალი ვალდებულებების შესრულების პირობით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და GIMG-ის შორის ახალი შეთანხმების აქტი 2019 წლის იანვარში გაფორმდა. ამ შეთანხმებით ახალი სასტუმრო კომპლექსი კომპანიამ ბათუმში 2020 წლის ივლისამდე უნდა აამოქმედოს.

დოკუმენტების მიხედვით, GIMG-მ 2018 წლის დეკემბერში სამინისტროს მიმართა წერილით, სადაც კომპანია აცხადებს, რომ „სხვადასხვა ობიექტურმა მიზეზებმა აღებული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადის გაჭიანურება გამოიწვია. სასტუმროსა და ბიზნესცენტრის ოპერირების მიზნით ცნობილ საერთაშორისო ბრენდთან მიმდინარეობდა აქტიური თანამშრომლობა. მათ მოთხოვნებთან კომპლექსის შესაბამისობაში მოყვანა რთული და გრძელვადიანი პროცესი აღმოჩნდა, რამაც პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. დღეს ეს სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია. სასტუმროს მენეჯმენტისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ ბრენდთან კომპანიის ურთიერთობები შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გადამწყვეტ ფაზაში შედის…“.

თავის დროზე აქ სასტუმრო „კემპინსკი“ უნდა გახსნილიყო. თუმცა, მშენებლობის გაჭიანურებასთან ერთად „კემპინსკისთან“ ურთიერთობაც შეჩერდა.

რომელი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანას აპირებს კომპანია?

„ჩვენ ვაპირებთ ისევ „კემპინსკისთან“ ხელშეკრულების გაგრძელებას, რომელიც ჩვენ შეჩერებული გვქონდა. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მოპატიჟებული იქნება სხვა საერთაშორისო ოპერატორი, მაგრამ ეს იქნება აუცილებლად ქსელური ოპერატორი. როდესაც მივუახლოვდებით სასტუმროს კონცეფციას, ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილი რომელი ოპერატორი იქნება შესადაგი იმ კონცეფციისთვის, როგორიც გაიხსნება სასტუმრო. მაგრამ დღეს, დღის წესრიგშია კვლავ „კემპინსკი“  – უთხრა „ბათუმელებს“ შპს GIMG-ის დირექტორმა თეიმურაზ გამცემლიძემ.

სასტუმროს გახსნის დროში გჭიანურების მიზეზად დირექტორი პროექტში ცვლილებებს ასახელებს.

„ვერ განვითარდა – ამდენი ცვლილებები პროექტში, ამდენი დამატება-გამოცვლა… ოპერატორი თავად კი არ მონაწილეობს ფინანსირებაში, არამედ მის აქ ყოფნას და მუშაობას აფინანსებს ინვესტორი. ერთ ადგილზე ვიყავით გაჩერებული და არ იქნა საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება, ამიტომ დროებით შევაჩერეთ ურთიერთობა „კემპინსკისთან“. ახლა ვაპირებთ აღვადგინოთ, მაგრამ თუ ეს არ ჩაიწერება იმ კონცეფციაში, რასაც ჩვენ ვავითარებთ დღეს, მაშინ მოვიპატიჟებთ სხვას. მაგრამ სხვას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ. „კემპინსკი“ თბილისშიც აპირებს შესვლას და ეს კარგი იქნება ჩვენთვისაც, ეს უკვე იქნება ქსელი“,- ამბობს თეიმურაზ გამცემლიძე.

შპს „ბათუმის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის“ 100% წილი და ქონება – 36 017 კვ.მ მიწის ნაკვეთი მთავრობამ 2 მილიონ აშშ დოლარად GIMG-ის 2006 წლის ოქტომბერში მიჰყიდა. კომპანიას 35 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და სამ წელში სასტუმრო კომპლექსი აემოქმედებინა.

კომპანიის მიერ სამინისტროში 2018 წლის ბოლოს გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „დღეის მდგომარეობით ექსპლუატაციაში მიღებულია ორი საცხოვრებელი კომპლექსი, პავილიონი და ღია საცურაო აუზი ზღვის წყლით; ასაშენებელი 63 000 კვ.მ-ის ნაცვლად აშენებულია 94 284 კვ.მ და მხოლოდ სასტუმროს ნაწილში განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობამ  [2018 წლის დასაწყისისთვის] შეადგინა 33,9 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.“

ახალი შეთანხმებით:

2019 წლის ივლისამდე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გარე ტერიტორიის გამწვანება და შიდა სივრცეებში 250 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოპარკინგის მოწყობა;
2019 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს შენობის ფასადის სამუშაოები;
2020 წლის ივლისამდე აამოქმედოს 120-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი [რომლის ოპერირება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ბრენდის მიერ];
2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა აამოქმედოს ბიზნესცენტრი; ასევე მრავალფუნქციური კულტურულ-გასართობი ცენტრი [მათ შორის, როგორც კომპანიაში გვითხრეს, კაზინო, რომელიც უდიდესი იქნება რეგიონში, ასევე ტოტალიზატორები, კლუბები, ბავშვთა გასართობი ცენტრი და სხვ.]; ჯამში კი GIMG-იმ 65 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს .

ამასთან, GIMG-იმ, სასტუმროსა და ბიზნესცენტრის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დაასაქმოს არანაკლებ 150 საქართველოს მოქალაქე და 2025 წლამდე ეს რაოდენობა გაზარდოს 500-მდე.

შპს GIMG ბათუმში, 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძეა. კომპანიის 100% წილის მფლობელი კი არის ავსტრიული შპს GAB-Resorst-ი.

პროექტის, რომელიც ბათუმის სტადიონის ყოფილ ტერიტორიაზე რამდენიმე წელია ხორციელდება, ერთ-ერთი ინვესტორი რუსეთის მოქალაქე, მილიონერი სოსო ორჯონიკიძეა. შპს GIMG-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროექტში ახალი ინვესტორების შემოსაყვანად, თუმცა ამ დროისთვის არაფერი შეცვლილა.

მაშინ, როცა ბათუმში სასტუმროს მშენებლობა შეჩერებული იყო, „ინოვაციური სამშენებლო კომპანიამ“, რომლის 50% წილის მფლობელი იოსებ ორჯონიკიძეა, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიის დამცავ ზონაში წამოიწყო.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დაახლოებით ერთი თვის წინ გაავრცელა განცხადება, რომ „სააგენტოსა და სამოქალაქო გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტიური ქმედებების შედეგად ვარძიის კომპლექსის დამცავ ზონაში კანონდარღვევით მიმდინარე სამშენებლო პროცესი შეწყდა“.

„სააგენტო მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის დამცავ ზონაში წარმოებული უნებართვო სამუშაოები უხეშად არღვევდა კულტურული ღირებულების მქონე ისტორიული ლანდშაფტის ქსოვილს და სტრუქტურას. სამშენებლო პროცესის შედეგად ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში წარმოიქმნა თვალსაჩინო დისონანსი“, – აღნიშნული იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ინოვაციური სამშენებლო კომპანიას“, სადაც მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ ვარძიაში სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია.

ბათუმში მშენებარე სასტუმრო კომპლექსი [ანბანის კოშკიდან მარცხნივ]
„ინოვაციური სამშენებლო კომპანიის“ მიერ წამოწყებული მშენებლობა ვარძიაში / კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფოტო.

 

ვინ რამდენი ხმა მიიღო ხულოს მერობის 14 კანდიდატიდან – ცესკოს მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პოსტს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე დაიკავებს. მან ხმების 70,91 % მიიღო.

ხულოში 1%-იანი ბარიერი სულ ოთხმა კანდიდატმა გადალახა:

ვახტანგ ბერიძე – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო  – 70,91 % [9 909 ხმა];

ირაკლი ჯორბენაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – 23,74% [3318 ხმა];

ვახტანგ ბერიძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – 3,63% [507 ხმა];

როლანდ აბულაძე – დამოუკიდებელი კანდიდატი – 1,03% [144 ხმა].

ხულოს მერის არჩევნებში სულ 14 კანდიდატი მონაწილეობდა. ცესკოს მონაცემებით, მათ შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ცესკოს მონაცემები / 20.05.2019

19 მაისის არჩევნებზე ხულოში ხმა მისცა 14 163-მა ამომრჩეველმა, აქედან 187 ხმა ბათილად იქნა ცნობილი. ოლქში სულ 22 საჩივარია შესული, მათგან 18 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაწერა, ხოლო 4 – „სამართლიანმა არჩევნებმა“.

ხულოს მუნიციპალიტეტში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.

ამ თემაზე:

ხულოს მერის არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა – წინასწარი მონაცემები

 

ხულოს მერის არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა – წინასწარი მონაცემები

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმები უკვე დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მერის პოსტს ვახტანგ ბერიძე დაიკავებს, „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით, მთავარ კონკურენტებს, „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

[checklist]

  • ვახტანგ ბერიძე [„ქართული ოცნება“]  – 70,91 % [9 909 ხმა]
  • ირაკლი ჯორბენაძე [„ნაციონალური მოძრაობა“] –  23,74 % [3 318]

[/checklist]

19 მაისის არჩევნებზე ხულოში ხმა მისცა 14 163 ამომრჩეველმა, აქედან 187 ხმა ბათილად იქნა ცნობილი. ოლქში სულ 22 საჩივარია შესული, მათგან 18 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაწერა, ხოლო 4 – „სამართლიანმა არჩევნებმა“.

3,63 პროცენტი მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატის სეხნიამ, ვახტანგ ბერიძემ,  რომელიც  „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” კანდიდატი იყო. ხულოში ამბობენ, რომ მას არ ჰქონია აქტიური კომუნიკაცია ამომრჩეველთან და შესაძლოა მიღებული შედეგის მიზეზი ისაა, რომ იგი ამომრჩეველმა „ოცნების“ კანდიდატად მიიჩნია. 

ხულოს მუნიციპალიტეტში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.

„ჩაო“ – თორნიკე რიჟვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ აჭარის ტელევიზიის ეთერიდან დაემშვიდობა

„ხულოში, შემოსასვლელში, არის ძალიან ლამაზი სოფელი, ჩაო. ჩაო ნიშნავს როგორც გამარჯობას, ისე დამშვიდობებას და იმ დესანტს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ აქ გადმოასხა და გარკვეული ილუზიები შეუქმნეს, მათ შორის მათ პარტიულ ხელმძღვანელებსაც, რომ აქ ნდობის მოპოვებას შეძლებდნენ, ეხლა ის დროა  ჩაიარონ ამ სოფელში ბოლოს, ახლა უკვე დამშვიდობების დრო არის და მინდა მათ დავპირდე, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ისინი ვერასდროს ვერ შეძლებენ მათი მეთოდებით და იმ ბინძური მეთოდებით, რომელსაც ჩვენ დღის განმავლობაში გვაბრალებდნენ…

თქვენ ნახეთ ის გავრცელებული ჩანაწერები, სადაც პირდაპირ მიუთითებდნენ დესტაბილიზაციაზე, მათ განზრახვაზე, რომ რეგიონში შექმნან დესტაბილიზაცია, დაძაბულობის ფონი, ხალხი დააშინონ და შემდეგ უკვე ამ დაშინების ფონზე ხალხთან მიმართებაში გააკეთონ გარკვეული მოქმედებები. ჩვენ დღეს არ დავუშვით, ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პირდაპირ ჩართვაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში დაიბადა, ცხოვრობდა სამი წელი და მისთვის მნიშვნელოვანი იყო, მმართველი პარტიის გამარჯვება აქ ყოფილიყო დამაჯერებელი.

წინასწარი მონაცემებით, ხულოში მერის არჩევნებს „ოცნების“ კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე იგებს. 19 მაისის არჩევნებზე ხულოში ხმა მისცა 14 051 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა 52 პროცენტია.

ხულოში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.

24 უბნის მონაცემებით ხულოში მერის არჩევნებს „ოცნების“ კანდიდატი იგებს

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე შევიდა 24 უბნის მონაცემები. წინასწარი მონაცემებით უკვე ცნობილია, რომ ამ უბნებში 66 პროცენტით ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე

წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ 17 უბანზე ხმების 28 პროცენტი დააგროვა.

ხულოს საარჩევნო ოლქში სულ 54 უბანია.

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ხულოში ხმა მისცა 14 051 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა 52 პროცენტია.

ხულოში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.

__________

მთავარ ფოტოზე: არჩევნები ხულოში. ცაგო კახაბერიძის ფოტო

წინასწარი ზეიმი და აჭარის მთავრობის მობილიზაცია ხულოს მერის არჩევნებზე

ხულოში საკუთარი კანდიდატის გამარჯვება მმართველმა პარტიამ ჯერ კიდევ შედეგების გამოცხადებამდე იზეიმა. ხულოში ჩასულმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მართალია, ჯერ საბოლოო შედეგი არ არის ცნობილი, თუმცა მათი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ვახტან ბერიძე დამაჯერებელი შედეგით იგებს არჩევნებს.

წინასწარგამოცხადებული გამარჯვება ხულოში ფეიერვერკითაც აღნიშნეს.

დღეს ხულოში თითქმის სრულადაა მობილიზებული აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. ხულოში იმყოფებიან უმაღლესი საბჭოს წევრები და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე; აჭარის ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები, ქობულეთის მერი და სხვა ოფიციალური პირები.

დღის ბოლოს ხულოში მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეც გამოჩნდა.

ხულოში მერის არჩევნებს ესწრება მაღალმთიანი აჭარის დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, დაბაში იმყოფებიან პარლამენტარები აჭარიდან – ნუკრი ბეჟანიძე და ილია ნაკაშიძე.

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ხულოში ხმა მისცა 14 051-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა 52 პროცენტია.

ხულოში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.

მერობის კანდიდატების განცხადება ხმების დათვლამდე – არჩევნები ხულოში

ხულოში მერის არჩევნების დასრულების შემდეგ მთავარმა კონკურენტებმა – მერობის კანდიდატებმა „ოცნებიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ განცხადება გააკეთეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ კონკურენტს ურჩია თავი შეიკავონ წინასწარი ზეიმისგან და შედეგებს დაელოდონ. მასე ასევე განაცხადა, რომ თუ კი „ოცნების კანდიდატი გაიმარჯვებს, „ცივილურად“ მოიქცევა და მას გამარჯვებას მიულოცავს, თუმცა ისიც დასძინა, რომ თუ ასე მოხდება, „ოცნების“ კანდიდატს წინ დიდი ბრძოლა და ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიური კონტროლი ელის.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტან ბერიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვებას გამორიცხავს, მაგრამ აღნიშნავს, რომ თუ კი კონკურენტი „მაინც გაიმარჯვებს“, წარმატებებს უსურვებს, საკუთარი გამარჯვების შემთხვევაში კი თითოეულ ხულოელს გვერდში დგომას დაპირდა.

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ხულოში ხმა მისცა 14 051 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა 52 პროცენტია.

მისი თქმით დღეს, 19 მაისს, ხულოს მერის არჩევნებზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, ათასზე მეტი ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად. ოლქში სულ შესულია 22 საჩივარი, აქედან 18 ნაცმოძრაობამ შეიტანა, ოთხი კი „სამართლიანმა არჩევნებმა“.

რა დარღვევებზე დაწერა ხულოში საჩივრები „სამართლიანმა არჩევნებმა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ხულოში მიმდინარე მერის არჩევნებს მობილური ჯგუფების საშუალებით აკვირდება. ორგანიზაციამ სულ სამი საჩივარი დაწერა ხულოში. რეგიონალური კოორდინატორის, მადონა ბერიძის თქმით, საჩივრები, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ეხება.

„დაფიქსირდა რიგი პროცედურული დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც იქნა მიცემული შენიშვნები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მისამართით და გარკვეულ შემთხვევებში მოხდა დარღვევების აღმოფხვრა და რეკომენდაციების გათვალისწინება.

ორგანიზაციის მიერ ამ დროისათვის დაწერილია სამი საჩივარი. ერთი საჩივარი ეხება იმას, რომ ხელმოწერების რაოდენობა ნაკლები იყო  ერთ-ერთ უბანზე ვიდრე გაცემული ბიულეტენები; ერთ უბანზე, სადაც საჩივარი დაიწერა, გადასატანი საარჩევნო ყუთის ამომრჩეველთა მონაცემები არ იყო მითითებული ერთიან სიაში, რომ ამომრჩეველი არის გადასატანი ყუთის სიაში და ასევე, გვქონდა შემთხვევა, როცა ერთ-ერთ უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი აღრიცხავდა უბანზე მისულ ამომრჩევლებს“ – ამბობს მადონა ბერიძე.

ხულოში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.

_________

ფოტოზე: არჩევნები ხულოში. ფოტო: „ბათუმელები“, ცაგო კახაბერიძე

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში 17 საჩივარია შესული

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის [18:00] 17 საჩივარია შესული. სამი საჩივარი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დაწერეს, 14 საჩივარი კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლებმა.

„საჩივრის ძირითადი მიზეზი პროცესუალური დარღვევებია, რომელთა უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა. მაგალითად, ეს არის გარეთ აგიტაცია; ორ შემთხვევაში კომისიის წევრი გარეთ გავიდა და დაიწერა საჩივარი; ასევე, როგორც იცით, ითქვა, რომ კოორდინატორებს სიები ჰქონდათ და ცესკომ უკვე განმარტა, რომ ამ სიებში არ არის პირადობის ნომრები; წილისყრის დროს იყო პროცესუალური დარღვევები, მაგრამ გამოსწორდა იმ მომენტისთანავე“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ნოდარ მელაძემ, ხულოს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, 17 საათის მონაცემებით ხულოში მერის არჩევნებზე 11 931 ამომრჩეველი გამოცხადდა ხმის მისაცემად, ამომრჩეველთა რაოდენობის 49, 46 პროცენტი.

______________

მთავარ ფოტოზე: არჩევნები ხულოში. ცაგო კახაბერიძის ფოტო

 

15:00 საათისთვის ხულოში ამომრჩეველთა 40,6 პროცენტმა მისცა ხმა – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღის 3 საათისთვის, ხულოს საარჩევნო ოლქში ხმა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40,6 პროცენტმა მისცა.

ცესკოს მონაცემებით ხულოში სულ 24 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან, დღის 3 საათისთვის, არჩევანი 9 782-მა ამომრჩეველმა გააკეთა.

15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტიურობა ყველაზე მაღალია საგარეჯოში [56,4%], ხოლო ყველაზე დაბალი – თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში [21%].

წყარო: ცესკო

დღეს, 19 მაისს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – საქართველოს პარლამენტის შუალედური; მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

ხულოში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.

 

მთავარი ფოტო: მერის რიგგარეშე არჩევნები ხულოში / 19.05.2019 / ცაგო კახაბერიძის ფოტო

3 საჩივარი და 19.5-პროცენტიანი აქტივობა ხულოში, მერის არჩევნებზე – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 24 საჩივარი, აქედან ზუგდიდში -13, მარნეულში – 7, ზესტაფონში -1, ხოლო ხულოში – 3. ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, საჩივრები ძირითადად შეეხება პროცედურულ ხარვეზებს.

ამ დროისათვის ყველაზე მეტი, 13 საჩივარი, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაშია შესული.

საარჩევნო ოლქების მიხედვით, 12 საათისთვის ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობაა  საგარეჯოში – 35.7 პროცენტი, ხოლო ხულოში ამომრჩეველთა აქტივობა 19.5 პროცენტია.

დღეს, 19 მაისს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – საქართველოს პარლამენტის შუალედური; მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

ხულოში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.

_________

ფოტოზე: არჩევნები ხულოში. ფოტო: „ბათუმელები“, ცაგო კახაბერიძე

 

Exit mobile version