სამინისტრო მომავალ ინვესტორთან 45-მილიონიან ხელშეკრულებას შეწყვეტს

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის მიმდებარედ, 3022 კვ/მ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლის აგვისტოში 5 მილიონ 745 ათას ლარად გაყიდა [აუქციონზე საწყისი ფასი 1,3 მილიონი ლარი იყო]. ნაკვეთი შპს „მწვანე ხეივანმა“ იყიდა, რომელიც ქონების შეძენამდე 10 თვით ადრე იყო დარეგისტრირებული.

კომპანიას აუქციონზე დაფიქსირებული თანხა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა, ხოლო მიმდინარე წლის მაისში მშენებლობა დაეწყო. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, „მწვანე ხეივანს“ არც ნაკვეთის თანხა აქვს გადახდილი და არც მშენებლობაა დაწყებული.

დოკუმენტების მიხედვით, კომპანიასთან, მიმდინარე წლის 16 მარტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეთანხმების აქტი გააფორმა.

რაზე შეთანხმდნენ მომავალი ინვესტორი და სამინისტრო? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება თანხის გადახდის გადავადებაზე შედგა, თუმცა კომპანიამ თანხა მაინც ვერ გადაიხადა და ახალი ვადაც ამოიწურა.

„სამინისტრო იწყებს საქმის წარმოებას „მწვანე ხეივანთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე,“ – გვითხრეს სამინისტროში.

„მწვანე ხეივნის“ წილის 85%-ს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რუსლან ნესტერუკი ფლობდა, 8%-ს – ტარიელ ჯინჭარაძე, ხოლო 7%-ს – თეონა ბერიძე. მიმდინარე წლის იანვრის ამონაწერით კი, კომპანიის 92%-ს ფლობს თეონა ბერიძე, ხოლო 8%-ს – რუსლან ჯინჭარაძე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა.

„ბათუმელები“ „მწვანე ხეივანს“ ვერ დაუკავშირდა.

აუქციონის პირობების მიხედვით, სასპორტო სკოლის გვერდით 130 [±7] მეტრი სიმაღლის მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა აშენებულიყო, რომელიც მოიცავდა:

  • სასტუმროს – არანაკლებ 100 ნომერს;
  • საცხოვრებელ აპარტამენტებს;
  • არანაკლებ 160 ავტომანქანაზე გათვლილ მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომს;
  • სტილობატს [ე.წ „პოდიუმი“], საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულებით გამოყენების მიზნით;
  • საცურაო აუზს, კომერციულ ფართობებს, დედათა და ბავშვთა გასართობ ცენტრს, სუპერმარკეტს;
  • საზოგადოებრივ კვების ობიექტებს და ა.შ.

აღნიშნულ პროექტში ინვესტორს არანაკლებ 40 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

ამავე თემაზე:

ბათუმის სპორტსკოლასთან მიწის ნაკვეთს მთავრობა 1,3 მილიონ ლარად ყიდის

ქალი, რომელმაც დანაშაული ოჯახის დასახმარებლად ჩაიდინა

გულნარა პილპია 64 წლისაა. დღედაღამ საკერავ მანქანას უზის და ფარდებს, თეთრეულს, სამოსს კერავს მეზობლებისთვის. ესაა მისი შემოსავლის ძირითადი წყარო. პროფესიითაც მკერავია. წლების განმავლობაში მუშაობდა სამკერვალო ფაბრიკაში. პენსიონერი წალენჯიხაში ჩვეულებრივი, უწყინარი ცხოვრებით ცხოვრობს. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს ერთ მშვენიერ დღეს უსიამოვნო მოულოდნელობა დაარღვევდა და ციხეში აღმოჩნდებოდა.

2011 წელი იყო. ოჯახს ძალიან უჭირდა და ქალმაც გადაწყვიტა როგორმე დამატებით გამოემუშავებინა ყოველდღიური სარჩო. ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა იმ დროს გალიდან წალენჯიხაში გასაყიდი სიგარეტის გადმოტანა.

გულნარა პილპია იხსენებს, რომ სწორედ დაკავების დღეს შვილი განსაკუთრებით სთხოვდა არ გადასულიყო გალში, თუმცა დედამ მას არ დაუჯერა და წალენჯიხელ ქალებთან ერთად გაუყვა უკვე შეჩვეულ გზას. შვილის შიში გამართლდა, პოლიციამ გულნარა პილპია თანმხლებ წალენჯიხელ ქალებთან ერთად დააკავა. ქალმა საპყრობილეში წელიწადი და ექვსი თვე გაატარა.

„ჩემთვის ძალიან მოულოდნელად დამაპატიმრეს. მეუბნებოდნენ, რომ აკრძალული და საშიში იყო სიგარეტის აქეთ-იქით ტარება, მაგრამ გვიჭირდა და რა მექნა, რას ვიფიქრებდი, რომ რამდენიმე შეკვრა სიგარეტი ასეთ ხათაბალაში გამხვევდა, თან ამ ასაკში“, – იხსენებს გულნარა პილპია.

ციხეში გატარებულ წლებზე ლაპარაკი არ სურს. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ეს უმძიმესი პერიოდი იყო, რომელიც გადალახა და გახსენებაც კი ზარავს. როცა ოჯახის წევრებს და გვერდით მყოფ ახლობლებს უჭირთ, შესაძლოა ვერც კი მიხვდე კანონს რომ არღვევ, ისეთი რამ ჩაიდინო – ასე აანალიზებს რამდენიმე შეკვრა სიგარეტის გამო ციხის კედლებში დაკარგულ თითქმის ორ წელიწადს.

საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ სიგარეტის ბიზნესზე არც კი უფიქრია და გადაწყვიტა კერვა გაეგრძელებინა, მაგრამ საკერავი მანქანა დაძველებული და გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ორგანიზაცია „თანაზიარი“ გულნარა პილპიას ახალი საკერავი მანქანის შეძენაში დაეხმარა.

ამ საქმით მისი ყოველთვიური შემოსავალი 200-300 ლარია, რაც მცირე თანხაა, მაგრამ ქალი იმითაც კმაყოფილია, რომ პენსიაში გასვლის შემდეგ ამ ფორმით ეხმარება ოჯახს და საკუთარი საქმე აქვს, თან გვეუბნება, რომ სახლში მუშაობა ცხოვრების ამ ეტაპზე მისთვის მოსახერხებელი და კომფორტულია. რითაც შეუძლია ეხმარება მეზობლებსა და ახლობლებს – ზოგს ფარდებს უკერავს იაფად, ზოგს ახალი კაბების საფასურს ხელფასამდე არ ახდევინებს და ა.შ.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი, რომლის ფარგლებშიც მკერავმა ქალმა ახალი საკერავი მანქანა შეიძინა, ოთხ რეგიონში ხორციელდება: აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო – ზემო სვანეთში. სარეაბილიტაციო სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს, ასევე მათი ოჯახის წევრებსაც.

პროექტი ერთ წელზე მეტია ხორციელდება და მიზნად ისახავს როგორც ზემოთჩამოთვლილი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას, ასევე სამედიცინო მხარდაჭერასაც.

დემოკრატიის ინსტიტუტი „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დაინტერესებულმა პირებმა რეგიონების მიხედვით უნდა მიმართონ შესაბამის ორგანიზაციებს:

[checklist]

[/checklist]

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

ძმები ნობელების საქმიანობა და როლი ბათუმის ეკონომიკისა და მრეწველობის განვითარებაში

2018 წლის 30 მაისს, 13:30 საათზე, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ჩატარდება სახალვაშოს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა მიერ უცხო ენაზე მომზადებული პრეზენტაცია თემაზე – ძმები ნობელების საქმიანობა და მათი როლი ბათუმის ეკონომიკისა და მრეწველობის განვითარების საქმეში.“

პროექტის სასწავლო მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ უცხო ენაზე ინფორმაციის მოძიება და კომუნიკაცია, ნობელების ბათუმთან კავშირის შესახებ პრეზენტაციის წარდგენა, იმსჯელონ საქართველოს, კერძოდ, აჭარის ეკონომიკურ წინსვლაზე მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში.

სწავლების შედეგები: მოსწავლეები მოახერხებენ მოვლენების, ფაქტების, ქცევების საკუთარი პოზიციიდან შეფასებას, შეძლებენ მათთვის უჩვეულო, არაფორმალურ გარემოში ცოდნის გაღრმავებას და უცხო ენაზე მეტყველებას.

საკრებულოში პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი ამოქმედდება

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც ბათუმის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილება შევიდა. აღნიშნული ცვლილება პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი და პროცედურები ასახული იქნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში (პეტიციების ნაწილში).

საკრებულოს სხდომა
საკრებულოს სხდომა

დადგენილების მიღება არ იწვევს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ელექტრონული პლატფორმის შესაქმნელად დამატებითი ხარჯების გამოყოფას, ვინაიდან სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების დანერგვაში ხელშეწყობის მიზნით, მოახდენს ელექტრონული პეტიციის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის დანერგვას, განვითარებას, მხარდაჭერასა და ტექნიკურ მომსახურებას, რომლის სატეტსო ვერსია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრს უკვე მომზადებული აქვს და უახლოეს პერიოდში მოხდება მისი ამოქმედება ბათუმის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

პეტიციის ინიციატორი - მალხაზ ნაკაშიძე
პეტიციის ინიციატორი – მალხაზ ნაკაშიძე

ზემოაღნიშნული დადგენილების პროექტი საკრებულოს აპარატის მიერ მას შემდეგ შემუშავდა, რაც პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესის ამოქმედების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატორთა სამკაციანმა ჯგუფმა (მალხაზ ნაკაშიძე, ნათია აფხაზავა, ასლან ჭანიძე) პეტიციით მომართა.

სტუდენტების საერთო საცხოვრებელთან ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი ხე ამოთხარეს

ბათუმში, მწვანე კონცხზე არსებულ საერთო საცხოვრებლის შენობის საძირკველთან მორიგი მრავალწლოვანი ხე ამოთხარეს. აქ სტუდენტები ამ დრომდე ცხოვრობენ. ამოღებული ხე შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში უნდა გადაიტანონ. ამ ადგილიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ საერთო საცხოვრებლის შენობასთან ერთად შეიძინა, ამ დროისთვის 4 ხეა გადასატანად გამზადებული.

კომპანია „ზიმოში“ [ერთ-ერთი კომპანიაა, რომელსაც მრავალწლოვანი ხეები გადააქვს] გვითხრეს, რომ მათ ამ ადგილიდან მხოლოდ ერთი ხე გააქვთ, დანარჩენებს კი სხვა კომპანია გაიტანს.

სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი და ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად ამოთხრილი ხეები/მწვანე კონცხი / ფოტო: ენმ

ხეები, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, იმ ახალი გზით უნდა გაიტანონ, რომელსაც „ზიმოს“ ინფორმაციით, კომპანია „გზა“ აკეთებს. ეს ახალი გზა ფერდობზე შენდება და უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ტერიტორიას ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან აკავშირებს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ [მახინჯაურის მხრიდან].

კომპანია „გზა“ გვირაბის ამ მხარეს საავტომობილო მოსაბრუნებელ კვანძსაც აშენებს, რომელიც 2017 წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა. ამისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტს მასთან 2,5 მილიონ ლარზე ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ამ ღირებულების სამუშაოებს „გზა“ მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე დაასრულებს და მასთან ხელშეკრულება შეწყდება. ამის შემდეგ კი მოსაბრუნებელი კვანძის დასრულებაზე ტენდერი გამოცხადდება, სადაც სატენდერო თანხა 4,7 მილიონი ლარი იქნება. ანუ, პროექტი ამ ოდენობის თანხით იზრდება.

ენმ ბათუმში აცხადებს, რომ მოსაბრუნებელი კვანძის მშენებლობა სწორედ ბიძინა ივანიშვილის პარკში ხეების გადასატანად გზის გაყვანის მიზნით დააფინანსეს, საერთო საცხოვრებელთან ამავალი გზის მშენებლობა კი უნებართვოდ მიმდინარეობს.

შედის თუ არა საერთო საცხოვრებელთან მისასვლელი გზის მშენებლობა ე.წ. „მოსაბრუნებელი კვანძის“ პროექტში? – მალხაზ დუმბაძემ, კომპანია „გზას“ დირექტორმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ „ზემოთა გზა“ [რომელიც საერთო საცხოვრებელთან ადის] გაკეთდა მესაკუთრის ტერიტორიაზე და მესაკუთრის, ანუ „ბიზნეს დეველოპმენტის“ დაკვეთით: „ზემოთ მიმდინარეობს მშენებლობა და მესაკუთრე ალბათ ამ გზას შემდგომში მშენებლობისთვის, მისასვლელად გამოიყენებს მხოლოდ, ან დატოვებს და კეთილმოაწყობს, ეს მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება ხეებს, ესეც „ბიზნეს დეველოპმენტის“ საკუთრებაშია და ალბათ ამ გზით გაიტანენ“.

მალხაზ დუმბაძის განცხადებით, მოსაბრუნებელი კვანძის მშენებლობა და პროექტირება მათ პარალელურად დაიწყეს და აღმოჩნდა, რომ ფერდები არის მეწყრულ ზონაში, ორჯერ ჩატარდა გეოლოგიური კვლევა, მოეწყო დამცავი გაბიონებიც: „კვლევის შედეგად ჩვენ წარვადგინეთ პროექტი დეპარტამენტში და საბოლოო გადაწყვეტილებას მოსაბრუნებელი კვანძის მშენებლობასთან დაკავშირებით ის მიიღებს. პასუხი უახლოეს დღეებში გვეცოდინება“.

„2018 წლის 24 მაისს „გზამ“ დეპარტამენტში წარმოადგინა კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ღირებულებით – 7 239 902 ლარი. განხილვის შედეგად, პროექტის მიმართ კვლავ იყო შენიშვნები: არ არის სრულად წარმოდგენილი ფერდების მდგრადობის ანგარიში, აგრეთვე არსებული გვირაბის სამხრეთ პორტალზე გამავალი გზის პორტალის მდგრადობის ანგარიში. გამოიკვეთა ბათუმის შემოვლითი გზის პროექტისა და ამ მონაკვეთზე ასაშენებელი ავტომაგისტრალის პროექტის ზედდება. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილ პროექტს სჭირდება კორექტირება“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

რაც შეეხება საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ სტუდენტებს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის, ჯემალ ანანიძის განცხადებით, ისინი შენობაში აგვისტოს თვემდე დარჩებიან, მომავალი სასწავლო წლიდან კი სტუდენტები ახალ კორპუსში გადავლენ, რომელიც ბათუმში შენდება.

მიმდინარე წლის თებერვალში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და ვიზუალური დათვალიერებით, შენობას ტექნიკური პრობლემა არ აქვს და შეფასება, რომ ის წარმოადგენს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საფრთხეს, მხოლოდ ვარაუდია.

ამავე თემაზე:

მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძის მოწყობის ვადა გადაიწევს

ივანიშვილის პარკისთვის ხე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის საძირკველთან ამოთხარეს [ფოტოამბავი]

მთავრობა „ორბი ჯგუფი ბათუმზე“ მიწას 15 ლარად აქირავებს, იმავე ადგილას სხვებზე – 287 ლარად

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის სასპორტო სკოლასთან 20 კვ/მ მიწის ნაკვეთის სარგებლობაზე ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. ფიროსმანის ქუჩაზე ამ ნაკვეთის ერთი წლით სარგებლობისთვის საწყისი ფასი 5 740 ლარია, ანუ, 1 კვ/მ 287 ლარი. სარგებლობაში კი ნაკვეთი გადაეცემა იმას, ვინც მაქსიმალურ თანხას დააფიქსირებს.

აუქციონზე გატანილი ნაკვეთის მიმდებარედ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ, ჯამში 7772 კვ/მ მიწის ნაკვეთს კომპანია „ორბი ჯგუფი ბათუმი“ სარგებლობს. ამ ტერიტორიას კომპანია, რომელიც იქვე სასტუმრო კომპლექსს აშენებს, სამეურნეო დანიშნულებით იყენებს [დასაწყობებულია სამშენებლო მასალები, დგას ბეტონმზიდი მანქანები].

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორია „ორბი ჯგუფი ბათუმზე“ გადაცემულია სარგებლობაში 2 წლით და წლიური გადასახადია 119 400 ლარი. ანუ, „ორბი“ 1კვ/მეტრ მიწის ნაკვეთის ერთი წლით სარგებლობაში იხდის 15 ლარს და 36 თეთრს, როცა იქვე 1 კვ/მეტრის სარგებლობისთვის სამინისტროს მიერ აუქციონზე გატანილი ნაკვეთის სარგებლობის საფასური მინიმუმ 287 ლარია.

ტერიტორია სასპორტო სკოლის მიმდებარედ
ტერიტორია ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ / 29.05.2018
ტერიტორია ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ / 29.05.2018
ტერიტორია ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ / 29.05.2018
ტერიტორია ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ / 29.05.2018
ტერიტორია ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ / 29.05.2018

ქობულეთის შემოვლითი გზა ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება

ქობულეთის შემოვლითი გზა, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში, მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებში  გაიხსნება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს.

„სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით ამ დღეებში დროულად დასრულდება და გზის გახსნის ღონისძიებაც დაიგეგმება. ვვარაუდობთ, რომ გზა 15 ივნისისთვის გაიხსნება,“ – გვითხრეს დეპარტამენტში, თუმცა სამუშაოების დასრულებისა და გზის გახსნის ვადა რამდენჯერმე გადაიწია.

ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში კარგა ხანია გახსნილია [პირველი ლოტი]. გვარადან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი [მეორე ლოტი] ახლა გაიხსნება. მთლიანობაში, ეს გზა ბათუმსა და თბილისს შორის მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს.

ამ გზის სრულად გახსნის შემდგომ ავტომანქანით გადაადგილება მახინჯაურის გვირაბიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილამდე [და პირიქით] ისე იქნება შესაძლებელი, რომ მანქანა არ გაივლის ჩაქვს [უღელტეხილს], ქალაქ ქობულეთსა და ჩოლოქს [ფიჭვნარს].

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის მეორე ეტაპის [ლოტის] სამუშაოები 2013  წელს დაიწყო. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 209 852 079 ლარს შეადგენს. დონორია აზიის განვითარების ბანკი (ADB), ხოლო სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია „SINOHYDRO“  ასრულებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გზის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებსაც ელოდებიან.

ქობულეთის შემოვლით გზაზე, სოფელ საჩინოსთან, აიგო საქართველოში ყველაზე გრძელი – 1180 მეტრი სიგრძის ხიდი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 ლოტზე 18 კმ-იანი მონაკვეთი აშენდა. ამ მონაკვეთზე სულ 15 ხიდია.

ახალი გზა ორზოლიანია და დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 [თუ გზა თავისუფალია 105] კილომეტრია საათში. აჭარის გარეთ, ოთხზოლიან ავტობანზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე კი – 110 კმ/სთ-ია.

მთავარი ფოტო: ქობულეთის შემოვლითი გზა / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

 

მეორადი სამედიცინო ინსტრუმენტების უკანონოდ შემოტანის მცდელობა „წითელ ხიდზე“

28 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტში – „წითელი ხიდი“ [მარნეული] ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის, ო.ტ-ს მართვის ქვეშ არსებული სამგზავრო ავტობუსის დათვალიერებისას, არადეკლარირებული მეორადი სამედიცინო ინსტრუმენტები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11 162 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა – 11 162 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კვარიათში, პარლამენტარ წულაიას აპარტოტელის გვერდით, კიდევ ერთი სასტუმროს აშენება იგეგმება

ახალმა აპარტოტელმა, რომლის მშენებლობასაც შპს „დომუს დეველოპმენტი“ გეგმავს, შესაძლოა საქართველოს პარლამენტის წევრის, ივლიანე წულაიას ბიზნესსაც შეუშალოს ხელი. დეპუტატის უკვე არსებული აპარტოტელი კვარიათში – „კვარიათი სანსეტი“  პლაჟზე მდებარეობს და ეზოც პლაჟის ტერიტორიაზე აქვს. ახალი სასტუმროს პროექტის განხორციელების შემთხვევაში, დეპუტატის უკვე არსებული სასტუმროს ფასადი ნაწილობრივ დაიფარება.

გასცემს თუ არა ბათუმის მერია ნებართვას მშენებლობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტარის კომპანიის შენობას ზღვაზე ხედს ნაწილობრივ დაუფარავს, ეს მომავალში გამოჩნდება. როგორც წესი, როცა საქმე პარლამენტარის კომპანიას არ ეხება, ასეთ გადაწყვეტილებებზე უარს არ ამბობენ.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 223 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კვარიათში, საკურორტო ზონაში, ზღვასთან ახლოს [აპარტოტელ „სანსეტის“ გვერდით], აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით [#145], 2016 წლის მაისში პირდაპირი წესით გაასხვისეს. ხელშეკრულების ღირებულება 111 500 ლარი იყო. აქ მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა აშენდეს.

აპარტოტელი „სანსეტი“ და მიმდებარედ სამშენებლოდ მომზადებული ტერიტორია

აპარტოტელი „კვარიათი სანსეტის“ 40% საქართველოს პარლამენტის წევრს „ქართული ოცნებიდან,“ ივლიანე წულაიას ეკუთვნის. ახლა მის კუთვნილ წილს თენგიზ წულაია მართავს. დეპუტატმა ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საუბარი არ მოინდომა. გვითხრა, რომ გამოგვიგზავნიდა კომპანიაში მისი წილის მმართველის ტელეფონის ნომერს, რომელიც კითხვებზე გვიპასუხებდა. მან დანაპირები არ შეასრულა და მოგვიანებით არც ზარებს უპასუხა.

რაც შეეხება ახალ პროექტს – „კვარიათი სანსეტის“ გვერდით  მიწის ნაკვეთი თავდაპირველად შპს „ბრიზმა“ შეიძინა, მაგრამ  მოგვიანებით „დომუს დეველოპმენტზე“ გადაყიდა, სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებებით.

ათსართულიანი „კვარიათი სანსეტის“ გვერდით კომპანია „დომუს დეველოპმენტი“ კიდევ ერთი ათსართულიანი შენობის აშენებას გეგმავს. კომპანიას ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებული აქვს პროექტის ესკიზი, როგორც სამომავლო პროექტი და დაგეგმილ შენობაში მომხმარებელს აპარტამენტების შეძენასაც კი სთავაზობს. კომპანიაში ამბობენ, რომ „მშენებლობა ზაფხულში უნდა დაიწყოს“.

ბათუმის მერიის ინფორმაციით კი, კომპანიას სამშენებლო ნებართვის მიღების თხოვნით მერიისთვის ჯერ არ მიუმართავს.

თუ კომპანია ამ პროექტის განხორციელებაზე მერიისგან  ნებართვას მიიღებს, ესკიზის მიხედვით, „დომუს დეველოპმენტის“ შენობას ისეთივე მდებარეობა ექნება, როგორც „კვარიათი სანსეტს“ აქვს. შენობის მარცხენა მხარე პირდაპირ პლაჟზე გავა, შენობის აივნებიდან და ფანჯრებიდან კი ზღვის ხედი და მთის ნაწილი გამოჩნდება.

ეს მდებარეობა, ცხადია, ბიზნესისთვის ხელსაყრელია, სამაგიეროდ სანაპიროზე დაწყებული ინტენსიური მშენებლობები ადგილობრივ მოსახლეობას უქმნის პრობლემებს – მათი სახლებიდან ზღვა აღარ ჩანს და ზღვიდან მომავალი ჰაერის ნაკადიც შეიცვალა. ამის გამო ისინი ფიქრობენ, რომ ახალი გარემო ზაფხულში მათი სახლების გაქირავებას ეჭვქვეშ დააყენებს: „აღარ მოვა ჩვენთან დამსვენებელი“ .

„დომუს დეველოპმენტის“ პროექტის ესკიზი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „დომუს დეველოპმენტის“ პროექტმა შესაძლოა პრობლემა შეუქმნას მომიჯნავე ნაკვეთზე მდებარე აპარტოტელ „კვარიათი სანსეტსაც“. იმ მხრიდან, სადაც „დომუს დეველომპენტი“ მშენებლობას გეგმავს, „სანსეტს“ ღიობები და აივნები აქვს, საიდანაც მოჩანს როგორც ცენტრალური მაგისტრალი, ასევე ზღვა. ახალი შენობის აშენების შემთხვევაში აპარტოტელის ამ მხარეს განთავსებული ნომრებიდან ლამაზი ხედის ნაცვლად, წესით, სხვა შენობის შემინული ყრუ კედელი გამოჩნდება [ახალი პროექტის ესკიზის მიხედვით].

„დომუს დეველოპმეტის“  წილებს ალექსანდრე კორძახია, გიორგი გიორგაძე, ალექსანდრე შიშმელაშვილი და ბაადურ ურუშაძე იყოფენ.

 

 

 

 

ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით საფირმო მატარებელი იმოძრავებს

15 ივნისიდან ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქარი, საფირმო მატარებელი №202/201 ინიშნება. სამგზავრო შემადგენლობა მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველდღიურად იმოძრავებს. მატარებელი ერევნიდან გამოვა 15:30, ბათუმში შევა 07:10, ბათუმიდან კი გამოვა 15:40 და ერევანში ჩავა 07:25.

ამ მიმართულებას აქვს შემდეგი სიახლე: მატარებელი №202/201-ის გაჩერების სადგურების რიცხვს – სამტრედიის სადგური დაემატება. აღნიშნული მატარებლით მგზავრობის ტარიფი ვაგონების კატეგორიების შესაბამისად განისაზღვრება. მგზავრთნაკადის გაზრდის შემთხვევაში, გათვალისწინებულია შემადგენლობაზე ვაგონების დამატებაც.

საკრებულო პარკირების წესში ცვლილებების შეტანის საკითხზე იმსჯელებს

საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისთვის საფასურის დადგენის და ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების თაობაზე დადგენილებებში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს.

გაერთიანებული კომისიების სხდომა
გაერთიანებული კომისიების სხდომა

ცვლილებების მიხედვით, ბათუმში აიკრძალება და პარკირების წესების დარღვევად ჩაითვლება პარკირების საერთო ადგილების გარე ვაჭრობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების, სხვა მომსახურების და ნებისმიერი სახით რეკლამის გავრცელებისათვის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარკირების ადგილების სარგებლობა მერიასთან შეთანხმებით ხდება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებისათვის.

კომისიის წევრებმა ბათუმის ტეიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხზეც იმსჯელეს. წარმოდგენილი დადგენილების პროექტის მიხედვით, დგინდება ბათუმის ტერიტორიაზე პარკომეტრებით აღჭურვილი პარკირების საერთო ადგილებით (გარდა „თბილისის მოედნისა“) სარგებლობისთვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:

[checklist]

  • 1 საათამდე პერიოდი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი;
  • 2 საათამდე პერიოდი – 1 (ერთი) ლარი;
  • ყოველი შემდეგი 1 (ერთი) საათი- 1 (ერთი) ლარი.

[/checklist]

 

ცვლილება ასევე ითვალისწინებს ქალაქ ბათუმის მუნციპლალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე თბილისის მოედანზე 6 (ექვსი) ერთეული ადგილის გამოყოფას მსუბუქი ტაქსის პარკირებისთვის და მათთვის პარკირების ადგილებით სარგებლობის საფასურის განსაზღვრას 5 (ხუთი) ლარის ოდენობით დღის განმავლობაში.

აღნიშნულ საკითხებზე  ბათუმის საკრებულო ხვალ იმსჯელებს.

გაერთიანებული კომისიების სხდომა
გაერთიანებული კომისიების სხდომა

ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე, მოძრაობა ცალმხრივი გახდა

თამარ მეფის სანაპიროზე ამიერიდან სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივი იქნება. სანაპიროზე მოძრაობა ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის ინიციატივით შეიზღუდა.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,  სანაპიროზე გადასასვლელებზე საგზაო ნიშნები უკვე დამონტაჟებულია.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, სანაპიროზე ცალმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა ტურისტული სეზონისთვის სპეციალურად დაიგეგმა. მოძრაობის შეზღუდვის მიზანია ამ პერიოდში სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობის უკეთ დარეგულირება, მძღოლებისთვის კონფლიქტური ვითარების შემცირება და ქვეითებისთვის უსაფრთხო გადაადგილების საშუალების მიცემა.

 

ქედელი ჩოგბურთელების წარმატებები ზედიზედ

ვაიოს მაგიდის ჩოგბურთის სექციის სპორტსმენები გულშემატკივარს წარმატებებით ანებივრებენ.

მალტაში, მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, ოთხი გოგონას ასპარეზობის შემდგომ სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს.

ქედის თვითმმართველობა ულოცავს სპორტსმენებსა და მწვრთნელებს
ქედის თვითმმართველობა ულოცავს სპორტსმენებსა და მწვრთნელებს

ანრი დევაძე საქართველოს ნაკრების წევრი ოფიციალურად გახდა და ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

ლინდა ჩიკვაიძე 2018 წლის საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო წყვილებს შორის პირველ საპრიზო ადგილზე ელზა მახაჭაძე და ლინდა ჩიკვაიძე გავიდნენ.

ქედის თვითმმართველობა ულოცავს სპორტსმენებსა და მწვრთნელებს: იმედა და იოსებ მახაჭაძეებს მნიშვნელოვან გამარჯვებებს და მორიგ წარმატებებს უსურვებს!

ქედის თვითმმართველობა ულოცავს სპორტსმენებსა და მწვრთნელებს
ქედის თვითმმართველობა ულოცავს სპორტსმენებსა და მწვრთნელებს

მარტოხელა მშობლები მგზავრობისას 50 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად  სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების  პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

დადგენილების პროექტს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხვალ, 29 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
დადგენილების პროექტს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხვალ, 29 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.

პროექტით წარმოდგენილი ცვლილების ინიციატორი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოა და იგი ითვალისწინებს M3 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრობისას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისთვის  დამატებითი შეღავათით, მგზავრობის საფასურის 50 %-იანი ფასდაკლებით (0,15 ლარი) სარგებლობას.

ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი.
ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი.

პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირების“ ქვეპროგრამის ასიგნებებიდან დაიფარება.

დადგენილების პროექტს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხვალ, 29 მაისს, სხდომაზე განიხილავს და მიღების შემთხვევაში, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

 

 

სუს-ის მაღალი თანამდებობის პირი ქობულეთის მერიაში გადავიდა სამუშაოდ

ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ახალი უფროსი ეყოლება. ამ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მინდია რომანაძემ გაიმარჯვა. მინდია რომანაძე აქამდე ანტიკორუფციულ სააგენტოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ანტიკორუფციული სააგენტო სუს-ის სტრუქტურული ერთეულია.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი ათ ადამიანს ჰქონდა. გასაუბრების ეტაპზე კომისიამ მხოლოდ ორი კონკურსანტი გადაიყვანა – მინდია რომანაძე და გიორგი ლილუაშვილი. „მაგრამ გიორგი ლილუაშვილი გასაუბრებაზე აღარ მოვიდა. ჩვენთვის უცნობია, რატომ არ გამოცხადდა. გასაუბრებით კომისია მხოლოდ მინდია რომანაძეს გაესაუბრა,“ – გვითხრა თეონა გეგიძემ, ქობულეთის მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ.

თეონა გეგიძემ ასევე გვითხრა, რომ გასაუბრებამდე კომისიას ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინდია რომანაძე აქამდე ანტიკორუფციულ სააგენტოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ კომისიის რომელიმე წევრს ამ თემაზე კითხვა კონკურსანტთან არ დაუსვამს.

„გასაუბრების დროს ჩვენ ამ თემაზე არ გვისაუბრია, არ ჩაგვითვლია საჭიროდ… კომისიამ დაადგინა პირის შესაბამისობა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან,“ – ამბობს თეონა გეგიძე.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიციის დასაკავებლად საჭირო იყო ინჟინრად, ასევე მენეჯერად მუშაობის გამოცდილება. ქობულეთის მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის თქმით, მინდია რომანაძემ ამ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინა.

„მას აქვს ინჟინრად მუშაობის, ასევე სასტუმრო „კოლხეთის“ დირექტორად მუშაობის გამოცდილება,“ – აღნიშნავს თეონა გეგიძე.

შპს „კოლხეთი“ ქობულეთში თბილისის მერის, კახი კალაძის ბიზნესია.  მინდია რომანაძე 2011-2015 წლებში  სწორედ ამ სასტუმროში მუშაობდა დირექტორად.

მინდია რომანაძის ძმა – ზვიად რომანაძე ქობულეთის გამწვანების სამსახურის დირექტორია. ეს ინფორმაციაც საკონკურსო კომისიაში დაგვიდასტურეს.

საკონკურსო კომისიამ არ მოგვაწოდა ქობულეთის ზედამხედველობის სამსახურის ახალი უფროსის საკონტაქტო ინფორმაცია. „ბათუმელებმა“ მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოახერხა.

მინდია რომანაძე საკონკურსო კომისიამ კონკურსში გამარჯვებულად უკვე დაასახელა. ბრძანება ზედამხედველობის სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნის შესახებ ქობულეთის მერს ჯერ არ გამოუცია.

კიდევ ერთი დეტალი – სუს-იდან ქობულეთის მერიაში სამუშაოდ გადასული პირის ჯამაგირი თვეში 1500 ლარი იქნება.

ქობულეთის მერიის საკონკურსო კომისია მინდია რომანაძესთან გასაუბრების დროს

 

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ დღეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.

დადგენილების პროექტის მიხედვით, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ წარუდგინა, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული  პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.

ბათუმის ბიუჯეტში შესატან ცვლილებს ბათუმის საკრებულო ხვალ, 29 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
ბათუმის ბიუჯეტში შესატან ცვლილებს ბათუმის საკრებულო ხვალ, 29 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.

ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან  გამოყოფილი ტრანსფერის თანხა. ასევე, ელექტრონული ტენდერების და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შედეგად დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე გათვალისწინებული იქნება ახალი ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსება.

[highlight color=”red”]მათ შორის:[/highlight]

დაიწყება ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგების სამუშაოების მეორე ეტაპი – ფრიდონ ხალვაშის გამზირის მარჯვენა (მდ. ჭოროხის მიმდებარე) უბნის წყალმომარაგების სამუშაოები;

გაგრძელება ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობა. კერძოდ დაიწყება: ბაგრატიონის შესახვევის, გურამიშვილის ქუჩის, გურამიშვილის შესახვევის, მელიქიშვილის I შესახვევის, სააკაძის ქუჩის, სააკაძის შესახვევის, ჩოლოყაშვილის I და II შესახვევების კეთილმოწყობის სამუშაოები;

ასევე, გაგრძელდება ბონი-გოროდოკის დასახლების ქუჩების კეთლმოწყობა. კერძოდ  დაიწყება: ვ. მაიაკოვსკის  I, III და IV  ჩიხის, ს. მესხის III ჩიხის, დ. ჭონქაძის  ქუჩის, ი. გოგოლის  შესახვევის,  თ. სახოკიას ქუჩის, რ. თაბუკაშვილის  ქუჩის, გ. წერეთელის ქუჩის, გ. ვოლსკის ქუჩისა და კულტურის სახლთან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიწრო ჩიხების კეთილმოწყობის  სამუშაოები;

დაგეგმილია მაგნოლიის ჩიხის კეთილმოწყობა, აეროპორტის გზატკეცილის N43-დან დავით აღმაშენებლის ქუჩის წრიულამდე სანიაღვრე არხის მოწყობა, გენერალ ასლან აბაშიძის ქ. N131-ის მიმდებარედ სანიაღვრე არხის მოწყობა;

ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე; საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე.
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე;
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე.

დაგეგმილია ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ავარიული სახლების მდგომარეობის შეფასება და ექსპერტიზა.

არჩილ ვანაძის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 6,787,5 ათასი ლარით იზრდება, მათ შორის: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან  გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერით – 543,5 ათასი ლარით, „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის  დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შესყიდული საქონლისა და მომსახურების დღგ-ის  50% გადახდის მიზნით; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერით – 6,000.0 ათასი ლარით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით;  ასევე სხვა შემოსავლებით – 244.0 ათასი ლარით, რომლის მობილიზება ბათუმის  ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე ატრაქციონებისა და ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე ატრაქციონის („პანორამული ბორბალის“) იჯარიდან არის დაგეგმილი.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, პროექტით წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გადასახდელები  6,774,6 ათასი ლარით იზრდება და საერთო ჯამში, 167,924.5 ათასით განისაზღვრება.

ბათუმის საკრებულო დადგენილების პროექტით წარმოდგენილ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებს ხვალ, 29 მაისს, საკრებულოს სხდომაზე განიხილავს.

14 693 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო სარფსა და წითელ ხიდზე

25-27 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „წითელი ხიდი“ და „სარფი“- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების: გ.ა-ს, ე.ზ-სა და მ.ბ-ს ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

საზღვარზე ამოღებული ოქროს ნაკეთობათა საერთო წონამ  253,44 გრამი, ხოლო საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ –  14,693.84 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის  მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს,  სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 14,693.84 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ბულვარში ძაღლმა ქალი დაკბინა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, ბათუმის ცენტრალურ ბულვარში ძაღლმა ქალი დაკბინა. სასწრაფოს ინფორმაციით, ქალს ხელზე აქვს ნაკბენი და ის ანტირაბილურ ცენტრში გადაიყვანეს.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში ალიკაპისა და საბელის გარეშე ძაღლის გაყვანა ჯარიმდება 20 ლარით. „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის, ეთერ მაჭუტაძის თქმით, პოლიცია ცდილობს გააფრთხილოს მეპატრონეები, თუმცა მაინც არის შემთხვევები, როცა მეპატრონეებს ძაღლი ალიკაპის გარეშე დაჰყავთ.

„მარტო ჯარიმა არ არის გამოსავალი, მოსახლეობის ცნობიერებაც უნდა გაიზარდოს, რომ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან,“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.

“მადაგასკარი” გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს [ფოტო]

ბაგა-ბაღ “მადაგასკარის“ აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ!

ბაგა-ბაღი "მადაგასკარის აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ! 
ბაგა-ბაღ “მადაგასკარის“ აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ!

ბაგა-ბაღი "მადაგასკარის აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ! 
ბაგა-ბაღ “მადაგასკარის“ აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ!
ბაგა-ბაღი "მადაგასკარის აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ! 
ბაგა-ბაღ “მადაგასკარის“ აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ!

ბაგა-ბაღი "მადაგასკარის აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ! 
ბაგა-ბაღ “მადაგასკარის“ აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ!
ბაგა-ბაღი "მადაგასკარის აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ! 
ბაგა-ბაღ “მადაგასკარის“ აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ!
ბაგა-ბაღი "მადაგასკარის აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ! 
ბაგა-ბაღ “მადაგასკარის“ აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ!
ბაგა-ბაღი "მადაგასკარის აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ! 
ბაგა-ბაღ “მადაგასკარის“ აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ!
ბაგა-ბაღი "მადაგასკარის აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ! 
ბაგა-ბაღ “მადაგასკარის“ აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ!
ბაგა-ბაღი "მადაგასკარის აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ! 
ბაგა-ბაღ “მადაგასკარის“ აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ!
ბაგა-ბაღი "მადაგასკარის აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ! 
ბაგა-ბაღ “მადაგასკარის“ აღსაზრდელები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გილოცავთ!

12, 13 და 14 წლის მოზარდებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

პედოფილიაში ბრალდებულ 60 წლის კაცს ხელვაჩაურის სასამართლომ, ცოტა ხნის წინ, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12, 13 და 14 წლის არასრულწლოვნები არიან. ბრალდებულს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლების მიხედვით. ეს მუხლები 16 წლამდე მიუღწეველ პირთან გარყვნილ ქმედებას, ასევე ძალადობრივ სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.

პედოფილია – სამ მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს

 

ბათუმში ლურჯი ავტობუსები იმოძრავებენ – მერიის გამოკითხვის შედეგები

ბათუმის მერია გასულ კვირას მოსახლეობის ონლაინ გამოკითხვას აწარმოებდა ახალი მუნიციპალური ავტობუსების ფერთან დაკავშირებით. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ლურჯი ფერი ლიდერობდა.

„გამოკითხვაში 3 748 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 53-მა პროცენტმა ხმა მისცა ლურჯ ფერს, 16,6  პროცენტი წითელი ფერის მომხრე იყო, 11,8 კი – თეთრი ფერის,“- გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ახალი მუნიციპალური ავტობუსის ფერი ლურჯ ტონებში იქნება. „ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს ცისფერი, ღია ლურჯი ან ზღვისფერი“.

ახალი მუნიციპალური ავტობუსები ქალაქში აგვისტოს შუა რიცხვებიდან იმოძრავებენ. სულ 15 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვა. წლის ბოლომდე კი, ქალაქში 40 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.

ავტობუსების ფერთან დაკავშირებით ონლაინგამოკითხვას „ბათუმელებიც“ აწარმოებდა.

 

ამავე თემაზე:

 

როგორი ფერის ავტობუსი უნდა მოძრაობდეს ბათუმში – მერია მოსახლეობის გამოკითხვას აპირებს

 

შსს „რუსთავი 2“-სა და „იმედში“ მტკიცებულებების გასაჯაროებაზე გამოძიებას იწყებს

შს სამინისტრომ დღეს, 28 მაისს, გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გამოძიება იმ პირების მიმართ დაიწყო, რომლებიც „გაფრთხილებულნი იყვნენ გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობაზე“.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ეხება „უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე“ არსებული მტკიცებულებები გასაჯაროებას.

„მიმდინარე წლის 26 მაისს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-მა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროვა.

კერძოდ, გამოქვეყნდა კლუბების – „ბასიანისა“ და „გალერის“ საქმეში არსებული დოკუმენტები, სატელეფონო ჩანაწერები, გასაჯაროვდა მოწმეების ვინაობა, რის გამოც შესაძლოა, მათ საფრთხე შეექმნათ.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მხარეები გაფრთხილებულნი იყვნენ გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობაზე, შესაბამისი ხელწერილებით, მოხდა მტკიცებულებების გასაჯაროება, როგორც ტელეკომპანია „იმედის“, ასევე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობის დასადგენად“, – წერია შს სამინისტროს განცხადებაში.

ქრთამის გადაცემის მომენტში სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გურიაში ერთი პირი დააკავა

ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის მიცემის ფაქტზე გურიაში მოქალაქე ვაჟა გ. დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვაჟა გ-მ ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურის გარეთ, ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების წარმომადგენელს ალექსი გ-ს ქრთამის სახით 10 000 ლარი შესთავაზა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ვაჟა გ. შეთავაზებული ქრთამის ნაწილის – 3000 ლარის გადაცემის მომენტში ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 28-29 მაისს, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი  
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი 
  • ღამით: 6-11 გრადუსი სითბო

ბოლო მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა 19,5 გრადუსია.

მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექა.

__________

მარიამ ქველიაშვილის ფოტო

ჯარიმა მერაბ ბლადაძის ცემისთვის

შს სამინისტროს ინფორმაციით, პირებს, რომლებმაც მერაბ ბლადაძის ცემა აღიარეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, სასჯელის სახით ჯარიმა შეეფარდათ.

შემთხვევა 14 მაისს ბათუმში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, „უფლებადამცველ მ.ბ.-ს, წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ზ.ბ.-მ მას ხის ჯოხით მსუბუქი დაზიანებაც მიაყენა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ს.ბ-ს ჯარიმის სახით 1000 ლარი დაეკისრა, ზ.ბ-ს კი 2000 ლარი.

ფაქტზე ორი პირი იყო დაკავებული – 1985 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1988 წელს დაბადებულ ს.ბ“.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.

არალეგალი მიგრანტი პარიზში, ქუჩიდან მეოთხე სართულზე აცოცდა და ბავშვი გადაარჩინა [ვიდეო]

პარიზში, 22 წლის ბიჭმა, მამუდუ გასამამ, მეოთხე სართულის აივნიდან ჰაერში დაკიდებული ბავშვი გადაარჩინა. სოციალურ ქსელებსა და მედიაში თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ჩანს, როგორ მიცოცავს შიშველი ხელებით მამადუ გასამა სართულიდან სართულზე, რომ 4 წლის პატარას მისწვდეს.

ვიდეო შაბათს, საღამოს რვა საათზეა გადაღებული პარიზის მეთვრამეტე უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე.

„შიშზე არ ვფიქრობდი იმ მომენტში, როცა ჰაერში გამოკიდებული ბავშვი დავინახე, მიყვარს პატარები და არ დავუშვებდი მას რამე დამართნოდა. ბავშვის ასეთ სიტუაციაში დანახვამ მომცა ძალა შიშველი ხელებით იქამდე ასვლის, არ ვიცი ეს როგორ მოხდა, უბრალოდ, მინდოდა გადამერჩინა,“ – უთხრა მამუდუ გასამამ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდა ბავშვი მეოთხე სართულის აივნიდან გადმოკიდებული. Le Figaro-ს ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, აივანზე იყო ჩაკეტილი და სახლში ამ დროს არავინ იმყოფებოდა.

როცა თვითმხილველებმა სახანძრო და პოლიცია გამოიძახეს, მამადუს წყალობით ბავშვი უკვე უსაფრთხოდ იყო. ამ შემთხვევის შემდეგ ბავშვიც და მისი გადამრჩენელი 22 წლის ემიგრანტი მალიდან – საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის შემდეგ მამუდუ გასამას მხოლოდ მცირე ნაკაწრი ჰქონდა ფეხზე.

საფრანგეთის სასამართლოში დღეს საღამოს ბავშვის მამის წინააღმდეგ სარჩელი შევა. სამართალდამცავები მშობლებს დაკითხავენ, თუ რატომ იყო მცირეწლოვანი ბავშვი ჩაკეტილი შინ მარტო.

პარიზის მერმა ანა იდალგო მამადუ გასამას შესახებ ტვიტერში დაწერა. მან მიგრანტის ტელეფონის ნომერი გაიგო და პირადად გაესაუბრა ბიჭს. აღმოჩნდა, რომ მამუდუ მალიდან რამდენიმე თვის წინ ჩავიდა საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად. მამუდუ საფრანგეთის არალეგალი მიგრანტი აღმოჩნდა. ანა იდალგო მას დაჰპირდა, რომ სპონტანური სიმამაცისთვის პარიზის მერია და საფრანგეთის სახელმწიფო ყველა პირობას შეუქმნის, რომ ამ ქვეყანაში ღირსეული მომავალი ჰქონდეს.


ემანუელ მაკრონმა მამუდუ გასამას დღეს ელისეს სასახლეში მიიწვია. ემიგრანტს საფრანგეთის მოქალაქეობა მიანიჭეს.

მაკრონი მამუდუ გასამას ელისეს სასახლეში ხვდება/ ფოტო: ემანუელ მაკრონის ფეისბუქგვერდიდან

 

მაკრონი მამუდუ გასამას ელისეს სასახლეში ხვდება/ ფოტო: ემანუელ მაკრონის ფეისბუქგვერდიდან

წყარო: Le figaro

France 24

პედოფილია – სამ მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს

აჭარაში პედოფილიის შემთხვევა დაფიქსირდა. მოსამართლე დავით გელაშვილი დღეს განიხილავს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12, 13 და 14 წლის არასრულწლოვნები არიან.

ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების პრესცენტრის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს 60 წლამდე მამაკაცი. მას სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლებით წაუყენეს ბრალი.

სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლი გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას, რომელიც „ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“.

ეს მუხლი 14 წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

141-ე მუხლი კი გარყვნილი ქმედებისთვის 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ადგენს. ეს მუხლი „გარყვნილ ქმედებას“ განსაზღვრავს, როგორც „ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან“.

 

სტუდენტური პროექტების კონკურსი ბსუ-ში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  „სტუდენტური პროექტების“ კონკურსს აცხადებს.

სტუდენტური პროექტი შეიძლება იყოს ორი სახის – სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული.

„კონკურსის მიზანია აქტიური სტუდენტური ცხოვრების წახალისება, ხელშეწყობა და სტუდენტებში პროფესიული-კვლევითი უნარ-ჩვევების ამაღლება.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს, ხოლო საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტის ბიუჯეტი – 5000 ლარს.

პროექტების განხილვის პროცედურა და თარიღები:

„საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტებზე“ განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება  30 მაისის ჩათვლით.

საკონკურსო კომისიის მიერ პროექტები შეფასდება 1-10 ივნისს, შედეგები კი 10-11 ივნისს იქნება ცნობილი.

გამარჯვებული პროექტის განხორციელება დაიწყება მიმდინარე წლის 18 ივნისიდან 30 სექტემბერის ჩათვლით.

სამეცნიეროკვლევითი სახის პროექტები

პროექტის განაცხადის ელექტრონულად მიღება დაიწყება 3 სექტემბრიდან და გაგრძელდება 31 ოქტომბრის ჩათვლით;

საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება: 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით;
შედეგების გამოცხადება: 2018 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით;
გამარჯვებული პროექტის განხორციელება: 2019 წლის 1-ლი იანვარი –  30 ივნისი.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს:  https://portal.bsu.edu.ge

ბათუმში დაჭრილი ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 27 მაისს დანით დაჭრილი ქალი კვლავ რეანიმაციაში რჩება. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ ამ ეტაპისთვის სტაბილური.

ახალგაზრდა ქალი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში შუადღისას დაჭრეს. ქალს თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა. დაჭრილი ქალი ორი შვილის დედაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ამბავი თხილის მზესუმზირით ჩანაცვლებისა

ზოგს ეცინება, ზოგი ეთანხმება, ზოგს უკვირს, ნაწილმა არაფერი იცის და მეორე ნაწილისთვის კი ნიგვზისა და თხილის მზესუმზირით ჩანაცვლების იდეა სრულიად მისაღებია. გაგიკვირდებათ და  მზესუმზირით კაკლოვანი კულტურების ჩანაცვლება დაკავშირებულია აზიური ფაროსანას პრობლემასთან.

თხილის მზესუმზირით ჩანაცვლება 

თხილი და კაკალი საქართველოში სხვადასხვა საკვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია, უფრო კონკრეტულად სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში თითქმის ყველა ოჯახში ფართო გამოყენებს. ბოლო რამდენიმე წელია, აზიური ფაროსანასგან  კაკლოვანი კულტურების დაზიანების გამო, უმეტესობამ საკვებში თხილი და კაკალი მზესუმზირით ჩაანაცვლა.

„შემაძრწუნებელია ის ფაქტი , რაც გურიაში ხდება. ფაროსანას შემოსევის გამო უშედეგო გახდა გლეხის შრომა და ჯანსაღი პროდუქტის მოყვანა. ჩემს ოჯახში ნიგვზიანი კერძები ძალიან გვიყვარს, თუმცა წინა წელს მოსავალი გაგვიფუჭდა. მეზობლებისგან შევიტყვეთ რომ საჭმელში თხილის და ნიგოზის ნაცვლად მზესუმზირას იყენებენ. ჩვენც მათ მივბაძეთ. გარჩეულ მზესუმზირას ბაზარსა და სურსათის მაღაზიებში ვყიდულობთ. „- ამბობს სუფსაში მცხოვრები ქრსიტინე კვერენჩხილაძე.

ჩვენი რესპოდენტი თქმით, ზესუმზირა ბევრად იაფი ღირს, მაგრამ მისი გემო განსხვავდება, პროდუქტი თხილთან და კაკალთან შედარებით ნაკლებად ცხიმიანია. როგორც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს,  ერთი პროდუქტის სხვა პროდუქტით ჩანაცვლება, კაკლოვანების ნაკლებობასთან ერთად, დაბალი ფასით არის განპირობებული.

ზღაპრული ფასები

ბაზარში 1კგ. ნიგვზის ფასი 25-ლარიდან იწყება . 1კგ. გაურჩეველი – ნაჭუჭიანი თხილის ფასი 8 ლარია,  თუმცა გარჩეული პროდუქტი ბევრად მეტი ღირს. ფასები მნიშვნელოვნად მაღალია დიდ სუპერმარკეტებში. გარჩეული მზესუმზირის ფასი კი 3-ლარიდან 4-ლარამდე მერყეობს. მართალია ის გემოვნური თვისებებით განსხვავდება, მაგრამ  იაფია და გემოთი  ახლოსაა კაკლოვანებთან.

მზესუმზირას თხილისა და ნიგვზის ნაცვლად მხოლოდ ცალკეულ ოჯახებში არ გამოიყენებენ. მას ფართოდ იყენებენ რესტორებში და მზა კვების ობიექტებში.

საიდან გაჩნდა ეს იდეა?

თხილის კუტურა დასავლეთ საქართველოშია პოპულარული, განსაკუთრებით სამეგრელოში , გურიასა და იმერეთში. საქსტატის 2016 წლის მონაცემების მიხედვით აქ 15.3 ; 7,2 და 3,4 ათსი ტონა თხილი იწარმოება. საქსტატის მონაცემებით 2017 წელს თხილისა და კაკლის ექსპორტმა 82 მილიონი დოლარი შეადგინა .

დასავლეთ საქართველოში თხილის ცუდი მოსავლი ინვაზიური მწერისგან მიყენებული ზიანით იყო განპირობებული.  აზიურმა ფაროსანამ მოსავლის 2/3 განადგურდა. ზარალის ერთ-ერთი მიზეზი თხილში სოკოვანი დაავადებაც იყო,  რაც არადროული, არასწორად შეწამვლის ან საერთოდ შეუწამლობის გამო გაჩნდა, ერთ-ერთ მიზეზად 2017 წლის მეტეოროლოგიური (ჭარბტენიანობა) პირობებიც სახელდება.

„გასულ წელს  პირადად ჩემი მეურნეობიდან 1 კგ. თხილიც კი არ მიმიღია. ასევე მოსავალის ნახევარი კოოპერატივის წევრებმაც ვერ მიიღეს.“- ამბობს ლია მუხაშავრია.

ლია მუხაშავრია პროფესიით იურისტია და ბოლო რამდენიმე წელია თხილის წარმოებითაც აქტიურად არის დაკავებული. მოგვიანებით კოოპერატივიც ჩამოაყალიბა, რომელშიც, ლანჩხუთის რეგიონის 4 სოფლის 87 ოჯახია გაწევრიანებული.

„თხილის გაფუჭების მიზეზი ფაროსანასთან ერთად თხილის სხვა დაავადებებიც იყო. გურიაში თხილი ყველაზე ადვილად მოსავლელ პროდუქტად მიაჩნიათ და არ წამლავდნენ, თან გავრცელდა ხმა, რომ შესაწამლი პრეპარატები აზიანებდა არა მარტო მოსავალს, არამედ ტერიტორიას, ცხოველებს, ფუტკრებს და ა.შ. ამიტომ ყველა შეშინდა და შარშანდელი შეწამვლაც ჩავარდა.  წელს კი თხილის კულტურას ქიმიური პრეპარატებით უკვე ამუშავებენ“,- ლია მუხაშავრია.

ჩვენი რესპოდენტისთვის, უცხო არ არის თხილის და კაკლის მზესუმზირით ჩანაცვლების შემთხვევები. ის ამბობს, რომ არა მარტო გურიაში, არამედ  იმერეთშიც და სხვა რეგიონებშიც რესტორნებსა და საკვებ ობიექტებში მსგავსი მდგომარეობის შესახბ ხშირად სმენია და თავადაც ჰქონია მსგავსი შემთხვევა.

„მართალია ეს გემოვნების საკითხია, მაგრამ არ  მივესალმები ამ ფაქტს, რადგან თხილი, კაკალი და მზესუმზირა მნიშვნელოვნად განსხვავებული პროდუქტებია და მათი ჩანაცვლება არ არის სასარგებლო.  მითუმეტეს სუნელებთან და სხვა ინგრედიენტებთან მათი შერევა.“- ლია მუხაშავრია.

მომხმარებლის უფლებების დარღვევა

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, უკვე წლებია მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე მუშაობს. მათი ინტერაქტიური  საიტი „momxmarebeli.ge“ მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე სურსათის საეჭვო ნიმუშებს ლაბორატორიულად იკვლევს. მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მზა პროდუქტის ეტიკეტსა და შემადგენლობას შორის სხვაობის დასადგენად მიმართა. მომხმარებელი ეჭვობს, რომ ნიგვზის მაგივრად პროდუქტში მზესუმზირა იყო გამოყენებული. ორგანიზაციამ პროდუქტის შესწავლა დაიწყოა, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოში ლაბორატორიები მსგავს ანალიზსს ვერ ატარებენ, საკითხი გამოსაკვლევი დარჩა. „momxmarebeli.ge“-ში გვითხრეს, რომ იმ შემთხვევაში თუ კაკლის მზესუმზირით ჩანაცვლების ფაქტი დადგინდებოდა, ეს ეტიკეტირების წესის დარღვევა იქნებოდა, რომელზე რეაგირებაც სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივაა.

მზესუმზრის წარმომავლობა

მზესუმზირის თესლი გაურჩეული თუ გაურჩეველი საქართველოში დიდი რაოდენობით შემოდის უცხოეთიდან. იმპორტის მაჩვენებლმა 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით დაახლოებით 1მილიონ 837 ათასი დოლარი შეადგინა.

თუ გადავხედავთ წინა წლების სტატისტიკას, რაოდენობა ყოველწლირად იზრდება. თუ 2015 წელს საქართველოში  3მლნ. 226 ათასი დოლარის მზესუმზირა შემოვიდა, 2016 წელს ამ რაოდენობამ  4მლნ. 746 ათას დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო 2017 წელს  6მლნ. 257 ათასზე მეტია.

___________________________________________________________________

სტატია  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ჯივილი 26 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით 30%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ

26 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით, საბავშვო მაღაზია „ჯივილი”, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 30%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ ყველა ასაკის საბავშვო ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და სათამაშოებზე.

გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88

 

რუსეთიდან გამოპარული სელაპი მიშიკო ფოთთან შეამჩნიეს

ფოთში მეთევზეებმა და მყვინთავებმა ქალაქ ანაპის დელფინარიუმიდან გამოპარული სელაპი დააფიქსირეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს.

“სელაპი მიშა (მიშიკო) საქართველოშია. გამოიპარა ანაპის (რუსეთის ფედერაცია) დელფინარიუმიდან, მერე დაიჭირეს აფხაზეთში, ცოტა ხნით ჰყავდათ ბიჭვინთაში, გამოიპარა იქედანაც და ახლა ფოთთან ორაგულის მარიფერმის მიდამოებში დავაფიქსირეთ,” – წერს არჩილ გუჩმანიძე ფეისბუქზე.

გუჩმანიძის თქმით, შავ ზღვაში მხოლოდ ერთი სახეობის სელაპი ბერი ბინადრობს. ფოთში ნანახი სელაპი კი სხვა სახეობისაა. გუჩმანიძის თქმით, ამჟამად აკვირდებიან სელაპის ქცევებსა და გადაადგილებას. უახლოეს დღეებში მის შესასწავლად ექსპედიცია იგეგმება.

ბოლოს სელაპი  შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში  მეცნიერებმა 1936 წელს დააფიქსირეს.

მთავარი ფოტო: ანაპის დელფინარიუმი

ჰოსპიტალი: დაჭრილი ქალი რეანიმაციაშია და მის გადასარჩენად ექიმები ყველაფერს აკეთებენ

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, დღეს, 27 მაისს, დანით დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდა ქალს ბევრი სისხლი აქვს დაკარგული, იგი რეანიმაციაშია მოთავსებული და მის გადასარჩენად ექიმები ყველაფერს აკეთებენ.

ახალგაზრდა ქალი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში შუადღისას დაჭრეს. ქალს თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა. დაჭრილ ქალი ორი შვილის დედაა.

დანაშაულის ადგილზე მცხოვრებთა თქმით, თავდამსხმელი იყო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ეგრეთ წოდებული „სპეცოვკა“ ეცვა. ქალის დაჭრის შემდეგ ის კორპუსის უკანა მხარეს გაიქცა, სადაც კამერები არ არის დამონტაჟებული [კორპუსი, სადაც ქალი დაჭრეს დგას ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობის წინ, სადაც მრავალი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული].
იგივე პირების თქმით, ქალი ოჯახთან ერთად გეგმავდა წვეულებაზე წასვლას და ეკეთა სამკაულები. თვითმხილველის თქმით, დანაშაულის ადგილზე ეყარა ქალის ოქროს ნივთები. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

ბათუმში 30 წლის ქალს რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ქალს სხეულზე სავარაუდოდ დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 30 წლის ქალი ექიმებმა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას გონება დაკარგული არ ჰქონდა.

აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის თქმით, მცირეწლოვან შვილთან ერთად მყოფ ახალგაზრდა ქალს საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში დაესხნენ თავს.

ბათუმის სასამართლოში საქმეების უმეტესობა საპროცესო შეთანხმებით დასრულდა

2018 წლის პირველ ოთხ თვეში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 365 სისხლის სამართლის საქმიდან უმეტესობა – 209 საქმე, საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ამავე პერიოდში სასამართლომ 152 საქმე განიხილა არსებითად. საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელი პირობაა, ბრალდებულმა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი აღიაროს. მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, სასამართლო საქმეს არსებითად აღარ განიხილავს.

საპროცესო შეთანხმების სიხშირე წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მართლმსაჯულების მნიშვნელოვან პრობლემად იყო მიჩნეული. ექსპერტების აზრით, საპროცესო შეთანხმების სიმრავლე შესაძლოა მიანიშნებდეს იმას, რომ მოქალაქეებს არ აქვთ განცდა, რომ საკუთარი უფლებების დაცვას შეძლებენ და მარტივად პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალზე დათანხმებას ამჯობინებენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, 817 საქმეზე შედგა საპროცესო შეთანხმება, 811 საქმეზე კი – არსებითი განხილვა. 2016 წელს 732 საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით, 658  – არსებითი განხილვით.

2018 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 11 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, ერთ საქმეზე კი – ნაწილობრივ გამამართლებელი. სასამართლომ ოთხი საქმე წინასწარ გამოძიებაში დააბრუნა, ოთხი საქმის განხილვა – შეწყდა.

რა გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი ბავშვებისთვის ცენტრალურ პარკში – პირველი ივნისი ბათუმში 

პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ცენტრალურ პარკში გასართობი ღონისძიების ორგანიზებას კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს. ღონისძიებებისთვის ქალაქის მერიას ბიუჯეტში 40 625 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა კულტურის ცენტრი ხელშეკრულებას, ტენდერში გამარჯვებულ თევდორე მაყაშვილთან 29 850 ლარზე გააფორმებს.

ღონისძიებების ფარგლებში კულტურის ცენტრის დიზაინით მოეწყობა მთავარი სცენა სხვადასხვა დეკორაციებით; ბავშვების გართობაზე მთელი დღის განმავლობაში [12:00-დან – 20:00-საათამდე] იზრუნებენ ზღაპრის გმირები – კოსტიუმირებული მსახიობები – დისნეი, ჯამბაზები, იქნება ჭადრაკის თემატიკა, ოჩოფეხები, მეკობრე; გაიმართება საბავშვო კონცერტები, ქალაქში არსებული საბავშვო სტუდიების მონაწილეობით [მინიმუმ 5 სტუდია, თითო სტუდია არანაკლებ 40-წუთიანი პროგრამით].

მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს უფასოდ  დაურიგდებათ ბამბის ნაყინი [2500 ცალი], პოპკორნი [2500 ცალი], ჩამოსასხმელი ნაყინი [3000 ცალი], ჰელიუმის ფერადლენტიანი ბუშტები [2000 ცალი]; პარკში განთავსდება მინიმუმ ორი მომენტალური ფოტო ბეჭდვის აპარატი [ე.წ. „PhotoBooth“], რომლებითაც ბავშვებს 2000 ფოტოს გადაუღებენ და ადგილზე უფასოდ მიაწოდებენ, ანიმატორითა და გადაღებისთვის სხვადასხვა სახალისო აქსესუარებით; მოეწყობა რეტრო კომპიუტერული თამაშები –  8 სხვადასხვა რეტრო კონსოლი, 8 ტელევიზორი, მინიმუმ 300 რეტრო თამაში.

ბათუმის ცენტრალურ პარკში მოეწყობა ინსტალაცია „გემი“ [8 მ სიგრძის, 3 მ სიმაღლისა და 2,5 მ სიგანის ხისგან ან პალეტებისგან დამზადებული გემი, სხვადასხვა ფერად შეღებილი, დიდი აფრით, საძრომიალო ბადეებით, გემის საჭით, ღუზით, მორთული ფერადი დროშებით, გემის კონსტრუქცია უნდა იდგეს ქვიშაზე]; მოეწყობა ნავის ფორმის ქვიშის მოედანი, საზღვაო თემატიკის ფოტოების გადასაღები სტენდები – ტანტამარესკები.

პარკი მოირთვება დეკორატიული მედუზებით [ე.წ. ჩინური ქაღალდის ბურთი სანათებით, ნაჭრით და ლენტებით მორთული სხვადასხვა ფერის მედუზები –   დეკორაცია დამაგრდება თოკებით ხეებზე პარკის შესასვლელში]; თოკზე გაბმული პატარა ფერადი სამკუთხა დროშებით, დაიდგმება ფერადი კარვები და დეკორატიული მრგვალი სკამები– რკინისგან და ფერადი თოკებისგან; ასევე იგეგმება არსებული 20 ნაგვის ურნის მოხატვა.

ამავე თემაზე: 

რაზე ოცნებობენ ბავშვები? [ვიდეო]

 

 

Exit mobile version