2018 წლის პირველ ოთხ თვეში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 365 სისხლის სამართლის საქმიდან უმეტესობა – 209 საქმე, საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ამავე პერიოდში სასამართლომ 152 საქმე განიხილა არსებითად. საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელი პირობაა, ბრალდებულმა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი აღიაროს. მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, სასამართლო საქმეს არსებითად აღარ განიხილავს.
საპროცესო შეთანხმების სიხშირე წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მართლმსაჯულების მნიშვნელოვან პრობლემად იყო მიჩნეული. ექსპერტების აზრით, საპროცესო შეთანხმების სიმრავლე შესაძლოა მიანიშნებდეს იმას, რომ მოქალაქეებს არ აქვთ განცდა, რომ საკუთარი უფლებების დაცვას შეძლებენ და მარტივად პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალზე დათანხმებას ამჯობინებენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, 817 საქმეზე შედგა საპროცესო შეთანხმება, 811 საქმეზე კი – არსებითი განხილვა. 2016 წელს 732 საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით, 658 – არსებითი განხილვით.
2018 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 11 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, ერთ საქმეზე კი – ნაწილობრივ გამამართლებელი. სასამართლომ ოთხი საქმე წინასწარ გამოძიებაში დააბრუნა, ოთხი საქმის განხილვა – შეწყდა.