მთავარი,სიახლეები

ღოღობერიძე სასამართლოს აღარ ესწრება, ჩხვირკია პროკურორების აცილებას ითხოვს

23.10.2017 •
ღოღობერიძე სასამართლოს აღარ ესწრება, ჩხვირკია პროკურორების აცილებას ითხოვს

„ბრალდებულს აქვს უფლება არ დაესწროს სასამართლო სხდომებს,”- თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და სასამართლო სდომა განაგრძო. მანამდე მერაბ ღოღობერიძემ სასამართლოსთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახა. იგი სხდომათა დარბაზში არც სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ შემოვიდა.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძეს შეუძლია პროცესზე დასწრება და მისი ტრანსპორტირებაც არ წარმოადგენს პრობლემას.

მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას გამოძიება „ბათუმის აქციის საქმეზე” მასობრივი ძალადობის ორგანიზებას ედავება.

დღეს, 23 ოქტომბერს გამართულ პროცესზე ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ პროკურორების – რამაზ შავაძის და ფრიდონ ქარცივაძის აცილება მოითხოვა. მან ვრცლად ისაუბრა რამდენიმე გამომძიებელზე, რომლებმაც, მისი თქმით, მტკიცებულებები გააყალბეს.

„მაგალითად, საქმის მასალების მიხედვით გამოდის, რომ გამომძიებელი ტარიელ უზუნაძე ერთი და იგივე დროს ერთდროულად ახორციელებდა ორ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებას, ერთდროულად დაუკითხავს ორი სხვადასხვა მოწმე…  კიდევ ორ შემთხვევაში არ დაუდგენია, რომ კონკრეტულ პირებს არ ეკუთვნოდათ ის ავტომანქანა, რომლის დაზიანებაზეც ისაუბრეს ჩვენების მიცემის დროს. მე ამ მტკიცებულებების ბათილად ცნობასაც მოვითხოვ,” – აღნიშნა ირაკლი ჩხვირკიამ.

ბრალდებული მიიჩნევს, რომ პროკურორებმა ამ დარღვევებს მიზანმიმართულად არ მიაქციეს ყურადღება და ისინი მიკერძოებული არიან.

„ტარიელ უზუნაძემ უკვე მისცა ჩვენება სასამართლოს. გასაოცარი იყო ის, რომ მას არც ერთი საგამოძიებო მოქმედება, არც ერთი გამოკითხვა არ ახსოვს,”- დასძინა ადვოკატმა პაატა შავაძემ.

პროკურორმა რამაზ შავაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ მტკიცებულებები დასაშვებად უკვე მიიჩნია სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე. მოწმეების დაკითხვა კი გრძელდება.

„იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება პროკურორების მიუკერძოებლობაში,”- თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მან განმარტა, რომ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას სასამართლო არსებითი განხილვის სხდომაზე ვერ მოახდენს, ხოლო შეფასებები შესაძლოა მხარეებმა ვრცლად თავიანთ დასკვნით სიტყვებში წარმოადგინონ.

მოსამართლე „დასკვნით სიტყვებს” გახმაურებული ბათუმის აქციის საქმეზე ორთვენახევარში ელის.

„მიმაყვანინეთ ეს საქმე ფინიშამდე, რომ დავისვენოთ ყველამ…”- თქვა მოსამართლემ და შემდეგ ირაკლი ჩხვირკიას უთხრა ხაზგასმით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ ყოველთვის აქვთ მოლოდინი ადვოკატებს და პროკურორებს, რადგან წინასწარ არავინ იცის, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო.

„ახლაც არსებობს 33 პროცენტი იმის შანსი, რომ 6 წელს მოგისჯით, 33 პროცენტი იმის, რომ კვალიფიკაციას შევცვლი, ან 6-დან 9 წლამდე მოგისჯით და 33 პროცენტი იმის, რომ გამამართლებელ განაჩენს მივიღებ,”- დაასრულა მოსამართლემ. მან პროკურორების აცილებაზე ბრალდებულის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე ახლა მოწმის სახით დაბარებული სამართალდამცველების ჩვენებების მოსმენას განაგრძობს. პროკურატურა “ბათუმის აქციის საქმეზე” 300-მდე მოწმის წარმოდგენას აპირებს სასამართლოში.

IMG_20171023_121343

გადაბეჭდვის წესი


ასევე: