ე.წ. „იაფი სახლის“ პროექტი და ბათუმში, ბენზეს დასახლებაში არსებული ბარაკების ათვისების ფორმები იყო საკითხი, რაზეც დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ყველაზე დიდხანს იკამათეს. საბოლოოდ საკრებულოს უმრავლესობამ გააუქმა მის მიერვე მხარდაჭერილი განკარგულება (10.112014.#170), რაც „იაფი სახლი-სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სახლების მშენებლობისთვის ადგილის გამოყოფასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებდა.
ამ ცვლილებასთან ერთად საკრებულომ მერიას ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, #78-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის უკან არსებულ 3 174 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთზე გეოლოგიური კვლევის ჩატარება, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა და ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების პროექტის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა დაავალა.
2014 წლის 10 ნოემბრის განკარგულების მიხედვით, რომელიც საკრებულოს უმრავლესობამ დღეს გააუქმა „იაფი სახლი სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ ქვეპროგრამის ფარგლებში მერია გეგმავდა საცხოვრებელი სახლების მშენებლობას თამარის დასახლებაში მდებარე 330-ე კვარტალში არსებულ ტერიტორიაზე. მანამდე კი ეს ტერიტორია ბარაკული ტიპის სახლებისგან უნდა გამოეთავისუფლებიათ. აქ მცხოვრებ ოჯახებს კი, რომლებსაც საკუთრება რეესტრში აქვთ დარეგისტრირებული და არარეგისტრირებული ქონების მესაკუთრეებისთვისაც მერია ერთი კვ.მ ფართობის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 700 ლარს შესთავაზებდა. ამ განკარგულების მიღების შემდეგ, მერიის შესაბამისმა სამსახურმა თამარის დასახლებაში ბარაკები აღწერა და საკომპენსაციო თანხის ოდენობაც დაადგინა. გაირკვა, რომ თამარის დასახლებაში მერიას 60 ოჯახთან მოუწევდა შეთანხმება, მათი საცხოვრებელი ფართობის ასათვისებლად კი 2 მილიონ 937 389 ლარი იქნებოდა საჭირო.

განკარგულების გაუქმების მოთხოვნის მიზეზად საკითხის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, გოგა ლომაძემ ბარაკებში მცხოვრებ ოჯახებთან შეთანხმების ვერ მიღწევა დაასახელა.
გოგა ლომაძის ინფორმაციით, 60 ოჯახიდან 39 წინააღმდეგია, ხოლო რვა ოჯახმა თავი შეიკავა.
ამის შემდეგ ბათუმის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ განმარტა, რომ მერიას არ უნდა ექსპროპრეაციის გზით წავიდეს, რადგან „ეს კეთილშობილური პროიექტიც კი მერიას ამად არ უღირს“.
უმსავლესობამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის მიერ წარდგენილ და მოწონებულ პროექტსაც, რაც ბარაკებში მცხოვრები ოჯახებისთვის არა კომპენსაციის გაცემას, არამედ მათთვის სახლის აშენებას და თითოეული ოჯახის ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ წარადგინა. მის პროექტს მხარი „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და ფრაქცია „ახალმა ოპოზიციამაც“ დაუჭირა, თუმცა უმრავლესობამ საკითხი ჩააგდო.